აუცილებელი შეხსენება: თუ თქვენ უკანასკნელი სეზონის გამოსვლამდე პირველად უყურებთ სამეფო კარის თამაშებს, ფრთხილად – პოსტი ბნელია და სპოილერებით სავსე.
ვალარ მორგულის, სამეფო კარის თამაშების ერთგულო გულშემატკივრებო. სინემანია აგრძელებს წინასეზონურ მიმოხილვას, რომელშიც თანმიმდევრობით გავიხსენებთ სამეფო კარის თამაშების ყოველ სეზონში დარჩენილ მნიშვნელოვან დეტალებს და საკითხებს.
პირველი, მეორე და მესამე სეზონების მნიშვნელოვან დეტალებსა თუ მინიშნებებს თვალი უკვე გადავავლეთ და მე-4 სეზონს მივადექით. რა იყო ის საკითხები, უპასუხო კითხვები თუ დეტალები, რომლებიც აღნიშნულ სეზონში ვიხილეთ და რომელთაც შეიძლება უკანასკნელ, მე-8 სეზონში ახალი მნიშვნელობა შეიძინოს? მივყვეთ დეტალურად.
(უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline. ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.)
1. ვის შეუძლია ვალირიული ფოლადის გამოჭედვა?
მე-4 სეზონს ხსნის ეპიზოდი, რომელშიც ტაივინ ლანისტერი სტარკების ოჯახის ვალირიულ ხმალს (“ყინულს”) გადაადნობინებს და ლანისტერების გვარისთვის ორ ხმალს გამოაჭედინებს (მათ “ქვრივის მოთქმა” და “ფიცის დამცველი” დაერქვათ). ვალირიულ ფოლადს შემდგომ დიდი მნიშვნელობა მიენიჭება: ის ერთადერთი (მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე იშვიათი) ლითონია, რომლითაც თეთრი მავალების დახოცვა არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მცირეა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც მისი გამოჭედვის ხელოვნებას ფლობენ. ტაივინი ჯეიმის ეუბნება, რომ ხმლების გამოსაჭედად ვოლანტისში დაიქირავა მჭედელი, თუმცა წიგნებში ის გენდრის აღმზრდელი ოსტატი ტობო მოტია, რომელიც ვალირიული ფოლადის დამუშავების ხელოვნებას და ხელობასთან ერთად, ამ საქმისთვის აუცილებელ ჯადოქრობასაც ფლობს.
მე-7 სეზონში შოუს გენდრი დაუბრუნდა, შესაბამისად, შესაძლოა მისი ოსტატის ზემოხსენებული უნარიც გაიხსენონ და გენდრიმ არამარტო დრაკონის მინის (ეს მე-8 სეზონის თრეილერიდანაც ჩანს), არამედ ვალირიული ფოლადის იარაღების გამოჭედვის ხელოვნებაც აითვისოს.
2. ყველაფერი, რაც თეთრი მავალების ტრანსფორმაციის შესახებ შევიტყვეთ
მე-4 სეზონისა და მთლიანად, სერიალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ეპიზოდი, რომელსაც წიგნებშიც კი არ ვხვდებით: თეთრ მავალებს თავიანთ სამფლობელოში, უძველესი კლდეებით შემოსაზღვრულ დაბლობზე ვხედავთ.
სცენაში, რომელშიც კრასტერის უკანასკნელ ვაჟს “ღმერთების ძღვენად” შესწირავენ, ჩანან თეთრი მავალები, რომლებიც ნადავლს მარადიული ზამთრის მხარეში მიიყვანენ – მხარეში, სადაც ადამიანებს ფეხიც არ დაუდგამთ და სადაც თეთრი მოხეტიალეები ათასობით წლის განმავლობაში, პირველი გრძელი ღამის პერიოდიდან ცხოვრობენ. შესაძლოა ეს ტერიტორიაა ადგილი, სადაც მოხეტიალეები კრასტერის (და, სავარაუდოდ, სხვა ადამიანების) ვაჟებს უვლიან და ზრდიან მანამდე, სანამ ისინი ბრძოლისუნარიანები არ შეიქნებიან.
მე-4 სეზონის სცენიდან, რომელშიც თეთრი მავალები ჩვილს თავისნაირად გადააქცევენ, ვიგებთ იმასაც, რომ მოხეტიალეები სულაც არ არის უაზროდ ბოროტი ძალა. მათ აქვთ საკუთარი რიტუალები, ისტორია და კულტურაც კი. უდავო ფაქტია, რომ მათი მიზანი უბრალოდ კაცობრიობის განადგურება არაა, რადგან, შეიძლება ითქვას, მათ ადამიანები სჭირდებათ (ცოცხალი ადამიანები, რადგან ზომბისებური მოსიარულე მკვდრები განსხვავებულები არიან), რაც შეიძლება მეტი თავისნაირი რომ შექმნან.
