მთელი 6 სეზონის განმავლობაში სამეფო კარის თამაშების ძირითადი ფაბულა და სიუჟეტი ჯორჯ მარტინის რომანების სერიას – ყინულისა და ცეცხლის სიმღერას – ეფუძნებოდა. ამ სერიის ფანებმა აბსოლუტურად ყველაფერი იციან შვიდი სამეფოსა და მისი შემოგარენის შესახებ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სერიალის შემქმნელები, განსაკუთრებით თავიდან, ცდილობდნენ, ყველაფერი ზუსტად გადმოეტანათ, ეკრანზე ბევრი რამ სიუჟეტს დაშორდა. სხვანაირები არიან პერსონაჟებიც.
მოდი, ვნახოთ, როგორი პერსონაჟები დახატა ჯორჯ მარტინმა თავის საგაში და როგორ გამოიყურებიან ისინი ეკრანზე.
დენერის ტარგარიენი
წიგნის მიხედვით, დრაკონების დედას კლასიკური ვალირიული გარეგნობა აქვს: ვერცხლისფერი თმა და იისფერი თვალები.
ჯონ სნოუ
წიგნში ჯონ სნოუ შავთმიანი, რუხი თვალების მქონე ყმაწვილი კაცია.
ბრან სტარკი
ბრან სტარკს, ისევე როგორც მის ღვიძლ ძმებს, დედის, კეტლინ ტალის მოწითურო წაბლისფერი თმა და ლურჯი თვალები აქვს.
ტაივინ ლანისტერი
მთავარ ლანისტერს სუფთად გაპარსული თავი, ბაკენბარდები და გრძელი ცხვირი აქვს.
ტირიონ (ჭინკა) ლანისტერი
ჭინკას აღწერილობა წიგნში მისივე ტელესახისგან ძალიან განსხვავდება. ორიგინალის მიხედვით, პიტერ დინკლეიჯის გმირი უფრო თეთრი კანის მქონე, ქერათმიანი უნდა ყოფილიყო, ხოლო ცალი თვალი შავი და მეორე მწვანე უნდა ჰქონოდა. შავწყალას ბრძოლისას კი მან ცხვირის სამი მეოთხედი და ტუჩის ნაწილიც დაკარგა, მაგრამ პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ სახეზე ნაიარევები ეკმარათ.
ტომენ ბარათეონი
მეფე ტომენს, ისევე როგორც მის ძმა ჯოფრის, ქერა რბილი კულულები და მწვანე თვალები უნდა ამშვენებდეს. გარდა ამისა, ტომენი ბუთხუზაა.
თეონ გრეიჯოი
ფილმის გმირისგან განსხვავებით, რკინის კუნძულების მემკვიდრე მუქთმიანი და შავგვრემანი ყმაწვილია.
იარა (აშა) გრეიჯოი
სერიალში თეონის დას არამარტო სახელი შეუცვალეს (აშა – იარა), არამედ გარეგნობაც: მას მოკლედ შეჭრილი მუქი თმა, სწორი, წაწვეტებული ცხვირი და ქარდაკრული სახის კანი აქვს.
ეურონ (ყვავისთვალა) გრეიჯოი
ეურონის ტელეპროტოტიპს წიგნის გმირისგან ბევრი რამ განასხვავებს: წიგნის მიხედვით მას წაბლისფერი თმა და წვერი აქვს, მარჯვენა თვალი – ცისფერი, მარცხენას კი ჭეშმარიტი მეკობრის აქსესუარი – ტყავის სახვევი უფარავს.
ბრიენ ტართელი
სერიალში ბრიენს ხშირად დასცინიან თავისი გარეგნობის გამო. წიგნის გმირის საქმე ბევრად ცუდადაა: აღწერილობის მიხედვით ბრიენს დიდი პირი, უშნო კბილები და ჭორფლიანი სახე აქვს.
ობერინ მარტელი (წითელი ასპიტი)
დორნის პრინცის ტელეორეულის შემსრულებელი პედრო პასკალის გარეგნობა წიგნის პერსონაჟის აღწერილობას მშვენივრად შეეფერება, თუმცა წიგნში ობერინ მარტელს უფრო გრძელი და ჭაღარაშერეული თმა აქვს.
რემზი ბოლტონი
ყოვლად საზიზღარი რემზის გარეგნობა მის ბუნებას შეესაბამება. ორიგინალში მას მოვარდისფრო, მუწუკებიანი სახის კანი, ფართო ცხვირი, პატარა პირი და გრძელი თმა აქვს, ასევე წყლისფერი თვალები, რომლებიც ბინძური ყინულის ნატეხებს ჰგავს.
დაარიო ნაჰარისი
წიგნის მიხედვით, დენერისის სარდალ დაარიო ნაჰარისს ტიროშულ ყაიდაზე ლურჯად შეღებილი თმა, ამავე ფერის სამად დაწნული წვერი და ოქროსფერი ულვაშები ამშვენებს.
ლანსელ ლანისტერი
დედოფლის ბიძაშვილი და დროებითი საყვარელი შავწყალას ბრძოლაში დაიჭრა და ძლივს მომჯობინდა, ხოლო შემდეგ “ბეღურების” რიგებს შეუერთდა. ამიტომ ყმაწვილ ლანსელს თმა ცარცივით გაუთეთრდა. სერიალის შემქმნელებმა ლანსელის შესაცვლელად მხოლოდ თმის შეჭრა იკმარეს.
სერ ჯორაჰ მორმონტი
წიგნის მიხედვით სერ ჯორაჰი ქერა და ცისფერთვალა სულაც არაა. ფართო მხარბეჭიან რაინდს მუქი წვერი და შემელოტებული თავი აქვს.
მელისანდრე
ასშაელი ქურუმი ქალის ტელეორეული მართლაც მშვენივრად შერჩეულია, თუმცა სერიალში მას ერთი მთავარი დეტალი – ცეცხლოვანი წითელი თვალები აკლია.
სირიო ფორელი
არია სტარკის ფარიკაობის მასწავლებელი, ბრაავოსელი სირიო ფორელი, თავის ტელეორეულისგან განსვავებით, სრულიად მელოტია.