რა წერია უცებ გაელვებულ კადრში მოხვედრილი გაზეთების ფურცლებზე? ან კედელზე გაკრულ პოსტერებზე? ამა თუ იმ ფილმის შემქმნელები, რომლებიც თავიანთ ნამუშევარში სულსა და გულს სდებენ, ხშირად მალავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ან შეტყობინებას ერთი შეხედვით შეუმჩნეველ დეტალებში. ეს ჩვენს საყვარელ კინოსამყაროსთან ახლო კავშირის დასამყარებელი თავისებური ხერხია და მხოლოდ მათ შეუძლიათ შეამჩნიონ, ვინც ამ სამყაროს მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს.
დღეს სწორედ ასეთ, ფონზე, პატარ-პატარა წარწერებსა თუ ეკრანებზე გაელვებულ ტექსტებს გავშიფრავთ და დავადგენთ, თუ რა შეტყობინებები გამოგვიგზავნეს ფილმების შემქმნელებმა.
1. მულტფილმში უოლ-ი გაზეთიდან ვიგებთ, რომ დედამიწის დაბინძურების მიზეზი თავად გაზეთებია
ფილმის დასაწყისში გვიჩვენებენ გაზეთს სახელად BUY N LARGE TIME, რომლიდანაც ვიგებთ, რომ დედამიწა ნაგვითაა დაფარული. თუ გამოსახულებას გავადიდებთ, მსხვილი სათაურის მახლობლად წითელ ზოლზე შევამჩნევთ წარწერას – half-hourly (“ყოველ ნახევარ საათში”), რაც ნიშნავს, რომ ასეთი სიხშირით გამოცემული გაზეთები აუცილებლად გახდებოდა დაბინძურების ერთ-ერთი წყარო.
2. ეფლის პაროდია მონსტრების კორპორაციაში
ერთ კადრში, როცა მაიკი ხელში იღებს ჟურნალს, რომელსაც კომპიუტერი ახატია, შეგვიძლია თვალი მოვკრათ პატარა წარწერას “scare differently” (“შეაშინე განსხვავებულად”). ეს Apple-ის სლოგანის think differently (“იფიქრე განსხვავებულად”) პაროდიაა. სტუდია პიქსარი ხომ სულაც ეფლის დამაარსებელმა სტივ ჯობსმა დააფუძნა, ასე რომ, ეს პატარა ხუმრობა გარკვეულწილად მის მიმართ პატივისცემის გამოხატვაა.
3. ჩვენი საყვარელი კარლი და ელი (მაღლა) სათამაშოების ისტორიაში
სათამაშოების ისტორიის ერთ სცენაში ვხედავთ ედის ოთახის ერთ კუთხეს, რომელიც ჯილდოებითა და წერილებითაა დახუნძლული. კედელზე მიკრულ წერილებს შორის გამოკრულია ღია ბარათი, რომელზეც კარლ და ელი ფრედრიკსენების ხელმოწერა შეიძლება გავარჩიოთ. საინტერესოა, საიდან მოხვდა ეს ბარათი ედის კედელზე?
4. საინტერესო ისტორიის წიგნი გრავითი ფოლსიდან
ერთ-ერთ სერიაში მეიბლს ხელში ისტორიის წიგნი უჭირავს, რომლის გადაშლილ გვერდზეც აცტეკი მეომარია დაბეჭდილი. მაგრამ თუ მის გვერდით მდებარე ტექსტს დავაკვირდებით, ერთ უცნაურ ისტორიას ამოვიკითხავთ: წიგნში აღწერილია აცტეკების ღმერთ კეცალკოატლის უძველესი რიტუალი, რომლის დროსაც ძაღლების გარემოცვაში უნდა იცეკვო და გარკვეული სიტყვები წარმოთქვა. ერთმა ბიჭმა ეს რიტუალი გაიმეორა და შედეგად თავის ძაღლს ინგლისურ ენაზე ლაპარაკისა და კალათბურთის თამაშის ნიჭი აჩუქა. აცტეკები ამ მეთოდს წარმატებით ცდიდნენ ძაღლებზე.
5. ფილმ გახლეჩილის უამრავი ტიტრები
ფილმის პერსონაჟს პიროვნების გაორება კი არა, გაბევრება სჭირს და ამიტომ, ფილმის დასასრულს ტიტრების 24 ასლია წარმოდგენილი. თითოეული ტიტრი კევინის თითოეულ პიროვნებას აღნიშნავს, და თითოეულში მსახიობის სახელის გვერდით თითოეული ალტერნატიული პიროვნების სახელია მიწერილი.
