გაფრთხილება: პოსტი შეიცავს სპოილერებს სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონის 1-ლი ეპიზოდიდან
და აი: ეს დიადი დღეც დადგა! სამეფო კარის თამაშების ფანებისთვის ყველაზე ტკბილ-მწარე პერიოდი დაიწყო. უკანასკნელი სეზონის პრემიერამ, რომელსაც მილიონობით ფანმა (კერძოდ, 17,4-მა მილიონმა) პირდაპირ ეთერში ადევნა თვალი, იმედები ნამდვილად არ გაგვიცრუა. მით უმეტეს, რომ მასში თანდათანობით გამოჩნდა თემები, რომელთა გარშემოც გაიშლება შემდგომი სიუჟეტი.
უპირველეს ყოვლისა კი, აღვნიშნოთ განახლებული და ულამაზესი ინტრო, რომელშიც ლოკაციებიც შეიცვალა და ასტროლაბის გრავიურებიც:
მივყვეთ დაწვრილებით და განვიხილოთ პირველ ეპიზოდში განვითარებული მოვლენები.
შინ დაბრუნება
სეზონი შთამბეჭდავი კადრებით იწყება – ვინტერფელისკენ მწყობრად მომავალი უნაკლოების არმიის იდეალური მწკრივები თოვლიან პეიზაჟს შავ ზოლებად ფარავს და ჩრდილოეთის მეფისა და სამხრეთელი დედოფლის სანახავად გამოფენილი ჩრდილოელები გაოცებით ადევნებენ თვალს სანახაობას. ჯონისა და დენერისის ვინტერფელში შემოსვლა პირველი სეზონის პილოტის ანარეკლია, როცა სტარკების მამულს მეფე რობერტი ეწვია თავისი მრავალრიცხოვანი ამალით. ჩრდილოელების გაოცებას შიში ცვლის, როდესაც არმიის თავზე ორი უზარმაზარი დრაკონი გადაიფრენს. მხოლოდ მაყურებლებში მდგარ არიას ეხატება სახეზე შიშის ნაცვლად აღტაცება.
ჯონი და დენერისი ვინტერფელის ეზოში ბრანს და სანსას ხვდებიან. როგორც თრეილერიდანაც ჩანდა, სანსა დედოფალს იმავე სიტყვებით ესალმება, რაც ნედმა უთხრა რობერტს: “ვინტერფელი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ”. დენერისის მიმართ საკმაოდ ცივადაა განწყობილი, თუმცა დენერისი ჩრდილოეთისა და ვინტერფელის ლედის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს. ბრანი მათ აფრთხილებს, რომ ცერემონიების დრო არაა, რადგან ღამის მეფეს გაცოცხლებული დრაკონი ჰყავს, მისმა არმიამ კედელი გაარღვია და ვინტერფელისკენ მოემართება.
სანსას მსგავსად, დენერისს ჩრდილოელი ლორდებიც უნდობლად ხვდებიან. სტარკების ვასალები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ჯონმა მუხლი მოიყარა და ჩრდილოეთის მეფის სტატუსი დათმო. ჯონი მათ უხსნის, რომ ჩრდილოეთის დასაცავად მან ყველაზე ძლიერი მოკავშირე იპოვა და სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს. ტირიონ ლანისტერის გამოსვლას ჩრდილოელთა საბჭოს წინაშე და ცნობას, რომ მათ ჯარებს ლანისტერების არმიაც შეუერთდება, ხმაური მოჰყვება. ლანისტერის სიტყვას არავინ ენდობა.
არიას და ჯონის ნანატრი შეხვედრაც შედგა – საღვთო ტყეში. ჯონმა სიხარულით აღნიშნა, რომ არიას კვლავ ჰქონდა მისი ნაჩუქარი “ნემსი”, არიამ კი არ გაუმხილა, რომ ნემსიც და სხვა იარაღიც ძალიან ბევრჯერ გამოუყენებია.
ვინტერფელის სამჭედლოში გენდრი და ქოფაკი დრაკონის მინის იარაღებზე ბჭობენ, როცა მათ არია გამოეცხადებათ. ქოფაკი არიას საყვედურობს, რომ ბოლოს დაჭრილი და მომაკვდავი მიატოვა, თუმცა გულში მაინც ნასიამოვნები ჩანს, რომ გოგონა მრავალ განსაცდელს გადაურჩა. გენდრი კი არიას კვლავ ძველებურად “მილედით” მიმართავს. არია მას დრაკონის მინის სატევარს უჩვენებს და სთხოვს, დრაკონის მინით შუბი დაუმზადოს.
სანსა და ტირიონი ვინტერფელის აივანზე ხვდებიან. ისინი ერთმანეთს ბოლოს ჯოფრის ქორწილში ცოლ-ქმრად დაშორდნენ. სანსას უკვირს, როგორ სჯერა ტირიონს სერსეის დაპირების, რაზეც დედოფლის მარჯვენა პასუხობს, რომ სერსეის აქვს რაღაც, რის გამოც სიცოცხლე უღირს.
მეფის სავანეში
ეურონ გრეიჯოი ოქროს კომპანიასთან ერთად ბრუნდება სატახტო ქალაქში. მას გემითვე მოჰყავს დატყვევებული იარა, თან იქადნება, რომ პირნათლად შესრულებული დავალებისთვის დედოფლისგან ნანატრ ჯილდოს მიიღებს. ყვავისთვალამ ასი ათასი ხმლოსანი და ათასი ცხენი ჩამოიყვანა, თუმცა დაპირებული სპილოები ვერა. მიუხედავად უკმაყოფილებისა, სერსეის მაინც უწევს დანაპირების შესრულება და მასთან დაწოლა.
ამასობაში თეონ გრეიჯოი იარას ათავისუფლებს და ისინი ერთად მიემართებიან ჩრდილოეთისკენ. თუმცა იარა რკინის კუნძულებზე დაბრუნებას და იქაურების მიმხრობას აპირებს, სანამ ეურონი სერსეი ლანისტერთან იმყოფება თავისი ფლოტით. ხოლო თეონი ვინტერფელში დაბრუნდება და ჩრდილოელებთან ერთად იბრძოლებს.
მაისტერი ქაიბერნი კი მეძავებთან გართობისას დაადგება თავზე ბრონს და სწორედ იმ არბალეტს გადასცემს, რომლითაც ტირიონმა ტაივინი მოკლა. თან არწმუნებს, რომ დედოფალი თავისი მოღალატე ძმის მოკვლისთვის სათანადოდ დააჯილდოებს.
დრაკონით ფრენა
სულისშემძვრელი სცენების წყება, რომლებიც ყველამ ერთხმად აღიარა პირველი ეპიზოდის საუკეთესო მომენტად! დენერისი და ჯონი დრაკონების მოსანახულებლად მიდიან. დენის თქმით, დრაკონები ჩრდილოეთში თავს კარგად არ გრძნობენ. დროგონზე ამხედრებული დენერისი მოულოდნელად ჯონს აქეზებს, რეიგალზე ამხედრება სცადოს. ჯონი შეშინებულია, თუმცა ცდუნებას ვერ უძლებს და გაოცებული ჩრდილოელები ხედავენ, როგორ გადაუფრენს მათ დრაკონზე ამხედრებული მათივე მეფე. თუნდაც მარტო ამ სანახაობად ღირდა ორ წელიწადს ლოდინი:
დრაკონის სისხლის ყივილმა რეალურ ფაქტს დაასწრო: დენერისისა და ჯონის გრძნობები დრაკონით ფრენამ კიდევ უფრო გააძლიერა და მათი რომანტიკული განწყობა ვერც სიცივემ, ვერც მოახლოებულმა საფრთხეებმა ვერ გააქრო. დენერისის სიტყვებზე, რომელიც მან ყინულოვან ხეობაში უთხრა ჯონს (“შეგვეძლო აქ ათასი წელიც დავრჩენილიყავით და ვერავინ მოგვაგნებდა”), ყველას იგრიტის ნათქვამი გაგვახსენდა გამოქვაბულის არდატოვების შესახებ.
ამ უაღრესად რომანტიკული მომენტის შემდგომ სერიაში სიტუაცია თანდათან დაიძაბა: სანსამ პირდაპირ უთხრა ჯონს, რომ ტარგარიენი დედოფლისთვის მას თავისი გვირგვინი არ უნდა დაეთმო და რომ ამის გაკეთება სიყვარულმა აიძულა. დენერისი სემ ტარლის შეხვდა და საუბრისას უთხრა, რომ დაუმორჩილებლობის გამო დრაკონის ცეცხლით დაწვა მამამისი და მისი უმცროსი ძმა. ბრანმა სემს აიძულა, დროულად გაემხილა ჯონისთვის სიმართლე მისი მშობლების შესახებ. სემუელმა ვინტერფელის აკლდამებში მიაგნო ჯონს და ნედისა და ლიანას ქანდაკებების წინ უთხრა, რომ დედამისი ლიანა სტარკია, მამა – რეიგარ ტარგარიენი, თავად ის ეიგონ მეექვსეა და რკინის ტახტის კანონიერი მემკვიდრე.
რაღაც უკვე იცი, ჯონ სნოუ…
ჯონს შოკისმომგვრელი სიახლის დაჯერება, ცხადია, გაუჭირდა. მით უმეტეს, რომ ამ სიახლეს უამრავი დაუჯერებელი ფაქტი მოჰყვება უკან – მათ შორის ისიც, რომ თავისი დედოფლისა და საყვარლის, დენერისის უფროსი ძმისშვილი და ტახტზე მისი მეტოქეა.
კედელთან
სერიის ერთ-ერთი ბოლო მომენტია კედლის ნგრევას გადარჩენილი ბერიკ დონდარიონისა და ტორმუნდის შეხვედრა ღამის გუშაგის ლორდ-მეთაურ ედ ტოლეტსა და მცირე რაზმთან ამბერების უკაცრიელ ციხესიმაგრეში. მათ ერთად თეთრი მავალებისგან დატოვებული საზარელი ნიშანი იხილეს – კედელზე მიჭედებული ნახევრად გარდაცვლილი და ადამიანის კიდურებისგან გამოსახული სიმბოლო, რომელიც ასევე იმეორებს პირველი სეზონის პირველ სერიის დასაწყისის ერთ-ერთ კადრს – მკვდრების დანაწევრებული კიდურებით აწყობილ ბორჯღალისებურ გამოსახულებას.
ეპიზოდის დასასრული: ჯეიმი ლანისტერი ვინტერფელში. თავზე კაპიუშონწამოფარებული ჯეიმი უჩუმრად შედის ციხესიმაგრის ეზოში და ცხენიდან ჩამომხდარი, ბრანის ყოვლისმხედველ მზერას წააწყდება.
სწორედ ჯეიმის გაოგნებული სახე ასრულებს ეპიზოდს და გვიტოვებს კითხვებით, ვერსიებითა და თეორიებით სავსე ერთ კვირას ახალ, მეორე სერიამდე.