თებერვალში ბერლინში განსაკუთებულად ცივა.
ისე ცივა, რომ ქუჩაში გამოსვლისას ინსტიქტურად ამოწმებ – თითები, ან მთელი ხელი, ან ცხვირი უნებურად ხომ არ მოგეყინა. სიცივე უფრო აუტანელი მაშინ ხდება, როცა ზურგით უზარმაზარ ჩანთას დაათრევ – ფესტივალის ბუკლეტებით სავსეს. ხელში კამერა გიჭირავს და ცდილობ, გაყინული თითით ღილაკს დააჭირო. ერთი კინოდარბაზიდან მეორემდე გადასვლის დრო გამოთვალო, ირბინო, წითელი ხალიჩის გამო გადაკეტილ მოედანზე კაბელებს გადაახტე, გრძელ რიგში ჩადგე და სასურველ სეანსს მიუსწრო.
მოკლედ, საფესტივალო დღეები რთული, დამღლელი და დაძაბულია.
ამავე დროს, არაფერი სჯობს, იდგე ბერლინის ცენტრში, სიმბოლოდ ქცეული დათვების გარემოცვაში და გრძნობდე, რომ მსოფლიო კინომოვლენის მონაწილე ხარ. ვინც ბერლინალეზე სამუშაოდ ჩადის, იმან კარგად იცის – რა ტკბილია ასეთი სიცივიდან თბილ დარბაზში შესვლა, მით უმეტეს, თუ პროგრამაში კარგი ფილმია. ან რა სიხარულია, როცა დაღლილი, მშიერი და ნარბენი საკონფერენციო დარბაზში შერბიხარ, ადგილს იკავებ და შენ პირდაპირ მსოფლიო კინოვარსკვლავები სხდებიან, შენს კითხვებს პასუხობენ და ისტორიებს ყვებიან.
მაგრამ, სიხარულს გვერდით იმედგაცრუება თუ არ დახვდა, ისე როგორ შეიძლება?
ჩემი წლევანდელი ბერლინალეც იმედგაცრუებით დაიწყო.
ჯერ ბერლინში არ ჩავსულვარ და უკვე გულდაწყვეტილი ვარ.
მიზეზი ასეთია: 5 წუთის წინ ელექტრონულ ფოსტაზე მოსულმა წერილმა მითხრა, ოცნება წელსაც არ აგისრულდებაო.
საქმე ისაა, რომ საფესტივალო პროგრამის მიხედვით ბერლინს წელს მექსიკელი მსახიობი – გაელ გარსია ბერნალი უნდა ეწვიოს, ახალი მექსიკური ფილმით მუზეუმი. ჩემი სიყვარული გაელის მიმართ მოძველებული თემაა, წელს კი პირველად მეძლეოდა შანსი მისთვის პირადად მეთქვა ჯადოსნური სიტყვები: Te quiero, a ti – მეთქვა ესპანურად, მისსავე ჯადოსნურ ენაზე, ესპანურად შეკითხვაც ვიმეცადინე და ლამაზი ფორთოხლისფერი მაისურიც შევარჩიე, მაგრამ რა? ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილი მეუბნება, რომ მისი ფილმის პრემიერა 22 თებერვალსაა, ზუსტად იმ დღეს და იმ საათზე, როცა ჩემი თვითმფრინავი თბილისისკენ აიღებს გეზს.
ყველა იმედი და წინასწარ წარმოდგენილი სცენა ერთ წამში ჩამოიშალა.
ვერაფერს ვიზამ – ესაა ბერლინალე: მთელი თავის მოულოდნელობებით, სიხარულითა და გულის დაწყვეტით.
სამაგიეროდ, წინაა საინტერესო საკონკურსო პროგრამა ევროპის, ამერიკის და აზიური კინოს ახალი ნამუშევრებით, რობერტ პატინსონის, ხოაკინ ფენიქსის, იზაბელ იუპერის და სხვა ვარსკვლავების ახალი როლებით.
წინ არის მსოფლიო პრემიერა – ვეს ანდერსონის ანიმაციური ფილმი Isle of Dogs ფესტივალის გახსნის ფილმადაა ჩანიშნული.
რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – გველოდება ახალი ქართული ფილმის პრემიერაც – თინათინ ყაჯრიშვილის ჰორიზონტი სექცია პანორამაში იქნება ნაჩვენები.
პანორამა და ფორუმი – ესაა ბერლინის კინოფესტივალის სექციები, რომლებიც არანაკლებ საინტერსო და მაღალი დონის ფილმებს წარმოგვიდგენს. შარშან ზუსტად ამ ორ სექციაში მოხვდა მძევლები და ჩემი ბედნიერი ოჯახი. სხვათა შორის, სწორედ შარშანდელი წარმატებული ჩვენებების დამსახურებაა მძევლების მთავარი ვარსკვლავის – ირაკლი კვირიკაძის წარმატებაც. შარშანდელი ფესტივალიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ქართველი მსახიობი ამომავალი ვარსკვლავების ათეულში დასახელდა, რაც იმას ნიშნავს რომ ბერლინალეს ფარგლებში ის კინოჩვენებების პარალელურად მიმდინარე ვორქშოფებს და შეხვედრებს დაესწრება.
მთავარი ამბები 15-დან იწყება. ვეცდები, დეტალურად გაგაცნოთ, რა მოხდება ბერლინალეზე, ვის შევხვდები (და ვერ შევხვდები) და რას განაცხადებს მთავარი საკონკურსო ჟიური, რომლის ერთ-ერთი წევრიც იაპონელი კომპოზიტორი რუიჩი საკამოტოა.
შემდეგი ნაწილის დასაწერად უკვე ფესტივალის პრესის ოთახში, დაბალ სკამზე ჩამოვჯდები, ან პირდაპირ იატაკზე მოვკალათდები, გვერდით ჩემსავით ჩამსხდარ კოლეგებს გადავხედავ, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ ჯორჯია კავკასიაა და არა შორეული აშშ და საფესტივალო ამბებს თუ ჭორებს პირდაპირ ბერლინიდან მოგწერთ.
ერთ კვირაში მსოფლიოს A კლასის კინოფესტივალი – ბერლინალე 2018 დაიწყება. დროებით.
ავტორი: მარიკა ბაკურაძე