როდის დაინტერესდით კინემატოგრაფიით?
კინოსთან ლიტერატურის გავლით მივედი. იტალიურ სატირულ ჟურნალში, “მარკუს ავრელიუსი” იუმორისტულ, ჩემივე ილუსტრაციებით გაფორმებულ ამბებს და მოთხრობებს ვაქვეყნებდი. რომ არა რობერტო როსელინი, რომელმაც 1944 წელს თავისი ფილმის რომი, ღია ქალაქი სცენარის თანაავტორად მიმიწვია, შეიძლება ითქვას, რომ კინოს ჩემს მომავალ პროფესიად, ალბათ, არასდროს განვიხილავდი. როსელინიმ მოახერხა და ჩემი მოსაწყენი და ცოტა არ იყოს, უხალისო ცხოვრება კინოს დაუკავშირა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, მაგრამ მე ჩემს რეჟისორულ კარიერას ბედისწერას უფრო ვუკავშირებ… როსელინი ჩემთვის და მთელი მაშინდელი თაობისთვის მამასავით იყო და მისგან ყველამ ბევრი ვისწავლეთ. ისე მოხდა, რომ ის ყველაზე ზუსტ დროს აღმოჩნდა ჩემ გვერდით. სწორედ მაშინ მეც მზად ვიყავი ახალი გამოწვევებისთვის. მანამდე კი, ჩემი წარმოდგენით, რეჟისორის პროფესია ტირანული, ავტორიტეტული, ზედმეტად მკაცრი და თანმიმდევრული იყო, რასაც ჩემი ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის სრულიად შეუფერებლად ვთვლიდი. ცოტა მოგვიანებით რეჟისორობა მაინც ვცადე და მერე თავის დანებება ვეღარ შევძელი.
მოგვიყევით თქვენი პირველი ფილმის შესახებ…
მას შემდეგ, რაც რობერტო როსელინისთან, პიეტრო ჯერმისთან და ალბერტო ლატუდასთან ერთად ვიმუშავე, დავწერე სცენარი, რომელიც იტალიის გარშემო მოგზაურობისას გადახდენილ ამბებს ეხებოდა. ამ ისტორიებიდან ზოგიერთი ნამდვილად გადამხდა, ნაწილი კი, ცხადია, გამოგონილი იყო. სცენარს ვარიეტეს ალები დავარქვი და მე და ალბერტო ლატუდამ ამავე სათაურის მქონე ფილმიც გადავიღეთ. გადაღებების დროს გამუდმებით ლატუდას ხმა ისმოდა: “კამერა!”, “დავიწყეთ!”, “სიჩუმე” და ა.შ. მე კი გვერდით ჩუმად ვიდექი, როგორც ეს ჩემს ხასიათს შეეფერება. იმავე, 1950 წელს ტულიო პინელისთან ერთად დავწერე კიდევ ერთი სცენარი – თეთრი შეიხი, რომელიც მიქელანჯელო ანტონიონის უნდა გადაეღო. თუმცა, მას სცენარი არ მოეწონა. ამის შემდეგ, პროდიუსერ ლუიჯი როვერეს რჩევით, სცენარის მიხედვით ფილმი თავადვე გადავიღე. ყოველთვის ვამბობ: ლუიჯი როვერეს რომ არ ერწმუნა ჩემი შესაძლებლობების, შესაძლოა, ახლა რეჟისორი სულაც არ ვყოფილიყავი… ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი და უცნაურია, რომ ეს პროფესია ჩემი მოწოდება აღმოჩნდა. როგორც გითხარით, ჩემი ტემპერამენტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც კინოში მუშაობას სჭირდება. დღესაც კი, როდესაც ფილმის გადაღებას ვასრულებ, ვზივარ და ვფიქრობ: როგორ გამომივიდა? რა ეშმაკის ძალით გავხდი ასეთი აქტიური, რომ ამდენ ხალხს, მთელს შემოქმედებით ჯგუფს მითითებებს ვაძლევ, ყოველდღიურად ათას გადაწყვეტილებას ვიღებ და ყველაფერთან ერთად, გულგრილად ვუყურებ ჩემს გადასაღებ მოედანზე მოსიარულე უამრავ ლამაზ მსახიობ ქალს…
ქალებს თუ არ ჩავთვლით, ამ არაფრით გამორჩეულ დროში სად პოულობთ შთაგონებას? არ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებულად უფერულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება?
არა, ახლა ბარბაროსული ერაა. ხალხი ამბობს, რომ ჩვენ გარდამავალ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ამის თქმა ნებისმიერ ეპოქაზე შეგვიძლია. სინამდვილეში ჩვენს დროში მითების ადგილი აღარ დარჩა. ქრისტიანობამ არ გაამართლა, რადგან, როგორც ჩანს, ადამიანებს ვეღარ ეხმარება. ამიტომ ველით რაღაც ახალ იდეოლოგიას, რომელიც მეტ კომფორტს შეგვიქმნის. მაგრამ არსებობს კი ასეთი? ყველაფრის მიუხედავად, ამ დროში ცხოვრება მაინც საინტერესოა. სხვა არჩევანი მაინც არ გვაქვს და რეალობა ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის… ახლა, ამ ყველაფერზე საუბრისას, ვგრძნობ, რომ ჩემი მთავარი მოწოდება და მისიაც სწორედ ისაა, რომ თანამედროვე მოვლენების მოწმე და თვითმხილველი ვიყო. ჩვენ თუ ასეთი მოცემულობა გვაქვს, ვალდებულები ვართ, თვალი გავუსწოროთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, წარსულის ნოსტალგიამ შეგვიპყროს, ვიფიქროთ, როგორი დიდებული წარსული გქვონდა და ახლა ძველი ღირებულებების ეროზიის პროცესს ვხედავთ… მაგრამ რა აზრი აქვს უკან ყურებას? მე ვცდილობ, წინ ვიყურო და წარსულის დიდებულება მომავლის თვალით დავინახო. რაც მთავარია, დავიჯერო, რომ წარსულის ყველა სიკეთე მომავალშიც აუცილებლად ტრანსფორმირდება, ოღონდ არა ძველი ფორმით, არამედ როგორც ახალი მსოფლიოს ახალი ორგანული ნაწილი.
წყარო: http://diaryofascreenwriter.blogspot.com
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა