ალფრედ ჰიჩკოკის გართობის ერთადერთი საშუალება დაძაბულობა, სასპენსი და საშინელებათა ჟანრი არ იყო. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჭამისა და საკვების მიმართ, რაც როგორც მის გარეგნობაზე, ისე პირად ცხოვრებასა და ფილმებზეც კი აისახა.
კინომოყვარულებისთვის ცნობილია ჰიჩკოკის უცნაურობები და ფობიები. რეჟისორის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი სიამოვნება ჭამა იყო. ასევე, ის დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნობასა და ჩაცმულობას. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა მის ფილმოგრაფიაზე.
“ის მსუქანი, პატარა მექანიკოსი”

ჰიჩკოკმა ცხოვრების დიდი ნაწილი ზედმეტ წონასთან ბრძოლაში გაატარა. რეჟისორი სიმაღლეში 170 სმ იყო და 1930-იან წლებში 136 კილოგრამს იწონიდა. 50-იანებში მისი წონა 80 კილოგრამამდე შემცირდა. ამის ნახვა იმ ფოტო-მასალიდან შეიძლება, რომელიც დაიჭირე ქურდის გადაღებებიდან შემორჩა.
1969 წელს ჰიჩკოკი ჩვეულ ფორმაშია, მისი წონა დაახლოებით 100 კილოგრამია, ხოლო ყველაზე დიდი ნიშნული, რასაც რეჟისორმა ცხოვრების განმავლობაში მიაღწია, 150 კგ-ია.
თანამედროვეთა აღწერით, ალფრედის ტიპური სადილი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: შემწვარი ქათამი, ხორცი კარტოფილის გარნირით, ბოსტნეული, პური, ერთი ბოთლი ღვინო, სალათი, დესერტი და ბოლოს ბრენდი. მას საღამოობით, ვახშმისთვის ნაყინის დაყოლება უყვარდა. მელ ბრუკსი რეჟისორთან შეხვედრას რესტორან Chasens-ში ასე იხსენებს: ალფრედმა განსაკუთრებულად დიდი პორცია კრევეტების სალათი შეუკვეთა. ასევე, სტეიკი და კარტოფილი. შემდეგ კიდევ სალათი. ბოლოს კი – გიგანტური ნაყინი… ცოტა ხანში ეს მენიუ ხელახლა გაიმეორა. ფილმში ჰიჩკოკი, სადაც რეჟისორის როლს ენტონი ჰოპკინსი თამაშობს, ასეთი სცენაა: მთავარი გმირი რეკავს პარიზში, რესტორან მაკსიმში და უკვეთავს ბატის ღვიძლს თავისთან, ჰოლივუდში. შემდეგ კი ვხედავთ, რომ საჭმელს პირდაპირ ქილიდან მიირთმევს… ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ჰიჩკოკის ცხოვრებაში მრავლად იყო.
ალბათ, ეს ჩვევა ბავშვობიდან მოდის, როდესაც მან განსაკუთრებული “ცხიმის ჯავშანი” (ამ ფრაზას რეჟისორი ხშირად იყენებდა) შექმნა. 1917 წელს ჰიჩკოკი ჯარში მსახურობისგან გაათავისუფლეს – ზედმეტი წონის გამო დაიწუნეს. ექიმების თქმით, მას სისხლძარღვების პათოლოგიისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მეორე მსოფლიო ომის დროს, პროდიუსერმა მაიკლ ბელკონმა, რომელიც რეჟისორს კარიერის დასაწყისში ეხმარებოდა, მასზე თქვა: ეს მსუქანი, პატარა მექანიკოსი, რომელიც ჰოლივუდში ემალება ომის საშინელებას. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ალფრედი ევროპაში 1944 წელს დაბრუნდა და მოკავშირეების დახმარების შესახებ ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

ჰიჩკოკმა საკუთარ წონაზე ზრუნვა 30-იანი წლებიდან დაიწყო. ის წონის გამო გამუდმებით იტანჯებოდა და სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა. ამ ყველაფერს კი ემატებოდა ჯანმრთელობის პრობლემები. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ის განსაკუთრებულად იცვამდა, ხაზს უსვამდა თავის აღნაგობას. როდესაც ჰოლივუდში გადასვლა გადაწყვიტა, ადვილად იპოვა პრესის ყურადღების მისაქცევი საშუალება. ის ჟურნალისტებთან მისი ცხოვრების წესის შესახებ დაუფარავად საუბრობდა. ეს ფაქტები აღწერილია რობერტ კაპსისის წიგნში “Hitchcock: The Making Of a Reputation”.
1937 წელს, როდესაც პირველად ჩავიდა ჰოლივუდში, ინტერვიუებს რესტორან Club 21-ში აძლევდა. მის მაგიდაზე შეკვეთები ისევე სწრაფად მოდიოდნენ, როგორც ჟურნალისტები. ამის შედეგად შეიქმნა ლეგენდარული სადილი: სამი სტეიკი და სამი პორცია ნაყინი. Herald Tribune-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს ჭამისგან. ეს უფრო ფსიქოლოგიური პროცესია, ვიდრე ფიზიკური. მე კარგ კერძს უფრო დიდხანს ველოდები, ვიდრე არდადეგებს თუ საუკეთესო შოუს. ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ მისთვის სამოთხე არის ადგილი, სადაც დღეში სამჯერ შეეძლება ინგლისური საუზმის მირთმევა.
ამერიკელების უმეტესობას ძალიან მოსწონდა ცხოვრების ეს სტილი. ამონარიდი 1937 წლის Time-დან: როდესაც ცნობილი ინგლისელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი შტატებში გადმოვიდა, ფიქრობდა, რომ ჭამის მხრივ პრობლემები შეექმნებოდა. თუმცა, რესტორნებში რამდენიმე გასეირნების შემდეგ, ჰიჩკოკმა აღიარა, რომ მანჰეტენის რესტორნებში ისეთ ნაყინებს ამზადებენ, როგორიც არსად გაუსინჯავს. ისინი იმდენად კარგია, რომ სტეიკსა და პუდინგსაც კი ურჩევნია.
მამაცი ბიჭი

ამერიკაში გადასვლამ შეცვალა რეჟისორის ყოველდღიურობა. მანამდე მის წონაზე საუბარი და კითხვები უხერხულ თემად მიიჩნეოდა. ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ჰიჩკოკის პროდიუსერი დევიდ ო სელზნიკი გახდა. მათ შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. სწორედ მან გადაწყვიტა, მთელი სარეკლამო კამპანია მის გარეგნობაზე აეგო და აგრესიულად დაემკვიდრებინა ტერმინი larger-than-life. ფოტოები ფილმისთვის რებეკა, რომელიც რეჟისორის პირველი ამერიკული ფილმი იყო, ფაქტობრივად, სპექტაკლს წარმოადგენდა. ერთ-ერთ ფოტოში ჰიჩკოკი კარიკატურულ გირს სწევს, ქვემოთ კი შემდეგი წარწერაა: მძიმეწონიანი მსუბუქ ხასიათზეა. ასევე, ხშირია ფოტოებზე შემდეგი სახის მინაწერები: ასკილოგრამიანი რეჟისორი, ასკილოგრამიანი ინგლისელი ან ალფრედი, რომელსაც ძალიან უყვარს თავის ფილმებზე საუბარი და არც თავისი წონის შეხსენება ავიწყდება. სელზნიკი ძალიან გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ ჰიჩკოკმა წონაში დაკლებაზე ზრუნვა დაიწყო. ის რეჟისორის ამ გადაწყვეტილებას არ იწონებდა.
მეორე მხრივ კი, ჰიჩკოკის სხვა პროდიუსერები და ასისტენტები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რეჟისორი ზედმეტი ჭამის გამო არ განეკითხათ. ისინი გამუდმებით ცდილობდნენ, მისი კვების რეჟიმი ეკონტროლებინათ. მაგალითად, დენ ო’შიმ, რომელიც სელზნიკის უფროსი იყო, ერთხელ რეჟისორს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: როგორ მოგწონთ მეტაბოლიზმი? ნებისმიერ თემაზე კამათისას აუცილებლად დგებოდა მომენტი, როდესაც ჰიჩკოკს მის წონასა და მადაზე სიტყვას გადაუკრავდნენ. მსგავსი ფაქტები უხვადაა აღწერილი კეისი მკიტრიკის წიგნში “Hitchcock’s Appetites: The Corpulent Plots of Desire and Dread”.
რეჟისორის წონა და კვების რაციონი მუდმივი განხილვის საგანი იყო ამერიკულ გაზეთებშიც. 1943 წლის 22 მაისის Saturday Evening Post-ის სტატიაში ნათქვამია:
ჰოლივუდში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჰიჩკოკის გარეგნობამ, ინგლისში კი – მისმა რეპუტაციამ. შეუძლებელია, არ დაგამახსოვრდეთ ჰოლივუდელი ახალბედა, რომელიც სიმაღლეში სულ რაღაც 170 სანტიმეტრია და 136 კილოგრამს იწონის. მრგვალი ფორმები, გაბრწყინებული სახე და გაოცებული თვალები – ის ისე გამოიყურება, თითქოს უჩინარ საყვირს უნდა ჩაბეროს. ხალხი მას განსხვავებულად აღიქვამს. წონის გარდა, ბევრი სხვა რამითაც იქცევს ყურადღებას. რეჟისორი ისეთი პატარა მანქანით დადის, რომ ტრანსპორტის ნაცვლად მისი საცურაო კოსტიუმი გეგონებათ.
ინგლისელმა კრიტიკოსმა კაროლინ ლეჟენმა 1940-იან წლებში გამოქვეყნებულ სტატიაში, ჰიჩკოკს მამაცი ბიჭი უწოდა. ასე ეძახდნენ ორსონ უელსსაც, რომელსაც ჰიჩკოკი აღნაგობით ჩამოჰგავდა.
საინტერესო ისტორია მოხდა 1938 წელს, როდესაც ჰიჩკოკმა სიდნი გილიატთან ერთად შექმნა ფილმი ქალბატონი უჩინარდება. სიდნიმ ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში ინგლისელ რეჟისორს უწოდა დიდი ლაქა, რომელიც სხვის წარმატებას იპარავს. ჰიჩკოკი მის ნათქვამს გულისწყრომით გაეპასუხა და თქვა, რომ სიტყვა დიდი მას აღარ შეეფერებოდა და დრო იყო, სხვა ზედსართავ სახელზე ეფიქრათ.
ერთხელ ეჭვის გადაღების დროს რეჟისორმა საკუთარი თავი მაღაზიის სარკეში დაინახა და დაინახა, რომ იქიდან გროტესკულად გაბერილი კაცი უყურებდა. როდესაც მისი წონა 100 კილოგრამს ასცდა, ზურგის გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო. პირადი ექიმი და მეუღლე ყოველთვის ნერვიულობდნენ და სთხოვდნენ, სერიოზული ყურადღება მიექცია კვების რაციონისთვის.
ჰიჩკოკი მუდმივად იცავდა დიეტებს, თუმცა მასზე მორგებული არცერთი არ აღმოჩნდა. 1942-43 წლებში ის საგრძნობლად გახდა – 45 კილოგრამი დაიკლო. იმ პერიოდში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც მთელ მის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. 1942 წლის სექტემბერში რეჟისორის დედა გარდაიცვალა. 1943 წლის იანვარში კი ალფრედის უფროსმა ძმამ, უილიამმა თავი მოიკლა. ჰიჩკოკის ბიოგრაფი პატრიკ მაკგილიგანი წერს: უილიამის სიკვდილის შემდეგ ის თავს დამნაშავედ გრძნობდა. მან გადახედა თავისი ცხოვრების წესს და მავნე ჩვევების მოცილებაზე დაიწყო ზრუნვა. ის მკაცრად აკონტროლებდა კვებისა და ალკოჰოლის რაოდენობას; ცდილობდა, ყურადღება მიექცია კალორიებისთვის, თუმცა ხშირად საკუთარ თავსაც კი ატყუებდა.
1943 წელს რეჟისორმა პირობა დადო, რომ მკაცრად გააკონტროლებდა კვებასა და ალკოჰოლს. ის ინტერვიუებში ხშირად ამბობდა, რომ საუზმეზე და ლანჩზე მხოლოდ ყავას სვამდა, ხოლო სტეიკი და სალათი სადილისთვის იყო განკუთვნილი. ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმცა შედეგი ყველასთვის ნათელი იყო: მან შეასრულა კამეო ფილმში სამაშველო ნავი, სადაც წონაში დაკლების რეკლამას აკეთებს. ეს ჩემი საყვარელი როლია, – უთხრა ჰიჩკოკმა ფრანსუა ტრიუფოს ინტერვიუში. არსებობს საარქივო მასალა, სადაც მისი წონაში კლების პროცესია ასახული.

როდესაც ჰიჩკოკმა საკმარისი თანხა და რეპუტაცია მოიპოვა ჰოლივუდში, თავს უფლება მისცა, მოდუნებულიყო. 1946-51 წლებში მან 13 კილოგრამი მოიმატა.
1954 წელს რეჟისორი 82 კილომდე ჩამოვიდა და ინტერვიუებში რჩევების მიცემაც დაიწყო: კალორიებს ისე უნდა შევხედოთ, როგორც ჯიბის ფულს. 100 კალორიის დაწვას თუ აპირებთ, სჯობს, ქათამი შეუკვეთოთ, ვიდრე ნაყინი. ამის პარალელურად კი, რეჟისორმა ისევ დაიწყო წონაში მომატება.
კვებასთან ერთად ჰიჩკოკის ცხოვრებაში ალკოჰოლის პრობლემაც მწვავედ იდგა. მაგალითად, სამსონ რეფელსონი, ვისთან ერთადაც შექმნა ფილმი ეჭვი, იხსენებს, რომ მომზადების პერიოდში ისინი მუდმივად ნასვამები იყვნენ. რეჟისორი გადასაღებ მოედანზე ჯინის ჭიქითა და ფორთოხლის წვენით დადიოდა. მსახიობი ჯოელ მაკრი ამტკიცებს, რომ ფილმის უცხოელი კორესპონდენტი შექმნის პერიოდში, რეჟისორს შუადღემდე ნახევარი ბოთლი შამპანური უკვე დალეული ჰქონდა ხოლმე და დასასვენებლად მიდიოდა. შეიძლება ეს ყველაფერი ფილმებისთვის შექმნილი რეკლამებიცაა, ზუსტად არავინ იცის. პიტერ ვირტელი, ვისთან ერთადაც ჰიჩკოკმა შექმნა ფილმი დივერსანტი, თბილად იხსენებს მასთან მუშაობის პერიოდს. ალფრედს მდიდრული რესტორნების მენიუების კოლექცია ჰქონდა. ვირტელი განსაკუთრებული მონდომებით კითხულობდა იქ ჩამოწერილ კერძებს და ამით ძალიან ბედნიერდებოდა. თუმცა, თავად სპარტელივით იკვებებოდა: მხოლოდ სალათი და ხორცი. ალკოჰოლი კი დღის რაციონიდან ამოღებული იყო.
1956 წელს ქალთა ჟურნალში McCall’s დაიბეჭდა ჰიჩკოკის სტატია, სათაურით ქალი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცის. რეჟისორი წერს: რაც უნდა იფიქრონ გარშემომყოფებმა, მე იმ უიღბლო ადამიანებს შორის ვარ, ვინც ერთ ლუკმას გადაყლაპავს და 10 კილოგრამს იმატებს. ეს ტექსტი ეძღვნებოდა მის მეუღლეს, ალმა რევილს, რომელიც შესანიშნავი მზარეული იყო. მისი შთაგონებითაა შექმნილი სცენა ფილმში ეზოში გამავალი ფანჯარა, სადაც გრეის კელი უიღბლო ჯეიმზ სტიუარტს იდეალურ სადილს უმზადებს… ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კოცნის დროს ფილმში ფუჭი დიდება (მთავარ როლებში – ქერი გრანტი და ინგრიდ ბერგმანი) – სცენის მონაწილეები შემწვარ ქათამს განიხილავენ. პატრიცია ჰიჩკოკის თქმით, ეს მამის საყვარელი კერძი იყო.
ნამდვილი ჰიჩკოკი გამხდარია

ჰიჩკოკის თითქმის ყველა ფილმში ვხვდებით საჭმლის შესახებ რაიმე სახის მინიშნებას მაინც. ამ თემაზე იან ოლსონმა წიგნიც დაწერა: “Hitchcock a la Carte” (2015), ხოლო სუზან სმიტმა სადისერტაციო ნაშრომი “Cinematic Point of View in the Films of Hitchcock” (1997). ავტორები ჭამისა და საკვებისადმი დამოკიდებულებას ადარებენ ჰიჩკოკის სხვა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: სექსი, ძალადობა და სიკვდილი. აქვე შეგვიძლია ფრანსუა ტრიუფოს ცნობილი ფრაზა გავიხსენოთ: ჰიჩკოკი სასიყვარულო სცენებს ისე იღებს, როგორც მკვლელობას, მკვლელობის სცენებს კი – პირიქით. მაიკლ უოკერის წიგნში “ჰიჩკოკის მოტივები” თავებს სპეციალური სახელები აქვთ, მაგალითად: ჭამა და ქორწილი, ჭამა და სექსი, ჭამა და სიკვდილი, საჭმლის მომზადება და სინანულის გრძნობა, ჭამა და პოლიცია, საუბარი მაგიდასთან…
ჩიტებისთვის შექმნილ იუმორისტულ ვიდეოში რეჟისორი ჰყვება: რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი დაიღუპა, ზოგი დახოცეს კიდეც. ასეთია ბუნების კანონი. ადამიანს მუდმივად დახმარების სურვილი ამოძრავებს. მოკლედ რომ ვთქვა, მე ფრინველების მიმართ გრძნობები გამაჩნია. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ამ საუბრის დროს ჰიჩკოკი ინდაურს მიირთმევს.
პიტერ ბოგდანოვიჩთან საუბრისას ალფრედ ჰიჩკოკი თავის ერთ-ერთ შიშზე ჰყვება: მე კვერცხის მეშინია… ეს შიშზე უარესია – მე ისინი მეზიზღება. ეს მრგვალი, თეთრი რაღაც, სრულიად გლუვი… ბრრრ! ამის მსგავსი საზიზღრობა გინახავთ? და კიდევ უფრო საშინელია ის, რაც მისგან გადმოდის! ყვითელი, საშინელი სითხე. დაიჭირე ქურდის ერთ-ერთი გმირი ჰიჩკოკისეული სისასტიკით ამოძირკვავს კვერცხის გულის ყვითელ მასას თეფშიდან.

საჭმლის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მის ნამუშევრებშიც აისახა. მაგალითისთვის გავიხსენოთ სერიალი ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ. სატელევიზიო შოუს ერთ-ერთ სერიაში (სისხლისღვრის ანგელოზი) მთავარი გმირი მეუღლეს გაყინული ცხვრის ფეხით კლავს. ამის შემდეგ კი მშვიდად აგრძელებს ქურაში კერძის მომზადებას. პოლიცია დანაშაულის იარაღს ვერ პოულობს.
ფილმში თოკი სასადილო მაგიდის ქვეშ მიცვალებულია დამალული. ჩიტივით ჭამ, – ამბობს ნორმან ბეიტს მერიონი ფილმში ფსიქო. ამ სცენაში კარგად ჩანს ოდნავ მოკბეჩილი სენდვიჩი და ფრინველის ფიტული. რამდენიმე წუთში კი მერიონი (მის როლს ჯანეტ ლი ასრულებს) შოკოლადის სიროფით მოისვრება. სწორედ ამ მეთოდით აკეთებდნენ სისხლის იმიტაციას ეკრანზე.
ფილმში სიგიჟე შიშველი ქალის გვამი კარტოფილის ტომარაშია დამალული. ყველა პერსონაჟი მის ირგვლივ ტრიალებს. ეს, ალბათ, ჰიჩკოკის ყველაზე კარგად აგებული ისტორიაა. მუდმივად მშიერი პოლიციელის მეუღლე უპირატესობას კარტოფილისა და ხორცის საჭმელს ანიჭებს. ის ამზადებს ფრანგულ კერძს, რომელიც სინამდვილეში არ იჭმევა – ეს მომენტი ერთდროულად სასაცილოც არის და საშინელიც. ფილმის თრეილერში მაყურებლის წინაშე თავად ჰიჩკოკი წარსდგება და მოკლედ მიმოიხილავს ფილმის სამი ძირითადი თემის (ჭამა, სექსი, სიკვდილი) მნიშვნელობას.

უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა რეჟისორს საკუთარი სხეულის მიმართ: როდესაც სარკეში ვიყურები, სულ სხვა ადამიანს ვხედავ. ის სხვანაირად გამოიყურება და არაფერი აქვს საერთო მასთან, ვინც მე ვარ ჩემს განცდაში. ასეთი ადამიანისთვის სექსიც კი რთული წარმოსადგენია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რეჟისორი ხვდებოდა, რომ მისმა განსაკუთრებულმა ვიზუალმა გარკვეულწილად სავაჭრო ნიშნის მნიშვნელობა შეიძინა. მან ეს ვიზუალი საკუთარ ლოგოტიპში გადმოიტანა.