ამ ყველაფრის კულმინაცია ფანების ფავორიტი თეორიაა, რომლის მიხედვითაც თეთრი მავალების რეალური მიზანი თავიანთი ჯიშის გადაშენებისგან ხსნაა.
თეთრი მოხეტიალეების რიცხვი დაუდგენელია, თუმცა მე-7 სეზონის ფინალში მათი მწკრივი კედელთან გამოჩნდა. თუმცა ისინი რამდენიმე ასეულიც რომ იყონ, ეს მაინც არაა დიდი რიცხვი. მათი გამრავლების ერთადერთი გზა კი ჯერჯერობით ჩვილების რიტუალური გადაქცევაა. წინა მიმოხილვებში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველა ადამიანის შვილი ამ საქმისთვის არ გამოდგება.
ბევრი ფანის აზრით, მოხეტიალეები, ნაცვლად სისხლიმღვრელი ომისა, რასაც ყველა ელის, სამშვიდობო მოლაპარაკებას მოახერხებენ ჩრდილოეთთან და კვლავ გადავლენ კედლის მიღმა, იქ სადაც მარადიული ზამთარია.
3. ვინაა მელისანდრე და რაშია მისი მაგია?
მე-6 სეზონის ბოლოს გამოჩნდა, რომ მელისანდრეს მშვენიერი გარეგნობის მიღმა ღრმად მოხუცებული კუდიანი იმალება და მისი ახალგაზრდობის საიდუმლო მის განუყრელ ყელსაბამშია. მაგრამ წითელი ქურუმი ქალი მნიშვნელოვან რამეს ამბობს მე-4 სეზონში, როცა დედოფალ სელისს შემდეგს უმხელს: “ფხვნილებისა და შხამების უმრავლესობა ტყუილებია – მტკიცებულებები, რითაც ადამიანებს ჩვენი ბატონის ძალას რეალურად დავანახვებთ. მის ნათელში შებიჯებისთანავე ყველა დაინახავს ამ ტყუილს – ფოკუსს, რომელმაც ისინი სიმართლესთან მიიყვანა.”
ბევრი ფიქრობს, რომ მელისანდრეს სწამს, რასაც აკეთებს, თუმცა ცეცხლში ილუზიების შექმნა შეუძლია, რასაც აქტიურად იყენებს, სტანისი (და სხვებიც) თავის ნებაზე რომ ათამაშოს. ამრიგად, ყველაფერი დასაჯერებელი არაა, რასაც წითელი ქურუმები ცეცხლში ხედავენ.
რას წარმოადგენს რეალურად მელისანდრე, შოუში ამ კითხვაზე საპასუხო მნიშვნელოვანი არგუმენტები არ არსებობს. თუმცა მისი ასაკი, რომელიც ალბათ ასეულობით წლებს მოიცავს, გულისხმობს იმასაც, რომ ის ტარგარიენების დინასტიის აღმასვლას მოესწრო. აქედან გამომდინარე, ის დენერისის და ჯონის ყველაზე გულმხურვალე მოკავშირე იქნება და ცეცხლის მაგიისა თუ დრაკონის მართვის საკითხებშიც ყველაზე მეტად მოეკითხება ჭკუა. პოტენციურად, სწორედ უკანასკნელ სეზონში შეიძლება მელისანდრემ გამოაღვიძოს ქვიდან დრაკონი, რომლის შესახებაც სტანისს გონებას ურევდა.
4. რა იგულისხმა სამთვალა ყორანმა, როცა ბრანს უთხრა, იფრენო?
ერთ-ერთი გადამწყვეტი ფრაზა, რომელიც ბრანის მომავალზე მიგვანიშნებს, სამთვალა ყორანის მიერ ნათქვამი სიტყვებია (ეს ფრაზა პირველად მაშინ ჩნდება, როცა ბრანი ვინტერფელის კოშკიდან ვარდება): “შენ ვეღარასოდეს გაივლი. მაგრამ იფრენ.” ამ ფრაზას მრავალი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს.
პირველი, რასაკვირველია, ბრანის მეტაფიზიკური, დროსა და სივრცეში გადანაცვლებისა და ყველაფრის ნახვის უნარია, ასევე ადამიანებისა და ცხოველების გონებაში შეღწევის უნარი. თუმცა არსებობს ამ ფრაზის სხვაგვარი ახსნაც: რომ ბრანი დრაკონის, კერძოდ მავალების მიერ აღდგენილი ვისერიონის გონებაშიც შეაღწევს და მისი საშუალებით მოახერხებს ფრენას.
სხვანი ამ ფრაზაში ცნობილ თეორიად ჩამოყალიბებულ აზრს ხედავენ: რომ ბრანი თავად ღამის მეფეა, ის კი უკვე მართავს ვისერიონს. თუმცა თეორია, მიუხედავად პოპულარობისა, მაინც საკმაოდ გიჟურად ჟღერს…
5. რა მოხდება არიას და ქოფაკის ხელმეორე შეხვედრისას?
შეიძლება ბევრს დაავიწყდა, რომ ქოფაკი არიას მოსაკლავთა სიაში პირველი იყო. თუმცა როცა ქოფაკმა არია დაატყვევა და მის ერინის ველზე წაყვანას და სარფიან გაცვლას აპირებდა, მათ უცნაური, თითქმის მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. როცა ბრიენმა ქოფაკი ორთაბრძოლაში დაჯაბნა და კლდიდან გადააგდო, არიამ საკუთარი ხელით მისი მოკვლა გადაიფიქრა და უმცროსი კლეგეინი უკაცრიელ ადგილას სასიკვდილოდ დაშავებული მიატოვა, რათა იქ ნელა და ტანჯვით მომკვდარიყო.
როგორც იცით, ქოფაკი არ მომკვდარა. მე-8 სეზონის თრეილერიდან გამოჩნდა, რომ იგი ჩრდილოეთშია, ვინტერფელში. ასევე არიაც.
საინტერესოა, როგორი იქნება მათი შეხვედრა. არია არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელიც მოსაკლავთა საკუთარი სიიდან ვინმეს მიმართ მოწყალებას გამოიჩენს. თუმცა მე-6 სეზონში არია ქოფაკს ორჯერ ახსენებს უსახო კაცთან წვრთნისას, მაგრამ ჯეიქენი მას ტყუილში დაადანაშაულებს. მოგვიანებით, შავი და თეთრი ტაძრის მსახურ გოგოსთან საუბრისას არია ამბობს, რომ ქოფაკი არ მოკლა, რადგან იგი სიიდან ამოიღო და აღარ უნდა, ის მკვდარი იყოს.
მე-7 სეზონში ქოფაკს მამობრივი სიამაყე ეტყობოდა, როცა ბრიენი მოუყვა, თუ რა ძლიერი მეომარი გახდა არია, შესაბამისად, აშკარაა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობები აქვთ.
6. ტირიონ ლანისტერი შეიძლება იდუმალი ტარგარიენი იყოს
თეორიის მხარდამჭერები ეყრდნობიან წიგნებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ მეფე ეირისს აშკარად იზიდავდა და სურდა ტაივინის ცოლი ჯოანა ლანისტერი, მეტიც, მასთან სულ მცირე ერთხელ მაინც იწვა. ამბობენ, რომ ტაივინის ცოლობამდე ჯოანა, მომავალი დედოფლის სეფექალი, ეირისის საყვარელი იყო. ამის შემდეგ ნათქვამია, როგორ “გაათავისუფლა” ეირისმა ჯოანა ტაივინთან ქორწილისას, ლოგინში წაყვანის ცერემონიის დროს.
ეს ყველაფერი მართლაც საეჭვოა, თანაც დროშიც ემთხვევა: ჯოანა ლანისტერი მეფის სავანეში თითქმის აღარ გამოჩენილა, თუმცა ნამდვილად ესწრებოდა ეირისის მეფედ კურთხევის აღსანიშნავ ნადიმს, რომელზეც ეირისმა ჯოანას მკერდზე გადაკრულად თქვა რაღაც, მეორე დღეს კი ტაივინმა მეფე ეირისის მარჯვენის თანამდებობის დატოვება მოისურვა. ტირიონი ამ მოვლენებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში იბადება, მის დეფორმირებულობას კი თეორიის მომხრეები ტარგარიენების ინცესტური გენების იშვიათ უარყოფით გამოვლინებას აბრალებენ.
მომენტმა, როცა ტირიონმა დენერისის მაგივრად ჯურღმულში ჩაკეტილი დრაკონების დაშოშმინება შეძლო, ამ თეორიაზე ნავთი დაასხა. დრაკონები, თავიანთი დედის გარდა ლმობიერებას ნამდვილად არ ამჟღავნებენ, იშვიათ გამონაკლისებში კი ტირიონი და ჯონ სნოუ მოხვდნენ. აქედან მართლაც ძნელია ლოგიკური დასკვნა არ გამოიტანო.
თუმცა დარწმუნებით ვერავინ ამბობს, რა მნიშვნელობა და დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ტირიონის ტარგარიენობას. მე-7 სეზონის შემდეგ ბევრი ალაპარაკდა, რომ ტირიონი, ტარგარიენების დევიზის თანახმად, დრაკონის “მესამე თავია” და სწორედ ის იქნებოდა მესამე დრაკონის მხედარი. მაგრამ ამჟამად ვისერიონი ღამის მეფის მიერ გაცოცხლებული ყინულისმფრქვეველი დრაკონია, რომელიც ჯერჯერობით ძნელია კვლავ ტარგარიენებთან დააკავშირო.
გაგრძელება იქნება.
მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით.
უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline.
ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.