(ინტერვიუ ანდრეი ზვიაგინცევთან)
თქვენი წინა ფილმი – ლევიათანი რუსეთის კულტურის მინისტრმა ანტირუსულად გამოაცხადა. თქვენთვის ეს ახალი გამოწვევა ხომ არ იყო, რომ შეგექმნათ ისეთი მწვავე და პოლიტიკური მესიჯებით დატვირთული ფილმი, როგორიცაა – უსიყვარულო?
ამ საკითხს ასე არ ვუყურებ. პირველ რიგში, ფილმებს ძალიან ინტიმურ და ღრმა ურთიერთობებზე ვაკეთებ და ის პოლიტიკური მესიჯები თუ განცხადებები, რაც შესაძლოა ტელევიზორში ან რადიოში ისმოდეს, ფილმში მხოლოდ ფონია.
ბოლო ეპიზოდში ჩვენ ვხედავთ ფილმის მთავარ გმირს, ჟენიას, რომელსაც მკერდზე უზარმაზარი ასოებით აწერია – RUSSIA. ჩვენთვის ცნობილია, რომ ინტერვიუებში რუსეთის პოლიტიკაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებთ, თუმცა ამ სცენის უყურადღებოდ დატოვება ნამდვილად არ შეიძლება…
როდესაც მთავარ გმირს, ჟენიას ბოლოჯერ ვხედავთ, 2015 წლის თებერვალია, ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდი და იმ დროს ადამიანები ასეთი წარწერების მქონე სამოსს ატარებდნენ. მაშინ ასეთი სპორტული ჯემპრების უზარმაზარი კოლექცია შემოვიდა… (იცინის). XIX საუკუნეში მოღვაწე ძალიან ცნობილი რუსი მწერალი, ნიკოლაი გოგოლი თავის წიგნს – “მკვდარი სულები” შემდეგი სცენით ამთავრებს: მთავარი გმირი მშობლიური ქალაქიდან ცხენებით მიდის (იმიტომ, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო). ნიკოლაი გოგოლი იქვე წერს: ო, რუსეთო, საით მიდიხარ? შემდეგ ამბობს, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩემი ფილმის მთავარი გმირი კი, რომელსაც ჯემპრზე RUSSIA აწერია, სარბენ ბილიკზე დარბის. ჩათვალეთ, რომ ჩემი მხრიდან ეს გოგოლისთვის გაგზავნილი გულითადი სალამია, რადგან მეც ანალოგიურად ვფიქრობ: არ არსებობს პასუხი კითხვაზე – საით მიდის რუსეთი?
თქვენმა ფილმმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი დაიმსახურა და ოსკარის ნომინაციაც მიიღო. როგორი იყო თქვენი განცდები ფილმის მსოფლიო პრემიერამდე?
ცოტათი ვნერვიულობდი, თუმცა ის შეგრძნებაც მქონდა, რომ მთავარი ღელვა უკან დარჩა, რადგან ასეთ მნიშვნელოვან ფესტივალებზე ნომინაციები მივიღე. ეს ჩემთვის უკვე იყო გამარჯვება. დიდად არ მაღელვებდა, მივიღებდი თუ არა ჯილდოებს, მთლიანად ბედს ვიყავი მინდობილი. საერთოდ, სიმართლე გითხრათ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას უფრო მეტად ვნერვიულობ ხოლმე. თქვენ საკმაოდ მომთხოვნი ხალხი ხართ. პრემიერამდე ჟურნალისტებს ვაჩვენე ფილმი და ვფიქრობდი, ეს ჩვენება თუ კარგად ჩაივლიდა, ფილმს დანარჩენი მაყურებელიც კარგად მიიღებდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა.
თქვენს ფილმებში სიყვარულის კონცეფცია საკმაოდ ტრაგიკულია. თითქოს თქვენს ამ დამოკიდებულებაში რუსული ლიტერატურის გავლენაც იგრძნობა. ბედნიერ დასასრულზე რა აზრის ხართ?
ტოლსტოი ერთ-ერთ წიგნში წერს: როგორც წესი, ყველა სასიყვარულო ამბავი ქორწილით უნდა დამთავრდეს, მე კი მაინტერესებს, რა ხდება ქორწილის შემდეგ. ჩემთვისაც ადამიანური ურთიერთობების ის მომენტებია საინტერესო, როდესაც სიყვარული ქრება და ის მხოლოდ რუტინულ სამუშაოს ემსგავსება – როცა ადამიანები 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს უყურებენ და საერთოდ არ ესმით, ამდენი წელი ერთად რატომ განვლეს. მე ეს თემები მაღელვებს და ასეთი კრიზისები მაინტერესებს. ასეთი ამბები კი, თავის თავში ტრაგიზმს გულისხმობს, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ასე ხდება. თუ ჩემს ფილმში მშობლები დაკარგულ ბავშვს იპოვნიდნენ და ცხოვრებას ბედნიერად გააგრძელებდნენ, არ იქნებოდა არც ამაღელვებელი და არც საინტერესო.
თქვენ ხშირად გადარებენ ანდრეი ტარკოვსკის, ერთ-ერთ უდიდეს კინორეჟისორს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო კინოს მასშტაბით. ეს თქვენთვის პატივია თუ დამატებითი პასუხისმგებლობა?
ტარკოვსკი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა და ყველა რუსი რეჟისორი მისი გავლენისგან გაქცევას ცდილობს. ვერ ვიტყვი, რომ იმავეს მეც ვგრძნობ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მისი ფილმის – ანდრეი რუბლიოვის ნახვის შემდეგ სრულიად შევიცვალე. მივხვდი, რომ კინოენა გაძლევს საშუალებას, შენი იდეები და ფიქრები ყველაზე დახვეწილი ფორმით გადმოსცე. ტარკოვსკის სხვა ნამუშევრებიც ოლიმპიური ღმერთებივითაა და ჩემს საყვარელ ფილმებს შორისაა.
რუსეთის ფარგლებს გარეთ ფილმის გადაღებაზე არ გიფიქრიათ?
ეს საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას. 53 წლის ვარ და მთელი ცხოვრება რუსეთში გავატარე. რუსულის გარდა სხვა ენაზეც კი ვერ ვლაპარაკობ. არ ვიცი, ამ ქვეყნის გარეთ როგორ ცხოვრობენ და ნამდვილად არ მსურს, ჩემი ფილმი სხვისი სინამდვილის ექსპორტირებული ვარიანტი იყოს.
წყარო: https://thepavlovictoday.com
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა