ტრადიციული შეხსენება: თუ თქვენ უკანასკნელი სეზონის გამოსვლამდე პირველად უყურებთ სამეფო კარის თამაშებს, უკან დაიხიეთ – პოსტი ბნელია და სპოილერებით სავსე.
ვალარ მორგულის, სამეფო თამაშების გულშემატკივრებო. სინემანია აგრძელებს წინასეზონურ მიმოხილვას, რომელშიც თანმიმდევრობით გავიხსენებთ სამეფო კარის თამაშების ყოველ სეზონში დარჩენილ მნიშვნელოვან დეტალებს და საკითხებს.
ჩვენ უკვე გავიხსენეთ პირველი და მეორე სეზონების მნიშვნელოვანი დეტალები თუ მინიშნებები, ამჯერად კი დროა, მესამე სეზონს გადავავლოთ თვალი. რა საკითხები, უპასუხო კითხვები და დეტალები დაგვიტოვა მე-3 სეზონმა, რომლებმაც შეიძლება უკანასკნელ, მე-8 სეზონში ახალი მნიშვნელობა შეიძინოს და გადამწყვეტი აღმოჩნდეს? ერთად გავიხსენოთ.
(უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline. ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.)
რა ძალა აქვს მეფის სისხლს?
ცეცხლი და სისხლი, სისხლი ჩემი სისხლთაგანი, სისხლის მაგია, მეფის სისხლი – სამეფო კარის თამაშებში სისხლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ ყველაზე განსწავლული მოყვარულებიც კი ვერ ხვდებიდან, როგორ და რატომ.
მე-3 სეზონში მელისანდრე ითხოვს, მეფის სისხლის ძალის გამო გენდრი ცეცხლის ღმერთს შესწიროს მსხვერპლად; ამის შემდეგ მისი სისხლით ნაკვებ წურბელებს კოცონში ყრის და მიყოლებით ასახელებს რობ სტარკის, ბეილონ გრეიჯოისა და ჯოფრი ბარათეონის სახელებს. და ყოველი მათგანი ერთიმეორეს მიყოლებით კვდება.
თუმცა სადავო საკითხია, მართლა ცეცხლში ჩაყრილმა წურბელებმა გამოიწვია თუ არა აღნიშნული პირების სიკვდილი. ადამიანები მუდამ კვდებიან, განსაკუთრებით ომში. გარდა ამისა, “მეფის სისხლმა” არ გაამართლა საბრალო, უმანკო შირინ ბარათეონის დაწვის შემთხვევაში. ამასთან, როდიდან შეიძლება სისხლი “სამეფოდ” ვაღიაროთ? როდის იძენს ადამიანი მაგიურ სისხლს? – მისი მეფის შთამომავლად აღიარების შემდეგ თუ მანამდე? საქმე ისაა, რომ არამხოლოდ ოფიციალური მეფის სისხლს გააჩნია ძალა. წიგნებში, მაგალითად, მელისანდრეს მტკიცებით, კედლისმიღმა ხალხის თვითაღიარებულ მეფეს, მენს რაიდერსაც ძლიერი სამეფო სისხლი აქვს.
თუმცა ჩვენ საკმაოდ მყარი მტკიცებულება გვაქვს, რომ მეფის სისხლი მართლაც ძლიერია. მაეგმა მირი მაზ დურმა სისხლი ხალ დროგოს “გასაცოცხლებლად” გამოიყენა და ფორმალურად დაუბრუნა კიდეც სიცოცხლეს დროგო. ისტორიაშიც ნახსენებია ძველი ვალირიელების მიერ სისხლის მაგიის გამოყენების ფაქტები (ტარგარიენებიც დრაკონის მაგიური სისხლის არდაკარგვის მიზნით ქორწინდებიან ნათესავებზე). სინამდვილეში, მეფის სისხლს ტარგარიენების სისხლის ძალა აქვს, რადგან ბარათეონებიც ენათესავებიან ტარგარიენებს.
მოკლედ, ცხადია, რომ სისხლს (ან, უფრო ზოგადად, სამეფო ხაზს) ნამდვილად აქვს კავშირი გარკვეულ მაგიურ შესაძლებლობებთან და არამხოლოდ ტარგარიენების შემთხვევაში. მაგალითად, სტარკებსა და რიდებს უძველესი მაგია – “მწვანე მხედველობა” ანუ წინასწარმეტყველური სიზმრები და ვარგობა ანუ ცხოველების გონებით ჭვრეტა, მემკვიდრეობით მიჰყვებათ.
მნიშვნელოვანი და უპასუხო კითხვები თუ საიდუმლოები რიდების შესახებ
ჟოჟენ და მირა რიდებმა თავიანთი მისია აღასრულეს და ბრანს სამთვალა ყორნად გახდომაში დაეხმარნენ. უცნაური გვარის უცნაური წარმომადგნელები ედარდ სტარკთან ყოველთვის მეგობრობდნენ, მე-3 სეზონში კი მირას და ჟოჟენის მამა, ჰოულენდ რიდი ჩნდება, რომელიც ახალგაზრდა ნედის თანამებრძოლია სიხარულის კოშკთან, სადაც მოტაცებული ლიანა მშობიარობს.
ეს ნათელს ჰფენს ბუნდოვან საკითხს – რატომ არიან ასეთი მოწადინებულები რიდის ბავშვები, ბრან სტარკს სამთვალა ყორნად გახდომაში ყველანაირად შეუწყონ ხელი. მე-2 ეპიზოდში ჟოჟენი და ბრანი საუბრისას ახსენებენ, რომ მათი მამები მეგობრები იყვნენ და ჰოულენდმა რობერტის ამბოხისას ნედის სიცოცხლეც კი იხსნა. ეს ამბავი შემდეგ, მე-6 სეზონში ამოტივტივდა, როცა ბრანმა სიხარულის კოშკის მიმდებარედ დატრიალებული ამბები იხილა. ჰოულენდ რიდმა არა მხოლოდ იხსნა ნედის სიცოცხლე, არამედ იცოდა (და საიდუმლოდ ინახავდა) ჯონის ნამდვილი მშობლების სახელს.
ამრიგად, ის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ადამიანია ვესტეროსში, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს, რომ ჯონი რეიგარ ტარგარიენის კანონიერი შვილი და რკინის ტახტის სრულუფლებიანი კანდიდატია. ცხადია, ბრანის ხილვებს ბევრი არ დაუჯერებს ცოცხალი მოწმის გარეშე.
გარდა ამისა, რიდებს უძველესი წარმომავლობა აქვთ, კერძოდ მათი წინაპრები ტყის შვილებთან მეგობრულად ცხოვრობდნენ, შესაბამისად, რიდებს, რომლებსაც “ბაყაყიჭამიებს” ეძახიან, ოსტატურად შეუძლიათ ჭაობიან ადგილებსა და ტყეებში გადაადგილება და ნადირობა, გარდა ამისა, მათი დიდი ნაწილი მწვანე მხედველი და ვარგია.
რიდების სახლი, ისევე როგორც ყელის რეგიონში მდებარე მათი ჭაობიანი მამულები კიდევ უამრავი საიდუმლოებითაა მოცული, რომელთა შესახებ “ყინულისა და ცეცხლის სიმღერაც” ჯერჯერობით ბევრს არაფერს ამხელს, მაგრამ ჩვენი აზრით, სერიალში რიდების ხაზის გაგრძელების საჭიროება ნამდვილად არსებობს. ჩვეულებრივ, ჩრდილოელებისთვის სახეების კუნძული წმინდა ადგილად ითვლება, სადაც ათასობით წლის წინ პირველმა ადამიანებმა და ტყის შვილებმა სამშვიდობო შეთანხმება დადეს, რითაც ბოლო დაუდეს ერთმანეთს შორის ომს და დაპირისპირებას. როგორც მე-7 სეზონის გამოქვაბულის ნახატებითაც დადასტურდა, გრძელი ღამის დროს ადამიანები და ტყის შვილები საერთო მტრის – თეთრი მავალების წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
მე-7 სეზონში ბრანის ცივი მადლობით განაწყენებული მირა რიდი მამამისთან, ჰოულენდთან გაემგზავრა. იმედია, ეს განშორება არ იქნება უკანასკნელი, როცა რიდების ერთგული და უძველესი ცოდნის მატარებელი გვარის წარმომადგენელი ვიხილეთ და მე-8 სეზონში რიდების უძველესი სიბრძნე საკუთარ სათქმელს იტყვის.
მელისანდრემ არიას უთხრა, რომ ისინი კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს
მე-3 სეზონში არიამ გენდრის მოტაცებისთვის წითელი ქურუმი ქალი საკუთარ მოსაკლავთა სიაში შეიტანა. ამ მომენტში ყველაზე დამაფიქრებელი ისაა, რომ ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, მელისანდრემ სერიოზულად მიიღო არიას ფარული სურვილი, უსახო გამხდარიყო. მან არიას უთხრა: “მე შენში სიბნელეს ვხედავ. და ამ სიბნელეში უკნიდან თვალები მიყურებენ: ყავისფერი თვალები, ლურჯი თვალები, მწვანე თვალები. თვალები, რომლებსაც შენ აიძულებ, დაიხუჭონ. ჩვენ კიდევ შევხვდებით.”
მელისანდრემ ვარისთან საუბრისას მე-7 სეზონში აღნიშნა, რომ ისიც და საჭურისიც ვესტეროსში მოკვდებოდნენ. საინტერესო ისაა, მელისანდრეს თვალებსაც არია თუ აიძულებს დახუჭვას.
რას ნიშნავს “ცეცხლის სული”, რომელიც ჯონ სნოუს და ბერიკ დონდარიონს აქვთ?
ჯონ სნოუს მომხიბვლელობა უმეტეს შემთხვევაში გვავიწყებს იმ ფაქტს, რომ ის გაცოცხლებული მკვდარია. ისევე როგორც ბერიკ დონდარიონი უდროშოთა საძმოდან მე-3 სეზონში, ჯონიც ნათლის ღმერთის ქურუმმა აღადგინა მკვდრეთით.
მაგრამ როგორ ხდება ნათლის ღმერთის მიერ ადამიანის გაცოცხლება და როგორ მოქმედებს ეს ჯადოქრობა დროთა განმავლობაში? სამეფო კარის თამაშების ლოგიკით, ძნელი წარმოსადგენია მკვდრისთვის სიცოცხლის დაბრუნება, თუ ამას კონკრეტული მიზეზები ან საგანგებო ახსნა არ აქვს. ბედად, ამ კითხვაზე საკმაოდ ნათელი პასუხი გასცა ავტორმა ჯორჯ მარტინმა Time-თან 2017 წლის ინტერვიუში, როცა მან განმარტა, ვინ და რანი არიან ამჟამად ბერიკ დონდარიონი და ჯონი:
“საბრალო ბერიკ დონდარიონი, რომელსაც ყოველ ჯერზე მოუწია, ამისთვის თვალებში ჩაეხედა… ყოველ ჯერზე (როცა ის სიცოცხლეს უბრუნდებოდა) ის ნაკლები ბერიკი ხდებოდა. მას მოგონებები უხუნდება, რჩება სიკვდილის გამომწვევი ყოველი ნაიარევი, ფიზიკურად მახინჯდება… რადგან იგი აღარაა ცოცხალი ადამიანი. მას გული არ უცემს, მის ძარღვებში სისხლი არ მიედინება, ის ნაწილობრივ მოსიარულე მკვდარია, რომლის მამოძრავებელი ძალაც ყინულის ნაცვლად ცეცხლია.”
ამრიგად, ჩვენი საყვარელი ჯონი – თეთრ მავალებთან და მათ უკვდავ ცოცხალ მკვდრებთან მებრძოლი კეთილშობილი ახალგაზრდა, თავადაც გაცოცხლებული მკვდარი ანუ “ცეცხლის სულია” (fire wight).
ეს თემა მე-8 სეზონში მრავალნაირად შეიძლება განმეორდეს. რა არის ცეცხლის ღმერთის მიერ ნაჩუქარი სიცოცხლის საიდუმლო – რა უპირატესობა ან ნაკლი აქვს მას, უკანასკნელი სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტრიგაა. ერთი რამ ცხადია: ეს ჯადოსნობა პირდაპირ უკავშირდება აზორ აჰაის წინასწარმეტყველებას, რომელიც “აღთქმულ პრინცს” აღწერს როგორც “მკვდართა სამყაროდან დაბრუნებულს”.
იქიდან გამომდინარე, რაც თეთრ მავალებზე ვუწყით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მკვდრეთით აღმდგარი ჯონსა და ბერიკზე ცეცხლის ღმერთის, რ’ჰლორის (ან იმის, რის ძალასაც ეფუძნება ცეცხლის მაგია) გავლენა მეტი ძალით გავრცელდება. მე-7 სეზონის ეპიზოდში “Beyond the Wall” ჯონი აშკარად უფრო მეტი ინტერესით ისმენს ბერიკის მონაყოლს ცეცხლის ღმერთის ძალასა და რ’ჰლორის რელიგიის რაობაზე.
ჯონისა და ბერიკის “ცეცხლოვანი ბუნება” შეიძლება ბევრად “მდგრადი” აღმოჩნდეს თეთრი მავალების ყინულოვანი მაგიის წინაშე. ან, როგორც ყინულის მკვდრები სიცივეში – ცეცხლის მკვდრები ცეცხლთან (ანუ დრაკონებთან) სიახლოვისას გაძლიერდნენ.
თუ ამ თეორიაში უფრო შორს წავალთ, შეიძლება იმასაც კი ველოდეთ, რომ წითელი ქურუმები რ’ჰლორის ძალით ადამიანებს ცეცხლის მაგიით აღადგენენ თეთრი მავალების ყინულოვანი მკვდრების არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რა ხმა მოესმა ვარისს ცეცხლის ალში?
ვარისთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული და ამავე დროს, მრავლისმთქმელი მომენტი მე-3 სეზონის ის ეპიზოდია, რომელშიც ვარისი ტირიონს პატარაობაში თავისი კასტრაციის ამბავს უამბობს:
“ერთ დღესაც, მირში, ერთმა კაცმა ჩემს ბატონს ჩემში ისეთი ფასი შესთავაზა, რაზეც ის უარს ვერ იტყოდა. მე მეშინოდა, რომ ის კაცი ჩემს ისე გამოყენებას აპირებდა, როგორც, გამეგო, ზოგიერთი კაცი ბიჭებს იყენებდა. მაგრამ მას გაცილებით უარესი განზრახვა ჰქონდა. მან მე წამალი დამალევინა, რომელმაც ღონე წამართვა: აღარც განძრევა შემეძლო და აღარც ლაპარაკი; მაგრამ შეგრძნებები წამითაც არ მომდუნებია. ბასრი სამართებლით მან სიმღერ-სიმღერით წამასხიპა ფესვიც და ღეროც, ჩემი ეს ნაწილები ღუმელში დაწვა, ალი გალურჯდა და მისი დაძახილის საპასუხო ხმა გავიგონე. დღემდე მესიზმრება ის ღამე. არა ჯადოსანი, არა მისი დანა, არამედ ის ხმა. ღმერთი იყო? დემონი? ილუზიონისტის ფოკუსები? არ ვიცი. მაგრამ ჯადოქარმა დაუძახა და ხმამ უპასუხა. და იმ დღეიდან ჭირივით მეჯავრება მაგია და ყველა მაგი”.
რა გაიგონა ვარისმა ცეცხლის ალში, არავინ იცის. მე-6 სეზონში, მირინში ყოფნისას წითელი ქურუმი ქალი კინვარა, ვარისის გასაოცრად, სწორედ იმ საშინელ ღამეს იხსენებს:
“საშინელი რამეები უმიზეზოდ არ ხდება. მიიღეთ ის, რაც დაგემართათ, ლორდო ვარის, როცა ბავშვი იყავით. ეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი ჯადოსანის მიერ თქვენი წამება არ ყოფილა – წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აქ არ იქნებოდით, ბატონის რჩეულთან ერთად, მის დამხმარედ – რათა დაუბრუნოს სინათლე სამყაროს. ცოდნამ თქვენ გაგაძლიერათ, მაგრამ ჯერ კიდევ არის რამეები, რაც არ იცით. გახსოვთ, რა გაიგონეთ იმ ღამეს, როცა ჯადოსანმა თქვენი სხეულის ნაწილები ცეცხლში შეყარა? ცეცხლიდან ხმა მოგესმათ, ხომ გახსოვთ? გითხრათ, რა თქვა იმ ხმამ? გინდა გითხრათ მისი სახელი, ვინც მაშინ ლაპარაკობდა?”
სხეულის ნაწილების დაწვა და ცეცხლიდან გამომავალი ხმები გვაფიქრებინებს, რომ საბრალო ვარისი ცეცხლის ღმერთის მიმდევარმა ქურუმმა მიერ რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის გამოიყენა.
დიდი შანსია, რომ ხმამ რაღაც თქვა აზორ აჰაის და სამყაროს გამანადგურებელი ძალის მოახლოების შესახებ. შეიძლება სწორედ ამიტომ არის ვარისი ასეთი მოტივირებული, სამეფო ტახტზე ტარგარიენი დააბრუნოს. ბევრს ამ ინციდენტიდან ის დასკვნაც გამოაქვს, რომ ვარისს განსაკუთრებული სისხლი აქვს (იხ. ზემოთ მეფის სისხლი), შესაძლოა სულაც საიდუმლო ტარგარიენი იყოს.
ისიც შეიძლება, რომ უკვე გაგებული გვქონდეს, რა გაიგონა ვარისმა ცეცხლში. როგორც აღვნიშნეთ, მე-7 სეზონში მას მელისანდრემ უთხრა, რომ ორივეს ვესტეროსის “უცხო მიწაზე” დაღუპვა ელით. არსებობს თეორიებიც, რომ ეს ხმა სულაც ბრანის იყო და ჰოდორის მომენტის მსგავს სიტუაციაში მან წარსულზე გავლენა მოახდინა, რათა მომავალი შეეცვალა.
და ბოლოს: რად უნდოდათ თეთრ მავალებს მაინცდამაინც გილის შვილის მოტაცება?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გასული სეზონის მიმოხილვაში ვცადეთ. ის, თუ რაში სჭირდებათ თეთრ მავალებს კონკრეტულად კრასტერის ვაჟები, იხილეთ ჩვენი მიმოხილვის წინა ნაწილში.
გაგრძელება იქნება.
მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით.
უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline.
ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.