სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ანდრეი ზვიაგინცევი: “უსიყვარულობა ადვილია, სიყვარულს კი შრომა სჭირდება”

Cinemania ავტორი Cinemania
25 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
ანდრეი ზვიაგინცევი: “უსიყვარულობა ადვილია, სიყვარულს კი შრომა სჭირდება”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ანდრეი ზვიაგინცევი
ანდრეი ზვიაგინცევი

ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოშია. თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, სახელოვანი და ანგარიშგასაწევი რეჟისორი თბილისს რამდენიმე დღით ეწვია – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასების ჩასატარებლად და ამ დროისთვის ბოლო ფილმის – უსიყვარულო სარეჟისორო ვერსიის საჩვენებლად. 

გარდა იმისა, რომ რუსი რეჟისორი 15–წლიანი კინოკარიერის განმავლობაში კანის, ვენეციის და სხვა კინოფესტივალების პრიზებს ითვლის, ასევე, ოქროს გლობუსის მფლობელია და ოსკარის ორგზის ნომინანტი. მისი რეპუტაცია წელს კიდევ უფრო ამაღლდა, როცა კანში მიიწვიეს, ქეით ბლანშეტის თავმჯდომარეობით შედგენილი ჟიურის წევრად. ის სხვა გამოჩენილ რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად წყვეტდა, თუ ვინ მიიღებდა 2018 წლის ოქროს პალმის რტოს. ინტერვიუს დროს გაგვიმხილა, რომ 9–კაციან ჟიურისთან ერთად ფილმებზე მსჯელობა არცთუ სასიამოვნო იყო. თავად ყოველთვის ურჩევნია, მარტო იჯდეს კინოდარბაზში. თუმცა, ისიც აღიარა, რომ კანის კინოფესტივალიდან ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა დანაშაული იქნებოდა. ასეთი შანსი ხომ ცხოვრებაში ერთხელ მოდის. 

ის პირველად ეწვია საქართველოს და სწორედ ამიტომ, პირველი შეკითხვაც საქართველო-რუსეთის პოლიტიკის და ხელოვნების ურთიერთკავშირს ეხება. 

ზოგადად, ყველაზე ნაკლებად პოლიტიკურ განხილვებში გამოვდგები. მე ადამიანები მაინტერესებს და არა პოლიტიკა, ან პოლიტიკური ლიდერები. ადამიანი, რომელიც ხელოვნებას ემსახურება, მას არც საზღვარი გააჩნია და არც სავიზო რეჟიმი. ეს ჩემი ინტერესის სფერო არაა. ვიცი, რომ ჩემს ფილმებში კინოკრიტიკოსები სულ ეძებენ პოლიტიკურ დატვირთვას და სიმბოლოებს. მე კი ვიტყვი, რომ არ არის აუცილებელი, მხოლოდ კონკრეტული სიმბოლოებით ვიმსჯელოთ, მაშინ, როცა ხელში გვაქვს ისეთი ფილმები, როგორებიცაა განდევნა ან დაბრუნება. ჩემთვის კინოში მთავარია, გადმოვცე მდგომარეობა, ისე, როგორც არის, იქ და იმ წუთას. სულერთია რა მდგომარეობა და რა ამბავი იქნება ეს, პოლიტიკური თუ პირადი. ასევე, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთი სიტუაციები, როგორიც ჩემს ფილმებში ვითარდება, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ყველა ეროვნების და რელიგიის მქონე ადამიანთან. იმავეს ვიტყოდი ელენაზე, ლევიათანზე, ან თუნდაც უსიყვარულოზე. ამ ფილმების მთავარი ღირსება ისაა, რომ რეალურ ეპოქაში და დროში გადმოსცემს იმას, რაც ხდება, აცდენის გარეშე.

და მაინც, თქვენი ყველაზე “პოლიტიკური” ფილმი ლევიათანი გამოვიდა, ხომ? 

ლევიათანის მთელი ამბავი ისაა, რომ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და აქაც ხდება ის, რაც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ამ ფილმში შესული ამბები ნამდვილია. ზუსტად ვიცი, როგორ დაიწერა ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი გაზეთის სტატიის საფუძველზე, სადაც იგივე ისტორია იყო მოთხრობილი. ერთ კვირაში ის ეპიზოდი ჩემს ფილმში ჩაჯდა. ესაა მთავარი – მთავარია, მოხდეს ზუსტი რეაგირება და შემდეგ უკვე სულერთია, ეს ფილმი და ისტორია ადამიანზე მოგვითხრობს, პოლიტიკაზე თუ რელიგიაზე.

ანდრეი ზვიაგინცევი
ანდრეი ზვიაგინცევი და მარიკა ბაკურაძე

მიუხედავად ასეთი განმარტებისა, მაინც არ შეიძლება მივივიწყოთ ფაქტი, რომ ლევიათანის გამოსვლის შემდეგ რუსეთში ამ ფილმს პრობლემები შეექმნა, კანონიც კი მიიღეს კინო-ლექსიკის შესახებ და ფილმიდან გინების სცენებიც ამოიჭრა. ამ ამბავს ლოგიკურად უკავშირდება თქვენი თბილისური მასტერკლასების სათაური – გამოხატვის თავისუფლება პოსტ-საბჭოთა სივრცეში... 

მართალია, გინება ამოჭრეს, მაგრამ ამას ჩემთვის არ შეუშლია ხელი, რომ მომდევნო ფილმში – უსიყვარულო ჩამესვა ბილწსიტყვაობა იქ, სადაც საჭირო იქნებოდა. ამით არ იზღუდება ჩემთვის გამოხატვის თავისუფლება… 15 წელია კინოს ვიღებ. 5 ფილმის ავტორი ვარ და დღემდე არასდროს მიფიქრია, როგორ შოულობენ ჩემი პროდიუსერები დაფინანსებას. არასდროს მითხოვია ვინმესთვის ფული და არასდროს მოუთხოვია ჩემს პროდიუსერს დაფინანსების სანაცვლოდ რაიმე სცენა ამომეჭრა ან შემეცვალა. ჩემს საავტორო გადაწყვეტილებაში არასდროს არავინ ჩარეულა.

თუმცა ფაქტია, რომ თქვენს ფილმებში რუსეთის საკმაოდ მძიმე რეალობა და ყოფა ჩანს... არასდროს გიფიქრიათ, გამოგეყენებინათ თქვენი წარმატებები, გამარჯვებები, იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში გადასულიყავით საცხოვრებლად და სამუშაოდ?

არა. მე ხომ დოკუმენტურ ფილმებს არ ვაკეთებ? ჩემი ფილმები  – ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომელიც შეგვიძლია საშიშროების სიგნალად გამოვიყენოთ. ჩემი ინტერესი ძირითადად დაკვირვებაა. ვაკვირდები პოლიტიკურ თუ რელიგიურ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, არც მე მახარებს რუსეთში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ეს ჩემს პირად ცხოვრებაში ჯერ არ შემოჭრილა. ამიტომ, ძალიან არასწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის რთულია რუსეთში ცხოვრება. როგორც გითხარით, ჩემი გამოხატვის თავისუფლება არასდროს შეზღუდულა.

ვუყურებთ თქვენს ფილმებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ პერსონაჟების ცხოვრებაზე რეალურ დროში გვიყვებით. არადა ყველაფერი ისეა დამონტაჟებული, რომ ორ საათში ეტევა. როგორ აღწევთ ამ მდგომარეობას, რომ მაყურებელმა მონტაჟი ვერ იგრძნოს, დააკვირდეს გმირის ცხოვრებას და თან ვერ მოწყდეს ფილმის ყურებას?

არ ვიცი, როგორ გამოდის ეს, წარმოდგენაც არ მაქვს. კლასიკურ კინოს აქვს სამი მთავარი წესი – აჩვენოს დრო, სივრცე და ადგილი. ეს სამი კომპონენტი ერთ დროში უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩემს საყვარელ კლასიკოსებს, თუნდაც ანტონიონის, ეს წესი დაცული აქვთ, მეც მომწონს და ზოგადად  ეს სტილი ძალიან ახლოსაა ჩემთან. როდესაც მონტაჟზე ვჯდები, ამ პრინციპით ვმუშაობ. არ შეიძლება მაყურებელს აგრძნობინო, რომ პერსონაჟის ცხვორებას ამონტაჟებ. არ უნდა უთხრა მაყურებელს, რომ აი, ეს იყო საინტერესო, შემდეგ რაღაც ამოვჭერი და პირდაპირ კულმინაცია გაჩვენე. ჩემთვის მონტაჟი რაკურსების შეცვლა უფროა – ერთ ამბავზე სხვადასხვა წერტილიდან დაკვირვება, ვიდრე ამ ერთი ამბის დაჩეხვა. მაგალითისთვის ავიღოთ ელენა. იქ მაქვს 6-წუთიანი კადრი, როგორ შედის ოთახში, წვავს ფურცლებს, განიცდის, გამოხატავს. მართალია, ეს საკმაოდ გრძელი და უწყვეტი კადრია, მაგრამ მისი დანაწევრება არაფრით არ შეიძლებოდა. თუ საქმე დროის დანაწევრებაზე მიდგება, მაშინ სისტემურად უნდა მოხდეს ეს – ყველა ეპიზოდი ახალი დრო და ამბავი უნდა იყოს. დაბრუნებაში მაქვს ასე გაწერილი კვირის ყოველი დღე. ასევე, არ მიყვარს ხელოვნური განათება და სხვა ჩარევები გამოსახულებაში.

ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოში
ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოში

ასეთი საკითხები განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა სტუდენტებისთვის, რომლებიც ორი დღის განმავლობაში თქვენს მასტერკლასებს დაესწრნენ. გქონდათ რაიმე კონკრეტული გათვლა, რაზეც ისაუბრებდით? რასაც გამოარჩევდით თქვენი მუშაობის სპეციფიკიდან?

15 წლის წინ, როდესაც ჩემი დაბრუნება გამოვიდა და ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა, ჟურნალისტების ყურადღება მივიქციე და ინტერვიუ დაიგეგმა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ჟურნალისტთან. მან შემომთავაზა, მოდით, გამოგიგზავნით 15 შეკითხვას, გადახედეთ და მოემზადეთო. მე ეს იდეა ძალიან მომეწონა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი ინტერვიუ ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ არც ინტერვიუსთვის და არც არანაირი შეხვედრისთვის წინასწარ აღარ მოვემზადო. არც თბილისური მასტერკლასებისთვის დამიგეგმავს რამე. მთელი ჩვენი ორდღიანი შეხვედრა სპონტანურად, შეკითხვებზე იყო აგებული. ვისაუბრე იმ იდეებზე, რომლებიც მეორე მხარემ, ანუ აუდიტორიამ გააღვიძა ჩემში. საერთოდ, ასეთი სემინარის დროს  ყველაზე მეტად პრაქტიკული შეკითხვები მაინტერესებს – გადაღების დღეების, მონტაჟის, მსახიობების შერჩევის და სხვა პროფესიული ნიუანსების შესახებ.

მკითხველსაც გაუმხელთ რამდენიმე დეტალს? მაგალითად, რა არის თქვენი მთავარი ფსონი ფილმში, რაზე აკეთებთ გათვლას...

მე არ ვაცალკევებ ამ კომპონენტებს. აქ არაფერია მთავარი, ისე, როგროც ორკესტრში. რა თქმა უნდა, არსებობს პირველი ვიოლინო, მაგრამ სიმებიანი საკრავების და სასულეების გარეშე ხომ სიმფონია არ დაიკვრება? ყველა კომპონენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ვერ იტანს გადაღებების პერიოდს, ან პირიქით – მონტაჟს. მე ყველა ეტაპი მიყვარს. ყველა ქმედება დიდებულია ჩემთვის, რაც კინოს უკავშირდება. ყველაფერს დიდი სიყვარულით ვუდგები. იმ ცნობილი შეკითხვასავითაა, როცა მშობელს ეკითხებიან, რომელი შვილი გიყვარსო. გიყვარს ერთნაირად, უბრალოდ, დამოკიდებულებებია სხვადასხვანაირი.

ანდრეი ზვიაგინცევი
ანდრეი ზვიაგინცევის მასტერკლასი

თქვენი ფილმების მოყვარულებს არ გაუკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ არის რამდენიმე სცენა, ან კადრი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. პირადად ჩემთვის ორი სცენაა გამორჩეული. კამერის შესვლა ჩაბნელებულ სახლში და სახლის განათება დარაბებით (ფილმი განდევნა), და კარს უკან მდგომი ალიოშა (ფილმი უსიყვარულო)

მე თქვენსავით ზუსტად აღარ მახსოვს ასეთი დეტალები. მეტიც, ჩემი ფილმების ყურება საერთოდ არ მიყვარს. დავასრულებ მუშაობას, პრემიერა ჩაივლის და შემდეგ აღარ ვუბრუნდები. ამიტომ ასე დეტალურად კადრების შესახებ ლაპარაკი არ შემიძლია. სხვათა შორის, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ცოტა ხნის წინ მომიწია დაბრუნების ნახვა, რადგან ციფრულ ვერსიას ვაკეთებდი, და ეს ცოტათი ტრავმული იყო.

როგორი ემოცია გქონდათ?

უცნაური. მემგონი, ცუდი ფილმი არ გამოსულა… რაც შეეხება კარს უკან მყოფი ბიჭის კადრს უსიყვარულოში, მასზე ნამდვილად ვიცოდი, რომ ფილმში მთავარი გამხსნელი და კულმინაციური მომენტი იქნებოდა. ამ სცენის გადაღებაზე დიდხანს ვიფიქრე. როგორ გამომეჩინა, რომ ბავშვს მშბლების ჩხუბი ესმის და განიცდის? თუ მე ბანალურად გადავჭრიდი კადრს და უბრალოდ ჩავაგდებდი მეორე კადრს, სადაც ბავშვი დგას და უსმენს, ასეთი გადასვლით ვერანაირ ეფექტს ვერ მოვახდენდი. რაღაცნაირად მთელი სცენა გადაჯაჭვული უნდა ყოფილიყო ლოგიკურად. მერე მივხვდი, რომ პერსონაჟი აუცილებლად უნდა გასულიყო ტუალეტში, ეჩვენებინა, რომ ჩხუბის გაგრძელება აღარ უნდა და ტუალეტის კართან ლოგიკურად გამოჩნდებოდა ალიოშა.

ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოში
ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოში

როგორ ფიქრობთ, ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, დატვირთული სამუშაო გრაფიკით, გადაღლილები, სოციალურ ქსელზე დამოკიდებულები, ყველანი ალიოშას მშობლები ვართ?

ამის პასუხად ერთ ამბავს მოგიყვებით. როცა ამ ფილმზე კასტინგი გამოვაცხადეთ, ერთი მსახიობი მოვიდა. შევხვდით. მივეცი სცენარი და წავიდა. შევთანხმდით, რომ მეორე დილით უნდა მოსულიყო რეპეტიციის გასავლელად. მოვიდა, მაგრამ ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. მას მთელი ღამე გათენებული ჰქონდა. ემოციებს ვერ მალავდა. მითხრა, რომ სცენარის წაკითხვის შემდეგ სრულად ამოუყირავდა შეხედულებები, ემოციები, ვერ დაიძინა. სცენარის ბოლო გვერდი დახურა თუ არა, საკუთარი შვილის საძინებელში შევიდა, მძინარე ბავშვს ჩაეხუტა და ბოდიშებს უხდიდა. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. აღელვებას ვერ ფარავდა. ეს რომ მომიყვა, მე დავინტერესდი, რამდენი წლის იყო მისი შვილი. აღმოჩნდა, რომ გოგონა ორნახევარი წლის იყო. გამიკვირდა. ამ ასაკში რა შეიძლება ჰქონდეს მშობელს საბოდიშო? ეს ხომ ის პერიოდია, როცა შვილისთვის ყველაფერს აკეთებ. მაგრამ მემგონი, ჩვენი დამოკიდებულება შვილების მიმართ მეხსიერების ბრალია, ადამიანებს გვაქვს ქვეცნობიერი მეხსიერება – ჩვენი ბავშვობის და ამავდროულად, ჩვენივე მომავალის, თუ როგორი მშობლები ვიქნებით მომავალში.

უსიყვარულო
უსიყვარულო

რატომ გაინტერესებთ ადამიანების პირადი ურთიერთობები, ან თუნდაც მამა-შვილის ურთიერთობები? განსაკუთრებით ეს ინტერესი დაბრუნებაში იგრძნობა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თქვენს პირად ტრავმებს ფილმებში აბინავებთ? თქვენი ძველი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდით, რომ დაბრუნების ნახვის შემდეგ მამათქვენი დიდხანს ეწეოდა სიგარეტს... 

აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ამბავი მოხდა ტომსკში, ციმბირში, ნოემბრის ბოლოს. ხომ ხვდებით, როგორ სიცივეში იდგა მამაჩემი მარტო, აივანზე, რამდენიმე საათის განმავლობაში? ჩემი და მამას ურთიერთობა ასეთია: მე 4 წლის ვიყავი, როცა მამა სახლიდან წავიდა. მას შემდეგ სულ ორჯერ ვნახე, როცა 18 წლის ვიყავი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ყველაზე მძაფრი ზუსტად ის შეხვედრა იყო, როცა 18 წლის ვიყავი. მე 16 წლისამ ჩავაბარე თეატრალუში და უკვე მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა სახლში მამაჩემი შემოვიდა, გადამეხვია და შემდეგ სამზარეულოში განაგრძო დედასთან საუბარი. მე ვითომ მეძინა, მაგრამ ძალიან კარგად მესმოდა, თუ როგორ იჩხუბა მან ჩემი არჩევანის გამო. ეგონა, რომ მსახიობობა მინდოდა და ამას აპროტესტებდა. მე ოცი წელი დედასთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ რას ნიშნავს მამის ხელი… და როგორ მახსოვს მისი ხელი, მუშტი, რომელსაც ურტყამდა მაგიდას და ბრაზობდა ჩემი სამომავლო პროფესიის გამო. დედა კი პირიქით – ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა, იქ, სადაც მე გადავწყვეტდი ყოფნას, და მე სრული თავისუფლება მქონდა არჩევანში. ესაა განსხვავება პარტიარქალური ოჯახის სტრესსა და დედის მხარდაჭერას შორის. ამიტომ მე უმამოდ გაზრდის გამო არაფერი დამიკარგავს. ნუთუ, ამ ისტორიის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემი ფილმები, განსაკუთრებით დაბრუნება ავტობიოგრაფიულია? არ ვიცი, ალბათ, ყველაზე მეტად განცდა იგრძნობა ამ ფილმებში. განცდა ჩემი გამოცდილების, ძველი ემოციების, ადამიანებზე დაკვირვების, ცოტა ფანტაზიისაც. სხვა თუ არაფერი, დაბრუნების სცენარის ავტორები სხვები არიან და მხოლოდ ჩემს თავზე ვერ დავიბრალებ ამ ფილმის და ჩემი ცხოვრების მსგავსებას… ახლა გამახსენდა, ათი წლის წინ წავიკითხე ინტერვიუ ტარკოვსკის სარკე-ს სცენარის ავტორთან, ანდრეი მიშარინისთან. იქიდან შევიტყვე, რომ ფილმში მოთხრობილი 14 ეპიზოდიდან 7 ტარკოვსკის ავტობიოგრაფიული მომენტია, მეორე შვიდეული კი – სცენარის ავტორის პირადი ისტორიები. ეს რას ნიშნავს? გამოდის, რომ ფილმის ნახევარი სცენარისტის ცხოვრებაა და არა რეჟისორის, როგორც ჩვენ ყველას გვეგონა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენ, ადამიანები ერთმანეთს ვგავართ, საერთო თავგადასავლები და განცდები გვაქვს, იმიტომ გვესმის სხვების ფილმების და წიგნების, იმიტომ ვპოულობთ საკუთარ თავს სხვა პერსონაჟებში. ესაა მთავარი ახსნა. მეც დამემართა იგივე განდევნაზე მუშაობის დროს. ისე მოხდა, რომ მთავარი როლის შემსრულებელ ქალს თეატრში ჰქონდა ყოველდღიური რეპეტიციები და გადაღებისთვის მთელი სეზონი ჩაგვივარდა. მოლდოვაში უნდა გვემუშავა, იქ გვქონდა აშენებული დეკორაცია – სახლი და ეკლესია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო, პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, დავლოდებოდით მსახიობს და მეორე წელს გადაგვეტანა გადაღებები. ამას იმიტომ გიყვებით, რომ წარმოიდგინოთ, როგორ გაიწელა გადაღებები ორ წელიწადზე და ამ ორი წლის განმავლობაში როგორ მივხვდი, რომ ნელ-ნელა ჩემს პერსონაჟ კაცს დავემსგავსე, ან ის დამემსგავსა. ცოტა პარანოიაა, ხომ? მაგრამ ასეა. მისი გაუცხოება და უგრძნობი ხასიათი თითქოს ძალიან ახლობელი გახდა ჩემთვის. ამიტომ, როცა შეგრძნებები მსგავსია, ის მაყურებლისთვისაც ახლობელი გამოდის.

ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოში
ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოში

ჩვენ გვერდით უამრავი ადამიანია, რომელსაც თქვენნაირი პრობლემები აქვს ან ჰქონია მამასთან. ურჩევდით ასეთ მამებს დაბრუნების ნახვას? 

ამის რეცეპტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. რეკომენდაციის მიცემა შეიძლება. მე ვფიქრობ განდევნა აუცილებლად სანახავია. განდევნაში ზუსტად ჩანს –  როგორ შეიძლება სახლში ყველაფერი იდეალურად იყოს, მაგრამ ოჯახს მთავარი არ ჰქონდეს. დაბრუნება კი მამა-შვილობაზე მეტად მითოლოგიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ თუ გვინდა, რომ რჩევა მივცეთ მამებს, ნახონ, რატომაც არა, სხვა თუ არაფერი, სიგარეტის მოსაწევად მაინც გავლენ აივანზე, სიცივეში და მარტოობაში.

საერთოდ რა იწვევს მთელ ამ უსიყვარულობას?

სერიოზულ კითხვებს მისვამთ… ტოლსტოი ამბობს: ყველაფერი, რაც ადამიანებს სჭირდებათ, ესაა – საკუთარ თავში დაბადონ სიყვარული. საიდუმლო იმაშია, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის სიყვარული და რა არის უსიყვარულობა, და შეგვიძლია, ავირჩიოთ, რომელი მოცემულობა გვინდა, რომელი უფრო კომფორტული იქნება ჩვენთვის. ამ კომფორტის გამო ხშირად ვცდებით, რადგან უსიყვარულობა ადვილია, სიყვარულს კი შრომა სჭირდება და ხანდახან – მსხვერპლის გაღებაც.

 

ინტერვიუ მოამზადა მარიკა ბაკურაძემ

ანდრეი ზვიაგინცევიანდრეი მიშარინიანდრეი ტარკოვსკიანტონიონიგანდევნადაბრუნებაელენავენეციის კინოფესტივალიკანის კინოფესტივალილევ ტოლსტოილევიათანიმარიკა ბაკურაძეოსკარიოქროს გლობუსისარკეუსიყვარულოქეით ბლანშეტი
Previous Post

დევიდ შვიმერმა ქურდობაში ბრალდებას ვიდეოთი უპასუხა

Next Post

10 უცნაური ფაქტი ჩვენი საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნებიდან

Next Post
10 უცნაური ფაქტი ჩვენი საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნებიდან

10 უცნაური ფაქტი ჩვენი საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნებიდან

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020