
1. ჯერარდ ბატლერის დებიუტი 1997 წელს შედგა, ფილმში მისის ბრაუნი. მან მსახიობობას საკმაოდ გვიან, 25 წლის ასაკში მიჰყო ხელი, რადგან თავდაპირველად სულ სხვა კარიერული გეგმები ჰქონდა. ბატლერმა გლაზგოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა და ედინბურგის იურიდიული ფირმიდანაც მალევე მიიღო შემოთავაზება. თუმცა, სანამ საბოლოოდ შეუდგებოდა იურიდიულ საქმიანობას, ერთი კვირით ადრე ფირმიდან დაითხოვეს.
2. ახალგაზრდობის წლებში ჯერარდ ბატლერი თავგადასავლების მოყვარული და თავზეხელაღებული იყო. შეეძლო, მთელი დღეები სმასა და გართობაში გაეტარებინა, თავით ალკოჰოლის ბოთლები დაემსხვრია და მეორე დღეს აღარაფერი ხსომებოდა. როგორც თავად იხსენებს, ერთხელ პარიზში გამოეღვიძა, ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ამ ქალაქში რატომ და როგორ აღმოჩნდა.
3. ჯერარდ ბატლერს არასდროს უვლია სამსახიობო სკოლაში. ალბათ, ამან განაპირობა, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში მსახიობის პროფესიით დასაქმება ძალიან გაუჭირდა.
4. როდესაც ჯერარდ ბატლერს სთხოვენ, გაამხილოს თავისი საყვარელი მსახიობების ვინაობა, ის ყოველთვის კრისტიან ბეილის და გარი ოლდმანს ასახელებს.

5. ჯერარდ ბატლერი გარკვეულ პერიოდს მუსიკითაც იყო გატაცებული. კოლეჯის წლებში ის შოტლანდიური როკ-ჯგუფის – Speed წამყვანი სოლისტი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფიდან არაფერი გამოვიდა, ბატლერს მიღებული გამოცდილება სამსახიობო კარიერაში დაეხმარა. ფილმებში – P.S. მე შენ მიყვარხარ და ოპერის მოჩვენება მან სიმღერები თავად შეასრულა.
6. მიუხედავად იმისა, რომ თავგადასავლების მოყვარული მსახიობი საკმაოდ ხშირად ეხვევა სახიფათო სიტუაციებში და ამას შეჩვეულია, ტალღების დამპყრობელის გადაღებებზე მიღებული ტრავმა მაინც სერიოზული აღმოჩნდა. ფილმის გადაღებები 2011 წლის დეკემბერში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში მიმდინარეობდა. სერფინგით სრიალის დროს ბატლერს უზარმაზარმა ტალღამ დაარტყა, წყლის ქვეშ მოაქცია და რიფებისკენ წაიღო. საბედნიეროდ, სამაშველო ხომალდმა დაშავებულ ბატლერს მალევე აღმოუჩინა დახმარება.
7. ჯერარდ ბატლერის პერსონაჟები საგმირო საქმეების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან, თუმცა მსახიობი რეალურ ცხოვრებაშიც მამაცი ადამიანია. 1996-1997 წლებში, მისის ბრაუნის გადაღებების დროს ბატლერი გაყინულ ოკეანეში შიშველი უნდა შესულიყო, რაც თავისთავად გულისხმობდა ჰიპოთერმიის განვითარების რისკს. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა, მაგრამ მსახიობის გამოჯანმრთელების შემდეგ ფილმის გადაღებები კვლავ განახლდა. ერთ დღესაც, სწორედ გადაღებების პერიოდში, მან პატარა ბიჭის ყვირილი გაიგონა. როგორც აღმოჩნდა, მისი მეგობარი მდინარე ტეიში იხრჩობოდა და ის ხალხს დახმარებას სთხოვდა. ბატლერი დაუფიქრებლად გადახტა მდინარეში და 14 წლის მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა. მსახიობს ამ მამაცური საქციელისთვის ჯილდოც კი გადასცეს.

8. ჯერარდ ბატლერი ერთ-ერთია იმ იშვიათი მსახიობებიდან, ვისაც ვარსკვლავური დაავადება საერთოდ არ აწუხებს. ის საკმაოდ თავმდაბალი, უშუალო და სასიამოვნო ადამიანია. არასდროს გაურბის თავის ფანებთან და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას და გადაღებების შემდეგ ხშირად ერთობა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად. როგორც მისი გარშემომყოფები ამბობენ, ბატლერთან ერთად დროის გატარება დაუვიწყარია.
9. წარმოშობით შოტლანდიელ მსახიობს არ უყვარს, როდესაც ჯერარდ-ით მიმართავენ, რადგან ფიქრობს, რომ ამერიკელებს ძალიან უჭირთ მისი სახელის სწორად წარმოთქმა. ამიტომ ურჩევნია, ჯერი დაუძახონ.
10. ჯერარდ ბატლერი სელტიკის უდიდესი ფანია და საფეხბურთო გუნდთან ერთად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაშიც კი მონაწილეობს. 2011 წელს, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების ფარგლებში, მსახიობმა თავისი საყვარელი კლუბის შემადგენლობაში მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშა.
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა
წყარო: https://www.fame10.com