მსახიობის დაუჯერებელი ტრანსფორმაციები
ბრიუს უეინის როლის შემსრულებლის შესახებ ისტორია ბევრისთვის ცნობილია. კრისტოფერ ნოლანი პირდაპირ კრისტიან ბეილს დაუკავშირდა. მსახიობმა ინტერესი ჯერ კიდევ იმ დროს გამოიჩინა, როდესაც პროექტზე სამუშაოდ დარენ არანოვსკი იყო მიწვეული.
შეხვედრის დროს ნოლანს კინაღამ გულის შეტევა დაემართა. ბეილს ახალი დამთავრებული ჰქონდა მუშაობა ფილმზე მემანქანე (El Maquinista) და როლის გამო ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. ასეთი გარეგნობით Warner-ის სტუდიაში მისვლა და მათი დარწმუნება ძალიან ძნელი საქმე ჩანდა. ჩემთვის მალევე გახდა ნათელი, რომ ამ მდგომარეობაში ბეტმენის როლს არავინ მომცემდა, – განაცხადა ბეილმა. თუმცა, ნოლანის თავდაჯერებულობამ გაჭრა და მსახიობი წონის მოსამატებლად გაგზავნეს.
ჩვენ ყველამ ვიცით ის ისტორია, თუ როგორ მოერგო ბეილი ამ როლს. თუმცა, სინამდვილეში სპეციალური დიეტის დროს მსახიობს ზედმეტიც კი მოუვიდა. გადასაღებ მოედანზე ისეთი მსუქანი დაბრუნდა, რომ მისი ბეტმენად აღქმა ძალიან გაჭირდებოდა.
გავსუქდი, მაგრამ კუნთი საერთოდ არ მქონდა. არ შემეძლო სირბილი, სწრაფი მოძრაობა, ქოლესტერინი ყველაფერში ხელს მიშლიდა. ამიტომაც იყო, რომ როდესაც გადასაღებ მოედანზე დავბრუნდი, ნოლანი კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა. დათვს ვგავდი.
ბეილის დისციპლინური მიდგომით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. მან სერიოზულ ვარჯიშს მიჰყო ხელი. ფილმის პროდიუსერი, ლარი ფრანკო ამბობდა, რომ ის ზებუნებრივი ძალით შეპყრობილივით იქცეოდა და გადაღებების დასრულებამდე ვარჯიშობდა.
ასეთ შედეგს არავინ ელოდა. კრისტიანის სხეული გადაღებიდან გადაღებამდე ისეთ ტრანსფორმაციას განიცდიდა, რომ ამის გამო კოსტიუმების დიზაინერს ცალკე პრობლემა შეექმნა.
ფილმის გადაღებები 2004 წლის თებერვალში დაიწყო. ნოლანს ყველა სცენის გადასაღებად 129 დღე დასჭირდა. ეს პერიოდი ჰოლივუდური ფილმებისთვის საკმაოდ გრძელია. მიზეზი კი ის იყო, რომ გადაღება მხოლოდ ერთმა ჯგუფმა ჩაატარა. ნოლანმა ბიუჯეტი დაზოგა და ყველა სცენა ოპერატორ უოლი ფისტერთან ერთად გადაიღო. ის ტრილოგიის დანარჩენ ნაწილებზეც ამავე პრინციპით იმუშავებს. ნოლანი იმ რეჟისორების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც ზუსტად იციან, რა რაოდენობის მასალა სჭირდებათ, არცერთი სცენით მეტი ან ნაკლები.
ფილმის ფინალში ჩაფიქრებული გახლდათ სცენა, სადაც ჯოკერის ბანქო უნდა გამოჩენილიყო. ეს იქნებოდა ერთგვარი მინიშნება, როგორც ფრენჩაიზის გაგრძელებაზე, ასევე ბეტმენის ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგის – ჯოკერის გამოჩენაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნოლანი ჯოკერის გამოჩენის წინააღმდეგი იყო, ეს მონაკვეთი სცენარში მაინც ჩასვა. ჯერ არავინ იცოდა, თუ როგორ მიიღებდა ფილმს მაყურებელი. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ სიუჟეტის გაგრძელება შესაძლებელია, – აღნიშნა რეჟისორმა, – მხოლოდ იმის გამო არა, რომ ვიცოდით, შემდეგ ნაწილს გადავიღებდით. ჩვენ გვინდოდა, მაყურებლისთვის გაგვეხსენებინა განცდა, თუ რას ნიშნავს ბეტმენის სამყაროში ჯოკერის დაბრუნება.
