ავტორი: გიორგი კარანაძე
დევიდ ლინჩის ფილმები ხასიათებივით არის. არ იცი, საიდან მოდიან და როდის წავლენ. მათი სიუჟეტი რეალობაში ვითარდება, თუმცა სხვა სამყაროდან გადმოტანილი ამბები ხდება. ეს ფილმები ჰგავს გრძნობებს, რომლებიც ნელ-ნელა ილექება ჩვენში და არავინ იცის, როდის იჩენს თავს.
შეიძლება ამიტომაც არის, რომ ბოლომდე არავის ესმის, რაზე საუბრობს ლინჩი, რა იყო ფილმის მთავარი არსი და ა.შ. ეს არის რეჟისორი, რომელიც სულ სხვა კუთხით, სულ სხვა კრიტერიუმებით უნდა განიხილო. აქ ვერ შეხვდები ტრადიციულ ნარატივსა თუ ჩამოყალიბებულ იდეას, რომელიც ფილმის განმავლობაში ვითარდება. თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: ეს არის უცნაური, საშიშად უცნაური სამყარო, რომელიც ლინჩმა თავად შექმნა და ჩვენ კი მისი ნაწილები გაგვიზიარა.
ლინჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვობიდან გრძნობდა სხვა სამყაროს, რომელიც თავიდან შეგრძნების დონეზე არსებობდა, მერე წარმოსახვად იქცა, დროთა განმავლობაში კი ფრთები შეისხა და ჩვენამდე ფილმების სახით მოაღწია.
დღევანდელი პოპულარული კულტურის განუყოფელი ნაწილი, თავის დროზე არამეინსტრიმული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო (ბევრისთვის ჯერ კიდევ იმ სიბრტყეშია დარჩენილი). მისი თმის ვარცხნილობიდან დაწყებული, პოპულარული ციტატებით დამთავრებული – Tumblr-ისა თუ სხვა ტიპის სოციალური ქსელები გადაჭედილია. ეს არის თანამედროვეობის მთავარი მონაპოვარი, რომ ვიკიპედიის მშრალი სტატიის გარდა, შეგიძლია ძირფესვიანად შეისრუტო არა მარტო საყვარელი რეჟისორის ნამუშევრები, არამედ მისი ცხოვრების სტილიც კი.
დევიდ ლინჩმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ხელოვანმა. ეს მის ყველა ფილმში ჩანს, განსაკუთრებით კი საშლელთავაში, სადაც გმირებს შორის ვერბალური კომუნიკაცია მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება. ეს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს ყველაზე მეტყველ მედიუმს – კინოს, სადაც თითოეულ სიტყვას კიდევ უფრო მეტი სიღრმე და დაფიქრება სჭირდება.
სიმართლე კი ისაა, რომ ლინჩისთვის გამოსახულებას უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე სიტყვას. მისივე თქმით, საყვარელი რეჟისორები ვერნერ ჰერცოგი და სტენლი კუბრიკი არიან. სწორედ მათი გავლენით, ის უფრო მეტი ყურადღებით უკვირდება სიჩუმის ხმას კინოში. მისთვის მთავარი იმ ატმოსფეროს გადმოცემაა, რომელიც კონკრეტულ სცენაში ხდება. ამიტომაც არის, რომ ერთ ოთახში განვითარებული მოვლენა რამდენიმე სხვადასხვა რაკურსით აქვს ნაჩვენები. მისი გადაკვეთა ფრენსის ბეკონთან ასევე საგულისხმოა, რადგან სწორედ ბეკონის ნახატით შთაგონებულმა შექმნა საშლელთავაში მუტანტი ბავშვის სახე.
მისი შემდეგი ნამუშევარი ადამიანი-სპილოა (The Elephant Man), რომელიც კლასიკური არამეინსტრიმული ფილმების კატეგორიაში გადის. ეს არის ერთი განსხვავებული ადამიანის ისტორია, თავისი განვითარებითა და ყველა იმ კომპონენტით, რომელსაც არტ-ფილმი მოითხოვს.
რეჟისორების უმეტესობას აქვს ერთი ისეთი ფილმი მაინც, რომლის გახსენებაც არ სურს. დევიდ ლინჩისთვის ასეთი ფილმია დიუნა (Dune). ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, რომელმაც კინო გაქირავებაში სრული კრახი განიცადა. როდესაც ფილმის DVD ვერსია გამოვიდა, რეჟისორად ფსევდონიმი – Alan Smithee გახლდათ მითითებული, რითაც ლინჩმა ფილმისადმი საკუთარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ლინჩის საუკეთესო ფილმად კი ლურჯი ხავერდია (Blue Velvet) მიჩნეული. ფილმი 1986 წელს გამოვიდა და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო კინემატოგრაფიულ ნამუშევრად ითვლება. სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ კრიტიკოსები ალაპარაკდნენ ობსკურანტისტული და სიურრეალისტური გავლენების შესახებ ლინჩის შემოქმედებაში, შენიშნეს რა, რომ მისი ნარატივი ერთდროულად რამდენიმე ამბის ან მოვლენის შესახებ ჰყვებოდა. დევიდ ლინჩს უკვე მოიხსენიებდნენ ლუის ბუნუელის გვერდით და განიხილავდნენ მას, როგორც პოსტ-მოდერნიზმში სიურრეალიზმის ტრადიციების გამგრძელებლად.
მალჰოლანდ დრაივი (Mulholland Drive) იმ ფილმების კატეგორიაში გადის, რომელსაც სპეციალური ბლოგები ეძღვნება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი და გაუგებარი ფილმია. რამდენჯერმე ნახვის შემდეგაც კი ძნელია იმ ალუზიების ამოცნობა, რომელიც თავის დროზე ლინჩმა ჩადო. აქ ერთდროულად იკითხება არტ-ჰაუს კინოსა და ამერიკული კიჩის შტრიხები, რომელიც მაყურებლის გრძნობებზე თამაშობს. ისე, ცოდვა გამხელილი ჯობია და მსგავსი შერწყმის მცდელობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ბევრ რეჟისორს ჰქონდა, მათ შორის ჟან-ლუკ გოდარსაც კი.
ბოლოსკენ კი ლინჩის ტელევიზიაში გადაბარგებაზეც შეიძლება ორიოდე სიტყვის თქმა. მისი ტვინ პიქსი (Twin Peaks) დღემდე შედევრად ითვლება – სატელევიზიო შოუდ, რომლის გავლენასაც ათობით თანამედროვე ნამუშევარი განიცდის. ეს არის ხელოვნების ახლებური სიცოცხლე, როდესაც კინოს ესთეტიკა ტელეეკრანზე გადმოდის და ხელოვნურობის განცდას არ გიჩენს. დაკვირვებული მაყურებელი აუცილებლად მიხვდება, რომ აქ არაფერი ფსევდო და ყალბი არ არის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დევიდ ლინჩი არ მოდუნებულა, მას ჯერ კიდევ აღელვებს გამოსახვის ხერხების თანამედროვე ტენდენციები.
ლინჩის მტკიცებით, ის ჩართული ნათურიდან ელექტრონებს გრძნობს. არ ვიცი, რამდენად დაეჯერება, რადგან კაცმა არ იცის, რომელ სამყაროსა თუ განზომილებაზე გვესაუბრება, სად გადის ზღვარი ჩვენს რეალობასა და მისი აღქმის ხერხებს შორის. ამ ყველაფრის გასაგებად, გირჩევთ, მის მუსიკას მოუსმინოთ: 71 წლის ლინჩს ორი სტუდიური ალბომი, სამი კოლაბორაციული ნამუშევარი და ექვსი – სპეციალურად ფილმებისთვის დაწერილი მუსიკის ალბომი აქვს. დასაწყისშიც ვამბობდი, ფილმების გადაღებამდე არტისტი იყო-მეთქი. ეს იმპულსები ჯერ კიდევ არ გამქრალა, თუმცა, ამდენი რამის შექმნის შემდეგ, სამყაროს რომელი განზომილებიდან იღებს ძალას, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია.