როდესაც ვფიქრობთ გასაოცარ გრიმზე კინოში, პირველად თვალწინ ჰორორები, ფენტეზი ანდა ფანტასტიკური ფილმები გვიდგება და არა ისეთი თბილი, უზომოდ ემოციური ფილმი, როგორიც “საოცრებაა”. ფილმის სცენარი რ. ჯ. პალაციოს წიგნის მიხედვით მწერალმა და სცენარისტმა სტივენ ჩბოსკიმ შექმნა. “საოცრება” არის საოცარი ამბავი სახედეფორმირებულ ავგუსტზე, რომელიც გარეგნობის გამო მუდამ არასასურველი ყურადღების ცენტრშია და გარესამყაროსთვის იმის ახსნას ცდილობს, რომ შინაგანად სრულიად ჩვეულებრივი ბიჭია. ავგისთვის, რომლის როლსაც უნიჭიერესი ჯეიკობ ტრემბლი ასრულებს, ვიზაჟისტებს ბევრი შრომა სჭირდებოდათ. უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, რა საოცრებებს აკეთებდნენ ისინი ავგუსტის სახის მისაღებად.
ეს კლიპი ერთვის საოცრების ოფიციალურ DVD და Blu-ray დისკს, რომლის გასაყიდი ვერსიაც სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი. ჯეიკობის შესანიშნავმა ტრანსფორმაციამ კრიტიკოსთა რჩეულის ნომინაცია დაიმსახურა, ხოლო მთავარი ვიზაჟისტი არიენ ტუიტენი საუკეთესო გრიმისთვის 2018 წლის ოსკარის ნომინანტია.
საოცრება Lionsgate-ისთვის ჰიტი გამოდგა და ნოემბრიდან 130 მლნ $ მოგება მოიტანა. ფილმის წარმატებაში დიდი წვლილი წიგნის პოპულარობამაც შეიტანა და ჯეიკობის, ოუენ უილსონისა და ჯულია რობერტსის მიერ განსახიერებულმა პერსონაჟებმაც.