ჯოკერის ბანქოს გამოჩენა დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა სტუდიისთვისაც. თუმცა, ისინი რეჟისორთან მოლაპარაკებების შედეგად დარწმუნდნენ, რომ ეს ნამდვილად დელიკატური და ელეგანტური სვლა იქნებოდა, და ამავდროულად, არ იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ გაგრძელებას აუცილებლად შექმნიდნენ. ფილმის კინოგაქირავებაში გასვლამდე მის მეორე ნაწილზე საუბარი ზედმეტი იყო.
ბეტმენის განახლებული ისტორია ამერიკის კინოეკრანებზე 2005 წლის 15 ივნისს გამოჩნდა. ფილმმა, რომლის ბიუჯეტიც 150 მილიონი დოლარი გახლდათ, კინოგაქირავებიდან 370 მილიონი მოიტანა (ამას შეგვიძლია დავუმატოთ DVD გაქირავებიდან შემოსული თანხაც, საბოლოოდ კი, ახალმა ბეტმენმა სტუდიას 530 მილიონი მოუტანა). კრიტიკოსების უმეტესობა ამ ნამუშევარს დადებითად აფასებდა. ტიმ ბარტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: როდესაც ოცი წლის წინ ბეტმენს მე ვიღებდი, ის რეალობას იყო მოწყვეტილი და იმდროინდელ კომიქსებს პასუხობდა. ამ ნამუშევრით კი გაცილებით სხვანაირი ბეტმენი მივიღეთ, უფრო რეალისტური, და ეს იმის გამო, რომ კინოსთან ერთად კომიქსებიც შეიცვალა.
კრისტოფერ ნოლანის მიდგომა – “ბნელი და რეალისტური” გადაედო სხვა ნამუშევრებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიან სინგერის იქს-ადამიანები ამ მიდგომას იზიარებს, მაინც ვერ დამკვიდრდა მასობრივ კულტურაში ისე, როგორც ახალი ბეტმენი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარი გავიხსენოთ, რომელიც ბნელი რაინდის სტილის გავლენით შეიქმნა: რკინის კაცი (Iron Man), ტერმინატორი 4 (Terminator 4), წარმოუდგენელი ჰალკი (The Incredible Hulk), ვარსკვლავური გზა (Star Trek), იქს-ადამიანები: პირველი კლასი (X-men: First Class), აჯანყება მაიმუნების პლანეტაზე (Rise of the Planet of the Apes), ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლი (Skyfall). სუპერგმირები, ფანტასტიკური ჟანრისა და მძაფრსიუჟეტიანი რიმეიქების მთავარი პერსონაჟები უფრო რეალისტურები გახდნენ. და რა გააკეთა ამ დროს ნოლანმა? კოლეგებისგან განსხვავებით, სუპერგმირების ნაცვლად ფილმი ილუზიონისტების შესახებ გადაიღო.
Why so serious?
პრესტიჟის (The Prestige) დასრულების შემდეგ ნოლანი ისევ გოთემში დაბრუნდა. ახლა მთავარი იყო, ჯოკერი ბუნებრივად ჩაესვათ შექმნილ სამყაროში. ეს პერსონაჟი ბეტმენის მთავარი მოწინააღმდეგეა, რომელიც სუპერგმირის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
ნოლანისა და გოიერის გეგმის მიხედვით, ბრიუს უეინი ბოლომდე ბეტმენი ვერ დარჩებოდა, მას თავისი ადამიანური ცხოვრებაც უნდა ჰქონოდა. უეინი არ აპირებს მთელი ცხოვრება ნიღბით იბრძოლოს დანაშაულის წინააღმდეგ. სწორედ ამ ნაწილში იქნებოდა საჭირო მისი მთავარი მეტოქის ჩართვა. ცნობილი გამოთქმა რომ გადავაკეთოთ, ბეტმენი გეგმებს აწყობდა, ხოლო ჯოკერი კი ამ ყველაფერზე იცინოდა.
რეჟისორმა განაცხადა: ჯოკერის ბანქოს გამოჩენის შემდეგ ვვარაუდობდით, რომ ბრიუსს ასე ადვილად კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა არ გამოუვიდოდა. სიქველში ბრიუსი კიდევ უფრო მეტად ხდება ბეტმენი. მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი კვლავ კრიმინალთან ბრძოლა და ქალაქში წესრიგის დამყარებაა. ფაქტობრივად, მან გამოიწვია ჯოკერი, რომ მის ცხოვრებაში კვლავ გამოჩენილიყო.
კომიქსებში ჯოკერს 1940-იანი წლებიდან ვხვდებით. ამ პერიოდის განმავლობაში გმირმა მოასწრო, მანიაკი მკვლელიდან ბოროტ ხუმარამდე (და პირიქით) გზა გაევლო. რაც შეეხება კინოს, ტიმ ბარტონის ბეტმენში ჯოკერის როლს თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც მხოლოდ სარკასტული ღიმილით გამოირჩევა. ახალ სამყაროში კი მსგავსი პერსონაჟის ადგილი არ არის. საჭირო იყო ისეთი ჯოკერის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად დაემსგავსებოდა 1989 წელს გრანტ მორისონის მიერ შექმნილ ჯოკერს კომიქსიდან არკჰემის სამედიცინო ცენტრი.
ლაიამ ნილსონის ინტელექტუალი ანტიგმირისგან განსხვავებით, ახალი ჯოკერი ნამდვილი ფსიქოპატი იყო. ანარქისტ ჯოკერს ბეტმენისთვის ისეთი განსაცდელი უნდა მოეწყო, რომ თავად მთავარი გმირი დაფიქრებულიყო, რამდენად ჰქონდა აზრი გოთემის დაცვას.
ის ისეთი დამნაშავეა, რომლისთვისაც ლოგიკა და ჯანსაღი აზრი არ არსებობს. ბეტმენი მოწინააღმდეგეებს მათი ფარული შიშის ამოცნობის შემდეგ ამარცხებს, მაგრამ ჯოკერთან ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია. ჯოკერი თავად არის შიში, – ამბობს ნოლანი.
როგორც გოიერი იხსენებს, ამ გმირზე მუშაობის დროს ის და ნოლანი გამუდმებით ფიქრობდნენ ზვიგენზე ფილმიდან ყბები (Jaws). იმ ფილმში ზვიგენი უკონტროლო არსებაა, რომელიც არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება. არავინ იცის, საიდან გაჩნდა ის. გვინდა, ჯოკერიც ასეთი იყოს. ჩვენ არ გვსურს, ვიცოდეთ მისი წარსული, საიდან მოვიდა ან რატომ. ამით მორიგ დამკვიდრებულ კლიშეს ავიცილებთ თავიდან და გმირსაც უფრო საშიშს გავხდით.
ამ როლით ძალიან ბევრი მსახიობი დაინტერესდა, რობინ უილიამსიდან დაწყებული, პოლ ბეტანით დამთავრებული. თუმცა, ნოლანმა როლზე ავსტრალიელი მსახიობი, ჰიტ ლეჯერი მიიწვია. მისი არჩევის შემდეგ რეჟისორმა და სცენარისტმა სცენების დახვეწა დაიწყეს, რადგან სურდათ, მსახიობი შექმნილ გარემოს იდეალურად მორგებოდა. სანამ ნოლანი და გოიერი სცენარზე მუშაობდნენ, ჰიტ ლეჯერი თავის გმირს სწავლობდა. სწორედ მან მოიფიქრა, თუ როგორ უნდა ესაუბრა და ემოძრავა ჯოკერს.
