ვინც გადაწყვიტა, უკანასკნელი სეზონის გამოსვლამდე პირველად უყუროს სამეფო კარის თამაშებს, ფრთხილად, პოსტი ბნელია და სპოილერებით სავსე.
დანარჩენებისთვის ვალარ მორგულის. სანამ 14 აპრილი დადგება, სინემანიამ გადაწყვიტა, სამეფო კარის თამაშების ქართველი გულშემატკივრები ზამთრისთვის საუკეთესოდ შეამზადოს და ყოველი სეზონის მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასთან ერთად, გადავხედოთ წინა სეზონებსა და ეპიზოდებში ჩადებული ყოველ მინიშნებას, საკვანძო საკითხსა და წვრილმან დეტალებს, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს.
სამეფო თამაშების ყოველკვირეულ მიმოხილვაში ჩვენ შემოგთავაზებთ, უპასუხო კითხვებს, გადაუჭრელ სიუჟეტურ ხაზებს და კარგად დავიწყებულ წვრილმანებს, რომელთაც სამომავლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭათ ან, სავარაუდოდ, მიენიჭებათ. მოკლედ, ყველაფერს, რაზეც უნდა დავფიქრდეთ და რაც უნდა გვახსოვდეს, სანამ ზამთარი მოვა და ვესტეროსულ endgame-ს ვიხილავთ.
მაშ ასე: დავიწყოთ 1-ლი სეზონით
1. რას ნიშნავს სპირალურ ფორმაზე განლაგებული მკვდრები?
მისტიკური წრე, რომელიც პირველი სეზონის პილოტის პირველივე კადრებიდან გამოჩნდა: თეთრი მავალების მიერ მკვდარი ველურების დანაწევრებული სხეულებისგან გამოსახული უჩვეულო ნახატი (რომელიც ჩვენ ბორჯღალს მოგვაგონებს), მაყურებელმა მე-3 სეზონის მე-3 ეპიზოდშიც იხილა, როცა მენს რაიდერი მკვდარი ცხენების განლაგების კანონზომიერებაზე მიუთითებს. “ყოველთვის მხატვარი ჰყავთ” – ამბობს ის თეთრი მოხეტიალეების “ნაკვალევზე”.
მაგრამ ამ სპირალურ მოხაზულობას მხოლოდ თეთრი მავალები არ იყენებენ. ბრანის ხილვაში, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ შექმნეს ტყის შვილებმა პირველი თეთრი მავალი (მე-6 სეზონში) ასეთივე სიმბოლო მოჩანს იმ ბედისწერის ხის გარშემო, რომელთანაც ეს მოვლენა ხდება. ეს სიმბოლო ასევე ჩანს მე-7 სეზონის იმ ეპიზოდშიც, როცა დენერის ტარგარიენი და ჯონ სნოუ დრაკონის ქვის გამოქვაბულებს ათვალიერებენ, სავარაუდოდ, ეს გამოსახულებებიც გამოქვაბულების კედლებზე ტყის შვილების დახატულია.
ჯერჯერობით არ მიგვიღია პასუხი, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლო ან რაზე მიგვანიშნებენ ამით ვესტეროსის უძველესი მკვიდრები. შოურანერმა დევიდ ბენიოფის განმარტებით, ამ უძველეს სიმბოლოს ტყის შვილები რიტუალური დანიშნულებით იყენებდნენ.
საერთოდ, სპირალი განმეორებად ციკლის გამოხატულებაა. ამრიგად, ის თეთრი მავალების ხელახლა აღზევებას უნდა მოასწავებდეს. პირველად ისინი ათასი წლის წინ, გრძელი ღამის დროს აღდგნენ. შეიძლება თეთრი მოხეტიალეები ამ სიმბოლოს ადამიანებისთვის იმის შესახსენებლად ხატავენ, რაც ათასი წლის წინ გადაიტანეს.
2. ბებერი ნენის ზღაპრებიდან ყოველი სიტყვა მართალია?
პირველ სეზონში ყველას, მათ შორის სტარკის სახლის ყოველ წარმომადგენელს სასაცილოდ არ ყოფნიდა ბებერი ნენის, ანუ ძიძის ნაამბობი ზღაპრები, რომლებშიც ცივ ღამეებში ადამიანების მტერი ათასგვარი საშინელი არსება იღვიძებდა და ყველას საფრთხეს უქმნიდა. სინამდვილეში კი მოხუცი ნენი არა გამოგონილ ზღაპრებს, არამედ ხალხში შემორჩენილ უძველეს თქმულებებს ჰყვება და მათში ნახსენები ყოველი დაუჯერებელი ამბავი ნამდვილია.
მკვდარ ცხენებზე ამხედრებული თეთრი მოხეტიალეები, ქოფაკებივით დიდი ფერმიხდილი ობობები, მკვდარი მხეცები… უმეტესი მათგანი უკვე ვიხილეთ. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ ნენის მიერ მოყოლილი ამბების ყოველი გმირი ბრანდონი ბრანდონ სტარკია – დროში მოგზაური, რომელიც მრავალი დიადი საქმე გააკეთა ჩრდილოეთისთვის, მათ შორის გამორჩეული კი კედლის აღმართვა და მისი ათასგვარი უძველესი ჯადოთი შეკვრა იყო.
ნენი ასევე ამბობს: “ყველა ყვავი მატყუარაა.” საინტერესოა, რას ნიშნავს ეს: ღამის გუშაგის ღალატს, ჯონ სნოუს გაფრთხილებას იმის შესახებ, რაც უკვე მოხდა თუ სამთვალა ყვავზეა საუბარი?
3. დაბრუნდება თუ არა ნიმერია?
მას შემდეგ, რაც პირველი სეზონის მე-2 ეპიზოდში ნიმერიამ არიას დასაცავად ჯოფრის მკლავზე უკბინა, ის პირველი მგელსაზარა იყო, რომელიც გაუჩინარდა. სტარკების სხვა მგელსაზარებისგან განსხვავებით, მხოლოდ ის და ჯონ სნოუს ასევე გაუჩინარებული ლანდი არიან ცოცხლები.
მე-7 სეზონში მისმა მოკლე შეხვედრამ არიასთან ცხადყო, რომ ნიმერია გაველურებულია და მგლების ხროვის ლიდერია, თუმცა იმედია, ნიმერია თავის ძველ პატრონს დაუბრუნდება და ორივე მათგანი საკუთარ მისიას აღასრულებს.
4. მირი მაზ დურის წყევლა
მას შემდეგ, რაც დოთრაკების მიერ ტყვედ აყვანილმა მაეგმა დენერისს ნაყოფი მოუკლა, ხალ დროგო კი სიცოცხლეს არ დაუბრუნა, რის გამოც დენერისმა მისი კოცონზე დაწვა გადაწყვიტა, მაგმა მის მიმართ წყევლის სიტყვები წარმოთქვა, რომელშიც თქვა, როდის დაუბრუნდებოდა მას დროგო:
“როდესაც მზე დასავლეთიდან ამოვა და აღმოსავლეთით ჩავა; როცა ზღვები ამოშრება და ქარი მთებს ფოთლებივით მოგლეჯს, როცა ხელახლა ჩაგესახება საშოში შვილი და ცოცხალ ბავშვს შობ, მაშინ დაბრუნდება ხალ დროგო, მანამდე არა.”
ეს სიტყვები, თუ მათ მხატვრულ მნიშვნელობას ჩამოვაშორებთ, ნიშნავს “არასოდეს”. თუმცა ამ წყევლაში ზოგი წინასწარმეტყველებასაც ხედავს. დღეს ცხადია, რომ წიგნში დაწერილი თითქმის ყოველი წინასწარმეტყველება ხდება, ასე რომ, მირი მაზ დურის სიტყვებიც შეიძლება ახდეს.
მე-7 სეზონის ბოლოს დენერისმა ჯონს გაუმხილა, რომ დაწყევლილია და შვილი არასოდეს ეყოლება, რაზეც ჯონმა ბრძნულად უპასუხა, რომ მას გაჯავრებული კუდიანის სიტყვების არ უნდა სჯეროდეს, რამაც კიდევ უფრო გაამყარა თეორიები იმის თაობაზე, რომ დენერისი მე-8 სეზონში ჯონისგან დაფეხმძიმდება.
მაგრამ ერთი დეტალი: თუ წინასწარმეტყველება მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალ დროგო დენის დაუბრუნდება. ან, უფრო შესაძლებელია, რომ დენერისი მოკვდება და ქმარს საიქიოში შეუერთდება. ეს თეორია შესაბამისობაში მოდის ასევე უკვდავთა სახლის ხილვასთან (მე-2 სეზონი).
5. რით არის გამორჩეული ვალირიული სატევარი?
პირველი სეზონის ყურებისას არავინ იცოდა, რატომ იყო განსაკუთრებული ვალირიული ფოლადის ის სატევარი, რომელიც ბრანის მოსაკლავად გაგზავნილ მკვლელს ჰქონდა. ეს საკითხი დღემდე არაა ნათელი, თუმცა აშკარაა, რომ ამ დანას თავისი მისია აქვს.
ეს “კატის ბრჭყალი”, როგორც მას ფანების ნაწილი მოიხსენიებს, უცხო წარმომავლობისაა, რაც ვალირიული იარაღისთვის საკმაოდ უჩვეულოა. გარდა იმისა, რომ ვალირიული ფოლადისაა, ტარი ობსიდიანის, ანუ დრაკონის მინისა აქვს. ბეილიშის თქმით, მან ეს სატევარი ტირიონთან თამაშში წააგო, მაგრამ ეს დიდი ტყუილი იყო (რასაც ლანისტერების და სტარკების გვარის სამუდამო გადამტერება მოჰყვა შედეგად) – საიდან უნდა ჰქონოდა არაწარჩინებული წარმოშობის კაცს ასეთი უძველესი და იშვიათი იარაღი და რატომ უნდა მოენდომებინა, ის სანაძლეოში ჩაედო?
