
როგორც ვიცი, როდესაც ახალ სეზონზე მიდის მუშაობა, თქვენ მოვლენების განვითარების შესახებ ბევრს არაფერს გეუბნებიან. რამდენად კმაყოფილი ხართ ამით?
არც ვეკითხები. რომ მეკითხა, სავარაუდოდ, მეტყოდნენ კიდეც. მე მომწონს სცენარის ნახვა მაშინ, როდესაც მიგზავნიან და არ მინდა, სხვა სიუჟეტურ ხაზებზე ვიფიქრო.
ე.ი. ცდილობთ, შოუში აწმყოთი დატკბეთ?
კი, ნამდვილად, და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ხალხი მეკითხება ხოლმე: ხომ იცი, რომ მძიმე დანაშაულში მოკვდები? მე კი ვპასუხობ: კი, ვიცი. შენც იცი, რომ ოდესმე მოკვდები, მაგრამ ცხოვრებას მაინც განაგრძობ.
რა არის ის, რაც გიყვართ და რისი გაკეთებაც მოგიწიათ სერიალზე მუშაობის დროს?
ყველაფერი, რასაც ამჟამად გორდონ სმიტი წერს და ჩვენ ვაკეთებთ. თუმცა, როდესაც გორდონმა დაწერა ისტორია ჩემს შვილზე და მე მომიწია ამის თამაში (სეზონი 1, ეპიზოდი 6, Five-O), ეს საუკეთესო მომენტი იყო ჩემთვის.

ნამდვილად შესანიშნავი იყო. იცოდით, ასეთი განსაკუთრებული ეპიზოდი რომ გელოდათ?
გეტყვით, როგორ მოხდა. წლების წინ მძიმე დანაშაულის ერთ-ერთ ეპიზოდში მე ჩემი შვილიშვილი გადმოვიყვანე მანქანიდან. ხელში მეჭირა ბუშტები, რომელთაგან ნაწილი მას გავუწოდე და ვუთხარი: დედაშენი გელოდება, სახლში გაიქეცი. შემდეგ კი ბუშტები შევინახე და ადამიანების მოსაკლავად წავედი… მაშინ ვინსს, ვინც ამ კონკრეტულ ეპიზოდს იღებდა, ვუთხარი: ეს ჩემი შვილიშვილია და არა შვილი და ყველაფერი, რაც მაიკს დაემართა, დაემართა საკუთარი შვილის გამო. ოთხი წლის შემდეგ პიტერმა მკითხა: გახსოვს შენი სიტყვები? და ასე გაჩნდა ეს ეპიზოდიც.
ალბათ, საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენარი და თქვენი წარმოდგენა თქვენი პერსონაჟის ისტორიაზე ერთმანეთს ემთხვევა…
მე თავიდან ბოლომდე ვენდობოდი და ვიზიარებდი იმ სცენარს და იმ მოვლენებს, რომლებიც ჩემი პერსონაჟის ირგვლივ ვითარდებოდა. შემდეგ გაჩნდა კითხვა: როგორ მივიდა ის აქამდე? მათ შემომთავაზეს ისტორია და მე მას აბსოლუტურად დავეთანხმე.
არის ისეთი რამ, რაც გრძნობთ, რომ მაიკზე უნდა იცოდეთ?
დიახ. ეს პატარა ბიჭი საიდანღაც გაჩნდა და საინტერესოა – საიდან.
მაიკის შვილს გულისხმობთ?
დიახ. ვისგან ჰყავს შვილი? ვინ არის ეს ქალი? როდის მოხდა ეს უბედურება? მე მაქვს რამდენიმე თეორია.
სცენარისტებსაც აქვთ?
არ ვიცი, ამ კონკრეტულ საკითხზე თუ დაფიქრებულან ოდესმე.

როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში განასახიერებთ ერთსა და იმავე პერსონაჟს, რჩება რაიმე ისეთი, რაც მასში გაკვირვებთ?
მოკლედ გიპასუხებთ – არა. მათ ჩემთვის შექმნეს სრულგანზომილებიანი, შესანიშნავი პერსონაჟი. მაიკის ისტორიაზე მთელი ცხოვრება ვიმუშავებდი, რადგან მათ ამისთვის ძალიან ბევრი მასალა მომცეს.
წყარო: www.indiewire.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა