ტრადიციული შეხსენება: თუ უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე დარჩენილი დღის გატარებას სამეფო კარის თამაშების მე-7 სეზონის ცქერაში აპირებთ, მაშინ ფრთხილად: პოსტი ბნელია და სპოილერებით სავსე.
ვალარ მორგულის. ვასრულებთ წინასეზონურ მიმოხილვას, რომელშიც თანმიმდევრობით გავიხსენეთ სამეფო კარის თამაშების ყოველ გასულ სეზონში დარჩენილი მნიშვნელოვანი დეტალები და მინიშნებები.
ჩვენ უკვე “გადავიმეორეთ” პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სეზონების ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც მე-8 სეზონისთვის ყურადღება უნდა გავამახვილოთ. მოვიდა ბოლოს წინა, მე-7 სეზონის დროც. რა უპასუხო კითხვები, მინიშნებები და საყურადღებო თემები დაგვიტოვა მან და რომელმა დეტალებმა შეიძლება უკანასკნელ, როგორც გვპირდებიან, ყველაზე ეპიკურ სეზონში ახალი მნიშვნელობა შეიძინოს? კიდევ ერთხელ, ამ კუთხით გავიხსენოთ მეშვიდე სეზონი.
1. გადარჩება თუ არა სემი, რომელმაც გადაწყვიტა, ვესტეროსის ქრონიკები დაწეროს?
სამეფო კარის თამაშებში უეჭველი და გარდაუვალი არაფერია, სიკვდილის გარდა. თუმცა თუ ვინმეს მე-8 სეზონში დატრიალებულ ალიაქოთში გადარჩენის შანსი აქვს, ერთ-ერთი ნამდვილად სემუელ ტარლია – “ბოლო გადარჩენილი ადამიანის” თეორიის მთავარი გმირი. თეორიის მიხედვით, სერიის დასასრულში გვიჩვენებენ სემს – მაისტერს, რომელიც საგაში განვითარებულ მოვლენებს აღწერს ისტორიის ქრონიკებში, სახელად “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”.
ეს თეორია მე-7 სეზონში დაიბადა, როცა ციტადელში შესული სემის თავზე სწორედ ისეთივე ფორმისა და ორნამენტების მქონე ჭერში ჩამოკიდებული ასტროლაბი გამოჩნდა, როგორიც სამეფო კარის თამაშების ცნობილ ინტროშია.
საერთოდ, შოუს ინტრო მასში განვითარებულ მოვლენებზე მიგვანიშნებს: გარდა იმისა, რომ რუკა იმის მიხედვით იცვლება, რაც ვესტეროსსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება (მაგ. წითელი ქორწილის შემდეგ ვინტერფელის შენობიდან შავი კვამლი ამოდის), ასტროლაბის ღერძებზე ერთმანეთთან დაპირისპირებული სახლების სიმბოლოებია გამოსახული.
“თუ ისტორიის წერას აპირებ, ტარლი, კვლევა-ძიება მოგიწევს. თუ გინდა, შენი დაწერილი ისტორია ხალხმა წაიკითხოს, საკუთარი სტილი დაგჭირდება”, – ურჩევს არქიმაისტერი ებროსი სემს და იმასაც ამატებს, რომ ჯერ არავის დაუწერია “მეფე რობერტ I-ის სიკვდილის შემდგომი ომების ქრონიკები”. სემს ქრონიკებისთვის ეს სათაური არ მოსწონს და მაისტერს ეუბნება, რომ თავისი წიგნისთვის ის “უფრო პოეტურ” სახელს აირჩევდა… უფრო პოეტურს, ანუ “ყინულისა და ცეცხლის სიმღერას”.
2. რა შევიტყვეთ ციტადელის წიგნებიდან
სემმა ციტადელიდან წამოსვლამდე იქაური მდიდარი საცავიდან არაერთი წიგნი აიღო (როგორც ვიცით, მან მამამისს ვალირიული ფოლადის ხმალიც მოიპარა, თუმცა მის “კლეპტომანიას” პრაქტიკული გამართლება აქვს). სემის მიერ ვინტერფელში წაღებული წიგნებიდან მე-8 სეზონში რამდენიმე მართლაც გამოადგებათ.
პირველი – გრძელი ღამის ლეგენდები, ესოსის ქალაქების, ასშაისა და იი ტის ლეგენდების კრებულია, რომლებიც გრძელ ღამეზე მოგვითხრობენ. სწორედ იქიდანაა აზორ აჰაის ლეგენდა. ეს წიგნი დასტურია იმისა, რომ ესოსშიც აქვთ წარმოდგენა ზამთრისგან მომავალ საფრთხეზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებსაც განიხილავენ.
ასევე არის წიგნი, რომელშიც სემმა დრაკონის მინის შესახებ წაიკითხა და რომელშიც სწორედ იმ ვალირიული ფოლადის სატევარის ილუსტრაცია ვიხილეთ, რომელიც ნეკამ ბრანს მისცა (თავისდა სავალალოდ). ამ წიგნის აღნიშნულ გვერდზე ფანებმა დრაკონის მინის სხვა გამოყენებაც ამოიკითხეს.
“…დრაკონის მინა კურნავს დაავადებებსა და ავადმყოფობებს … თუმცა მისი გადაყლაპვა მცირედ მტკივნეულია… ნაკლებად არის ცნობილი ზიანი თვითმკურნალობის შემთხვევებისას … უმჯობესია პრაქტიკული მოვლა და მკურნალობა…”
ამ წიგნში სემმა რუხქერცლას მკურნალობის მანამდე უცნობი მეთოდის შესახებ ამოიკითხა, რომელიც ამ საშინელი დაავადების მქონე ჯორაჰ მორმონტზე წარმატებით გამოსცადა (შეიძლება მასშიც დრაკონის მინა გამოიყენებოდა).
3. რატომ არის მნიშვნელოვანი დრაკონის მინის სამკურნალო თვისებები
მე-5 სეზონში სტანისი აღნიშნავს, რომ დრაკონის ქვაზე მხოლოდ შავი დრაკონის მინა კი არაა, სხვა ფერებისაც გვხვდება: მწვანე, წითელი, იისფერი. შესაძლოა სხვადასხვა სახეობის მინას სხვადასხვა გამოყენება ჰქონდეს.
ერთ-ერთი თეორიის ავტორი ამტკიცებს, რომ სემის ცოდნა დიდი ომის ბედს რადიკალურად, თუმცა არაძალადობრივად გადაწყვეტს: მათ ღამის მეფის მოკვლა არ მოუწევთ, არამედ უბრალოდ “განკურნავენ” მეფეს “თეთრი მავალების” წყევლისგან, რომელიც ტყის შვილებმა აღასრულეს.
4. რას ნიშნავს გამოქვაბულის ნახატები?
ჯონი დენერისს ეუბნება, რომ დრაკონის ქვის გამოქვაბულების კედლებზე ნახატები ტყის შვილებმა დახატეს, და რაც მთავარია, ამ ნამუშევრებზე თეთრი მავალებიც არიან გამოსახულები. სნოუს ინტერპრეტაცია, თითქოსდა “ტყის შვილები და პირველი ადამიანები ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ” საგის გამოცდილი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ უცნაურად და არაზუსტად ჟღერს, რადგან, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ნახატებიდან ვერ გამოვიტანთ დასკვნას, ადამიანები მავალებს ებრძვიან თუ მათთან ერთად არიან.
შეიძლება ჯონმა ეს დასკვნა მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახისა და წაკითხულის მიხედვით გამოიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან მთელი სურათი იცის (მას ხომ, ზოგადად, ცოდნის პრობლემა აქვს). გარდა ამისა, გამოქვაბულის ნახატზე წვერიანი მოხეტიალეა გამოსახული, რომელიც ღამის მეფეს არ ჰგავს. ამჟამინდელი მეფე სხვაგვარად გამოიყურება და თავზე გვირგვინისებური ყინულოვანი წანაზარდებიც აქვს. თუ რა მოუვიდა მათ თავდაპირველ წინამძღოლს, არავინ იცის და ამის გაგება მართლაც ძალიან საინტერესო იქნებოდა.
5. რიგითი იარას გადასარჩენად
მე-7 სეზონის ბოლოს იარა გრეიჯოი კვლავ ეურონისა და სერსეის ტყვე იყო. ბოლოს ის მაშინ ვნახეთ, როცა სხვა ტყვეებთან: ელარიასა და მის გოგონებთან ერთად ჯაჭვებმობმული საზეიმოდ ჩამოატარა მეფის სავანის ქუჩებში ბიძამისმა, ეურონ გრეიჯოიმ. თეონმა ბოლოს და ბოლოს სიმამაცე გამოიჩინა, დრაკონის მინაზე მყოფ რკინის კუნძულელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და თავისი ტრანსფორმაცია უჩვენა, რითაც მათი მხარდაჭერა მოიპოვა და დის გასათავისუფლებლად გაეშურა. უკანასკნელ სეზონში და-ძმა გრეიჯოების ტრიუმფალურ დაბრუნებას ველით.
6. რატომ არის მნიშვნელოვანო გენდრის დაბრუნება
გენდრის მამამისის, რობერტ ბარათეონის გენები გარეგნობის გარდა საომარი უროს სიყვარულშიც გამოჰყვა. ბარათეონის ბუშმა უკანასკნელ სეზონში შეიძლება უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს. აი, რამდენიმე ყველაზე გავრცელებული თეორია გენდრის შესახებ:
- ის ჯონივით კანონიერი შვილი აღმოჩნდება (და არა ბუში) – მისი მშობლები მეფე-დედოფალი, რობერტი და სერსეი არიან, რაც გენდრის რკინის ტახტის კიდევ ერთ კანონიერ მემკვიდრედ აქცევს.
- ის არიაზე დაქორწინდება (და ასე აღსრულდება ნედის და რობერტის შეთანხმება – შვილები დაექორწინებინათ).
- სწორედ გენდრი იქნება ის ოსტატი, რომელიც ვალირიული ფოლადის საიდუმლოს ამოხსნის და თეთრ მავალებთან საბრძოლველ იარაღებს და აბჯრებს გამოჭედავს.
7. ღამის მეფე “მწვანე მხედველია” და დრაკონის მოკვლის მიზნით ჯონი და კომპანია კედლის მიღმა გაიტყუა
წინა სეზონის მიმოხილვაში ჩვენ ბრანისა და ღამის მეფის მჭიდრო კავშირზე ვისაუბრეთ. სინამდვილესთან ძალიან ახლოს დგას თეორია, რომ ღამის მეფე, ბრანივით და სამთვალა ყორანივით “მწვანე მხედველია”, რაც მას ცოცხალ არსებებში შესახლების და მათი მეშვეობით დრო-სივრცის გადალახვის საშუალებას აძლევს. მე-7 სეზონში ამ თეორიას კიდევ ერთი არგუმენტი შეემატა: ერთ მომენტში ღამის მეფე გრძნობს, რომ მას ბრანი უთვალთვალებს და ხედავს, როგორ ხოცავს ყორნებს, რის შემდეგაც მეფე ბრანს თავისი გონებიდან “აგდებს”.
ვისერიონის მოკვლამ ბევრი დაარწმუნა, რომ ჯონისა და კომპანიის კედლის მიღმა წასვლა ჭკვიანურად დაგებული ხაფანგი იყო – ღამის მეფის არმია ალყაში მოქცეული ჯონისა და მისი თანამგზავრების შეტევას არ ჩქარობდა, სანამ მოხეტიალეები არ დარწმუნდნენ, რომ დენერისი მათკენ დრაკონებით მოემართებოდა. ეს კი, რასაკვირველია მწვანე ხედვის მეშვეობით შეიტყვეს.
დრაკონების გამოჩენისთანავე მავალები სწრაფ მოქმედებაზე გადავიდნენ და ყინულის მოჯადოებული ჰარპუნი ყველაზე ახლოს მყოფ დრაკონს ესროლეს, აბსოლუტური სიზუსტით! – ზემოთ მოცემული ყველა ფაქტი სწორედ იმაზე მიგვითითებს, რომ ღამის მეფე ბრანივით მწვანე მხედველია, რაც მას მოვლენებზე კიდევ უფრო დიდ გავლენას ანიჭებს. ამ დასკვნას, თავის მხრივ შორსმიმავალ, თუმცა სრულიად ლოგიკურ თეორიამდე მივყავართ: ღამის მეფეს ეს უნარი მემკვიდრეობით ერგო, რადგან ის სტარკია.
8. თეთრი მავალების არმია “ვამპირულ წესებს” ემორჩილება
ეპიზოდში სახელად “Beyond the Wall” ჩვენ შევიტყვეთ, რომ თეთრი მოხეტიალეები და გაცოცხლებული მკვდრები კლასიკური, “ვამპირული პრინციპით” არიან დაკავშირებულები. ანუ თუ მავალს მოკლავ, მის მიერ აღდგენილი მკვდრებიც იხოცებიან.
როგორც მოგვიანებით ბერიკმა იკითხა: ნიშნავს კი ეს იმას, რომ თუ ღამის მეფის მოკვლა მოხერხდება, ყველა მისნაირი თეთრი მავალი და, შესაბამისად, იმათი მკვდრების არმიაც განადგურდება? ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მავალები ერთმანეთს დაახლოებით ისე უკავშირდებიან, როგორც გულის ხეები – ერთმანეთის გონებაში თავისუფლად მოძრაობენ და ინფორმაციას სწრაფად გადასცემენ.
9. რა ბედი ეწია ძია ბენჯენს?
მე-7 სეზონში ძია ბენჯენი, იგივე “ცივხელა” ჯონს უეჭველი დაღუპვისგან იხსნის. მაგრამ თავად მას, თითქმის გაყინული ჯონისთვის თავისი ცხენის დათმობის შემდეგ მკვდრების რაზმი შემოესევა და სავარაუდოდ, კლავს (მაგრამ, გრეიჯოიებს დავესესხებით: რაც მკვდარია, ვეღარ მოკვდება). და მაინც, ბენჯენი დიდი ხანი აღარ იყო ნამდვილი ცოცხალი ადამიანი, ასე რომ, ყველაფერია მოსალოდნელი. თანაც, ჩვენ საკუთარი თვალით არ გვინახავს, როგორ მოკვდა იგი. სამეფო თამაშებში კი არასდროს უნდა ენდოთ სიკვდილს, რომელსაც კადრში არ გიჩვენებენ.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბენჯენ სტარკი ალტერნატიული საძმოს წევრია, რომელსაც პირობითად “საიდუმლო ღამის გუშაგს” უწოდებენ და რომელსაც კედლისმიღმა საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის საშუალებებზე გაცილებით ღრმა წარმოდგენა აქვს, ვიდრე ღამის გუშაგს. საინტერესოა, რომ თავად სამთვალა ყორანიც, სანამ ხეში დაიდებდა სამუდამო ბინას, ღამის გუშაგის ლორდ-მეთაური იყო.
10. თოროსი მკვდარია, რაც ბერიკისთვის ცუდი ამბავია
ნამდვილად სასწაულია, რომ კედლის მიღმა წასული თავზეხელაღებულების რაზმიდან მირელი თოროსის გარდა არავინ დაღუპულა. მაგრამ თოროსი – ყველაზე ლოთი წითელი ქურუმი, ბერიკ დონდარიონის სიცოცხლის ნაპერწკალი იყო. ახლა კი, როცა იგი მოკვდა, ბერიკსაც ვეღარავინ აჩუქებს კიდევ ერთ სიცოცხლეს (ალბათ დონდარიონსაც მობეზრდა ამდენი გაცოცხლება).
11. სად არის ლანდი?
ჯონის ალბინოსი მგელსაზარა ლანდი მე-6 სეზონის დასაწყისის შემდეგ აღარ გვინახავს. თუმცა მე-8 სეზონის თრეილერში მან ბრძოლის ველზე გაიელვა. მისი დაბრუნება შეიძლება სიმბოლურიც იყოს, რადგან აზორ აჰაის წინასწარმეტყველების მიხედვით, სინათლის მომტანს თანამებრძოლებში ადამიანებისა და ცხენის გარდა ძაღლიც ახლავს.
მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით.