
ჯონ მალკოვიჩი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახე, ვინმეს შეიძლება, ცოტა უცნაურ არტისტადაც მოეჩვენოს, მაგრამ უდავოა, რომ ის ბრწყინვალე პროფესიონალია. სამსახიობო შესრულების მისეული მანერა, ერთი შეხედვით, წყნარი და მშვიდია, თუმცა, მისი პერსონაჟები სწორედ ასეთი გაწონასწორებული ნაბიჯებით ხშირად წარმოუდგენელი სიგიჟის ზღვარს აღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ მალკოვიჩს ექშენის კინოვარსკვლავს ვერ დავარქმევთ, მსგავსი ჟანრის ფილმებში მაინც ხშირად გვევლინება, როგორც ანტაგონისტი. მისი გმირები ხმადაბლა და მშვიდი ტონით საუბრობენ, თუმცა თანდმევი დაძაბული ფონი ყოველთვის იგრძნობა, რადგან მალკოვიჩი სრულიად მოულოდნელად “იკბინება” და მოწინააღმდეგეს გაუფრთხილებლად ესხმის თავს. მსახიობის საშემსრულებლო მანერის ეს პატარა დეტალი, მის პერსონაჟებს კიდევ უფრო მიმზიდველსა და ქარიზმატულს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ჯონ მალკოვიჩი ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობთა რიცხვშია, შეიძლება ითქვას, რომ მას მაინც უფრო ნაკლებად აფასებენ, ვიდრე იმსახურებს.
დღეს წარმოგიდგენთ ჯონ მალკოვიჩის მიერ შესრულებულ 5 გამორჩეულ პერსონაჟს:
1. იყო ჯონ მალკოვიჩი – ჯონ მალკოვიჩი
წარმოგიდგენიათ, რა საშინელება იქნებოდა, ვიღაც რომ თქვენს თავში შეძვრეს და იქექოს? თან ისე, რომ თქვენი გაკონტროლება შეძლოს, სხვადასხვა რაღაცების კეთება გაიძულოთ და თუ მოუნდება, თქვენი საქმეც კი გადაიბაროს. ამ ფილმში ეს ყველაფერი სრულიად შესაძლებელია და რაც მთავარია, ეს სიგიჟე ჯონ მალკოვიჩის თავს ხდება. სპაიკ ჯონსის 1999 წელს გადაღებული ტრაგიკომედია მსახიობის კარიერაში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია.
2. თაგვებსა და ადამიანებზე – ლენი
თაგვებსა და ადამიანებზე ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც გარი სინისმა 1992 წელს გადაიღო. მალკოვიჩის გმირი – ლენი, ზორბა და კეთილი გიგანტია, თუმცა უჭკუო და გულუბრყვილო. მან ისიც კი არ იცის, რომ ძლიერი და ჯანიანია და როდესაც მისდაუნებურად ამის დემონსტრირება უწევს, ბავშვივით ქვითინებს და განიცდის. ლენი მალკოვიჩის მიერ შექმნილი გამორჩეული პერსონაჟია და ალბათ, არცთუ ისე ბევრ მსახიობს ძალუძს მიამიტი, უცოდველი და შეურყვნელი ხასიათის ასე სუფთად და სრულყოფილად გადმოცემა.
3. ცეცხლის ხაზზე – მიჩ ლერი
ვოლფგანგ პეტერსენის მიერ 1993 წელს გადაღებულ მძაფრსიუჟეტიან დრამაში ცეცხლის ხაზზე, ჯონ მალკოვიჩი ფსიქოპათ ყოფილ აგენტს თამაშობს. მალკოვიჩის გმირს, მიჩ ლერის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკვლელობა აქვს ჩაფიქრებული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს, ერთი შეხედვით, ბანალური ჰოლივუდური სიუჟეტი აქვს, მსახიობის თამაში და პერსონაჟის მრავალფეროვნება სურათს განუმეორებელ ხიბლს სძენს.
4. ჟანა დარკი – შარლ VII
ყველას გვახსოვს ლუკ ბესონის 1999 წლის ისტორიულ დრამაში ჟანა დარკი ჯონ მალკოვიჩის მიერ შესრულებული საფრანგეთის მეფის, შარლ VII-ს როლი, თუმცა კინომოყვარულების ნაწილი თვლის, რომ შარლVII მალკოვიჩის ერთ-ერთ ყველაზე სუსტი პერსონაჟია. ძნელად წარმოსადგენია, ამ მასშტაბის მსახიობს რომელიმე როლის მორგება გაჭირვებოდა და შესაბამისად, მაყურებლის პრეტენზიები არა მალკოვიჩის შესრულებას, არამედ უშუალოდ პერსონაჟის სუსტ და უღიმღამო ხასიათს ეხება.
5. საჰაერო ციხე – საირუს გრისომი
თუ ჯონ მალკოვიჩის მიერ შესრულებული ცუდ ბიჭების გახსენებას გვთხოვენ, ერთ-ერთი პირველი, ვინც თვალწინ დაგვიდგება – საირუს გრისომი იქნება. საიმონ უესტის მიერ გადაღებულ 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ექშენში საჰაერო ციხე, მალკოვიჩი თამაშობს თავისუფლებას მოწყურებულ, სახიფათო დამნაშავეს, რომელიც დაუნდობელია ყველას მიმართ, ვინც დასახული გეგმის განხორციელებაში ხელს უშლის.