2014 წელს, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე დემიენ შაზელის მუსიკალური დრამა შეპყრობილი გამოვიდა, ფილმის მთავარი გმირის, ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობის – მაილს ტელერის განსაკუთრებული შესრულება ყველას თვალში მოხვდა. რეჟისორმა თავისი პირველი წარმატებული სურათი, სულ რაღაც სამ მილიონ დოლარად, 19 დღეში გადაიღო, თუმცა, ამ ფაქტორებს საყოველთაო აღიარების მოპოვებაში ხელი არ შეუშლია – შეპყრობილი სამი ოსკარის მფლობელი გახდა. სიუჟეტი ახალგაზრდა ვირტუოზი დრამერისა და მისი მეტისმეტად მკაცრი და სადისტური მიდრეკილებების მქონე მუსიკალური ხელმძღვანელის ურთიერთობაზე გვიყვება. მაილს ტელერს პარტნიორობას ჯ.კ. სიმონსი უწევს, რომელმაც კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მაილს ტელერს ბავშვობიდან უყვარდა მუსიკა და დრამზეც 15 წლიდან უკრავდა, როლისთვის განსაკუთრებული მომზადება მაინც დასჭირდა. შეპყრობილის გადაღებების დაწყებამდე მსახიობი დღეში ოთხი საათი მეცადინეობდა დაკვრაში და როგორც მოგვიანებით განაცხადა: ეს სულაც არ იყო დამღლელი პროცესი. მითუმეტეს, რომ გმირის სრულყოფისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

მაილს ტელერის გარშემო მედიასა და კრიტიკოსთა წრეებში მალევე ატყდა მითქა-მოთქმა. მთავარი შეკითხვები შემდეგნაირად ჟღერდა: არის თუ არა მაილს ტელერი ახალი რაიან გოსლინგი? უნდა ველოდოთ თუ არა მისგან რამე განსაკუთრებულს? ტელერის პიროვნება განხილვის საგანი გახდა და აღმოჩნდა, რომ მსახიობის ცხოვრება სავსე იყო ტრაგიკული მოვლენებით.
მაილს ტელერი 20 წლის იყო, როდესაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ის და მისი მეგობრები ერთ-ერთი ფესტივალიდან სახლში (ფლორიდაში) მანქანით ბრუნდებოდნენ, როდესაც საშინელი ავარია შეემთხვათ. როგორღაც ყველანი გადარჩნენ, თუმცა როგორც მსახიობი იხსენებს, გონზე რომ მოვიდა, სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. საავადმყოფოში მიყვანისას, ექიმებმა უთხრეს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან, როგორც წესი, ასეთი მძიმე ავარიები მსხვერპლით სრულდება. ამის გათვალისწინებით კი, მოტეხილ მაჯაზე, ნაკერებსა და ოპერაციულ ჩარევებზე ნერვიულობა აღარ ღირდა. საბედნიეროდ, მსახიობი გამოჯანმრთელდა და ამ ავარიის კვალი დღეს მხოლოდ მის სახეზე და ყელზე არსებული ნაიარევებით შეიმჩნევა.

სამწუხაროდ, ტელერის ცხოვრებაში დრამატული ეპიზოდები მხოლოდ ამ შემთხვევით არ დასრულებულა. 20 წლის ასაკში ავარიაში მოვყევი და სასწაულებრივად გადავრჩი. ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი, როდესაც ჩემი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარიც მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა. მეორე დღეს აპარატიდან გამორთეს… ერთი თვის შემდეგ, კიდევ ერთი საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ისიც ავარიას ემსხვერპლა. მოკლედ, ჩემს 21 წლის იუბილეს ორი საუკეთესო მეგობრის გარეშე შევხვდი. – იხსენებს მსახიობი.
ირონიულია, რომ მაილს ტელერის არცთუ ისე მდიდარ ფილმოგრაფიაშიც მრავალადაა ავარიის ეპიზოდები. მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი კი, შეპყრობილისა და კურდღლის სოროს სცენებია.
როგორც მსახიობი იხსენებს, კარიერის დასაწყისში, სწორედ ავარიის შედეგად დარჩენილი ნაიარევების გამო ბევრ პროექტზე იწუნებდნენ: ყველა მეუბნებოდა, რომ კარგი მსახიობი ვარ, მაგრამ ჩემი ნაიარევები ამა თუ იმ პერსონაჟის ხასიათში არ ჯდება. სხვათა შორის, პირველად სწორედ კურდღლის სოროს რეჟისორმა, ჯონ კემერონ მიტჩელმა მითხრა, რომ ეს ნაიარევები ჩემი გმირის მთავარი საიდუმლოა და ჩემი გამოცდილება პერსონაჟის გახსნაში დამეხმარებოდა. ასეც მოხდა, რადგან, როდესაც შენს გმირთან რეალური ისტორია და თავგადასავალი გაერთიანებს, მოქმედება მეტ სიმართლესა და დამაჯერებლობას იძენს.

საინტერესოა, საერთოდ რატომ გადაწყვიტა მაილს ტელერმა მსახიობობა? ეს არჩევანი არც მის ბავშვობას უკავშირდება, არც მის ოჯახს და არც ვარსკვლავურ სამეგობროს. უბრალოდ, ერთ დღესაც მის სკოლაში ახალი, ძალიან მიმზიდველი დრამის მასწავლებელი გადმოვიდა და ტელერმაც მაშინვე გადაწყვიტა, აუცილებლად დასწრებოდა მის გაკვეთილებს. თანდათან ყველაფერს სერიოზული სახე მიეცა და მაილსმა აღმოაჩინა, რომ მსახიობის პროფესია, მუსიკასთან ერთად, ყველაზე მეტად აინტერსებდა.
არავინ იცის, იქნება თუ არა მაილს ტელერი მომავალი რობერტ დე ნირო ან ალ პაჩინო, თუმცა, ცხადია, რომ კოლეჯში სწავლისას მიღებულმა გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა და ჰოლივუდის კინოინდუსტრიას მისი სახით კიდევ ერთი – ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი ჰყავს. მერე რა, რომ თავად მაილსი დიდი კინომოყვარული სულაც არ გახლავთ და კოლექციაში მხოლოდ ინდიანა ჯონსის ფილმები თუ მოეპოვება.
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა