ტრადიციული შეხსენება: თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონების ყურება, ფრთხილად: პოსტი ბნელია და სპოილერებით სავსე.
ვალარ მორგულის. ვაგრძელებთ წინასეზონურ მიმოხილვას, რომელშიც თანმიმდევრობით გავიხსენებთ სამეფო კარის თამაშების ყოველ სეზონში დარჩენილ მნიშვნელოვან დეტალებსა და მინიშნებებს.
ჩვენ თვალი უკვე გადავავლეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სეზონების იმ საკითხებს, რომლებზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ამჯერად კი მე-6 სეზონის დროა. რა უპასუხო კითხვები, ხელჩასაჭიდი მინიშნებები დაგვიტოვა აღნიშნულმა სეზონმა და რა დეტალებმა შეიძლება უკანასკნელ, მე-8 სეზონში ახალი მნიშვნელობა შეიძინოს? მივყვეთ დაწვრილებით.
1. რას ვიგებთ თეთრი მავალების წარმოშობის ისტორიით?
როცა ბრანი ტყის შვილს ეკითხება, ეს რატომ გააკეთეს, იგი პასუხობს: “ომში ვიყავით. გვხოცავდნენ, ჩვენს წმინდა ხეებს ჭრიდნენ… თავი უნდა დაგვეცვა… თქვენგან, ადამიანებისგან.” დღემდე ბევრს კამათობენ იმის შესახებ, თუ ვინ იგულისხმება “ადამიანებში” – ვესტეროსში გამოჩენილი პირველკაცები თუ ანდალები? ყინულისა და ცეცხლის სამყაროს თაიმლაინის მიხედვით პირველი კაცები იგულისხმება, თუმცა ოფიციალური სცენარის მიხედვით, ეს მოვლენა გაცილებით გვიანდელი წლით თარიღდება.
დრაკონის მინა, რომელიც თეთრ მავალებს ანადგურებს, მათი შექმნის იარაღიცაა. მსგავსი მეთოდით იქმნებიან ცივხელებიც (როგორიცაა ძია ბენჯენი). მისი მიხედვით, ტყის შვილებმა ის სწორედ დრაკონის მინის დახმარებით დაუბრუნეს სიცოცხლეს. ეს მე-8 სეზონისთვის გამოსადეგი ინფორმაციაა. გარდა ამისა, მე-7 სეზონში ობსიდიანის სამკურნალო თვისებებიც კი არის აღნიშნული.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: თეთრი მავალები უკვდავები არ არიან. გაცოცხლებული მკვდრებისგან განსხვავებით, უფრო მეტად ჰგვანან ადამიანებს და მეტიც, ისინი იმ ადამიანებისგან არიან წარმოქმნილები, რომელთაც მონსტრობა სულაც არ უნდოდათ.
2. შეუძლია თუ არა ბრანს წარსულზე გავლენის მოხდენა?
ფანები გამუდმებით დავობენ იმის თაობაზე, ახდენს თუ არა წარსულზე გავლენას ბრანი. ამ კითხვაზე მოკლე პასუხია “არა”. თუმცა საქმე ასე მარტივად არაა.
სამთვალა ყორანმა ბრანს წარსულზე მოქმედება აუკრძალა: “წარსული უკვე დაწერილია. მელანი გამშრალია.” – გააფრთხილა მან ბრანი. მიუხედავად ამისა, სიხარულის კოშკთან ახალგაზრდა ნედი გარემოს დაკვირვებით ათვალიერებს, თითქოს ვიღაცის არსებობას გრძნობს. სამთვალა ყორანს ბრანის ამ უნარის სიძლიერე აოცებს, შესაბამისად, რა გავლენა აქვს წარსულზე მას, ბოლომდე ჯერ არ გარკვეულა.
ბრანის ვარგობა პირდაპირ კავშირშია ჰოდორის ტრაგიკულ ამბავთან. ბრანის, როგორც ვარგის საშუალებით ჰოდორმა საკუთარი მომავალი იხილა და თავისივე გონებაში გამოემწყვდია. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ბრანმა წარსული შეცვალა. ის, რომ ბრანი ჰოდორის გონებას დაეპატრონებოდა და მის ფსიქიკას დააზიანებდა, განსაზღვრული იყო. ბრანს წარსული არ შეუცვლია, მან უკვე დაწერილი მელანი შეაშრო.
ძნელი წარმოსადგენია ისიც, რომ თუ ბრანს მართლაც შეუძლია წარსულის შეცვლა, რატომ არ შეაჩერა რობერტის ამბოხი და პირიქით – წაახალისა ის მეფე ეირისის გაგიჟებით.

ბრანი – ღამის მეფე: ეს მე-8 სეზონისთვის ყველაზე პოპულარული თეორიაა, თუმცა ზოგიერთი ფანთეორია ისე შორს მიდის, ყოველგვარ ლოგიკას სცდება. სინამდვილეში, მთავარი ისაა, ვიცოდეთ, თუ რა გავლენას ახდენს წარსულზე ბრანის უნარი. და ამის ყველაზე მარტივი პასუხია ველური ქალის, ოშას სიტყვები პირველ წიგნში.
ვინტერფელის საღვთო ტყეში ოშა ბრანს ეკითხება, გესმის თუ არა ღმერთების ხმაო, რაზეც ბრანი პასუხობს, რომ მხოლოდ ქარში მოშრიალე ხმა ისმის და მეტი არაფერი. “და როგორ ფიქრობ, ვინ გზავნის ქარს, თუ არა ღმერთები?” – აგრძელებს ოშა, – “ისინი გხედავენ, ბიჭო. ესმით შენი.”
საღვთო ტყიდან (რომელიც უმეტესად მხოლოდ ჩრდილოეთში დარჩა) ადამიანებს არა “ღმერთების”, არამედ ტყის შვილების ხმა ესმით – მწვანე მხედველების, რომლებიც წარსულსა და აწმყოს ხედავენ და ერთიმეორეს საღვთო ხეებით ეკონტაქტებიან. თავად სამთვალა ყორანი ამბობს, რომ შეიძლება ნედმა ხილვაში ბრანის, ან მხოლოდ ქარის ხმა გაიგონა… ანაც ორივესი.
3. რა მნიშვნელობა აქვს ნიშანს, რომელიც ღამის მეფემ ბრანს დაადო?
ღამის მეფის შეხება ბრანის ხელზე (თუნდაც ბიჭის ხილვაში), გამოუსწორებელ კატასტროფას იწვევს: არღვევს მაგიურ დაცვას და ბრანს მოხეტიალეებისთვის “მისაწვდომს” ხდის, რასაც ტრაგიკული მოვლენების მთელი ჯაჭვი მოჰყვება. მაგრამ ეს მომენტი მაინც ბუნდოვანი რჩება. მე-7 სეზონის წინ ფანები თეორიას გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ რადგან ბრანმა გადმოლახა კედელი, ამით ღამის მეფესაც მისცა კედლის გადმოლახვის საშუალება. ნიშანი ბრანის ხელზე ნიშანია იმისა, რომ ღამის მეფე ბრანს “მოსდევს” და ახლა, როცა მავალების არმიამ კედლის ჯადოსნური დაცვა ბოლოს და ბოლოს გაარღვია, ბრანსა და მის გარშემო ყველას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება.
ამ მომენტს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ღამის მეფე ბრანივით და სამთვალა ყორანივით მწვანე მხედველია, თანაც მან არამარტო ნახა ბრანი, არამედ შეეხო კიდეც მას მაშინ, როცა ის სხეულიდან “გასული” იყო. კიდევ ერთი პოპულარული თეორია ირწმუნება, რომ მე-8 სეზონში მთავარი ომი ბრანისა და ღამის მეფის “გონებრივი ომი” იქნება.
როგორც მრავალი მოსაზრება ადასტურებს, პირველი გრძელი ღამისას თეთრი მავალები კი არ დამარცხდნენ, არამედ ტყის შვილებთან და ადამიანებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს, რომელიც ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას კრძალავდა. ჩრდილოელები ათასობით წლის განმავლობაში ამ წესს ტრადიციულად იცავდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ადამიანებმა ეს ზავი დაივიწყეს, ტყის შვილებს ხეები გაუჩეხეს, რამაც მავალებსც მისცა კვლავ გააქტიურების საბაბი.
ამ უიმედო მდგომარეობაში არის მრავალი საიდუმლოება, რომლითაც თეთრი მავალების “დამარცხება” და უკან განდევნა შეიძლება. ჟოჟენის თქმით, ვინტერფელში მრავალი მივიწყებული რამ არის, ასევე ფრაზა “ჩრდილოეთს ახსოვს” განიმარტება, როგორც სტარკების მოვალეობა – იზრუნონ ოდესღად დადებული სამშვიდობო ზავის პირობების დაცვაზე.
აშკარაა, რომ ჩრდილოეთს არც ისე კარგად ახსოვდა მოვალეობა, რადგან მოხეტიალეები გაბრაზებულები და მიზანმიმართულები ჩანან.
4. რა მოხდა, როცა ბრანი სამთვალა ყორანი გახდა?
სამთვალა ყორნები ვესტეროსის მასშტაბით, საღვთო გულის ხეების მახლობლად მიმდინარე მოვლენებს ხედავენ. ეს წითელფოთლება, სახიანი ხეების ერთგვარი ქსელია, რომლის ფესვებშიც ტყის შვილები ცხოვრობენ. როგორც ბრანმა სანსას აუხსნა, მას ფრაგმენტული ხილვები აქვს, რითაც აიხსნება კიდეც მისი გაფანტულობა და ინფორმაციის თავმოყრის პრობლემა, რაც ერთი ადამიანისთვის მართლაც რთული გადასახარშია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბრანს, როგორც სამთვალა ყორანს, მხოლოდ იმ წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოვლენების ხილვა შეუძლია, რომლებიც გულის ხეების მახლობლად ხდება, ამიტომ, მისი ხილვების არეალი, განსაკუთრებით სამხრეთში, შეზღუდულია, რადგან შვიდსახა ღმერთის თაყვანისმცემელმა სამხრეთელებმა ბევრგან ძველი საღვთო ხეები წლების წინ გაჩეხეს. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრანი ვარგიც არის და სხვადასხვა ცხოველში, ფრინველსა და ნაკლებად “დაცული” გონების მქონე ადამიანებში დროებით შესახლებაც შეუძლია. თუმცა ჯერჯერობით ბრანს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე მართვა არ შეუძლია. იმედია, უკანასკნელ სეზონში ის საკუთარ ძალებზე მაქსიმალურ კონტროლს დაამყარებს და მეტ-ნაკლებად სისტემაში მოიყვანს.
5. სემმა ვალირიული ხმალი მოიპარა. ვისთვის?
მე-6 სეზონში საინტერესო მომენტი იყო სემის მიერ ტარლების სახლის ვალირიული ფოლადისგან დამზადებული ხმლის, “გულთამმუსვრელის” მოპარვა. საინტერესოა, ვის ერგება ამ იშვიათი იარაღის ტარების პატივი მე-8 სეზონში. მოხეტიალეების მოწინააღმდეგეები ვალირიული ხმლების დიდი რაოდენობით ვერ დაიკვეხნიან (მართალია, გენდრი ცდილობს, ამ ფოლადის გამოჭედვის რაიმე ტექნოლოგიას მიაგნოს, მაგრამ ჯერჯეობით არაფერი ვიცით). მათ განკარგულებაშია: ჯონის “გრძელი კლანჭი”, არიას “კატის ბრჭყალი” (სატევარი, რომელიც ნეკამ ბრანს მისცა და ბრანმა კი არიას, რომელმაც ნეკას მოუსწრაფა სიცოცხლე), ბრიენის “ფიცის მცველი” და სავარაუდოდ, ჯეიმის “ქვრივის მოთქმა” (ეს ორი უკანასკნელი ნედ სტარკის “ყინულის” გადადნობის შედეგად მიიღეს ლანისტერებმა).
სულ ესაა. დანარჩენი მეომრები დრაკონის მინის, და, რასაკვირველია, დრაკონების, იმედად უნდა იყონ.
6. რა ბედი ეწიათ უსახოებს და ვიხილავთ თუ არა მათ მე-8 სეზონში?
სიგიჟეა იმის წარმოდგენაც კი, რომ უსახოებმა, სულ მცირე ჯეიქენ ჰაგარმა არიას ბრაავოსიდან გაქცევის ნება დართო, მით უმეტეს მაშინ, როცა არიამ სრული დაუმორჩილებლობა გამოავლინა და ვინაობის დავიწყებაზეც უარი თქვა. პერსონალური ვენდეტების აღსრულება ასასინების რელიგიური კულტის საშინელი დარღვევა და შეურაცხყოფაა.
უცნაურია, მაგრამ არია ჯეიქენის აშკარა ფავორიტი იყო, რადგან უსახო მას ბევრ რამეს პატიობდა, რასაც სხვას არ მიუტევებდა. ამას ალბათ თავისი მიზეზები აქვს – უსახოები ქველმოქმედებით არ გამოირჩევიან. ამიტომ, არიას ვესტეროსში დაბრუნების შემდეგ აგორდა თეორიები, რომ უსახოები ან მათი რომელიმე წარმომადგენელი ნამდვილად გამოჰყვება არიას სიკვდილის ღმერთის კუთვნილი სიცოცხლის უკან დასაბრუნებლად. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და გამოთქვა აზრი, რომ როცა სტარკებმა პეტირ ბეილიში დასაჯეს, ის რეალური ნეკა სულაც არ იყო, არამედ ნაცვლად სწორედ ერთ-ერთი უსახო. თუ როგორ მოხდა ეს, უცნობია.
მაგრამ უკანასკნელ სეზონში უსახოებს შეიძლება უფრო მასშტაბური ფუნქცია დაეკისროთ, ვიდრე არიაზე შურისძიებაა. უსახოები წარმოშობით ვალირიის მაღაროებიდან არიან და მათმა ამბოხმა გამოიწვია კიდეც იქაურობის საბოლოო დაღუპვა. ამრიგად, ისინი შეიძლება სისხლის მაგიაშიც იყვნენ გაწაფულები და დრაკონების დაბადების შესახებაც იცოდნენ ბევრი.
7. ემთხვევა თუ არა აზორ აჰაის წინასწარმეტყველებას სიხარულის კოშკში განვითარებული მოვლენები?
სიხარულის კოშკში მიმდინარე მოვლენების ხილვამ ჯონის მშობლების ვინაობა გაგვაგებინა, თუმცა ამავე მოვლენებში ბევრი აზორ აჰაის წინასწარმეტყველების ახდენასაც ხედავს.
დორნში, რეიგარ ტარგარიენის ვაჟის, ჯონის (ეიგონის) დაბადებისას იმყოფებოდა სერ ართურ დეინი თავისი ლეგენდარული ხმლით – “განთიადით”. გარდა სახელისა, ამ ხმალს ისიც გამოარჩევს, რომ მეტეორისგან (ჩამოვარდნილი ვარსკვლავისგან) არის გამოჭედილი. ართურ დეინმა ახალგაზრდა ნედ სტარკის თანმხლებებთან ორთაბრძოლისას სისხლი დაღვარა, შესაბამისად ეს მოვლენა ემთხვევა წინასწარმეტყველების ფრაზას: “წითელი ვარსკვლავი სისხლით შეიღებება”. სწორედ ამ დროს დაიბადა ჯონი.
თუმცა ჯონი აზორ-აჰაიობის მხოლოდ ერთ-ერთი კანდიდატია. ზოგიერთი მას დენერისს უკავშირებს, ზოგიერთი – ჯეიმი ლანისტერს… თუ წინასწარმეტყველებას არა პირდაპირ, არამედ მეტაფორულად გავიგებთ, რეალურად ჯონი არის სინათლის მომტანი – გაიხსენეთ მის მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: “მე ვარ ხმალი სიბნელეში. მეთვალყურე კედელზე. მე ვარ ცეცხლი, რომელიც სიცივეში ანთია, სინათლე, რომელსაც განთიადი მოჰყავს, ბუკი, რომელიც მძინარეებს აღვიძებს, ფარი, რომელიც ადამიანთა სამეფოებს იცავს.” – აზორ აჰაი “ხმალია სიბნელის წინააღმდეგ.
გაგრძელება იქნება.
წყარო: mashable.com
უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline.
ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.