6. მულტსერიალ სამხრეთ პარკში მისტერ ჰარისონის კლასში გაკრული ანბანი საიდუმლო შიფრს შეიცავს
დაფის თავზე გაკრულ ანბანში სინამდვილეში ესპანურენოვანი წარწერა იკითხება. იქ წერია: Dios Mio han matado ha Kenny, Bastardos, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: “ოჰ, ღმერთო, იმ ნაბიჭვრებმა კენი მოკლეს”. ეს ფრაზა სერიალის ყველა ფანმა ზეპირად იცის.
7. სერიალ სილიკონის ხეობის თრეილერში ჩადებული კოდით შემქმნელები მაყურებლებს გაეხუმრნენ
მეხუთე სეზონის თრეილერში მთავარი გმირი დგას ეკრანის წინ, რომელზეც ორობითი კოდია გამოსახული. თუ ამ კოდს გადმოვთარგმნით, მივიღებთ შემდეგ წინადადებას: Find a hobby for god’s sake (“ღვთის გულისთვის, რამე ჰობი მოძებნეთ”). ამით სერიალის მესვეურები ყველაფერში მინიშნებების ძებნით გატაცებულ მაყურებლებს გაეხუმრნენ.
8. გალაქტიკის მცველებში სტენ ლის პერსონაჟს “ექსელსიორად” მოიხსენიებენ
სცენაში, როდესაც ენოტი როქეთი გარემოს ციფრულ ანალიზს აკეთებს, კადრში მარველის შემოქმედ სტენ ლისაც ვხედავთ. ამ დროს მონიტორზე უცხოპლანეტურ ანბანით იწერება ტიტრები, რომლებიც ითარგმნება როგორც Excelsior (ექსელსიორი). ეს ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “ყველაზე მაღლა”. სწორედ ასე ჰქვია სტენ ლის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს. გასაოცარი ისაა, რომ ეს კავშირი მთელი ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ შეამჩნია.
9. ჯადოსნური ცხოველების მიმალული პერსონაჟები და სად ვიპოვოთ ისინი
ფილმის განმავლობაში ჩვენ დროდადრო გვიჩვენებენ ორ ჯადოქრულ გაზეთს: “ნიუ-იორკის აჩრდილს” და ჰარი პოტერის სერიებიდან ნაცნობ “დილის მისანს”. სიუჟეტის განვითარებისთვის საჭირო ჰედლაინების გარდა (რომლებიც გრინდელვალდზე მოგვითხრობენ), გაზეთის ფურცელზე გვხვდება სახელი ფლიმონტ პოტერი (ის ჰარი პოტერის ბაბუაა), ასევე სათაური ჰოგვორტსში დაძაბული სიტუაციის შესახებ (ქრონოლოგიურად, სწორედ პერიოდში სწავლობს იქ ვოლდემორი) და სტატიები, რომლებშიც დამბლდორისა და გრიზელდას სახელებია ნახსენები.
მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ვინმე წითური კუდიანი (Ginger Witch), რომელიც ყველა გაზეთში ჩნდება
გაზეთის გვერდებზე დეტალური დაკვირვების შემდეგ ვიგებთ, რომ ეს “წითური კუდიანი” უცნობი ქურდია. 70 წლის შემდეგ, ფილმში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე მასზე გაზეთებში კვლავ წერენ – ამჯერად ბერტი ბოტის კანფეტების საქმესთან დაკავშირებით. ერთი წლის შემდეგ მისი სახელი კვლავ ჩნდება ჰარი პოტერის სერიის მეოთხე ფილმში ცეცხლოვანი თასი – მას ქვიდიჩის მატჩის დროს იჭერენ, შემდეგ ნაწილში კი წითურ კუდიანს ათავისუფლებენ.
სტუდიის დიზაინერებმა აღნიშნეს, რომ ჯოან როულინგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ წითური კუდიანის სახელი გაზეთების ფურცლებზე გამოჩნდეს. როგორც ჩანს, იგი თავისებურად მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ვიმედოვნებთ, ჯადოქრული სამყაროს შემდეგ ფილმებში ამ იდუმალებით მოცული ქალბატონის ვინაობაზე უფრო მეტს შევიტყობთ.