წინა ვერსიებისგან განსხვავებით, ახალი ჯოკერი ახალგაზრდა იყო და შესაბამისად, ეს მის ჩაცმულობაზეც უნდა ასახულიყო. შთაგონებისთვის დიზაინერები ვივიენ ვესტვუდის კოლექციებს ათვალიერებდნენ, აკვირდებოდნენ მოდელებს, რომლებიც მკვეთრი ფერებითა და გეომეტრიული ფიგურებით გამოირჩეოდა. დაათვალიერეს როკ მუსიკოსების გარდერობები – იგი პოპიდან პიტ დოჰერტიმდე. თუმცა, რეჟისორმა კოსტიუმების მხატვარს შთაგონებისთვის ფრენსის ბეკონის ნახატი პაპი ინოკენტ X-ის პორტრეტი (უფრო მეტად ცნობილი, როგორც “მყვირალა პაპი”) აჩვენა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ჯოკერის ახალი კოსტიუმი იისფერი იქნებოდა.
ორიოდე სიტყვა ჯოკერის მაკიაჟის შესახებაც უნდა ვთქვათ. როგორც გაირკვა, ჩვეულებრივი გრიმი და მწვანე ფერის პარიკი ამ შემთხვევაში არ გამოდგებოდა. გადაწყდა, რომ ჯოკერს სახეზე ნაიარევები ექნებოდა, თითქოს ადრე ვიღაც თავს დასხმოდა. გაგიჟების შემდეგ კი ის გამუდმებით ამატებდა იარებს, რის გამოც საბოლოოდ, მთელი სახე დაეფარა. რაც შეეხება თმის ფერს, ის ისეთი მწვანე იყო, თითქოს ძალიან ადრე შეიღება და გახუნებულიყო.
ბნელი რაინდის გადაღებები 2007 წლის 18 აპრილს დაიწყო და 127 დღეს გაგრძელდა. კრისტოფერს დიდი ხანი სურდა ფილმი IMAX ტექნოლოგიით გადაეღო, ამიტომაც პირველად ეს ექსპერიმენტი ბეტმენზე მოსინჯა. ფილმის ბოლო 40 წუთი ამ ტექნოლოგიით არის შექმნილი. უოლი ფისტერმა თავიდან ბოლომდე შეისწავლა, თუ როგორ უნდა ემუშავა IMAX კამერით.
ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, 2008 წლის 22 იანვარს ჰიტ ლეჯერი საძილე აბების გადამეტებული დოზისგან გარდაიცვალა. ფილმმა კინოგაქირავებაში მილიარდზე მეტი დოლარი და ოსკარის რვა ნომინაცია მოიტანა. კრიტიკოსების ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ მომხდარმა ტრაგიკულმა ამბავმა დიდი როლი ითამაშა ამ პროექტის წარმატებაში.
ნოლანი მესამე ნაწილის გადაღებას არ აპირებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მეორე ნაწილზე უკეთესის შექმნა შეუძლებელი გახლდათ. სცენარისტი კი ამბობდა: მესამე ნაწილი უმეტეს შემთხვევაში მოლოდინს ვერ ამართლებს ხოლმე. არ გვინდა, მაყურებლებს იმედი გავუცრუოთ. პირველი და მეორე ნაწილი იდეალურად ავსებს ერთმანეთს.
2009 წლის ზაფხულში გავრცელდა ჭორები, რომ ჰიტ ლეჯერის გარდაცვალების გამო ნოლანი ამ პროექტს საბოლოოდ ჩამოშორდა. ვინაიდან სიუჟეტის განვითარებისთვის შემდეგ ნაწილში ბეტმენის მთავარი მოწინააღმდეგე კვლავ ჯოკერი უნდა ყოფილიყო, ახალი ანტიგმირის შერჩევაზე საუბარი არ მიმდინარეობდა. სხვა ჭორების მიხედვით, ფილმის გამოსვლა 2012-13 წლამდე არ იგეგმებოდა. კრისტოფერ ნოლანმა მთელი 2009 წლის გაზაფხული ახალი ფილმის დასაწყისი (Inception) კასტინგს დაუთმო.
2010 წლის თებერვალში სიტუაცია დალაგდა. Warner-მა დაითანხმა რეჟისორი მესამე ნაწილის გადაღებაზე. გარდა ამისა, ნოლანი სუპერმენის ახალი ნაწილის გადაღებებში ჩაერთო. მან დევიდ გოიერთან ერთად შექმნა სცენარი ფილმისთვის ფოლადის კაცი (Man of Steel), ხოლო ბეტმენის გაგრძელების სცენარი კი საკუთარ თავზე რეჟისორის უმცროსმა ძმამ, ჯონათან ნოლანმა აიღო.
2010 წელს გამოსულმა დასაწყისმა და კრისტოფერ ნოლანის სარეჟისორო შესაძლებლობებმა მსოფლიო კინოსამყაროს კიდევ ერთხელ გადაუარა. ახალმა ნამუშევარმა კინოგაქირავებაში 825 მილიონი დოლარი და ოსკარზე ოთხი ნომინაცია მოიტანა. სწორედ ამ ფილმის შემდეგ არ წყდება კამათი იმაზე, თუ ვინ არის კრისტოფერ ნოლანი – ახალი გენიალური რეჟისორი თუ უბრალოდ, ავანტიურისტი.
ახალი ანტიგმირის ძიებაში
ფილმის შემქმნელებს ტრილოგიის ზოგადი სტრუქტურა თავიდანვე ჰქონდათ მოაზრებული: პირველი ფილმი გმირის ჩამოყალიბებაზეა, მეორე – ბრიუს უეინის ალტერ ეგოსთან ბრძოლაა, ხოლო მესამე ნაწილი ამ დილემის გადაჭრისა და ბეტმენ-უეინიდან ერთი ადამიანის დარჩენის შესახებ უნდა ყოფილიყო.
როგორც ზოგადად ახასიათებს ნოლანს, ყველაფერი დასასრულით იწყება. ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიწყებ პროექტს, სადაც დასასრული ზუსტად არ ვიცი, და ეს ეხება ტრილოგიის სამივე ფილმს, – ამბობს რეჟისორი. ნოლანი და გოიერი ისევ დაბრუნდნენ ავტოფარეხში, რათა ჯონათანის მიერ შექმნილი სცენარი დაეხვეწათ. მე ჩემს ძმას სცენარის შექმნის პროცესში ყოველთვის ვრთავ, ჩემთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია, – ამბობს კრისტოფერი.
ბნელი რაინდის აღზევების სცენარის პირველი ვერსია სწორედ ჯონათანმა შექმნა. შემდეგ საქმეში ფილმის რეჟისორი ჩაერთო. გადაწყდა, რომ მოქმედება ბოლო ნაწილიდან რვა წლის შემდეგ განვითარდებოდა. ბეტმენი ჰარვი დენტის მკვლელობას საკუთარ თავზე იღებს. ქალაქი ნელ-ნელა თავისუფლდება დანაშაულისგან, ოღონდ მხოლოდ ზედაპირულად. შინაგანად კი არის ვულკანივით, რომელიც საუკეთესო დროს ელის ამოსაფრქვევად.
ფილმის იდეა ქვედა ფენების წინ წამოწევაა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხმას ვერ აწვდენს უმრავლესობას, ძალითა და შიშით ცდილობს გოთემში თავისუფლების მოპოვებას. ბნელი რაინდის დაბრუნებაში კი მთავარი მოტივი ბოროტებაზე გამარჯვებაა. აქ არ არის საიდუმლოების გამხელის მომენტი. როგორც კი ბოროტება მიწის ზემოთ ამოდის, ამ ყველაფრის ჩვენება აუცილებელი ხდება. ამიტომაც არის, რომ ფილმის მთავარი ანტიგმირი კანალიზაციიდან ჩნდება დღის სინათლეზე.
მესამე ნაწილი განსხვავებული ჟანრის ფილმია. გმირად გახდომისა და მის ირგვლივ დატრიალებული კრიმინალური დრამის ნაცვლად, ბოლო ნაწილი სამხედრო მოქმედებებს და ეპიკურობას უჭირავს. ამიტომაცაა, რომ ტრილოგია არ არის ერთფეროვანი. გმირები სხვადასხვა სიტუაციაში თავის გადარჩენას ცდილობენ.
ფილმის მთავარი პერსონაჟი ბეინია, რომელიც კომიქსებში 1993 წლიდან გამოჩნდა. ის დაკუნთული, ძლიერი აღნაგობის გმირია, რომელიც მექსიკელი ვრესტლერის ნიღაბს ატარებს. ბეინი ადრეც გამოჩნდა ეკრანებზე ჯოელ შუმახერის ადაპტაციაში. თუმცა, ამ შემთხვევაში ის საკმაოდ ჭკვიანი და გეგმაზომიერი მოწინააღმდეგეა. ჯოკერისგან განსხვავებით, მას სამოქმედო გეგმა აქვს.
მთავარი მოწინააღმდეგეების ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე ობოლია, ციხეში ყოფნის გამოცდილებაც აქვთ, თუმცა მათი შეხედულება სამყაროზე რადიკალურად განსხვავდება. კარგი იქნება, თუ თავად სახელს დავაკვირდებით – Bane გამანადგურებელს, დამაზიანებელს ნიშნავს. მისი სახელიდან გამომდინარეც კი კარგად ჩანს, თუ რა საფრთხე ემუქრება გოთემს.
ამ როლისთვის ნოლანმა ტომ ჰარდი შეარჩია. მათ უკვე ჰქონდათ ერთობლივი მუშაობის გამოცდილება. ნოლანმა მსახიობს თავად დაურეკა და გმირის მახასიათებლები მოკლედ აუხსნა. ჰარდი მალევე დათანხმდა. მისთვის ეს ახალი და საინტერესო გამოწვევა იყო.
როლისთვის ტომმა წონაში მოიმატა, დაიწყო ინტენსიური ვარჯიში და საკმაოდ დაიკუნთა. კოსტიუმების დიზაინერებს ისევ ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, რადგან გადაღებიდან გადაღებამდე ბეინი სულ უფრო იზრდებოდა.
როლისთვის მნიშვნელოვანი იყო, ჰარდის მოქმედებები ბუნებრივი გამოჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სახის დიდი ნაწილი არ ჩანდა, მსახიობს მთელი სხეულის გამოყენება უწევდა. ასევე დიდი პრობლემა გახლდათ ის, რომ ნიღბების გამო, ტომს არაფერი, მათ შორის საკუთარი ხმაც კი, არ ესმოდა. შესაბამისად, კრისტიან ბეილმა და ტომ ჰარდიმ საკომუნიკაციოდ შეიმუშავეს სპეციალური ჟესტები, რომელიც კადრში არ მოხვედრილა. ისინი თითების მოძრაობით აგებინებდნენ ერთმანეთს, თუ როდის დაასრულეს წინადადება. ამით შესაძლებელი გახდა, ეს ორი გმირი ეკრანზე მაქსიმალურად ბუნებრივი გამოჩენილიყო.
ფინალში ბეტმენი ბრუნდება თავის გამოქვაბულში და უეინი იწყებს ახალ, მშვიდ ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს, ამ გმირმა მიიღო ტრილოგია, რომელსაც იმსახურებდა. მსგავსი ეკრანიზაციის ბევრი კომიქსის გმირს შეშურდებოდა.
ბნელ რაინდს ნოლანი და ბეილიც დაემშვიდობნენ. მათი დრო გოთემში ამოიწურა. ეს იყო უდიდესი გამოცდა, რომელმაც დაამტკიცა, რომ კომიქსების ადაპტაცია შეიძლება უფროსებისთვისაც, და თან ისე, რომ ამბავი რეალისტური იყოს.
DC-ის გამომცემლობას სამახსოვროდ ჯერჯერობით საუკეთესო ეკრანიზაცია დარჩა. 2011 წლის მარტში Warner-მა ახალი პროექტის შესახებ განცხადება გააკეთა. მათ სურდათ, სხვა მიმართულებით გაეცოცხლებინათ ფრენჩაიზი, სადაც ბეტმენთან ერთად სუპერმენი და მთელი სამართლიანობის ლიგა იქნებოდა. ეს პროექტი უკვე დიდი ხანია, თანდათან გამოდის ეკრანებზე, ხოლო თუ რამდენად წარმატებით ამართლებს წინა ეკრანიზაციების შემდგომ მოლოდინს, ეს სულ სხვა საქმეა.
წყარო: www.kinopoisk.ru
მოამზადა გიორგი კარანაძემ