მაშ ასე: დადგა მძაფრსიუჟეტიანი (action) ფილმების დროც! ეს ჟანრი კლიშეების სიმრავლით გამოირჩევა და ზოგჯერ იმდენად პროგნოზირებადია, რომ ამაზე პაროდიებიც კი გადაუღიათ. როგორც სხვა სურათებში, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში განსაკუთრებით მძაფრად, სულ ბოლო წამზე ახერხებენ ბომბის დეტონატორის გათიშვას, განსაკუთრებით ნიჭიერი ჰაკერები ჰყავთ და ა.შ. მოდი ვნახოთ, კიდევ რა კლიშეები უშლის მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მაყურებელს ნერვებს.
1. გმირების ტრიუმფალური ნახტომი მინის მსხვრევის თანხლებით

ჯერ ერთი, რა საჭიროა ეფექტის მოსახდენად ამდენი მინის მსხვრევა, მეორეც, ძალიან არარეალისტურია – წესით ასეთი ნახტომის შემდეგ გმირი ჭრილობებით უნდა იყოს დასერილი.
2. ყოველთვის აღმოჩნდება, რომ დაჭრილ გმირს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი აცვია

როცა დადებით გმირს რუსი/ჩრდილოკორეელი/ტერორისტი ტყვიების ჯერს დაუშენს და ეს უკანასკნელი “უსულოდ” დაეცემა, ახალბედა მაყურებელმა არ უნდა იდარდოს – მას აუცილებლად აცვია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და სულ მალე საღსალამათი წამოხტება.
3. აბსოლუტურად ყველამ იცის ჭრილობის დამუშავება და მოვლა

მაშ ასე – ტყვიებით დაცხრილული გმირი სიკვდილს ჟილეტმა გადაარჩინა. მაგრამ მას ჭრილობები დარჩა. როგორ მოიქცევა ის, თუ ექიმთან წასვლა არ შეუძლია და არც საამისო დრო აქვს? არაა პრობლემა – მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყველა გმირმა იცის ჭრილობის პირველადი დახმარება.
4. ხანში შესული, გამოცდილი პოლიციელი და ახალბედა პოლიციელი, რომლებიც თავდაპირველად ერთმანეთს ვერ უგებენ, ბოლოს კი განუყრელი მეგობრები ხდებიან.

მართლაც, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი წარმოუდგენელია პოლიციელთა ქარიზმატული დუეტის გარეშე, რაც, შეიძლება ითქვას, კლასიკური კომბინაციაა.
5. “ცუდი ბიჭების” მორჩილი გაწვრთნილი ერთგვარად ჩაცმული ადამიანების, რობოტების ან სხვა არსებების ორგანიზებული არმია (მაგ. სტორმტრუპერები, რობოტების ჯარი და ა.შ.), რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ საზარბაზნე ხორცია, თუმცა ამაზე არანაირი პროტესტი არ უჩნდება
არ გიფიქრიათ, რომ ოდესმე ეს ჯარი, რომელსაც მხოლოდ გასაწყვეტად იყენებენ, ვილანის სულელურ მიზნებს დაუპირისპირდება? სულ ტყუილად – ისინი კვლავ და კვლავ ენთუზიაზმით წავლენ ბრძოლაში და რომელიმე შეშლილი ვილანის ახირების გამო უსახელოდ დაიხოცებიან.
6. ვილანის მიერ წარმოთქმული ნაცნობი ფრაზა: “მე და შენ არც ისე განვსხვავდებით”.
ამით კინოს შექმნელებს უნდათ ხაზი გაუსვან იმას, რომ ვილანიც ადამიანია. მაგრამ ძალიან ბანალურად კი გამოსდით.
7. გიჯობს, მძაფრსიუჟეტიან ფილმში არ მოკვდე, რადგან დაკრძალვისას აუცილებლად მაგრად იწვიმებს

ეს, რასაკვირველია, სევდისა და მელანქოლიური განწყობის გასამძაფრებელი ხერხია, მაგრამ როცა იცი, რომ დაკრძალვაზე (ხშირად პერსონაჟის სიკვდილის დროსაც) აუცილებლად უნდა იწვიმოს, უფრო ბრაზდები, ვიდრე სევდიანდები.
8. შუა ცეცხლში ორთაბრძოლა? რა პრობლემაა – მძაფრსიუჟეტიან კინოში ცეცხლს კვამლი არ აქვს

როცა გმირები შუა ცეცხლში ერკინებიან ერთმანეთს, ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახავია, მაგრამ აბა სად გინახავთ უკვამლო ცეცხლი? ეს ყველაფერი ოდნავ მაინც ახლოს რომ იდგეს რეალობასთან, გმირები ხველით გასკდებოდნენ და თვალებს ვერ გაახელდნენ.
9. “პენსიაზე გასულ” გმირს ქალიშვილს/ცოლს/მეზობელს/მამას/კატას/და ა.შ. მოსტაცებენ ან ქვეყნის მთავრობა შეეხვეწება, დედამიწას შენ მეტი ვერავინ იხსნის და დაგვიბრუნდიო

ბობოქარ ცხოვრებას ჩამოშორებული, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ძლიერი გმირი სადმე მთებში ან უგვან ბინაში ცხოვრობს თავისთვის, სანამ რომელიღაც ვილანს არ მოესურვება, მთავარი გმირი გააბრაზოს და ვინმე ახლობელი მოსტაცოს, ან კიდევ დედამიწას აპოკალიფსი დაემუქროს. გმირიც ტრიუმფით ბრუნდება.
10. ხმლებით ორთაბრძოლის სცენა ხიდზე

გვესმის, ეს მართლაც დიდებული სანახაობაა, მაგრამ როდემდე უნდა იბრძოლონ გმირმა და ვილანმა ხმელბით ხიდზე ან მსგავს შემაღლებულ ადგილზე (ხშირად – კონტრაჟურში)? რამე ახალია მოსაფირებელი.
11. იდუმალი მხსნელი მოტოციკლისტი
დიდი შანსია, მთავარ გმირს სასიკვდილო საფრთხისას იდუმალი მოტოციკლისტი მოევლინოს. მას ჩაფხუტის ქვეშ დამალული სახე ექნება და უმეტეს შემთხვევაში ქალი აღმოჩნდება.
12. ნელი, ეფექტური სვლა კამერისკენ, როცა უკან აფეთქება ქვეყანას ანგრევს
მთავარი გმირის თავდაჯერებული სვლა აფეთქების ფონზე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კულმინაციაა. გარდა იმისა, რომ ყელში ამოსული კლიშეა, არც რეალობასთან აქვს კავშირი.
13. ვილანისა და მთავარი გმირის დაპირისპირება მათ გარშემო შეკრებული მეგობრების/თანამებრძოლების ფონზე

ხშირად მთავარი გმირისა და მისი მეტოქის პირისპირ შეხვედრა სწორედ ამ ფორმატშია გადაწყვეტილი. ისინი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთმანეთს, თანამებრძოლები კი გარშემო უდგანან და სეირს თვალს ადევნებენ.
14. დარწმუნებული ნუ იქნებით ვილანის სიკვდილში, თუნდაც გმირმა მას მკერდში ხუთი ტყვია დაახალოს

ლამის აქსიომაა, რომ ვილანი პირველივე ცდაზე არ კვდება – თუნდაც საკონტროლო ტყვია დაახალო, ის აუცილებლად წამოდგება და უკნიდან ესვრის, თავს დაესხმება გმირს ან სხვაგვარად ეცდება გამარჯვებას. ზოგჯერ ეს “აღდგომა” რამდენჯერმე ხდება.
15. მთავარი გმირი იმდენად კეთილია, რომ ვილანს სიკვდილისგან იხსნის

როცა გმირს საშუალება აქვს, სახურავზე ჩამოკიდებულ ვილანს ხელი ჰკრას, ის ასე არ იქცევა, პირიქით – ხელს უწვდის და სიკვდილისგან იხსნის. წარმოუდგენელი სიკეთეა.
16. “გამოსწორებული ვილანი” მაინც მოღალატე აღმოჩნდება

ვილანი რომ გამოსწორდეს და თანამშრომლობაზე დათანხმდეს, რაღაც მომენტში აუცილებლად უღალატებს საერთო საქმეს. მოკლედ, ყოველთვის ელოდეთ მისგან ზურგში დანის ჩარტყმას.
17. მთავარი გმირის მიერ საგმირო საქმეებზე ხელის აღება ან ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა მისი წვერის ზრდაში გამოიხატება
ეს იმ გმირს ენათესავება, ახალგაზრდობაში რომ პენსიაზე გავიდა და ტყეში წავიდა. გმირი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იყო, საეტაპო მოვლენის ან უბრალოდ დაღლილობის გამო განმარტოებით ან კარჩაკეტილ ცხოვრებას იწყებს და აუცილებლად წვერს იზრდის. ეს ერთგვარად დაბრძენების სიმბოლოა.
18. დაუნდობელი ქალი, რომელიც ზურგსუკან ჩუმად მოქმედებს
ასეთი პერსონაჟი კარგადაა შენიღბული, ის გმირის თანამშრომელია, ან თანამოაზრეთა გუნდშია. მაგრამ სინამდვილეში განსხვავებული მიზნები ამოძრავებს და მათ განსახორციელებლად ჭკვიანურ ხერხებს მიმართავს.
19. მთავარი გმირი ვილანს უპირისპირდება და მარცხდება, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება შურის საძიებლად
მძაფრსიუჟეტიანი ფილმის შემქმნელები ფიქრობენ, რომ ფილმი გაცილებით საინტერესო გამოვა, თუ მთავარი გმირი პირველ ჯერზე დამარცხდება. სიუჟეტის ნახევარი შურისძიების გეგმას ეძღვნება, ნახევარი – მის აღსრულებას.
20. და ბოლოს, სიკვდილი მკლავებში

მაყურებლის ასატირებელი გავრცელებული ხერხია (ხშირად წარმატებულიც). ცხადია, საშინლად სევდიანია საყვარელი გმირის სიკვდილი, თუმცა ხშირად ძნელია არ გაიფიქრო, რომ ის დრო, რომელსაც მკლავებში მოქცეული მომაკვდავი გმირის უკანასკნელი სიტყვების სმენაში ხარჯავენ, შეიძლებოდა მისი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის გამოეყენებინათ.