ღიმილს, საღ აზროვნებასა და ვისკის, ფაქტობრივად, ყველანაირი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა ძალუძს.
მჟავე სახის მიღების უნარით ვარ დაჯილდოვებული.
ამბობენ, რომ რთული ხასიათი მაქვს. ეს ჩემთვის საპატიო წოდებასავით ჟღერს.
თუ შენ გსურს, იყო მდიდარი და ცნობილი, თავდაპირველად გამდიდრება უნდა სცადო. ამან შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიგვაროს. თუმცა, სიმდიდრეს არც თუ ისე მცირე დისკომფორტი შემოაქვს – გიწევს გადასახადების გადახდა და შენი ნათესავებისთვის ფულის სესხება. ხოლო როცა ცნობილი ხდები, ყოველდღიური, 24-საათიანი მუშაობის ვალდებულება გაწვება.
არ მიყვარს მუშაობა. მაგრამ როცა ვიწყებ, მასში თავიდან-ბოლომდე ვეშვები.
თავისუფალ დროს განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ერთხელ უსაქმურობისგან წვერი მოვუშვი, სხვებისთვის რომ მეთქვა, თითქოს რაღაცას ვაკეთებდი.
რთულია მსახიობად ყოფნა. რთულია – ვიღაცად ყოფნა. ზოგადად – “ყოფნაა” რთული.
ზაზუნას დღე —კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სცენარია, თუმცა მისი ოსკარზე ნომინირება თავში აზრად არავის მოსვლია.
მე კატა გარფილდი გავახმოვანე, იმიტომ, რომ ჩავიხედე სცენარში და იქ ჯოელ კოენი ამოვიკითხე. მაშინვე გავიფიქრე: “ვგიჟდები კოენებზე“. შემდეგ უკვე დამონტაჟებულ ფილმს ვუყურე და ვფიქრობდი: “ეშმაკმა დალახვროს, ეს რა ჯანდაბა გააკეთა კოენმა!” გამწარებული ვიყავი, თუმცა, ამიხსნეს, რომ ეს უბრალოდ სხვა კოენი იყო.
ცუდი ფილმი – ესეც ხო მიღწევაა.
მოჩვენებებზე მონადირენის პირველი 45 წუთი – ეს ყველაზე სასაცილო რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია.
როცა იქ, სადაც დახეტიალობს ბიზონს ვიღებდით (1980 წლის ფილმი, რომელშიც ბილ მიურეი ჰანტერ თომპსონს განასახიერებს), ლოს-ანჯელესში, თომპსონის სახლთან ახლოს ბინა ვიქირავე. დღისით ვმუშაობდი, საღამოობით კი მასთან ვსაუბრობდი. მაშინ უძილობა ჯერ კიდევ შემეძლო. აი, ასე, ნელ-ნელა სხვა ადამიანს ვისრუტავდი და დღემდე მისგან გათავისუფლებას ვერ ვახერხებ. ჩემში მცირეოდენი თომპსონი ჯერ კიდევ შემორჩენილია.
მიყვარს ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც კონკრეტული მიზანი აქვთ და იციან, როგორ მივიდნენ ამ მიზნამდე.
რაღაც სიტუაციებში პოპულარობა მომგებიანია. მაგალითად, ცნობადობის გამო იმ რესტორანში გიშვებენ, სადაც სხვას არ უშვებენ, მოძრაობის წესების დარღვევას გპატიობენ და ა.შ. თუმცა, ერთადერთი ადგილი, სადაც გინდა, რომ მართლა შეგნიშნონ, ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების განყოფილებაა. ექვსი შვილი მყავს და ვიცი, რასაც ვამბობ.
როგორ ავუხსნათ ბავშვებს გადასახადები? – შევუჭამოთ ნაყინის 30%.
როცა ბავშვები მეკითხებიან, რა საჩუქარი გამიხარდებოდა დაბადების დღესა თუ ახალ წელს, მათ ზუსტად იმას ვპასუხობ, რასაც ერთ დროს მამაჩემი მპასუხობდა: “მაჩუქეთ სიმშვიდე.” ბავშვობაში ეს პასუხი მაღიზიანებდა, რადგან მსურდა, მომესმინა: “მაჩუქე ჩიბუხი”, ან რაიმე მსგავსი. ახლა, როცა მე თვითონაც მამა ვარ, ამ სიტყვების ფარულ სიბრძნეს ვხვდები. მამას უბრალოდ უნდოდა, მეფიქრა სახლზე და იმ ადამინებზე, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობ.
კარგი მანერები – ეს ყველაფრის საწყისია. კარგი მანერების გარეშე ნებისმიერი მიღწევა აზრს კარგავს.
ბრიუს უილისი დაკარგული ქალაქის (ენდი გარსიას 2005 წლის ფილმი) გადასაღებ მოედანზე გავიცანი. ის აშკარად ნასვამი იყო და ბევრს ლაპარაკობდა. ჩემი სამუშაო დღეც დასრულებული იყო და მეც ცოტა გადაკრულში ვიყავი. უცებ, უილისი მომიახლოვდა და მეუბნება: “ერთი სახალისო ამბავი მინდა მოგიყვე.” მე გავიფიქრე: “ო, ღმერთო ჩემო, ოღონდ ეს არა.” მან გააგრძელა: “იყო დრო, როცა NBC-ში ჩვეულებრივ მუშაკად ვმუშაობდი. ჩემს მოვალეობაში საგრიმიოროებში შერბენა და მსახიობების M&M-ებითა და თხილით მომარაგება შედიოდა. ამის დედაც, იმაზე ვზრუნავდი, რომ მათი ჯამები ყოველთვის სავსე ყოფილიყო!”
მაშინაც კი, როცა ფიქრობ, რომ ის ისაა, მარტივ გზას მაინც არ უნდა დაადგე – პირველი პაემანი, მხიარულება, ქორწილი… სჯობს, მასთან ერთად მსოფლიო შემოიარო, იყიდო ორი ბილეთი ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილზე, საიდანაც დაღწევა კიდევ უფრო რთულია. ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ, მშობლიურ აეროპორტში დაშვებისას, თუკი მისდამი კიდევ რაიმეს იგრძნობ – მაშინ აეროპორტშივე იქორწინე.
სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა. თუ ღმერთი გწამთ, აკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ.
მიყვარს გოლფი. თუმცა, ყოველთვის მეცინება აცრემლებულ კაცებზე, რომლებმაც ბურთი სულ ოდნავ ააცილეს.
რამდენიმე წლის წინ, გოლფის პროფესიონალმა მოთამაშემ ფუკუოკაში, ერთ-ერთ ტურნირზე დამპატიჟა. მეც ჩავედი და გოლფის მოედანი ლუდ Asahi-ის რეკლამებით გადაჭედილი დამხვდა. თამაშის დროს, რაღაც მომენტში ლუდის ბანერზე ნაცნობი სახე დავაფიქსირე. ვერ დაიჯერებთ, – ეს ჰარისონ ფორდი იყო. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გაღიმებას აიძულებდნენ და ისიც იღიმოდა, იმ იმედით, რომ ვერცერთი მისი მეგობარი ამას ვერასდროს ნახავდა. მოგვიანებით, კვლავ იაპონიაში ყოფნისას, ბანერს წავაწყდი, რომელზეც კევინ კოსტნერი გახლდათ გამოსახული. მისი სახის გამომეტყველება დაახლოებით ასე იკითხებოდა: “აზრზე არ ვარ, ამ ყავას როგორი გემო აქვს. უბრალოდ, ფოტოსთვის ფული გადამიხადეს.”
“არა” – ყველაზე ძლიერი სიტყვაა, რაც კი გაგვაჩნია.
არ მინდა, იმ ტიპად ვიქცე, რომელიც თავის ცხოვრებაზე უცნობ ბარმენს ეწუწუნება.
ემოციურობით ჩვენს მოკვდავობას ვუსვამთ ხაზს. ოხ, მშვიდობით, სამყაროვ, მე მალე აღარ ვიქნები, და ამას ზუსტად ახლა, ამ წამს განვიცდი.
მამის დაკრძალვის დღეს არ ვიცოდი, სად გავმქრალიყავი, ხალხი მოდიოდა და მეუბნებოდა: “ის უკვე იქაა და ბიძია ჯორჯთან ერთად ბოულინგსაც თამაშობს.” მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი და ვპასუხობდი: “კი, ის ალბათ იქაა და ბოულინგსც თამაშობს”, მაგრამ იმ მომენტში სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი: “ის გარდაიცვალა. ის აღარაა. ეშმაკმა დალახვროს, მესაუბრეთ! ნუ მტენით თქვენს წარმოდგენებს იმაზე, თუ რა ხდება ახლა მის თავს. უბრალოდ, იყავით ჩემ გვერდით. მარტივი სიტყვებით ნუ მომიშორებთ.”
სამსახურზე ყოველთვის მარტივად ვსაუბრობ, აი, საკუთარ თავზე საუბარი კი არ შემიძლია.
არ ვენდობი მათ, ვისაც ძაღლები არ უყვართ, სამაგიეროდ – ყოველთვის ვენდობი ძაღლს, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი გულზე არ ეხატება.
ვფიცავ, მოჩვენებებზე მონადირენის მესამე ნაწილი არასოდეს გამოვა.
ცხოვრება რეპეტიცია არ არის.
წყარო: www.esquire.ru
მოამზადა ლალი ახვლედიანმა