The Sydney Morning Herald-ის კრიტიკოსი, პოლ ბირნსი წერს: ჰიჩკოკი ასეთი აღნაგობის რომ არ ყოფილიყო, ვერ შექმნიდა უნიკალურ ნამუშევრებს. მის ფილმებში არ იქნებოდა ასეთი დაძაბულობა, სიყვარული და სისასტიკე. სწორედ მსგავსი გარეგნობის გამო, ის ქალებს მშიერი თვალებით უყურებდა, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ. თუმცა, ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ერთდროულად მისი წყევლაც იყო და ნიჭიც.
ჰიჩკოკს ასეთი ფილმის იდეა ჰქონდა: ამბავი დაიწყებოდა ბაზარში, სადაც უთენია ჩამოაქვთ ჯანსაღი ბოსტნეული და ხორცი. შემდეგ ამ ყველაფერს მანქანებზე ტვირთავენ და რესტორნებსა და სასტუმროებში მიაქვთ. იქ კი მზარეულები ჭრიან, კეპავენ, ამუშავებენ, აქუცმაცებენ, ალაგებენ, რეცხავენ და “შედევრებს” ამზადებენ. ოფიციანტებს კერძები მაგიდებთან მიაქვთ… ფილმი უნდა დასრულებულიყო კანალიზაციის ახლო კადრით, სადაც ყველაფერი, რაც საჭმლისგან მორჩა, მდინარეში დაიდებდა ბინას.

1965 წლის 7 მარტს ალფრედ ჰიჩკოკს ამერიკიის გილდიის ჯილდო გადაეცა. სამადლობელ სიტყვაში დიდმა რეჟისორმა საკუთარ წონაზეც ისაუბრა: ვინ არის ალფრედ ჰიჩკოკი? დავიწყებ იმ ამბის გამოსწორებას, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია გრძელდება. პირველი ჭორი ის არის, რომ მე ხალხს მსუქანი ვგონივარ. ვხედავ, როგორ გეღიმებათ. მეც მეცინება, რადგან ეს სიმართლეა. შეიძლება ცოტათი მეტი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე, სანამ გადასახადებს გადავიხდი.
დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დაახლოებით ორმოცი წლის წინ ჩემ მიერ შექმნილ თითქმის ყველა ფილმში ვჩანდი. ერთ–ერთი პირველი ფილმი მდგმური: ლონდონის ნისლის ამბავი იყო. ჩემი ეკრანზე გამოჩენა დაძაბული და მნიშვნელოვანი იყო. მე ბევრი რამ უნდა გამეკეთებინა – ავტობუსში ავსულიყავი, ჭადრაკი მეთამაშა და ა.შ. და მე ამისთვის დუბლიორი მჭირდებოდა. კასტინგზე მსუქანი ადამიანი ავიყვანე! დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. ის გახდა ჰიჩკოკის სახე საზოგადოებაში. ახლა მისი შეცვლა უკვე გვიანია. მე მასთან მუდმივად ვთანამშრომლობდი. ეს ადვილი ნამდვილად არ არის. როგორც უკვე ხედავთ, სხვაობას ვეღარავინ ამჩნევს.
ამ ხუმრობების მიღმა კი ნამდვილი გულისტკივილიც ჩანს:
ჩვენმა მსუქანმა მეგობარმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. 1940-იან წლებში ძალიან უნდოდა ფილმებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, მისთვის არ შეიძლებოდა სამაშველო რგოლში ჩახტომა – შეიძლება ჩაძირულიყო. მისი დახრჩობა საშინელი საყურებელი გახლდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ მისი შველა შეგვძელო, თუმცა დუბლს გავაფუჭებდით. ჩვეულებრივი დასაფლავება მოვუწყვეთ… ამის შემდეგ უფრო მეტი დაკვირვებით ვარჩევ მსახიობებს. კასტინგის მენეჯერებს ზუსტ მითითებებს ვაძლევ, თუ როგორი მე უნდა აარჩიონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ. თუმცა, როგორც უკვე იცით, მე ძველი გარეგნობით დავრჩი ცნობილი. ამბობენ, რომ ყოველი მსუქანი ადამიანის შიგნით ცხოვრობს გამხდარი, რომელიც იქიდან გამოღწევას ცდილობს. ასე რომ, თქვენ უკვე იცით სიმართლე – არსებობს მხოლოდ გამხდარი ალფრედ ჰიჩკოკი.
წყარო: www.kinopoisk.ru
მოამზადა გიორგი კარანაძემ