ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
კონტროვერსია ამერიკელი რეჟისორის, დარენ არანოვსკის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ფილმი დედაც! კონტროვერსიული გამოდგა. ფილმი მძიმე, ძალადობრივი და უკიდურესად გრაფიკულია. არანოვსკის ძველი, ერთგული მაყურებელიც კი შოკირებული ტოვებდა დარბაზს და ნანახით გაოგნებული ცდილობდა გზის გაკვლევას რეჟისორის ჩანაფიქრთან. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: სპეციალურად დაგეგმილი, ერთი შეხედვით – მშვიდი წინასაპრემიერო ღონისძიებები (გაიხსენეთ თრეილერი, რომელიც ჩვეულებრივი ჰორორ ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებდა) და მთავარ როლში – ჯენიფერ ლოურენსი, რომლის ფანებმაც კინოთეატრები აავსეს – მოკლედ, მოუმზადებელი აუდიტორია.
ადამიანები, რომლებმაც რეჟისორის შემოქმედება მისი სადებიუტო ფილმიდან (პი) მოყოლებული იციან, მისგან ყოველთვის რაიმე ინოვაციურს, მკვეთრს, წინააღმდეგობრივს და გულწრფელს ელიან. არანოვსკის კინო რადიკალური, გამბედავი, ოპოზიციური კინოა, რომელიც თან ჰოლივუდის წესებით თამაშობს. ხოლო იმ მაყურებლებს, რომლებმაც რეჟისორის სახელი პირველად გაიგონეს და მორიგ ჰორორ ფილმში მშვენიერი ჯენიფერ ლოურენსის ნახვას ელოდნენ, თავზარი დაეცათ.
ფილმს მარტინ სკორსეზე გამოესარჩლა და განაცხადა, რომ არანოვსკის ბოლო ნამუშევარს ყველანი საშინლად არასწორად მივუდექით. ამ ნეგატიურმა მიდგომამ კი მაყურებელთა მნიშვნელოვან ნაწილზეც იქონია გავლენა და ფილმსაც ზიანი მიაყენა, რაც, პირველ რიგში, შემოსავლებზე აისახა.
დარენ არანოვსკი ჰარვარდის უნივერსიტეტში მთავარ სპეციალობად სოციალურ ანთროპოლოგიას სწავლობდა. სწორედ ამიტომ, მას ბრწყინვალედ შეუძლია მთავარი გმირის ბუნების, შინაგანი კრიზისისა თუ კონფლიქტის წარმოჩენა. თუკი სადებიუტო ფილმი მეგობრებისა და ახლობლების მოგროვილი ფულით გადაიღო, უკვე მეორე ფილმის – ოცნებების რექვიემი ბიუჯეტი მალევე იშოვა და წარმატებასაც მიაღწია: რეჟისორმა კინომოყვარულთა გულები უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო. ფილმი იმდენად მძიმე სანახავი აღმოჩნდა, რომ ჟურნალმა Empire ის ოცდახუთი ყველაზე საშიში ფილმის სიაში შეიყვანა.
ექვსი წლის შემდეგ რეჟისორი პირველად შეეხო რელიგიის თემას და გადაიღო ვიზუალურად მომნუსხველი შადრევანი. 1999 წელს, როდესაც ის 30 წლის ხდებოდა, მის მშობლებს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და აქედან დაიწყო ადამიანის მოკვდავობის გააზრება. ეს ემოციურად ძალიან მძიმე იყო. 30 წელი ერთგვარი ეტაპია, როდესაც იმის გაცნობიერებას იწყებ, რომ ერთ დღეს შეიძლება მოკვდე. მშობლებმა კიბო დაამარცხეს და არანოვსკი მთლიანად გადაერთო ახალ სცენარზე, რომელშიც ახალგაზრდა კაცი თავისი შეყვარებულის გადასარჩენად კიბოსგან განკურნების გზებს ეძებდა. თავიდან ფილმში ბრეტ პიტსა და ქეით ბლანშეტს უნდა ეთამაშათ, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. საბოლოოდ კი, როლებზე ჰიუ ჯეკმანი და რეიჩელ ვაისი დაამტკიცეს. გადაღების დაწყებამდე არანოვსკი და ვაისი უკვე ერთად ცხოვრობდნენ და რეჟისორს არ სურდა, ამის გამო ჭორები აგორებულიყო, თუმცა ჯეკმანმა დაარწმუნა, რომ როლზე აუცილებლად რეიჩელი მოეწვია.
2014 წელს, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა მორწმუნე, რეჟისორმა უპასუხა, რომ მორწმუნეა და რისიც სწამს, მთლიანად გამოხატა შადრევანში. გამოდის, რომ შადრევანი არანოვსკის რწმენის მანიფესტია, დედა! კი – ბუნების. ის ხომ გარემოს თავგადაკლული დამცველია და ყველაზე რადიკალური ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია PETA-სგანაც კი აქვს ჯილდო მიღებული.
2008 წელს გამოსული რესტლერი კიდევ ერთი განსხვავებული ფილმი იყო, სადაც კვლავ მთავარი გმირის საკუთარ თავთან ბრძოლაა ასახული, თუმცა სრულიად სხვა, უფრო რეალურ სამყაროში. გადაღების დროს რეჟისორმა ნახა ძმები დარდენების ფილმი, რომელმაც იმხელა გავლენა იქონია, რომ მან რესტლერის გადაღების მანერა მთლიანად შეცვალა. მიკი რურკის გამოჩენას ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმცა, მე მას თვალებში ჩავხედე და მისი თვალები სიკვდილის ნაცვლად, სიცოცხლეს, ბრძოლას, ფიქრს გამოხატავდნენ. რეჟისორი არც ამჯერად შემცდარა, რურკიმ კარიერაში საუკეთესო როლი შეასრულა და ოსკარის ნომინანტიც გახდა.
შავი გედი ყველაზე რთული ფილმი გამოდგა, როგორც რეჟისორისთვის, ისე ფილმის მთავრი როლის შემსრულებელი ნატალი პორტმანისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ როლმა მსახიობს ოსკარი მოუტანა. იყო ღამეები, როცა ვფიქრობდი, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი და მოვკვდებოდი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გავაცნობიერე, რა დონეზეა შესაძლებელი როლის გათავისება, რომ როლმა შეიძლება დაგღუპოს კიდეც... მიუხედავად ყველა სირთულისა, ფილმი შედგა და რეჟისორის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრადაც იქცა.
2014 წელს რეჟისორი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა რელიგიის თემას ფილმში ნოე, სადაც ძველი აღთქმის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ფილმი მის კარიერაში ყველაზე სუსტი გამოდგა. თემა ზედმეტად გადამუშავებულ-გადაღეჭილი და გაცვეთილი იყო. ფილმის პროდიუსერები თავიდანვე შიშობდნენ (მათ რეჟისორს ფინალის რამდენიმე განსხვავებული ვერსია გადააღებინეს), რომ ბიბლიის ინტერპრეტაცია ქრისტიანულ სამყაროს აღაშფოთებდა და ასეც მოხდა. თავიდანვე ჩანდა, რომ პროექტი ყველაზე მეტად ფინანსურ მოგებაზე იყო გათვლილი. კონტროვერსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად არასწორი დამოკიდებულება არსებობს დღევანდელ სამყაროში რელიგიის მიმართ, რომელიც რიგ შემთხვევებში ძალადობის იარაღადაა ქცეული.
დარენ არანოვსკიმ მაღალბიუჯეტიანი, მაკრო და პლაკატური სამყაროდან ისევ დახურულ, მცირე, მიკრო სამყაროში გადაინაცვლა – დედაში მოქმედება მხოლოდ ერთ სახლში ხდება. თუმცა, ამბავი ისე ვითარდება, რომ ხუთ მასშტაბურ ნოეს ერთად იტევს. არანოვსკიმ მოახერხა, დაეთრგუნა ჰოლივუდის პლაკატურობა და თავის ინსტინქტს მიბრუნებოდა. ვფიქრობ, სიახლის მუდმივი ძიება მნიშვნელოვანია, – განაცხადა მან ერთხელ. ეს სიტყვები კი ალბათ ყველაზე ზუსტად ასახავს მის ინოვაციურობას, გაბედულებასა და ექსპერიმენტულობას და შეგვიძლია რეჟისორის შემოქმედების დევიზადაც ჩავთვალოთ.