ავტორი: ციკო ინაური
იტალიურ-ფრანგული ეროტიკული თრილერი – დიდი შხეფი 1969 წელს გადაღებულ ფილმს აუზი ეფუძნება. მისი სახელწოდება კი ინგლისელი არტისტის, დევიდ ჰოკნეის სურათიდან მომდინარეობს. ფილმი თვალისმომჭრელი დეკორაციებითა და კოსტიუმებით გამოირჩევა. ჩვენ ვხედავთ ბერტოლუჩის გავლენით შექმნილი დეკორაციებისა და თანამედროვე ვინტაჟური კოსტიუმების ერთობლიობას. ფილმში ძალიან ბევრი ლამაზი კადრია, რასაც, რა თქმა უნდა, იტალიის კუნძულის ბუნება და არქიტექტურაც განაპირობებს და ხშირად გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფოტოებს ვუყურებდეთ. განსაკუთრებით თვალშისაცემია პასტელური ფერები და მუსიკა, რომელიც ფილმს საოცრად გემოვნებიანსა და ლამაზს ხდის.
თავად რეჟისორი ლუკა გუადანინო ფილმის შესახებ წერს: მე მინდოდა, მეჩვენებინა რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალობა, რა ემართებათ ადამიანებს, როცა მარტო რჩებიან, როგორ ებრძვიან ისინი მარტოობას და როგორი წარმოუდგენლად მოულოდნელი შეიძლება იყოს ცხოვრება. 1954 წელს რობერტო როსელინიმ გადაიღო ფილმი მოგზაურობა იტალიაში, რომელშიც ინგრიდ ბერგმანი დივაა. ზუსტად ასეთი დივა მინდა, იყოს მარიანე დიდ შხეფში და მგონი, ეს გამომივიდა… მართლაც, მომღერალი მარიანე, რომელსაც ხმა უწყდება, თავის მეგობარ ბიჭთან ერთად იტალიაში დასასვენებლად მიდის. მოულოდნელად მას დიდი ხნის სიყვარული ჰარი და მისი შვილი ჩააკითხავენ და აი, აქ იწყება ნამდვილი არეულობა, რომელიც ფატალურად სრულდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის სიცოცხლე გაუფასურებულია, არსებობს მხოლოდ ცნობადობა და ძალაუფლება. მარიანე დივაა და თავისი პოპულარობის გამო გამომძიებლები მკვლელობის საქმეს თავს ანებებენ.
გუადანინოს დიდი შხეფი ის შემთხვევაა, როცა რიმეიქი პირველ ვარიანტს სჯობს. ეს არის ფილმი საოცარი სცენარით, ულამაზესი კადრებით, თვალისმომჭრელი დეკორაციებით, კოსტიუმებითა და ფერებით, და რაც ყველაზე მთავარია, – მუსიკით, რომელიც ფილმის ყველა კადრს უხდება. ეს არის კინო გემოვნებიანი მაყურებლისთვის.