ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
პირველივე კადრებში სმარტფონის ჰორიზონტალური, მართკუთხა ფორმა იწყებს ციმციმს და ღილაკის ერთი დაჭერით, “ლაივ” ტრანსლაციით, სხვების ცხოვრების მომსწრენი ვხდებით, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩავიხედოთ სხვა ადამიანების ყოფაში, მათ საძინებელში, აბაზანაში, სამზარეულოში… ერთ-ერთი ასეთი ჩართვის დროს, გალიაში გამომწყვდეულ ზაზუნას სახაზავით უხეშად ეხებიან. შეშინებული ცხოველი შეშდება და თავს იმკვდარუნებს – სიკვდილის გათამაშება, სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
მიხაელ ჰანეკეს ბედნიერი დასასრული, რომელიც შარშან, კანის კინოფესტივალზე მთავარი საკონკურსო პროგრამის ფარგლებში იყო წარმოდგენილი, რეჟისორისთვის ჩვეული მანერით, მაყურებელთან “სიკვდილის თამაშებს” მართავს. კვლავ დღევანდელობაზე პროეცირებით, ამოსავალი თემა სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიებია.
ბედნიერი დასასრული ავსტრიელი რეჟისორის წინა ფილმის – სიყვარულის ერთგვარი გაგრძელებაა. ვხვდებით იმავე პერსონაჟებს: მოხუც ჟორჟს (ჟან-ლუი ტრენტინიანის გმირი), რომელსაც სიცოცხლე მობეზრებია; საოჯახო ბიზნესით მოცულ ანას (იზაბელ იუპერის გმირი) და ლორენების ოჯახის ახალ პერსონაჟებს, რომელთაგან რეჟისორის განსაკუთრებულ ყურადღებას 12 წლის ევა იქცევს. ევას რეალობა და ხედვის პერსპექტივა სოციალური ქსელების სამყაროა და ჰანეკეც ცდილობს, მისი პერსპექტივიდან გაიაზროს და აღიქვას გარემო, თანაც, როგორც სჩვევია, გამოსავლის ჩვენების გარეშე. ევა, რომელსაც დედა ინტოქსიკაციით დაეღუპა, ლორენების ოჯახში ხვდება, თუმცა მისთვის არავის სცალია. ის თვითმკვლელობას შეეცდება. ფილმის ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში ჰანეკე შემზარავ სცენას დგამს: მოხუცი ჟორჟისა და პატარა ანას დიალოგს. ამ ორი, სრულიად განსხვავებული ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ინდივიდის გადაკვეთის წერტილი სიკვდილია. ჰანეკესთან, ტრადიციულად, ასაკი – უბრალო ციფრებია და ყველაფერი სიკვდილისთვისაა განწირული.
ფილმის ერთ-ერთი ხაზი თანამედროვე ევროპის დიდი გამოწვევა – ლტოლვილებია. ფილმი საპორტო ქალაქ კალეშია გადაღებული, საფრანგეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველაზე განხილვადი ლტოლვილთა ბანაკი, ჯუნგლები მდებარეობს. კალე იმ გულგრილობის კარგი მაგალითია, რაც დღეს მთელს მსოფლიოში სუფევს. ფილმის სიუჟეტი ევროპის ნებისმიერ მხარეში შეიძლებოდა განვითარებულიყო, მაგრამ ამ ტერიტორიებზე სწორედ ის ატმოსფერო დაგვხვდა, რაც ფილმისთვის გვჭირდებოდა. უმეცრებითაა გაჯერებული ეს ადგილები, სადაც ადამიანები საკუთარი ჭიპის იქით არ იხედებიან. ეს ყველაფერი დანარჩენ მსოფლიოშიც ხდება, მაგრამ აქ მაინც ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა, – განაცხადა რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ლამაზ, მდიდრულ ბანკეტზე პიერს, რომელშიც მეამბოხე იღვიძებს და ყელში ამოსდის ფარისევლობა, ლტოლვილები მიჰყავს, თუმცა, ყველაფერი ერთი შეხედვით უწყინარ სტუმართმოყვარეობაში გადაიზრდება.
ფინალში ვირტუალური სამყაროს დასასრული დგება: პატარა ევა თავის “მეგობრებს” პაპის თვითმკვლელობის სცენას პირდაპირ ეთერში სთავაზობს. მოქმედებამდე ჯერ დგას ფატალურობის გაზიარების მომნუსხველი, ღრმა სურვილი, რომლითაც ახალი ტექნოლოგიები ასე დაუნდობლად გვხიბლავენ, დაუნდობლად ჩამდგარან ურთიერთობებს შუა და ქმედებას, აზროვნებას გვამთმევენ. რა მოხდება მომავალში? ბევრი სხვა კითხვაცაა, პასუხი კი თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში, თავად უნდა მოვძებნოთ.