უფრო მნიშვნელოვანია მე-7 სეზონის ეპიზოდი, როცა ნეკა სატევარს ბრანს გადასცემს და ბრანი, უკვე სამთვალა ყორანი, ეკითხება: “იცი, ვის ეკუთვნოდა ეს დანა?”
უცნაური შეკითხვაა იმ ადამიანისგან, რომელმაც ყველაფერი იცის და თავისთავად, სატევრის წარმოშობისა და ისტორიაში მის მიერ დატოვებული კვალის შესახებაც უნდა უწყოდეს. ბრანი მას არიას გადასცემს, არია კი ბეილიშს სწორედ ამ სატევრით ჭრის ყელს, რითაც თითქოს სამართლიანობა აღსრულდება და სატევარი, რომელიც ბრანის მოსაკლავად იყო განსაზღვრული, მას მოკლავს, ვინც დაწყებულ კონფლიქტში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
მაგრამ ეს ამბავი უფრო შორს მიდის: მე-7 სეზონში ზუსტად იდენტურ დანას ვხედავთ წიგნში, რომელსაც სემი ციტადელში კითხულობს. გარშემო ტექსტი იმის შესახებ გვიყვება, რომ ტარგარიენები ხშირად ამკობდნენ ვალირიულ იარაღებს დრაკონის მინით – ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ორად ორი ბუნებრივი მასალა, რომელსაც თეთრი მავალების მოკვლა შეუძლია.
მე-8 სეზონის ოფიციალურ პოსტერებში ჩანს, რომ ეს სატევარი კვლავ არიას აქვს, ასე რომ, ჩანს უსახო სტარკი ბლომად თეთრი მავალების დახოცვას აპირებს.
6. კლეგეინების დაპირისპირება
მე-8 სეზონში ბევრი ელის ერთმანეთის მოძულე ძმების, სანდორ და გრეგორი კლეგეინების დუელს, რომელთა შორის მტრობაც პირველივე სეზონში აშკარა იყო. პირველ სეზონში ქოფაკმა სერ ლორასის დასაცავად გადადგა ნაბიჯი მოედანზე, რადგან მთა ყმაწვილკაცს მოკვლას უპირებდა. მას შემდეგ, რაც გრეგორი კლეგეინი მოწამვლის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადაარჩინა მაისტერმა ქაიბანმა, ის მუზარადის გარეშე არსად ჩნდება.
7. ცოცხალია თუ არა სირიო ფორელი?
არიას პირველი ბრაავოსელი მასწავლებელი, “ბრაავოსის პირველი ხმალი” სირიო ფორელი იდუმალებით მოცული ადამიანი იყო, რომელმაც ბოლოს, როცა ლანისტერების ჯარისკაცები არიას დატყვევებას შეეცადნენ, მათ წინ აღუდგა, არიამ კი გაქცევა მოახერხა. სირიოს ბედი გაურკვეველი დარჩა, თუმცა ბევრს სჯერა, რომ ოსტატი მებრძოლი სირიო ალყიდან თავდახსნას შეძლებდა და შესაძლოა ჯეიქენ ჰაგარი, რომელიც ტყვეობაში არიას თანამგზავრი იყო, სწორედ სირიო გახლდათ.
ამრიგად, სირიო, რომელიც პირველ სეზონში დავტოვეთ, შეიძლება უკანასკნელ სეზონში კვლავ გამოგვეცხადოს.
8. რა დაგეგმეს ილირიომ და ვარისმა?
ილირიო მთელ საგაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული პერსონაჟია. გაურკვეველია, რის მიღწევას ცდილობს ის. სიმდიდრე და ამქვეყნიური სიკეთეები მას თავზე საყრელად აქვს, მაგრამ რას გეგმავს ის ვარისთან ერთად? იმედი დავიტოვოთ, რომ ამ ორი სცენის მიღმა მოთამაშის მიზნებს უკანაკსნელი სეზონი გამოააშკარავებს.
ილირიოს ნამოქმედარს თუ შევაფასებთ, ჯერჯერობით მისი მიზანი ტარგარიენის ვესტეროსის ტახტზე დაბრუნებაა. რატომ? შეიძლება ის იდუმალი ტარგარიენია (ან ბლექფაიერი – ტარგარიენის ესოსელი ბუშის ხაზიდან, რომელთაც რკინის ტახტის რამდენჯერმე ხელში ჩაგდებაც კი მოახერხეს). როგორღაც მსგავსი ინტერესები უნდა ჰქონდეს ვარისსაც, რადგან ის ილირიოს საიდუმლოდ ეთათბირებოდა და ამჟამად დენერისის გვერდით არის.
გაგრძელება იქნება.
მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით.
უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline.
ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.