ახალ წლამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი რჩება და, რა თქმა უნდა, ყველანი ვცდილობთ, რომ შესაბამისი განწყობა შევიქმნათ. ერთ-ერთი იდეალური გზა ამის მისაღწევად, ჩვენი სახლების მორთვა და საშობაო ფილმების ნახვაა.
გადავწყვიტეთ, ეს ორი აქტივობა გაგვეერთიანებინა და მკითხველისათვის საახალწლო დეკორაციების 10 იდეა მიგვეწოდებინა ცნობილი კინოფილმებიდან. მაშ ასე, დავიწყოთ (და არ დაგავიწყდეთ, ამ სიაში მოცემული ფილმებიც ნახოთ):
1. ელფი
ზოგჯერ ხელნაკეთ დეკორაციებს ვერაფერი შეედრება. გავიხსენოთ უილ ფარელის პერსონაჟი, ბადი, რომელიც ქაღალდისაგან ულამაზეს გირლანდებსა და ფიფქებს ამზადებს და ნიუ იორკ სითის დეპარტამენტში ნოსტალგიურ ატმოსფეროს ქმნის.
2. საშობაო ისტორია
არაფერი უხდება ოჯახურ შობას ისე, როგორც თბილი და სახალისო პიჟამოები! შეიძლება ითქვას, რომ ეს დეკორაციის ისეთივე სრულფასოვანი ნაწილია, როგორც თავად ნაძვის ხე… ინსპირაციისათვის კი, რა თქმა უნდა, რალფის კურდღლის ფორმა საუკეთესო მაგალითია.
3. ჰარი პოტერი
შესაძლოა, ჩვენ ჯადოსნურ ძალებს არ ვფლობდეთ, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჭერის პატარ-პატარა ვარსკვლავებით მორთვა და ერთის მაგივრად რამდენიმე ნაძვის ხის დადგმა მაგლებსაც შეუძლიათ!
4. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა
ქალაქი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შობას ელოდება – რა ამაღელვებლად ჟღერს, არა? თუ თქვენ სწორედ ასეთი ადამიანი ხართ, გრინჩისგან აუცილებლად მიიღებთ უამრავ ინსპირაციას ახალი წლის ყველაზე მყვირალა და კაშკაშა დეკორაციებისათვის!
5. საოცრება 34-ე ქუჩაზე
გავიხსენოთ საშობაო სადილის სცენა – ვფიქრობთ, ეს შობა-ახალი წლის იდეის საუკეთესო გამოხატულებაა! დღე, როდესაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება და სადღესასწაულო გარემოს შექმნას ცდილობს… ამ შედეგის მისაღწევად, გირჩევთ, შანდლები, სანთლები, საშობაო მცენარეები და, რაც მთავარია, გემრიელი კერძები გამოიყენოთ!
6. საშობაო არდადეგები
ყურადღების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ექსტერიერი უნდა დაგვრჩეს – თუ თქვენს სახლს გარედან უამრავი საახალწლო ნათურით მორთავთ, სადღესასწაულო განწყობას არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ ქუჩაში მიმავალ უცნობ ადამიანებსაც შეუქმნით.
7. სტოუნების ოჯახი
არაფერი ზედმეტი, უბრალოდ მყუდრო სახლი, სადაც თითოეული დეტალი საოჯახო დღესასწაულის განწყობას ქმნის! არ დაგავიწყდეთ ბუხართან წინდების ჩამოკიდება და, თუ ბუხარი არ გაქვთ, ნურც ამაზე იდარდებთ – დარწმუნებულები ვართ, ოჯახის წევრები საჩუქრების დასატოვებლად ადგილს აუცილებლად გამონახავენ!
8. შვებულება
მაშინაც კი, თუ ახალ წელს მარტო ხვდებით, ნუ დაიზარებთ სახლის სადღესასწაულო დეკორაციებით მორთვას. მინიმუმ, კარზე მარადმწვანე ტოტის ჩამოკიდება მაინც შეგიძლიათ – ეს, შინ დაბრუნებისას, თქვენც კარგ განწყობას შეგიქმნით და გულგრილს არც მეზობლებს დატოვებს!
9. მარტო სახლში
კევინის სახლი უბრალოდ იდეალურია! არც კი ვიცით, რომელი დეტალი გამოვყოთ, ამიტომ გირჩევთ უბრალოდ კიდევ ერთხელ უყუროთ ამ ფილმს და გაითვალისწინოთ მისის მაკკალისტერის გემოვნება!
10. რეალური სიყვარული
მართალია, ამ ფილმში ბევრ საშობაო დეკორაციას ვერ შევხდებით, თუმცა მისი გამოტოვება არაფრით გამოდიოდა, რადგან მთავარია, რომ ამ დღესასწაულზე კარი ახალი წლის მთავარ ინგრედიენტს გაუღოთ და სიყვარული სახლში შემოუშვათ!