
2016 წელს ბრაზილიაში გამოჩნდა დისტოპიური ტრილერი – 3%, რომელმაც, ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად, მალევე მიიქცია სერიალის მოყვარულებისა და სტრიმინგ სერვისის – Netflix-ის ყურადღება.
პირველი სეზონი 8 ეპიზოდისგან შედგება და ოთხი რეჟისორიდან ერთ-ერთი ღმერთის ქალაქის ოპერატორი სეზარ ჩარლონეა. სერიალის იდეა პედრო აგუილერას ეკუთვნის. 3% მოგვითხრობს დისტოპიურ სამყაროზე, სადაც საზოგადოების მხოლოდ 3%-ს აქვს შანსი, მიიღოს დაპირებული საოცნებო ცხოვრება… თუკი მძიმე განსაცდელებს გადალახავს.
სერიალი არ არის აგებული “მოკალი, თორემ მოგკლავენ” პრინციპით, თუმცა ძალიან ჰგავს შიმშილის თამაშებს. სწორედ ამიტომ, Netflix-ის ალგორითმი ფილმის ფანებს რეკომენდაციაში სწორედ ამ სერიალს უჩვენებს.

საოცნებო სამყაროში ცხოვრების შანსების გასაზრდელად, მონაწილეებმა ფიზიკური, გონებრივი და სოციალური გამოწვევები უნდა გადალახონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალო შერკინება არაა და ყველა გმირი თავისი ფარული მოტივით ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.
მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა, სამსახიობო შესრულება და ამბის განვითარება კარგი და საინტერესოა. გუნდი მთლიანად ბრაზილიელი მსახიობებითაა დაკომპლექტებული, რომლის ცენტრშიც ჟოაო მიგელი (ეზეკიელი) დგას.

2018 წლის აპრილში სერიალის მეორე სეზონი გამოვიდა. ახალი სეზონი 10 ეპიზოდისგან შედგება და მაყურებელი იმ იღბლიანებს ხედავს, რომელთაც იდეალურ სამყაროში მოხვედრა ხვდათ წილად. თუმცა, ეს იღბლიანები იდეალურობის ბნელ მხარესაც ხედავენ და ლოგიკურად უჩნდებათ კითხვა: იქნებ 3%-ის ბედნიერება 97%-ის უბედურებაზე დგას?
წყარო: indiewire.com, S1; indiewire.com, S2
მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა