მან თავის სადებიუტო ნამუშევარში ისეთი გმირი შექმნა, როგორიც იშვიათად თუ გვინახავს ეკრანზე: ახალგაზრდა გოგო, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს.
გრეტა გერვიგმა ერთხელ მათემატიკის ტესტირებაზე ჩაიფსა. მეშვიდე კლასში იყო, ახალ სკოლაში. ტესტი განსაზღვრავდა, თუ რომელი დონის კლასში მოხვდებოდა ის და გრეტამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ნებადართული გახლდათ ადგომა? ხელის აწევა თუ შეიძლებოდა? სანამ აგონიაში იყო, გოგომ, რომელიც მის გვერდით იჯდა, შარდის გუბე შეამჩნია. გერვიგს ამ გოგოს სახელი დაავიწყდა, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება, თუ რა მოიმოქმედა მან: თავისი ზედა აიღო, გერვიგს ჩასჩურჩულა, წელზე შემოეკრა და მედდის ოთახში გასულიყო. შეშინებულმა და დამცირებულმა გერვიგმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც გოგონამ უთხრა. მომდევნო წელს, როდესაც ქალბატონმა იენსენმა, სოციოლოგიის მასწავლებელმა, კლასს სკოლის ლიტერატურული ჟურნალისთვის მოთხრობის დაწერა დაავალა, გერვიგმა სწორედ ეს შემთხვევა გაიხსენა. ქალბატონ იენსენს ამბავი იმდენად მოეწონა, რომ ნაწერი სკოლის დაფაზე გამოაკრა.
ეს ნაწერი გერვიგის პირველ შვილად შეიძლება მოვნათლოთ. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა სწორედ ამ ინცინდენტზე დაწერა სკოლის ჟურნალისთვის? არ ეშინოდა, რომ სხვა ბავშვები გაიგებდნენ? ვიცოდი, რომ მასში რაღაც ისეთი ჩანდა, რაც სასაცილო და საყვარელი იყო. და გერვიგიც სწორედ ასეთია: ერთ-ერთი იშვიათი ამერიკელი ქალი, რომელსაც არ ადარდებს, მასზე რას იტყვიან. ქალი, რომელიც მერვე კლასში არ შეუშინდა თავის განსაცდელს მიბრუნებოდა და ექცია ის “რაღაც სასაცილოდ და საყვარლად”. მნიშვნელოვანია, რომ გერვიგი აქცენტს აკეთებს სწორედ დახმარების ფაქტზე, ქალურ სოლიდარობაზე და არა მოზარდთა სისასტიკეზე ან სირცხვილზე კლასის წინაშე.
გერვიგმა, როგორც მსახიობმა, 25-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, როგორც თანასცენარისტმა კი – ხუთ პროექტში. Lady Bird მისი პირველი დამოუკიდებელი სასცენარო და სარეჟისორო ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს მეთორმეტე კლასელ გოგონაზე, რომლის როლსაც სირშა რონანი ასრულებს. გოგონა, რომლის სახელი კრისტინია, თავის თავს Lady Bird-ს უწოდებს და სურს, რომ ყველამ ასე მიმართოს. კრისტინი საკრამენტოში ცხოვრობს და გოგონების კათოლიკურ სკოლაში დადის. ფილმის სამუშაო სახლეწოდება “დედები და ქალიშვილები” გახლდათ. გერვიგი გვიყვება ქალიშვილისა და დედის ინტენსიურ ურთიერთობაზე, მათ კინკლაობაზე, ჩხუბზე, ყვირილ-ტირილსა თუ პასიურ აგრესიაზე. დედის როლს ლორი მეტკლაფი ასრულებს.
Lady Bird საყვარელი და გაბედული გოგონაა, რომელსაც ბევრი უცნაურობა ახასიათებს. თმა წითლად აქვს შეღებილი და კლასში ერთ-ერთი ლიდერია. სექსუალურია, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად ლამაზი არაა. გერვიგის სცენარი პოზიტიურად რადიკალურია, იუმორით გაჯერებული და ინტელექტუალური, რაც დღევანდელი ქალთმოძულე კულტურისთვის იშვიათობაა.
მნიშვნელოვანია, რომ გერვიგმა სპეციალურად არ შექმნა ისეთი გმირი, რომელსაც თავად განასახიერებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკის დამოუკიდებელი კინოს ბოლო ათწლეულის უმნიშვნელოვანეს მსახიობად ითვლება. ის რაღაცით 30-იანი წლების ვარსკვლავს, აირინ დანის ჰგავს, ოღონდ რომანტიკული გმირების ნაცვლად, დამოუკიდებელ და თვითრეალიზებულ ქალებს განასახიერებს.
როდესაც გერვიგმა ფილმისთვის ფინანსების მოძიება დაიწყო, ერთი საინტერესო ფაქტი დააფიქსირა. დამფინანსებელთა უმეტესობა მამაკაცი იყო, რაც თავისთავად სულაც არ არის უცნაური. საინტერესო ის იყო, რომ როდესაც გერვიგი ფილმზე იწყებდა ლაპარაკს, მამაკაცებს, რომლებსაც ქალიშვილები ჰყავდათ ან ბავშვობაში დასთან ერთად გაიზარდნენ, პროექტის არსი ესმოდათ, ხოლო მათ, ვისაც ამგვარი გამოცდილება არ ჰქონდათ, მსგავსი გოგო პერსონაჟის არსებობა უკვირდათ და ვერ წარმოედგინათ (ეს განსაკუთრებით ეხება რონანის გმირის ჩხუბის სცენებს). ეს ძალიან საინტერესო იყო და კარგად აჩვენებს, თუ რატომ არ ითქმება ხმამაღლა ზოგიერთი ამბავი. ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ ეს ისეთი რამეა, რისი მოყოლაც შეიძლება, – დასძენს გერვიგი.
გერვიგი ყოველთვის ინტერესდებოდა იმით, თუ როგორ ჩხუბობენ ქალები. საყვარელ ფრენსისში (2013), რომელიც თავის პარტნიორთან, ნოა ბაუმბახთან ერთად შექმნა, ნაჩვენებია ორი დაქალის მხიარული ჩხუბი, ხოლო ქალბატონ ამერიკაში (2015) კვლავ ორი ერთგული დაქალის ცხოვრებაა მოთხრობილი, თავისი წყენებითა თუ შერიგებებით. Lady Bird-ში დაძაბულობა დედასა და ქალიშვილს შორის ხდება, მსახიობების იმპროვიზაცია პრაქტიკულად ნულს უტოლდება და დიალოგების 95% სცენარს მიჰყვება.
შეიძლება ითქვას, რომ გერვიგმა სცენარი იმ ფილმების საპასუხოდ დაწერა, სადაც მხოლოდ ბიჭების მოზარდობაზეა მოთხრობილი. ნიუ-იორკის კინოფესტივალზე რეჟისორმა ხალხს ასე მიმართა: ჩვენ გვაქვს ფილმი მოზარდი, მაგრამ გოგოსთვის? ჩვენ გვაქვს 400 დარტყმა, მაგრამ გოგოსთვის? სად არის ახალგაზრდა გოგონასთვის აღზრდის მაგალითი? ფილმების უმეტესობაში გოგო მხოლოდ ფონია, რომელიც მთავარ გმირს თვითგამორკვევაში ეხმარება. კრისტინი კი ყველაფრით ინტერესდება, ბიჭებით, სახლებით, ჟურნალებით, წიგნებით, ტანსაცმლით და ზოგადად ქალაქ საკრამენტოთი, სადაც ცხოვრობს. Lady Bird-ში არავინ კვდება, არ არიან მოძალადე ტიპები, არავის დასცინიან, არავის ჩაგრავენ, ხოლო კონფლიქტები მოგვარებული და შემრიგებლურია. ყველა გმირი ცდილობს, ცხოვრების საუკეთესო მომენტი დაიჭიროს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ავტობიოგრაფიული არ არის, ზოგიერთ ჟურნალისტს თუ მაყურებელს მაინც ასე მიაჩნია და თითქოს ასე ცდილობენ, გერვიგის ნიჭი დაჩრდილონ. ეს ფაქტიც ცხადჰყოფს, თუ როგორ აღიქმება ქალი რეჟისორი დღევანდელ სამყაროში, სამყაროში, სადაც ჰარვი ვაინშტაინის მსგავსი მონსტრები არსებობენ. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით მნიშვნელოვანია ამგვარი ფილმის არსებობა, თავისი თავდაჯერებული, უშიშარი, მამაცი და მიზანსწრაფული ქალი პერსონაჟით.
წყარო: www.nytimes.com
მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა