
25 სექტემბერს დიდი აფეთქების თეორიის ბოლო სეზონი დაიწყო. მაყურებელი ამ შოუს თვალს თერთმეტი წლის განმავლობაში ადევნებდა და ბევრისთვის ადვილი არ იქნება საყვარელ გმირებთან განშორება. დღეს შემქმნელები იხსენებენ, რომ შოუს წარმატება ისეთივე იღბლიანი შემთხვევა იყო, როგორც თავად სამყაროს დაბადება.
სერიალი CBS-ზე 2007 წლის სექტემბერში გამოჩნდა. მეოთხე ეპიზოდის შემდეგ ის რეიტინგს იკრებდა, როდესაც ჰოლივუდში სცენარისტების გაფიცვები დაიწყო. ეს განსაკუთრებით ტელევიზიაში მომუშავე ხალხს შეეხო, რადგან გადასაღები მოედნიდან ყოველდღიურად მიდიოდნენ სცენარისტები, ახალ პერსონალთან ურთიერთობის აგება კი ადვილი არ იყო. ლოდინი 2008 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, როდესაც გილდიამ ახალი საკონტრაქტო სისტემა შექმნა და სიტუაცია დასტაბილურდა. იდეის ავტორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა ჩაკ ლორიმ კვლავ დაიბრუნა ძველი სამუშაო გუნდი. სცენარისტები უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ საქმეს და მსახიობებსაც სხვა პროექტების ძებნა აღარ მოუწიათ.
გაფიცვამ ამერიკულ ტელევიზიას მნიშვნელოვანი კვალი დაატყო. ბევრი შოუ დაიხურა. შესაბამისად, მაყურებელმა უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინა ყველა იმ პროექტის მიმართ, რომელიც ტელევიზიაში დარჩა. ასე მიიქცია მათი ყურადღება თავისებურმა ფიზიკოსმა – შელდონ კუპერმა, რომელიც ფიზიკოს-ექსპერიმენტატორ ლეონარდ ჰოფსტედერთან ერთად ცხოვრობს, მათი მეგობრები კი – ასტროფიზიკოსი რაჯიშ კუტრაპალი და ინჟინერი ჰოვარდ ვოლოვეცი არიან. ამ უცნაურ კომპანიას ჰყავს კიდევ ერთი საინტერესო გმირი – პენი, გოგო, რომელიც წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე ოცნებობს, თუმცა ამჟამად მიმტანად მუშაობს. სწორედ ამ გმირმა შეძლო და მეცნიერები კომიქსებისა და ფენტეზის სამყაროდან გამოიყვანა. სწორედ აქედან იწყება დიდი მოგზაურობა გიკების სამყაროში.

დიდი აფეთქების თეორიის შემქმნელი ჩაკ ლორი სატელევიზიო სივრცეში ცნობილი ფიგურაა. მან შექმნა ისეთი სერიალები, როგორიცაა: როზანა, დარმა და გრეგი, გრეისი ცეცხლში და 2,5 მამაკაცი. ეს უკანასკნელი ემის რამდენიმე ნომინაციის, BMI Film-ის და TV Awards-ის გამარჯვებულია. სწორედ ლორის ეკუთვნის კუნინძების მუსიკალური თემა, რომელიც 1987 წელს დაწერა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი საბოლოო პროფესიული არჩევანი – სცენარისტობა იქნებოდა.
ლორის სიტყვებით, სერიალის იდეა ერთ-ერთ პროგრამისტთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა. მათი ქცევა იმდენად კლიშედ არის ქცეული, რომ ჩვენ შევეცადეთ, ისინი სხვა კუთხით წარმოგვეჩინა. ამიტომაც შევქმენით მთავარი გმირები, რომლებიც მეცნიერები არიან. ჩაკის სურდა, ყურადღება გაემახვილებინა იმაზე, თუ როგორ ერთობიან ფიზიკოსები და მათემატიკოსები, რათა ფართო საზოგადოებაში ამ მეცნიერებების მიმართ სიმპათია გაეღვივებინა. სინამდვილეში შემქმნელებს წარმოდგენა არ აქვთ ფიზიკის შესახებ და დიდი ფორმულები, რომლებიც სერიალში ჩანს, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორის, დევიდ ზალცბერგის დაწერილია.
გმირების საუბარსა და ტექნიკურ დეტალებზე პასუხისმგებელი ბილ პრედი იყო, ყოფილი პროგრამისტი და ინჟინერი, რომელმაც თავის დროზე თავისი კომპანიის, Small Computer Company წილი გაყიდა და ჯიმ ჰენსონს შეუერთდა მაპეტების შოუს შესაქმნელად. ამ პროექტის შემდეგ კი საბოლოოდ ჩამოშორდა IT სფეროს.
გიკების სტენდაპი

როგორ უნდა მოახერხო, ისეთი საკითხებით დააინტერესო მაყურებელი, რომელიც არ ესმის და ამასთან, მოსაწყენიც ჰგონია? რა თქმა უნდა, იუმორით.
იუმორი კი კარგი ხარისხის იყო. გამორთეთ კადრს მიღმა სიცილი, მოაშორეთ განსაკუთრებული დიალოგები და დაგრჩებათ ამბავი ვიწრო ჯგუფზე, რომელიც მუდმივად წუწუნებს ჯანმრთელობასა და ოჯახურ საკითხებზე. მის თითოეულ წევრს კი სკოლის პერიოდის ტრავმები ჯერ კიდევ ახსოვს. დიდი აფეთქების თეორიის მთავარი გმირები ცხოვრობენ ბავშვობაში გამოგონილ სამყაროში, სადაც თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ, ვიდრე რეალობაში. კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც მთავარი გმირები მუშაობენ, უმეტესად მსგავსი გიკების თავშეყრის ადგილია. ისინი მხოლოდ იმ გარემოში არიან რეალიზებულები და როგორც კი უნივერსიტეტის კედლებს ტოვებენ, იქცევიან ჩვეულებრივ ბავშვებად, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ ყურადღება. ამ საქმეს კი ყველაზე კარგად მათი მეზობელი პენი ასრულებს, სწორედ ის ხდება პირველი ადამიანი რეალობიდან, რომელიც მათთან კონტაქტს ამყარებს.
ჩაკ ლორიც თვლის, რომ შეუძლებელია იუმორის გარეშე სამყაროს შეცვლა. თუმცა, სერიალი მთავარ დრამასაც გადმოსცემს.
ზუსტი დრო

სერიალის შემქმნელებმა დრო ყველაზე ზუსტად გათვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ბევრი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, უმეტესობას სამეცნიერო საკითხები და ეს სოციალური ჯგუფი მაინც ნაკლებად აინტერესებს. ლორისა და პრედის პროექტი კი მაქსიმალურად ცდილობს, გიკური კულტურა ფართო საზოგადოებას გააცნოს.
შოუში ბევრი სპეციალური სტუმარია, რომლებსაც ხან კამეო აქვთ, ხან კი საკუთარ თავს თამაშობენ. დიდი აფეთქების თეორიაში მონაწილეობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი მეცნიერები და IT სფეროს წარმომადგენლები, როგორებიც არიან: სტივენ ჰოკინგი, ბილ გეითსი, სტივენ ვოზნიაკი და ილონ მასკი. კინომოყვარულები კერი ფიშერის, მარკ ჰამილის, კრისტოფერ ლოიდისა და ბილი ბობ ტორონტონის ნახვით გაბედნიერდნენ. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი მაინც ფენტეზის მოყვარულებს ჰქონდათ, როდესაც მეთერთმეტე სეზონის 21-ე სერიაში გამოჩნდა მწერალი ნილ გეიმანი, რომელსაც დებატებში ჩართული ჩვენი გიკი მეგობრები ყურადღებასაც კი არ აქცევენ!
სატირა თუ კარიკატურა?

როგორც ყველა ნამუშევარს, ამ სერიალსაც ბევრი ნაკლი აქვს. გმირების დადანაშაულება უამრავ საკითხში შეიძლება, იქნება ეს სექსიზმი, რასიზმი, ინფანტილიზმი თუ ალკოჰოლიზმი. ამას ემატება უაზრო სტერეოტიპების გამყარებაც.
შემქმნელებზე განსაკუთრებით კომიქსების მოყვარულები ბრაზდებიან და არა მარტო იმიტომ, რომ ზედმეტად სტერეოტიპულად არიან წარმოჩენილები. ისინი თვლიან, რომ შემდგომში ნებისმიერი მაყურებელი კომიქსებზე ამ სერიალით გაჩენილი წარმოდგენიდან გამომდინარე იმსჯელებს, რაც სიმართლესთან ახლოს არ არის. გრაფიკული ნოველების მოყვარულები უკვე დიდი ხანია, სკეპტიკურად არიან განწყობილნი დიდი აფეთქების თეორიის მიმართ. თუმცა, ლორისთვის არ არსებობს წმინდა საკითხი, მას ხუმრობა ინდურ წმინდა ცხოველზეც კი შეუძლია.
აკადემიურ წრეებშიც ფიქრობენ, რომ სერიალი, მეცნიერების პოპულარიზაციის ნაცვლად, დამამცირებლად წარმოაჩენს გარემოს და ამის გამო შოუს წარმომადგენლები მათ წინაშე მუდმივად თავს იმართლებენ.
კუნალ ნაიიარი, ასტროფიზიკოს რაჯიშის როლის შემსრულებელი, ლარი კინგთან ინტერვიუში აღნიშნავს: სერიალი შეიქმნა არა ჭკვიანი ადამიანების დასაცინად, არამედ მათ გასაცნობად. ვიღაცას ყოველთვის უგრძვნია თავი აუტსაიდერად და ეს სწორედ აუტსაიდერების ისტორიაა.
მსახიობისთვის, რომელიც ნიუ-დელიდან ამერიკაში გადმოვიდა, დიდი აფეთქების თეორია ნამდვილ სასწაულად იქცა. რაჯიშის როლის მორგებამდე მან ძლივს მოასწრო უნივერსიტეტის დასრულება და ერთი ეპიზოდური როლის თამაში. დიდი აფეთქების თეორიამ ყოფილი სტუდენტი არნახულ წარმატებას აზიარა და ამასთანავე, უზარმაზარი ჰონორარიც მოუტანა – 800 ათასი დოლარი ეპიზოდიდან. შესაბამისად, კუნალს ზუსტად ერგება ყველა ხუმრობა მილიონერზე ღარიბთა უბნიდან.

მსახიობთა შორის ყველაზე მდიდარი ჯიმ პარსონსია, შელდონ კუპერის როლის შემსრულებელი. მისი წლიური შემოსავალი ლეონარდო დიკაპრიოსას უტოლდება – 29 მილიონი დოლარი. შესანიშნავ ოთხეულში შელდონი ყველაზე უცნაურია და მაყურებლის მთელი ყურადღებაც მას ეთმობა. ფანების თეორიის საწინააღმდეგოდ, შემქმნელები უარყოფენ, რომ შელდონს ასპერგერის სინდრომი აქვს. თავად პარსონსი კი ფიქრობს, რომ შელდონის ბევრი ქცევა ზუსტად ეთმხვევა აუტიზმის ამ ფორმას. შელდონის ქცევა და ხასიათი ჩაკ ლორიმ განსაკუთრებულად შეარჩია. საბოლოოდ კი, გმირზე იმდენი ინფორმაცია შეგროვდა, რომ ცალკე სერიალის სიუჟეტიც შეიკრა – შელდონის ბავშვობა. ამ სერიალის მეორე სეზონიც 25 სექტემბერს განახლდება.
სპინოფის შექმნა იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ პარსონსი დაიღალა და შემქმნელებმა ამის შესახებ უკვე დიდი ხანია, იციან. მაყურებელთან დასამშვიდობებლად ჩვენი გიკები და გოგოები ჯერ კიდევ წინა სეზონისას იყვნენ მზად. თუმცა, CBS-ს დაენანა თავისი საუკეთესო პროექტის დასრულება და სცენარისტებმა მეთორმეტე სეზონზე დაიწყეს მუშაობა…
ამჯერად დიდი აფეთქების თეორია ნამდვილად გვემშვიდობება. პენის როლის შემსრულებელმა, კეილი კუოკომ უკვე გამოაქვეყნა ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი ფოტო. მათთვის ეს პროექტი დიდი გამოწვევა იყო, რომელიც დასრულდა. მოყვარულებს კი წინ კიდევ 23 ეპიზოდი ელით.
წყარო: www.kinopoisk.ru
მოამზადა გიორგი კარანაძემ