სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ბეტმენის ისტორია დასაწყისიდან ჩვენ დრომდე (ნაწილი მეორე)

Cinemania ავტორი Cinemania
1 მარტი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ბეტმენის ისტორია დასაწყისიდან ჩვენ დრომდე (ნაწილი მეორე)
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ნაწილი I

რატომ უნდა გადავაცვათ არნოლდ შვარცნეგერს თაგვის ფორმა?

 

სტუდია Warner-მა საბოლოო მწვანე შუქი ბეტმენის პროექტს მხოლოდ მას შემდეგ აუნთო, რაც 1988 წლის გაზაფხულზე გამოსულმა ფილმმა – ბითლჯუსი (Beetljuice) პირველივე უქმეებზე რვა მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. ამ შედეგებით ყველა გაკვირვებული იყო, მათ შორის მეც, – იხსენებს ტიმ ბარტონი. რეჟისორი შეუდგა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს – მთავარ როლზე მსახიობის დამტკიცებას. კანდიდატებს შორის იყვნენ: მელ გიბსონი, ალეკ ბოლდუინი, ჩარლი შინი, პირს ბროსნანი და ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბილ მიურეი.

პროექტში ჩართვაზე პირველი თანხმობა ჯეკ ნიკოლსონმა განაცხადა. მისთვის ჯოკერის როლი იყო გათვალისწინებული. სტუდიამ ჩათვალა, რომ სანერვიულო აღარაფერი იყო და თავად ბეტმენის როლზე უკვე უცნობი მსახიობის დამტკიცებაც შეიძლებოდა. თუმცა ბარტონი ეჭვებში იყო: მე უკვე ვხედავ რეცენზიებს, სადაც კრიტიკოსები წერენ, თუ როგორ კარგად მოირგო ნიკოლსონმა ჯოკერის როლი და მის ფონზე როგორი უმნიშვნელოა ბეტმენი. გარდა ამისა, რეჟისორისთვის მიუღებელი გახლდათ ამ როლზე ისეთი გოლიათის დამტკიცება, როგორიც არნოლდ შვარცნეგერია. რატომ უნდა მოვარგოთ მას თაგვის კოსტიუმი? მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, მთავარ როლზე მაიკლ კიტონი დაემტკიცებინათ. გმირის კოსტიუმმა იმდენად შეცვალა მსახიობი, რომ ყველა საწინააღმდეგო ეჭვი მომენტალურად გაიფანტა.

სცენარის დაწერაში სტუდია კიდევ ერთხელ ჩაერია და ყველა ის მძიმე ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ბრიუს უეინის გმირს აქვს, ამოიღო. მათ ეს ინფორმაცია მაყურებლისთვის ზედმეტად მიიჩნიეს. ფილმის პრემიერა 1989 წლის ივნისის ბოლოს შედგა. კინოგაქირავების პირველ კვირაში სტუდიამ არნახული, იმ პერიოდისთვის რეკორდული შემოსავალი – 42.7 მილიონი მიიღო. ტიმ ბარტონის ბეტმენი გახდა პირველი ფილმი, რომელმაც გაქირავებაში ჩაშვებიდან ათ დღეში 100 მილიონი დოლარის მოგება ნახა. რასაკვირველია, დღეს ამ ციფრებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ, 1989 წლის 100 მილიონი 2012 წლის 185 მილიონს უტოლდება, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. საბოლოოდ, 413 მილიონის მოგების შემდეგ სტუდია Warner-მა მომდევნო ნაწილზე დაიწყო მუშაობა. რეჟისორის სკამი კი ისევ ტიმ ბარტონს ერგო.

პირველი ნაწილის წარმატების შემდეგ რეჟისორს შესაძლებლობა მიეცა, შემდეგ ნაწილში საკუთარი შტრიხები შეეტანა. გაგრძელება კიდევ უფრო მუქი, ბნელი და გიჟური უნდა ყოფილიყო. შედეგად მივიღეთ ბეტმენის შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია, რომელიც კინოგაქირავებაში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა მსოფლიო ბაზარზე 282.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ტიმ ბარტონს ტრილოგიის გადაღებაზე ჰქონდა კონტრაქტი, მისი პოზიცია სტუდიამ შეცვალა და ბარტონმა რეჟისორის სკამიდან პროდიუსერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

მას ჰქონდა მონახაზი, რომლითაც ტრილოგიის დამთავრებას აპირებდა. ფილმი ედუარდ ნიგმუს – ბეტმენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგის შესახებ უნდა ყოფილიყო. ამ როლში ბარტონი რობინ უილიამსს ხედავდა, ხოლო ჰარვი დენტის როლში ისევ ბილი დი უილიამსი იქნებოდა, ოღონდ როგორც მისი ბოროტი ორსახა გმირი. ბრიუს უეინის მეგობარი გოგოს როლზე რენე რუსო მოიაზრებოდა. რობინის როლი კი სარკასტული გამოხედვით დაჯილდოებული ახალგაზრდა მარლონ უეინსისთვის იყო განკუთვნილი. ასევე ვრცელდებოდა ხმები, რომ ბარტონი რობინის სქესის შეცვლას აპირებდა და ბეტმენის ახალგაზრდა დამხმარეს როლს ვაინონა რაიდერი მოირგებდა. თუმცა, ამის შესახებ ისტორიას მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი თუ შემორჩა. ფანების აზრით, სწორედ ეს ესკიზი იყო შთაგონება თამაშ Arkham City-ს შემქმნელებისთვის.

როდესაც ტიმ ბარტონმა რეჟისორის სკამი დატოვა, მასთან ერთად პროექტიდან მაიკლ კიტონიც წავიდა. სტუდიამ მსახიობს 15 მილიონი შესთავაზა, მაგრამ მაინც ვერ დაითანხმა. პროექტში ჯოელ შუმახერი ჩაერთო, ხოლო როლები ველ კილმერმა, ნიკოლ კიდმანმა, ჯიმ კერიმ, ტომი ლი ჯონსმა დაინაწილეს. შედეგად ბნელი რაინდის შესახებ გადაღებული ყველაზე ცუდი ნამუშევარი მივიღეთ.

 

Batman: The Animated Series

რატომ გადაწყვიტა სტუდიამ ბეტმენის ამბის გაგრძელება მეორე ფილმის შემდეგ? მიუხედავად იმისა, რომ ბეტმენის დაბრუნებამ მსოფლიო კინოგაქირავებაში მხოლოდ 266 მილიონი დოლარი მოაგროვა, ეს ნამდვილად არ იყო ცოტა შემოსავალი. თუმცა, პირველის მოგებასთან ვერ მიდიოდა. ამიტომ შემქმნელებმა გადაწყვიტეს, გმირის ისტორია სხვა მიმართულებით განევითარებინათ. შეიქმნა სატელევიზიო სერიალი Batman: The Animated Series (შემოკლებით: B:TAS) და სწორედ აქ ბნელმა რაინდმა, როგორც გმირმა, მიიღო საუკეთესო ეკრანული ადაპტაცია.

სცენარისტ პოლ დინისთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო სტუდია Warner-ის შეთავაზება ბეტმენის ანიმაციურ ფილმზე სამუშაოდ. ის ვერ წარმოიდგენდა, რომ სტივენ სპილბერგისა და ჯორჯ ლუკასის პროექტების შემდეგ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი ბეტმენის შესახებ გადაღებული სერიალი აღმოჩნდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ტელე-ეკრანებზე ბეტმენის გაცოცხლების რამდენიმე ვარიანტი უკვე არსებობდა. თუმცა, უმეტესობა ზედმეტად ნათელი და საყვარელი გმირის წარმოჩენით იყო გაჯერებული. B:TAS-ის გაშვების შემდეგ კი ბეტმენი ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდა, ანიმაციურმა სერიალმა გმირი კვლავ ორიგინალური და სერიოზული გახადა.

სერიალი გამოირჩევა ვინტაჟური ფერებით, გმირები კი სერიიდან სერიამდე ინარჩუნებენ იმ ხასიათს, რაც თავდაპირველ კომიქსში იყო გადმოცემული. სცენარისტი პოლ დინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: ცხოვრებაში ბევრი რამ შემიქმნია და ერთ უნივერსალურ ფორმულას მივხვდი: აუცილებელია, შთაგონება ნამდვილი ცხოვრებიდან მიიღო. თუ ანიმაციურ სერიალზე მუშაობ, იდეას შენ ირგვლივ მომხდარი ამბებიდან აიღებ, მერე დაამუშავებ და გიჟურ ნაბიჯს გადადგამ. თუმცა, ყველაფრის მამოძრავებელი აუცილებლად ნამდვილი ამბავია. შეიძლება ეს წარსულში ან პირად ცხოვრებაში მომხდარი ისტორია იყოს. ბავშვური შიშები, პრობლემები, ადამიანები, რომელთანაც რეალური გრძნობა გაკავშირებს, აუცილებლად შეგაქმნევინებთ ისეთ მიმართულებას, რომელიც განსხვავებული და სხვებზე უკეთესი იქნება. აიღეთ ეს ამბები და გადმოიტანეთ ანიმაციურ სამყაროში. სწორედ ამის შემდეგ გააცნობიერებს მაყურებელი სიუჟეტს და ის მისთვის ახლობელი გახდება. მთავარ გმირს აქ ნაკლები მნიშვნელობა აქვს – ეს შეიძლება იყოს ბეტმენი ან საყვარელი დათუნია. თუ ისტორიაში ემოციური ფონია, ის აუცილებლად მისწვდება მაყურებელს.

ანიმაციურ სერიალს Batman: The Animated Series უდიდესი წარმატება მოჰყვა. ამ სატელევიზიო ამბავს ერთნაირი აღფრთოვანებით უყურებდნენ უფროსები და კომიქსის მოყვარული ბავშვები. ერთ-ერთ ბოროტმოქმედს ახმოვანებს მარკ ჰამილი, რომლისთვისაც ეს ვარსკვლავური ომების შემდეგ კარიერაში ახალი ნაბიჯი გახლდათ. ჰამილმა გაახმოვანა ჯოკერის გმირი, როგორც ანიმაციურ სერიალში, ასევე სხვადასხვა ადაპტაციაში, მათ შორის ვიდეოთამაშში. ჯოკერის სექსუალური და შეშლილი დამხმარე ჰარლი ქუინი, ანიმაციური სერიალის წყალობით, ისეთი პოპულარული გმირი გახდა, რომ DC-ის გამომცემლობამ ის კომიქსებშიც შეიყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ანიმაციურ სერიალში ბრიუს უეინი ბეტმენის კოსტიუმის მორგების შემდეგ პირველად იცვლის ხმას სპეციალურად.

სერიალის წარმატებასთან ერთად გამომცემლობა უშვებდა ახალ კომიქსებს, სადაც გმირების ხასიათი ჰქონდათ გადმოღებული. B:TAS-ზე დაყრდნობით რამდენიმე ვიდეოთამაში შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ ანიმაციური სერიალი ოქროს ხანა იყო ბეტმენისთვის. ის Fox-ზე 1992 წლის სექტემბრიდან 1995 წლის სექტემბრამდე გადიოდა და ემის ოთხი პრიზი დაიმსახურა.

 

ძალიან ბევრი შეკითხვაა!

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეტმენის ახალ ფილმზე რეჟისორის პოსტი ჯოელ შუმახერმა დაიკავა. განათლებით დიზაინერმა კარიერა სამოდელო ბიზნესში დაიწყო და მხოლოდ შემდეგ გადავიდა კინოინდუსტრიაში. შუმახერი დიზაინერად რამდენიმე პროექტზე მუშაობდა. ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სიდნი ლუმენთან ერთად დაწერა სცენარი მიუზიკლისთვის – The Wiz, სადაც მთავარ როლებს მაიკლ ჯექსონი და დაიანა როსი ასრულებენ. 90-იან წლებში შუმახერი მუშაობდა განსხვავებულ პროექტებზე, მათ შორის: დაკარგული ბიჭები (The Lost Boys), დაცემა (The Falling Down) და კომაში (Flatliners).

სტუდიას ფილმის გადასაღებად დიდი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა. იმ პერიოდის გახსენებისას შუმახერი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: ტიმ ბარტონმა ფაქტობრივად გაანადგურა ბეტმენი. ჩვენი ფილმის ნახვა არავის უნდოდა – კინოთეატრების მფლობელებიდან დაწყებული, სათამაშოების მწარმოებლებით დამთავრებული, ყველა ბეტმენის წინააღმდეგ იყო ამხედრებული. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხელგაწვდილი ვთხოვდი ჰოლივუდს, კიდევ ერთი შანსი მიეცა ამ გმირისთვის და თავის წრეში შეეშვა. რეჟისორს შეხვედრების გამართვა მოუხდა Walmart-სა და K-Mart-ის სუპერმარკეტების წარმომადგენლებთან, მაკდონალდსა და ტაკო ბელის რესტორნებთან. შუმახერი თავად ცდილობდა, დაერწმუნებინა ბიზნესმენები, რომ ბეტმენის წარმოებას კვლავ ჰქონდა აზრი.

1994 წლის ზაფხულში ამერიკულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ჯოელ შუმახერის ფილმი კლიენტი (The Client), რომელიც ჯონ გრიშემის წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენდა. შუმახერი ბიზნესმენების თვალში სერიოზული ფიგურა გახდა, სტუდიის წარმომადგენლები კი დამშვიდნენ. ამის შემდეგ რეჟისორს ნება დართეს, ახალ პროექტზე დაეწყო მუშაობა.

ტიმ ბარტონის მსგავსად, შუმახერი ოცნებობდა, ბეტმენი ფრენკ მილერის პირველი წელის მსგავსად გადაეღო. ამ კომიქსმა დღის სინათლე 1988 წელს იხილა და მას შემდეგ ითვლება ბეტმენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიად. ამბავი უმეტესად მოთხრობილია ლეიტენანტ ჯიმ გორდონის მხრიდან და მოთხრობილია ის, თუ როგორ ხდება ბრიუს უეინი ბეტმენი. ოჯახური ტრაგედია და ფსიქოლოგიური ტრავმა აქაც კვლავ აქტუალურია. თუმცა, სტუდია Warner-მა ჯოელ შუმახერს მსგავსი ტიპის ადაპტაციაზე უარი უთხრა: წინა ისტორია არავის აინტერესებს.

სცენარის პირველი ვერსია ისევ ბნელი და მძიმე გამოვიდა. ამიტომაც რეჟისორმა დახმარება აკივა გოლდსმანს სთხოვა. სწორედ მასთან ერთად მუშაობდა თავის დროზე კლიენტის სცენარზე. პარალელურად კი მთავარი როლის შემსრულებლის ძებნა მიმდინარეობდა.

პირველადი შეთანხმებით ტიმ ბარტონმა პროექტში ჩართვა ჯონი დეპს შესთავაზა. იმ პერიოდში დეპი ახალგაზრდების კუმირი იყო სერიალიადან 21 ჯამპ სტრიტი (21 Jump Street). მას უკვე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: მტირალა (Cry-Baby), არიზონული ოცნება (Arizona Dream) და რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? (What’s Eating Gilbert Grape?). ის ბარტონის წინადადებით დაინტერესდა. ტიმი ცდილობდა პროდიუსერებისა და შუმახერის დარწმუნებას, ჩემთვის ბეტმენის როლი მოეცათ, მაგრამ არ გამოუვიდა. წინა ფილმის გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდიის წარმომადგენლებს მომავალ პროექტში ბარტონის მეგობრის ხილვა არ სურდათ. ბეტმენის კანდიდატებად განიხილებოდნენ დენიელ დეი-ლუისი, რეიფ ფაინსი და უილიამ ბოლდვინი.

ველ კილმერისთვის ახალი კოსტიუმი იმაზე დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ვარსკვლავური კარიერის ფონზე მისი რეპუტაცია არც ისე დიდი მოწონებით სარგებლობდა, მასთან მუშაობა ყველა რეჟისორს უჭირდა. შუმახერი გადაღებების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ ველ კილმერი მისთვის ყველაზე ძნელად სამუშაო მსახიობი აღმოჩნდა. მასთან მუშაობა ჰგავდა ხუთი წლის ბავშვთან ერთად სცენების გადაღებას, სადაც განსაკუთრებული მოთმინება და გაგებაა საჭირო.

ბრიუს უეინის ახალი გატაცების, ჩეიზ მერედიანის როლი რენე რუსოს უნდა ეთამაშა, თუმცა მსახიობი ველ კილმერის ფონზე უფროსი ჩანდა. შესაბამისად, სტუდიამ იგი ნიკოლ კიდმანით ჩაანაცვლა. ჰარვი დენტის როლი კი ტომი ლი ჯონსს ერგო. რეჟისორს უკვე ჰქონდა ნამუშევარი მასთან კლიენტზე და გადაწყვეტილება ადვილად მიიღო. სამაგიეროდ, დიდი მოულოდნელობა იყო პროექტზე ჯიმ კერის დამტკიცება. რაც შეეხება რობინს, მისი როლი კრის ოდონელმა მოირგო. ამ როლზე კასტინგი გაიარა ლეონარდო დიკაპრიომაც, თუმცა შუმახერმა ის დაიწუნა.

გადაღებები 1994 წელს დაიწყო. ჯოელის გადაწყვეტილებით, ქალაქ გოთემის იერსახე რადიკალურად შეცვალეს. ბნელი, გოთიკური ტიპის დასახლების ნაცვლად ნეონებით განათებული ქალაქი, ერთის მხრივ, 30-იანი წლების ნიუ-იორკის სტილში მორთეს, ხოლო მეორეს მხრივ, მომავლის ტოკიოს დაამსგავსეს.

ველ კილმერის პრეტენზიები საფუძველს მოკლებული არ იყო. მსახიობი მუშაობის პროცესს იხსენებს: კოსტიუმის მორგებას რამდენიმე საათი და დამხმარე პერსონალი სჭირდებოდა. როგორც კი მოვირგებდი, აღარაფერი მესმოდა, ყურებისთვის სპეციალური ხვრელები არ იყო განკუთვნილი. თავს ვერ ვაბრუნებდი. ხოლო ტუალეტში გასვლა დიდი პრობლემა იყო, რადგან იქაც კი მჭირდებოდა დამხმარე პერსონალი. ამ ყველაფრის გარდა, მოუხერხებელი კოსტიუმის გამო ძალიან ხშირად ვეცემოდი.

პირველი მონტაჟის შემდეგ ფილმი ორი საათი და 40 წუთი გამოვიდა და იმაზე მუქი, ვიდრე ვარაუდობდნენ. კინოთეატრებისთვის რეჟისორმა 38 წუთი ამოიღო და ფილმი დიდ ეკრანებზე 1995 წლის 16 ივნისს გავიდა. კინოგაქირავების პირველ კვირაში 52.78 მილიონი დოლარი მოიტანა. ეს იმ პერიოდის რეკორდი იყო. საბოლოოდ კი, მსოფლიო კინოგაქირავებიდან სტუდიამ 336 მილიონი დოლარი მოგება მიიღო.

ამის შემდეგ ჯოელ შუმახერმა ბეტმენი და რობინი გადაიღო.

 

ბეტმენის ყველაზე ცუდი ადაპტაცია

 

ბეტმენი და რობინი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ადაპტაციად, რაც კი ბრიუს უეინის შესახებ შექმნილა. ჩემივე პრინციპი დავარღვიე, – არასდროს გადაიღო გაგრძელება, – განაცხადა ჯოელ შუმახერმა, – მე ბევრი ფილმის გაგრძელების გადაღება მთხოვეს, თუნდაც დაკარგული ბიჭების, მაგრამ უარს ვამბობდი, რადგან ყოველთვის ვთვლიდი, რომ დროულად უნდა დატოვო პროექტი, რომელზე მუშაობაც გბეზრდება. თუმცა, Warner-ის სტუდია ძალიან ხელგაშლილი იყო ჩემ მიმართ და სწორედ ამიტომ დავთანხმდი, გამეგრძელებინა ბეტმენის ისტორია.

Warner-ს კვლავ ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა: ინდუსტრიაზე დომინირება. ასე რომ, ამ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ფილმს ბეტმენი სამუდამოდ იმხელა წარმატება ხვდა წილად, რომ მეოთხე ნაწილი გარდაუვალი იყო. უკვე გათვლილიც კი გახლდათ გამოსვლის თარიღი – 1977 წელი. შესაბამისად, რეჟისორს მხოლოდ ორი წელი ჰქონდა პროექტზე სამუშაოდ.

ახალი პროექტი წინა ნაწილის ზუსტი ანალოგი უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ცვლილებებით. “პრობლემული” ველ კილმერი უფრო დამყოლი ჯორჯ კლუნით შეცვალეს. მისი კარიერა მხოლოდ წარმატებული ექიმის როლს ითვლიდა და ოსკარისაც არაფერი ისმოდა. ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ კლუნმა აღიარა, რომ ფილმი, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოვიდა და ამ როლში თავადაც არ ბრწყინავდა. სტუდიიდან დამირეკეს და ბეტმენის როლი შემომთავაზეს, მეც დავეთანხმე. მიმაჩნდა, რომ რადგანაც პირველი ფილმი წარმატებული იყო, ესეც აუცილებლად გაამართლებდა. ამ ყველაფრის ფონზე მე ძალიან გამიმართლა, რადგან ბეტმენი და რობინი ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სუსტად ვითამაშე.

ჯოელ შუმახერთან მუშაობას ჯორჯ კლუნი მხიარულად იხსენებს: მასთან ადვილი იყო გადასაღებ მოედანზე. ის მოდიოდა და მეუბნებოდა: შენი მშობლები დახოცილები არიან, შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს. მოემზადე, ვიღებთ! 2005 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ მას აწუხებს უცნაური კოშმარი, თითქოს ბეტმენისა და რობინის გაგრძელებაში მონაწილეობს.

კლუნის საყვარელს სუპერმოდელი და მსახიობი ელ მაკფერსონი თამაშობდა, თუმცა მათი მონაწილეობით სცენების უმეტესობა ცალ-ცალკე იყო გადაღებული. უმა თურმანს Poison Ivy-ის როლი ერგო, ხოლო მისი უზარმაზარი დაცვა კი ბეინი გახლდათ. ფილმის მთავარი მოვლენა არნოლდ შვარცნეგერი გახდა. არნის უარის შემთხვევაში სხვა კანდიდატებად განიხილებოდნენ სილვესტერ სტალონე და პატრიკ სტიუარტი. მსახიობმა დღევანდელი ანაზღაურების ფონზეც კი ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა – 25 მილიონი, გაყიდული სათამაშოების პროცენტთან ერთად. სტუდია დათანხმდა. შვარცნეგერის სახელი ფილმის პოსტერზე გაცილებით დიდი ასოებით ეწერა, ვიდრე დანარჩენი მსახიობების. ჯორჯ კლუნმაც აღიარა, რომ ფილმის მთავარი ვარსკვლავი სწორედ არნოლდ შვარცნეგერი იყო: დამნაშავის როლის შემსრულებლები ყოველთვის ვარსკვლავები არიან და ამით შედეგი კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

დავუბრუნდეთ ჯოელ შუმახერს. ბეტმენი სამუდამოდ გადაღების შემდეგ მან კვლავ სთხოვა სტუდიას, გადაეღო ფრენკ მილერის კომიქსი ბეტმენი: პირველი წელი. მას უნდოდა გმირი ნეონებიანი გოთემიდან დაებრუნებინა კვლავ ჩვეულ ბნელ, გოთიკურ გარემოში, სადაც კურტ რასელი ახალგაზრდა კომისარ გორდონს ითამაშებდა. Warner-ის სტუდია ისევ შეუვალი აღმოჩნდა: მათთვის პრიორიტეტული საოჯახო ფილმები იყო. სწორედ მათი დამსახურებით გაიყიდებოდა ბეტმენისა და რობინის სათამაშოები. საბოლოოდ, სათამაშოების ასორტიმენტი შუმახერის ფილმის გამოსვლის შემდეგ ექვსჯერ გაიზარდა.

სტუდიამ 125-მილიონიანი შეთანხმება გააფორმა სწრაფი კვების ობიექტებთან, როგორებიცაა Kellog’s, Taco Bell, Frito Lay და ალბათ, ხვდებით, ამის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა საოჯახო ფილმის გადაღება! ბეტმენის გამოსახულებით აჭრელდა არა მხოლოდ მაღაზიის ვიტრინები, არამედ ჩიფსების კოლოფები, ბურბუშელის ყუთები და ა.შ. მე ბეტმენის ტყვეობაში აღმოვჩნდი! – იტყვის მომავალში შუმახერი.

იმ პერიოდისთვის კი ბეტმენი და რობინის სარეკლამო კამპანია ინტერნეტში იკიდებდა ფეხს. სპეციალურად ფილმისთვის შექმნილ საიტზე უამრავი მასალა იყო განთავსებული, ფოტოებიდან დაწყებული, თამაშებითა და პოსტერებით დამთავრებული. მსოფლიო პრემიერა ტრანსლირებული იყო E! Online-ზე. თუმცა, ინტერნეტის ეპოქამ მოიტანა ახალი საფრთხეებიც, რომელზეც სტუდიას ნაფიქრი არ ჰქონდა.

ინტერნეტ-კრიტიკოსები.

ამერიკული კინორესურსების ერთ-ერთი უძველესი პორტალი – Ain’t It Cool News და მისი ერთ-ერთი მთავარი მმართველი და კონტენტის შექმნელი გარი ნოულზი – პირველი ადამიანი, რომელმაც ახალი ფილმი მიწასთან გაასწორა. აი, რას წერდა ნოულზი თავის რეცენზიაში: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჯოელ შუმახერი მოსაკლავია. მე გადავუხდი ძალიან დიდ თანხას იმ ადამიანს, ვინც ამ ანტიქრისტეს თავს მომიტანს. მან შეძლო და შესანიშნავი ფილმების სერია ერთ სერიაში გაანადგურა.

სტუდიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალური განცხადებით, კრიტიკოსს დაუსრულებელი ვერსია ჰქონდა ნანახი. შესაბამისად, მისი შეხედულება არ შეიძლებოდა, ყოფილიყო ობიექტური. სტუდიის საპასუხოდ ნოულზმა თავის პორტალზე გამოაქვეყნა 52 რეცენზია, რომლებიც მსგავს პათოსს იზიარებდნენ. საინტერესოა, რომ ამ კონფლიქტის შესახებ უამრავი სხვა გამოცემა წერდა. ეს ყველაფერი კი ფილმის ოფიციალურ გამოსვლამდე ხდებოდა. ნოულზმა ფილმი პრესისთვის განკუთვნილ ჩვენებაზე, სხვა მაყურებლებზე ადრე ნახა.

ნეგატიური რეცენზიები ფულად შემოსავალზეც აისახა. ფილმმა ამერიკის კინოგაქირავებაში სულ რაღაც 107 მილიონი, ხოლო მსოფლიოში – 130 მილიონი მოიტანა. 1997 წლის ამერიკის კინოგაქირავების უპირობო ლიდერი ფანტასტიკური კომედია მამაკაცები შავებში (Men in Black) გახდა. ამ ფილმის ფონზე ბეტმენის მორიგი ნაწილი საბავშვო გასართობს ჰგავდა.

ინტერნეტ-კრიტიკოსებს ჟურნალ-გაზეთების კრიტიკოსებიც შეუერთდნენ და ფილმი მიწასთან გაასწორეს. ასე რომ, ნამუშევარმა, რომელსაც უპირობო წარმატება ელოდა, სრული კრახი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიების გაყიდვით სტუდიამ მაინც ძალიან დიდი მოგება ნახა, მათ ბეტმენის ისტორიის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ეს ფრენჩაიზი ისე მოკვდა, თავის აწევაც ვერ მოასწრო.

2009 წელს Marvel-ის დირექტორმა, კევინ ფაიგმა შუმახერის პროექტს უწოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი კომიქსების ადაპტაციაში. მისი განცხადებით, სწორედ ამ ფილმის წყალობით მიხვდნენ, თუ როგორ არ უნდა გადაეღოთ ადამიანი-ობობა (Spider-Man) და იქს-ადამიანები (X-Men).

ჯოელ შუმახერს ამ ფრენჩაიზის მესამე ფილმიც უნდა გადაეღო. სტუდიამ არ გარისკა და პროექტს წითელი ხაზი გადაუსვა. ეს წითელი ხაზი შემდეგ რვა წელს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ იყო ბეტმენის ეკრანებზე დაბრუნების რამდენიმე მცდელობა, შუმახერს მილერის ბნელი რაინდის დაბრუნების გადაღება სურდა, კლინტ ისტვუდითა და მაიკლ კიტონით, ასევე, ჯოკერის როლში ლეგენდარული დევიდ ბოუით (რომელიც ამ როლზე მანამდეც მოიაზრებოდა). თუმცა, სტუდია კვლავ შეუვალი აღმოჩნდა. მათ არ უნდოდათ, ბეტმენისა და ჯოელ შუმახერის სახელები ერთად კიდევ ერთხელ გაჟღერებულიყო.

გაგრძელება იქნება…

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

21 ჯამპ სტრიტიAin’t It Cool NewsArkham CityB:TASBatman: The Animated SeriesBeetljuiceFoxMarvelThe wizWarnerადამიანი-ობობააკივა გოლდსმანიალეკ ბოლდუინიარიზონული ოცნებაარნოლდ შვარცნეგერიბეტმენიბეტმენი და რობინიბეტმენი სამუდამოდბეტმენის დაბრუნებაბითლჯუსიბილ მიურეიბილი დი უილიამსიბრიუს უეინიგარი ნოულზიგიორგი კარანაძედაიანა როსიდაკარგული ბიჭებიდაცემადევიდ ბოუიდენიელ დეი-ლუისიედუარდ ნიგმუელ მაკფერსონიემივაინონა რაიდერივარსკვლავური ომებიველ კილმერიიქს-ადამიანებიკევინ ფაიგიკლიენტიკლინტ ისტვუდიკომაშიკრის ოდენოლიკურტ რასელილეონარდო დიკაპრიომაიკლ კიტონიმაიკლ ჯექსონიმამაკაცები შავებშიმარკ ჰამილიმარლონ უეინსიმელ გიბსონიმტირალანიკოლ კიდმანიპატრიკ სტიუარტიპირველი წელიპირს ბროსნანიპოლ დინირა აწუხებს გილბერტ გრეიფსრეიფ ფაინსირენე რუსორობინ უილიამსისიდნი ლუმენისილვესტერ სტალონესტივენ სპილბერგიტომი ლი ჯონსიუილიამ ბოლდუინიუმა თურმანიფრენკ მილერიჩარლი შინიჯეკ ნიკოლსონიჯიმ გორდონიჯიმ კერიჯოელ შუმახერიჯონ გრიშემიჯონი დეპიჯორჯ კლუნიჯორჯ ლუკასიჰარვი დენტიჰარლი ქუინი
Previous Post

ბრიტანეთში კევინ სპეისის ფონდს ხურავენ

Next Post

ენგ ლი უილ სმიტს ახალ ფილმში იღებს

Next Post
ენგ ლი უილ სმიტს ახალ ფილმში იღებს

ენგ ლი უილ სმიტს ახალ ფილმში იღებს

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
17 აგვისტო, 2022
0

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
17 აგვისტო, 2022
0

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020