სულ რამდენიმე კვირის წინ დიდ ეკრანებზე სათამაშოების ისტორია 4 გამოვიდა. დიახ, ჩვენ უკვე 24 წელია, რაც თვალს ვადევნებთ ვუდის, ბაზისა და მათი სხვა მეგობრების თავგადასავლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Pixar-ის ამ ანიმაციებზე რამდენიმე თაობაც კი გაიზარდა – ერთ დროს “სათამაშოების ისტორიის” მაყურებლებს ახლა უკვე შვილები მიჰყავთ კინოში მისი მეოთხე ნაწილის სანახავად, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც სიამოვნებით ვხვდებით ბავშვობის საყვარელ პერსონაჟებს.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში ის საინტერესო და უცნობი ისტორიები მოგითხროთ, რაც ამ არაჩვეულებრივი ანიმაციის შექმნას უკავშირდება.
80-იანი წლების დასაწყისში Disney-ს ახალგაზრდა თანამშრომელმა, ჯონ ლასეტერმა ანიმაციის მომავალი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში დაინახა და საკუთარი იდეა კომპანიასაც გაანდო, თუმცა მისი მოსაზრება სერიოზულად არავის მიუღია. უფრო მეტიც, მალე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს…
გავიდა რამდენიმე წელი და ლასეტერი Pixar-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა. მოგვიანებით სტუდია სტივ ჯობსმა შეიძინა – პირველ ეტაპზე ისინი ანიმაციასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებით ვაჭრობდნენ და მულტფილმებს მხოლოდ სარეკლამო მიზნებისათვის ქმნიდნენ, თუმცა მათი მოგება არც ისე დიდი იყო და, საბოლოო ჯამში, კომპანია ფინანსურ კრიზისამდე მივიდა.
1988 წელს, როგორც იქნა, ლასეტერის ოცნება ახდა და მან მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია შექმნა – სიუჟეტი მოგვითხრობს თუნუქის სათამაშოს შესახებ, რომელიც ცდილობს მავნე ბავშვის ხელში არ აღმოჩნდეს. ანიმაცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კრიტიკოსების აღიარება და ოსკარიც კი დაიმსახურა.
ამ ფაქტის შემდეგ, დისნეიმ, რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქცია თავის ყოფილ თანამშრომელს და გაჩნდა საერთო პროექტის იდეაც – მიუხედავად იმისა, პიქსარისათვის შეთავაზებული პირობები არც ისე სახარბიელო იყო, სათამაშოების ისტორიაზე მუშაობა მაინც დაიწყო.
სხვათა შორის, ის, რაც საბოლოო ჯამში ვიხილეთ, ძალიან განსხვავდებოდა თავდაპირველი იდეისაგან. როგორც ირკვევა, ვუდი მთავარ უარყოფით გმირად განიხილებოდა, ბაზლაიტერი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სცენარში საერთოდ არ ფიგურირებდა. რაც მთავარია, ანიმაციიდან საერთოდ გაქრა თუნუქის სათამაშოს პერსონაჟი – არადა ყველაფერი ხომ სწორედ მისგან დაიწყო…
ლასეტერი ძალიან უკმაყოფილო იყო დისნეის უხეში ჩარევებით და მიიჩნევდა, რომ ეს ყოველივე ანიმაციას ძალიან აფუჭებდა. სწორედ ამიტომ, მან სტუდიას სცენარის გადაკეთება შესთავაზა და ეს 2 კვირის ვადაში მოახერხა – სწორედ ასე მივიღეთ ის საბოლოო შედეგი, რაც 1995 წელს ეკრანებზე “სათამაშოების ისტორიის” სახით ვიხილეთ.
პირველი ნაწილის საოცარი წარმატების შემდეგ, რაც მაღალ შემოსავალში, საპატიო ოსკარსა და მაყურებლის აღფრთოვანებაში გამოიხატებოდა, გადაწყდა, რომ ანიმაციას გაგრძელებაც უნდა ჰქონოდა. იდეის განხორციელება სტუდიამ 1997 წელს დაიწყო, თუმცა ამ დროისათვის თანამშრომელთა დიდი ნაწილი “მწერის ცხოვრებაზე” მუშაობდა, შესაბამისად, ვუდისა და სხვა სათამაშოების თავგადასავლებისათვის შედარებით მცირე ჯგუფი გამოიყო.
იმავე წლის ზაფხულში დისნეიმ პროცესების დაჩქარება მოითხოვა. ამ დროისათვის ლასეტერს მწერის ცხოვრებაზე მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდა და კვლავ “სათამაშოების ისტორიაზე” გადმოერთო. თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ კი მათ საშინელი ამბავი დაატყდათ თავს – ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომის გამო, ანიმაციის თითქმის 90% წაიშალა.
წარმოიდგინეთ, რა ამბავი ტრიალებდა სტუდიაში მანამ, სანამ ერთ-ერთ მათგანს პერსონალურ კომპიუტერში სრულიად შემთხვევით არ აღმოაჩნდა თითქმის სრული მასალები. მისი წყალობით, დანაკარგის 70%-ის აღდგენა მოხერხდა, დანარჩენი კი რამდენიმე დღეში, თავდაუზოგავი შრომით თავიდან შექმნეს.
