ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის მეშვიდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ფავორიტი, ამ დაჯილდოების სეზონის არა მხოლოდ ფავორიტი აღმოჩნდა, არამედ 2018 წლის მსოფლიო კინოს შესანიშნავ მონაპოვრადაც გადაიქცა, რომელიც ცხადად შეგვახსენებს თუ მიგვანიშნებს, როგორი შეიძლება იყოს კინო თავისი ღრმა და წმინდა არსით, სადაც კინო მაყურებელზე მხოლოდ კინოს მიერ შემუშავებული მაგიით, საკუთი წესებით და ჯადოსნობით მოქმედებს და სხვა დანარჩენი ეფექტები, იქნება ეს ამბავი, მუსიკა, სცენოგრაფია თუ სხვა, მხოლოდ დამხმარე საშუალებებია.
ლანთიმოსი პერსონაჟებით თამაშობს და ქმნის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ პერსონაჟს, რომელიც ულაპარაკოდ ასევე ბრიტანელი მსახიობის, ოლივია კოლმანის დამსახურებაცაა. კოლმანი ამერიკულმა კინომ თითქოს ახლა აღმოაჩინა და დააფასა, თუმცა მისი მონაწილეობით ფილმები ევროპელ მაყურებელშიც ნაკლებად ცნობილი იყო. ის ყველას სერიალებში შესრულებული როლებით გვახსოვს და განსაკუთრებით ეს ბრიტანული დეტექტივი ბროდჩერჩია. აღსაფრთოვანებელია, თუ როგორ გარდაისახება სერიალის მსახიობი დედოფალ ანას პერსონაჟში (საერთოდაც, თუ IMDb-ს დავეყრდნობით ეს კოლმანის კარიერაში პირველი მთავარი როლია მხატვრულ ფილმში) და სრულიად მოულოდნელად ქმნის 21-ე საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ანტიგმირს – ბავშვურ მონსტრ ხელმწიფეს.

კოლმანის ანა მისი კარიერის მაგნუმ ოპუსად დარჩება, დაახლოებით ისეთივე ამბად იქცევა, როგორც ლოურენს ოლივიესთვის ჰამლეტია ან მარია ფალკონეტისთვის ჟანა დარკი. ის ტრაგედია, რაც დედოფალი ანას წარსულის თანმხლებია, მას სრულიად შეურაცხადად და ფსიქიკურად არასტაბილურ პიროვნებად აქცევს. ისტორიულადაც, ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე სასტიკნი სახელმწიფოს საჭეთმპყრობელთაგან, ისინი ხდებოდნენ ხოლმე, რომლებიც ადვილად ექცეოდნენ სხვების გავლენის ქვეშ და ბავშვური ბუნებით ადვილად იმართებოდნენ.
სწორედ ასე აღმოჩნდება ანაც ლედი სარასა (რეიჩელ ვაისის გმირი) და ებიგეილის (ემა სტოუნის გმირი) ორთაბრძოლას შორის. სარა პირდაპირია, ის სიმართლეს პირში ამბობს და არაფერს მალავს, ებიგეილი კი პირმოთნე და მატყუარაა. მისი გონება ძალაუფლებისკენ სწრაფვითაა დაბინდული იმდენად, რომ ახლადდაქორწინებულს, პირველ ღამესაც კი არ ძალუძს გამორთოს ტვინი და ხელის მექანიკური მოძრაობით უკმაყოფილებს ვითომ-ქმარს სექსის სურვილს.

ქალებს შორის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი და ინტენსიური ხდება, როდესაც სამკუთხედში სიყვარულის გრძნობაც ერთვება, ოღონდ ებიგეილის გრძნობა კვლავ ფლიდური და ცრუა. “შენ გგონია გაიმარჯვე?“ ეკითხება დამარცხებული სარა ებიგეილს და ფილმის ფინალში ჩვენ ამ შეკითხვაზე პასუხს ვხედავთ.
ლანთიმოსი შეუდარებელი ტექნიკით რამდენიმე წუთის განმავლობაში გვიხატავს ებიგეილის შემზარავ მომავალს, იმას, რისთვისაც ასე თავგადაკლული იბრძოდა, მოულოდნელად ამაზრზენად და შემზარავად უბრუნდება (როგორც იატაკს დაჭყლეტილი კურდღელი). დედოფალი ანას შეშლილი მზერა, ებიგეილის აგონიურ მზერას ენაცვლება, ორივე ერთმანეთში გადადის, იხლართება, სხვაფერდება და უკანასკნელ კადრში, თეთრქულა, უმანკო კურდღლებს, შავ, პატარა მოფუთფუთე ვირთხებად აქცევს.