
ტელეინდუსტრიის რამდენიმე საბაზისო კანონიდან ერთ-ერთი უმთავრესი წარმატებულობაა, ხოლო წარმატებულ პროექტს ხშირად მისივე მსგავსი მოჰყვება ხოლმე. სწორედ დიდი პატარა ტყუილების მსოფლიო წარმატებას უნდა მივაწეროთ ბასრი საგნების შექმნის იდეა. სერიალს ჟან-მარკ ვალი იღებს და ის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალებზე მოგვითხრობს.
ბასრი საგნები გილიან ფლინის (გაუჩინარებული ქალის და ბნელი საიდუმლოებების ავტორი) რომანს ეფუძნება და მასში მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს. ადამსის გმირი, კამილ პრეიკერი კრიმინალური საქმეების რეპორტიორია, რომელიც რამდენიმე წლით ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო გამოკეტილი, ამჟამად კი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება ორი გოგონას იდუმალებით მოცული მკვლელობის გამოსაძიებლად.
ემი ადამსისთვის ეს პირველი მთავარი როლია სერიალში. რვა-ეპიზოდიან სატელევიზიო შოუში ასევე მონაწილეობენ: ელიზაბეთ პერკინსი, მედისონ დეივენპორტი, კრის მესინა და სხვები. პირველი სეზონის პრემიერა HBO-ზე 8 ივლისს შედგა.

ფლინის სადებიუტო ნაწარმოებს თავის დროზე ასე გამოეხმაურა სტივენ კინგი: წიგნის ბოლო ოცდაათი გვერდის კითხვისას შიშისგან გავშეშდი, მაგრამ თავი მაინც ვერ დავანებე…
მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა