სკანდინავიურ ნუარზე პოპულარული. ბრიტანულ დრამებზე ფართოდ გავრცელებული და ბევრ ამერიკულ მძიმეწონიან პროგრამაზე შემოსავლიანი – როგორ ფიქრობთ, რაზე ვსაუბრობთ? რასაკვირველია, თურქულ სერიალებზე! თურქულ სერიალებს ნამდვილად აღზევების ხანა უდგათ – თუ ფიგურალურად ვიტყვით, დიდებული საუკუნე.
თურქული ტელევიზია – რომელიც სოციალური პრობლემებითა და ძლიერი კულტურული თემებით დატვირთულ პროდუქტს გვთავაზობს, – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გასართობი ინდუსტრიაა. ცნობისათვის, ქვეყანა აშშ-ს შემდეგ ტელეშოუების მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში და მისი გეოგრაფიული არეალი ბრაზილიასა და მექსიკამდე ვრცელდება.
დასაწყისი
თურქული ტელევიზიის ბუმი, რომელიც დასავლელი მაყურებლისთვის ბოლომდე მაინც გაუგებარი რჩება, 1999 წელს დაიწყო. მას შემდეგ თურქულ დრამებს – რომლებიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროდუქტია – მთელ მსოფლიოში არა მილიონობით, არამედ მილიარდობით ადამიანი უყურებს.
შედარებისთვის, 2004 წელს თურქული ტელესერიალების საერთო საექსპორტო ფასი 10 000$ იყო, 2017 წლისთვის კი – ეს რიცხვი 350 მილიონამდე გაიზარდა. თურქული ექსპორტის ასამბლეის (TİM) ხელმძღვანელის თანახმად, მათი მიზანია, 2023 წლისთვის ამ თანხამ 2 მილიარდს მიაღწიოს. ამჟამად ჰიტები: თრილერიr ორმო Çukur (The Pit) და უფრო საპნის ოპერის სტილის დრამა İstanbullu Gelin (სტამბოლელი პატარძალი) ამჟამად თურქეთის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელეშოუებია.
საზღვარგარეთული ბაზრის დაპყრობა
1999 წელს Deli Yürek (შეშლილი გული) გახდა პირველი სერიალი, რომელიც საზღვარგარეთ გაიყიდა და სწორედ ის იქცა მედროშედ ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც თურქულმა ტელეშოუებმა ტალღასავით გადაუარა.
მაგრამ ნამდვილი ტრიუმფის მომტანი გადაწყვეტილება შოუების ესპანურად დუბლირება და ერთი შეხედვით მოულოდნელ ბაზარზე – ლათინურ ამერიკაში გაყიდვა იყო. სწორი გათვლა აღმოჩნდა ის, რომ ტელენოველები, რომლებითაც ესპანურენოვანი ქვეყნები არიან განთქმულნი, სიუჟეტის აგებისა და სტილის მხრივ ერთგვარად თურქული სერიალებს ენათესავება და ზოგადად, ორივე ტელეპროდუქტი მსგავს სოციალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული, ამიტომ თურქული ტელეპროდუქტი ლათინური ამერიკის ბაზარზე ძალზე პოპულარული გახდა. სპეციალურად ლათინოამერიკული აუდიტორიისთვის დუბლირებული პირველი სერიალი (პირველად ის ჩილეში უჩვენეს), გახლდათ Binbir Gece (არაბული ღამეები), რომელსაც ესპანურ ვერსიაში სახელი შეუცვალეს და Las Mil y Una Noches (1001 ღამე) დაარქვეს.
მაგრამ 2011 წელს გამოსულმა ისტორიულმა დრამამ Muhteşem Yüzyıl (დიდებული საუკუნე) მაყურებლის გულები არამარტო ლათინურ ამერიკაში, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაშიც დაიპყრო. სერიალი, რომელიც მე-16 საუკუნის ოტომანი სულთნის ხანგრძლივი ზეობის ისტორიას მოგვითხრობს, 40-ზე მეტ ქვეყანაში უჩვენეს და მას 200 მილიონზე მეტმა მაყურებელმა უყურა.
ამერიკული ბაზარი
დღესაც, 2019 წელს თურქული სერიალები აღმასვლას აგრძელებს და კიდევ უფრო ფართო ბაზარს (მათ შორის ჩინეთი, რუსეთი) იპყრობს. 2018 წელს თურქული ტელევიზიისა და Netflix-ის შეთანხმებით, ამ უკანასკნელმა საკუთარი წარმოების თურქული სერიალი გაუშვა. მძაფრსიუჟეტიანი ფენტეზი დრამა მცველი (The Protector) სტამბულშია გადაღებული და მოგვითხრობს მაღაზიის მფლობელზე, რომელიც შემთხვევით საკუთარ თავში სუპერძალებს აღმოაჩენს. 10-ეპიზოდიანი დრამა “ნეტფლიქსის” მაყურებლისთვის ჩვეული და ბევრად სასურველი ფორმატია, ვიდრე მრავალსერიიანი შოუ. 40-წუთამდე შემცირებული ეპიზოდის ხანგრძლივობაც ასევე სრულიად განსხვავდება სერიების იმ ქრონომეტრაჟისგან, რომელსაც თურქულ არხებზე უჩვენებენ (დაახლ. 2 საათი). “ნეტფლიქსის” ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა და მცველის მეორე სეზონთან ერთად ტელეარხზე სხვა თურქული დრამებიც დაანონსდა.
თურქული ტელევიზიის განუზომელმა წარმატებამ კიდევ ერთხელ დააფიქრა კინომოყვარულთა ფართო საზოგადოება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება “მცირე ეკრანმა” ხელი შეუწყოს ადგილობრივ კინოინდუსტრიას, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიოს მასშტაბით თანდათანობით კარგავს პოპულარობას. აშკარაა, რომ სატელევიზიო ინდუსტრიას იმაზე მეტი ძალა გააჩნია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.
მომზადებულია theculturetrip.com-ის მიხედვით