ავტორი: ციკო ინაური
გარდატეხა ნებისმიერი თვალსაზრისით დეპრესიულია. გულჩათხრობილობას კარგისკენ გარდატეხაც იწვევს, რადგან, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ვიაზრებთ, რომ ძველი დამთავრდა, ხოლო ახალი, – როგორი ლამაზი და ბრჭყვიალაც უნდა იყოს, მაინც მოულოდნელობებითაა სავსე, მოულოდნელობა კი ავტომატურად წარმოშობს შიშის გრძნობას. სწორედ ეს დაემართა კინოს, როდესაც ლაპარაკი დაიწყო და კინოვარსკვლავებს, რომლებმაც კამერასთან ხმის ამოღების აუცილებლობა გააცნობიერეს.
კინოვარსკვლავთა სისტემა, რომელიც ჰოლივუდის ინდუსტრიაში დაიბადა, ზოგადად დეპრესიითა და ეპატაჟური თვითმკვლელობებითაა სავსე. უამრავმა კინოვარსკვლავმა, რომელმაც თავისი დრო მოჭამა და კამერას ნაოჭების გამო აღარ სჭირდებოდა, თავი კლეოპატრასავით ეპატაჟურად მოიკლა. შეიძლება გველს არ აკბენინეს, მაგრამ ჰოლივუდის შთამბეჭდავი აბრიდან გადმოხტნენ, ან იმ ფილმის პრემიერის შემდეგ, რომელშიც არა სექსუალურ ქალს, არამედ მოხუც ბებიას ასახიერებდნენ, სახლში მისულებმა ბევრი ფერადი აბი გადაყლაპეს და სამუდამოდ დაიძინეს. ჰოლივუდი მიმზიდველი, ცოცხალი და შთამბეჭდავია, მაგრამ მის გამო უამრავი ადამიანი მოკვდა. მან კინო-სისტემა მთლიანად შეცვალა და შექმნა ის, რის გარეშეც მსახიობებს ცხოვრება აღარ შეუძლიათ: უზარმაზარი ცნობადობა, ხალხის სიყვარული და ბოლოს – ფეხებზე დაკიდების, მივიწყების შეგრძნება. ჩანაცვლებას და მივიწყებას კი ქალები ყოველთვის განსაკუთრებულად განიცდიდნენ. მათთვის წარმატება და პოპულარობა რატომღაც უფრო მნიშვნელოვანი იყო ხოლმე, ვიდრე სექსი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, სიყვარული, ან ოჯახი. ქალი მსახიობებისთვის მთავარი ნარკოტიკი, უბრალოდ, ბევრი საინტერესო კინო-როლია.
გავიხსენოთ გლორია სვენსონი – ცნობილი კინოვარსკვლავი, რომელიც ზუსტად ამ გარდამტეხ პერიოდში აღმოჩნდა. გლორია თამაშობდა უხმო კინოში და ითამაშა ხმოვანშიც. თუმცა, ხმოვან კინოში ის უკვე ასაკოვანი ქალი იყო და ბილი უაილდერმაც პერსონაჟში მისი პიროვნება გააცოცხლა. სანსეტ ბულვარი ყველაზე ნათლად გადმოგვცემს იმას, თუ რა ემართებოდათ ქალ კინოვარსკვლავებს და როგორი ხდებოდა მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მათ სხვა, ახალგაზრდა ვარსკვლავები ანაცვლებდნენ.
დღეს 2017 წლის სერიალის – მტრობა: ბეტი და ჯოანი პირველი ეპიზოდი გავახმოვანე და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ეპიზოდი მაქვს ნანახი, ხმამაღლა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სანსეტ ბულვარის შემდეგ ეს არის ერთადერთი ეკრანული ისტორია, რომელმაც ზუსტად ისეთივე სიმძაფრით მაგრძნობინა კინოსგან მიტოვებული ქალების სამყარო.
რომ არ იცოდეთ, ვინ არიან ჯოან კროუფორდი ან ბეტი დევისი, არ გქონდეთ ნანახი 1962 გახმაურებული ფილმი – რა დამართა ბეიბი ჯეინს, და საერთოდ აზრზე არ იყოთ, რა არის ჰოლივუდი, მაშინაც კი იგრძნობთ ამ ორი ქალის ტრაგიკულ განწყობას. განწყობას, რომელიც მივიწყების, ჩანაცვლებისა და გაქრობის შიშითაა განპირობებული. სწორედ ამ განწყობით მიხვდებით, რომ ჰოლივუდელ გოგოებს კამერის გარეშე დარჩენას, საყვარელი კაცის და შვილების გარეშე დარჩენა ერჩივნათ. ისინი კამერის გარეშე, უბრალოდ, კვდებოდნენ.
სერიალის დაწყებამდე გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ ჰოლივუდის მართლაც შესანიშნავი და გახმაურებული კინო-სურათი – რა დაემართა ბეიბი ჯეინს, რომელშიც ორივე ზემოთ ხსენებული კინოვარსკვლავი მონაწილეობს. ეს ფილმი მათ შერიგებას, მათი მთელი ცხოვრების პაექრობის დასრულებას ჰგავდა, თუმცა, სინამდვილეში, ყველაზე დიდი მტრობა აქ დაიწყო. სერიალიც სწორედ ამ ორი ქალის მტრობაზე მოგვითხრობს – კონკურენტი ქალების მტრობაზე, რომელიც უბრალო პაექრობაზე ბევრად საშიში აღმოჩნდა.
უყურე სერიალს – აქ!