ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
ოსკარის 91-ე დაჯილდოების ნომინანტებში ორი ისტორიული ფილმი მოხვდა. ორივე ინგლისის ისტორიიდანაა, ორივე ქალ მონარქზეა და ორივე ქალთა სქესის სიძლიერესა და მრავალმხრივობას აჩვენებს, რაც #MeToo-ს სამყაროში თითქოს საჭირო მიმართულებას, დამატებით ელფერს უნდა აძლევდეს ხელოვნების პროდუქტს. პირველი მათგანი ეს ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფავორიტია, ხოლო მეორე, დებიუტანტი ინგლისელი ქალი (და ეს ხაზგასმით აღსანიშნია) რეჟისორის, ჯოსი რურკის, “მარიამ სტიუარტი: შოტლანდიის დედოფალი“.
რურკის დედოფალი ქალები და მისი ისტორიის ხედვა, მთლიანად დღევანდელ კონიუნქტურაში ეწერება. სოლიდარობა, სიძლიერე, მომხიბლაობა, გონიერება – თვისებების მტკიცება, რომელთა ქონაც ქალებს 21-ე საუკუნეშიც უხდებათ, თუმცა ზედაპირული გააზრებით, რურკის წარმოსახვას, კიჩთან (ნეგატიური გაგებით) მივყავართ. ლანთიმოსთან, როდესაც კინოზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მასთან მთავარი თხრობა, ამბის მოყოლა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ისტორიულია. ლანთიმოსი ამბის მთხრობელი რეჟისორი არ არის და ეს დღევანდელ ნარატიულ კინოენაში კიდეც ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ამჯერად, ამის განხილვაში ღრმად აღარ შევალთ. დაკვირვებული კინომოყვარულისთვის გასაგები იქნება, თუ რა მნიშვნელოვანი მხატვრული განსხვავებაა ამ ორ ნამუშევარს შორის.

ზოგადად, ისტორიული ფილმები თავიდანვე განწირულია კრიტიკისთვის, როდესაც რეჟისორს მხოლოდ ისტორია აინტერესებს. რაც არ უნდა საინტერესო სამსახიობო შემადგენლობა გყავდეს ან პროფესიონალი ტექნიკური ჯგუფი, ფილმი მაინც მოტკბო, მშრალი და მალე დავიწყებადი გამოვა. თანაც მაშინ, როდესაც ასეთ გაცვეთილ პერსონაჟებს ვეხებით – დედოფალი ელისაბედ I, მარიამ სტიუარტი, ანა სტიუარტი თუ სხვა. როდესაც ისტორიულ პერსონაჟებზე გვინდა შევქმნათ ხელოვნება, რაღაც აქამდე უჩვეულოთი და ჯერ არნახულით, მაშინ ჯერ საკუთარი თავებიც ჩვენს მიმალულ, სხვა ტერიტორიების კინოაზროვნებაზე უნდა გადავაწყოთ. მაგალითად, გავაკეთოთ კინო ისე, როგორც ეს ალბერტ სერამ გაუკეთა საფრანგეთის მეფე, ლუი მეთოთხმეტის პერსონაჟს ფილმში ლუი XIV-ის სიკვდილი.
რურკის მიზანი ასეთი კინოს გადაღება არ ყოფილა. ის, უბრალოდ, “ფემინისტური თვალით“, გაყიდვადი თემების ერთობლიობას ქმნის: აზიელი და ფერადკანიანი მსახურები დედოფლების გარემოცვაში (თუნდაც, ისტორიულ ურყევ ფაქტებს რომ დავანებოთ თავი, საინტერესო დეტალია), გეი მსახური მარიამ სტიუარტის გარემოცვაში, რომლის ხაზიც, იმდენადვე დიდი დოზითაა წარმოჩენილი, როგორც დედოფლების კონფლიქტური ურთიერთობა, ქალების სექსუალური ცხოვრება (ორალური სექსი, მენსტრუაცია… ) და ისევ ქალები, ქალები რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ ყველაფერი ძალუძთ. ფილმის ისტორიული ინტერპრეტაციით (თუნდაც ის, რომ დედოფლები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, თუმცა ხელოვნებაში “ისტორიული სიზუსტე“ არავის სჭირდება) რურკი ამ აზრის დამტკიცებას მონდომებით ცდილობს. ფინალში კი, დედოფლების ტანჯვა-წამება გვირგვინდება იმით, რომ მათ შემდეგ ინგლისისა და შოტლანდიის გაერთიანებულ ტახტზე კვლავ კაცი ადის… ვიმეორებ: პრობლემა დასახელებული თემების “სხვა“ მიზანი და “სხვა“ აუდიტორიაა, სადაც ხელოვნებითვის ადგილი აღარ რჩება.

ისიც ითქვას, რომ ფილმის მიმართ ინტერესი, მხოლოდ სირშა რონანისა და მარგო რობის დამსახურებით მივიღეთ, რომლებიც ამჟამად, თანამედროვე ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარკვლავები არიან. კინოში მისულ მაყურებელს სწორედ მათი გარდასახვა აინტერესებდა და თვალისთვის შეუჩვეველ გარემოში მათი ხილვა. რობის და რონანის სამსახიობო ნიჭი, ბოლო წლებში კარგად დავინახეთ, თუმცა კეტრინ ჰეპბერნის, ვანესა რედგრეივის, ბეტი დევისის, ქეით ბლანშეტის, ჯუდი დენჩის და სხვების მიერ განსახიერებულ დედოფლებში, თავად გადაწყვიტეთ, რომელი იყო საუკეთესო ან ისტორიული საღამოები მოიწყვეთ და ძველ ვერსიებს ჩაუჯექით. რურკის ფილმმა ამისკენ მაინც თუ გიბიძგათ, ესეც დასაფასებელია.