როგორც Pixar-ის შესახებ დაწერილ წიგნში ვკითხულობთ, ანიმაციის სიქველზე მუშაობა ძალიან სტრესული აღმოჩნდა სტუდიის თანამშრომლებისათვის. ისინი სრული დატვირთვით მუშაობდნენ, გამუდმებით საქმეზე ფიქრობდნენ და ღამეებს ათენებდნენ სამსახურში. ერთ-ერთ თანამშრომელს შვილი მანქანაშიც კი დარჩა, იმდენად იყო გადართული “სათამაშოების ისტორიაზე”…. რა გასაკვირია, რომ დასრულების შემდეგ მათ უმრავლესობას მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნათ?! თუმცა ისინი არაფერს ნანობდნენ, რადგან ამ ნამუშევარში მთელი სული და გული ჩადეს!
ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო და კრიტიკოსებმა “სათამაშოების ისტორია 2” დაასახელეს იმის ბრწყინვალე მაგალითად, რომ გაგრძელებას შეუძლია ორიგინალსაც კი აჯობოს. ეს კი, მოგეხსენებათ, უდიდესი იშვიათობა და დიდი მიღწევაა კინოსამყაროში…
ასეთი წარმატების შემდეგ, რა თქმა უნდა, ლოგიკურად გაჩნდა მესამე ნაწილის შექმნის იდეაც. სიქველზე მუშაობის უფლება კონტრაქტის მიხედვით Disney-ს ჰქონდა და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი Pixar-თან გარკვეულ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, თანამშრომლობა Circle 7 Animation სტუდიასთან გადაწყვიტეს,
მათი ხედვით, “სათამაშოების ისტორია 3” შემდეგნაირად უნდა განვითარებულიყო – ენდის დედა ბაზლაიტერს შესაკეთებლად ტაივანში გააგზავნიდა, რა დროსაც აღმოჩნდებოდა, რომ ამ სერიის ყველა სათამაშო მწყობრიდან იყო გამოსული და კომპანია მომხმარებლებისაგან მთელ პროდუქციას უკან ჩაიბარებდა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, შეიტყობდნენ ენდის სხვა სათამაშოები და ბაზის გადასარჩენად გაემგზავრებოდნენ.
ანიმაცია ეკრანებზე 2008 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა ამ ვარიანტს სინათლის ხილვა არ ეწერა – 2006 წელს სტივ ჯობსმა პიქსარი დისნეის მიჰყიდა, შესაბამისად, პიქსარის თანამშრომლებმა აიღეს პასუხისმგებლობა დისნეის ანიმაციებზე და “სათამაშოების ისტორიამაც” მათ ხელში გადაინაცვლა.
“სათამაშოების ისტორია 3“-ის სიუჟეტური ხაზი ლოგიკური ფინალის გარშემო განვითარდა – ენდი უკვე წამოიზარდა, სათამაშოებმა კი ღელვა დაიწყეს თავიანთ ბუნდოვან მომავალზე.
სხვათა შორის, იმისათვის, რომ მსახიობები მოეხიბლათ, პროდიუსერებმა მათ არა უბრალოდ სცენარი, არამედ გრაფიკულად შექმნილი მთელი სიუჟეტი გაუგზავნეს, მუსიკისა და გახმოვანების თანხლებით – რა თქმა უნდა, ასეთ შემოთავაზებას ყველა სიამოვნებით დასთანხმდა.
საბოლოო ჯამში, მესამე ნაწილზე მუშაობა გაცილებით უპრობლემო აღმოჩნდა, თუმცა გარკვეულ ინციდენტებს ადგილი მაინც ჰქონდა – ჯერ კიდევ 90-იან წლებში შექმნილი პერსონაჟები ახალ ტექნოლოგიებს ვერ ერგებოდნენ, ამიტომ საჭირო გახდა მათი თავიდან დახატვა და გაცოცხლება.
ანიმაციის მესამე ნაწილმა კიდევ ერთხელ მოახერხა კრიტიკოსებისა და მაყურებლის გულის მოგება. სტუდიამ კი რეკორდული შემოსავლის გარდა, კიდევ 2 ოსკარი მიიღო – საუკეთესო ანიმაციური ფილმისა და საუკეთესო სიმღერის ნომინაციებში.
ყველა ფიქრობდა, რომ ასეთი შესანიშნავი ფინალის შემდეგ გაგრძელება აღარ იქნებოდა, თუმცა წლების განმავლობაში ახალი იდეა მომწიფდა და შემქმნელების გონება იმდენად დაიპყრო, რომ “სათამაშოების ისტორია 4” ოფიციალურად დადასტურდა.
მსახიობების უმრავლესობა კვლავ დაუბრუნდა თავიანთ პერსონაჟებს. სამწუხაროდ, მათ შორის არ იყო ბატონი კარტოფილის გამხმოვანებელი დონ რიკლი, თუმცა, საბედნიეროდ, სტუდიის მესვეურებმა ყველასათვის საყვარელი ანიმაციური გმირის ამეტყველება მაინც მისი ხმით მოახერხეს. შემოქმედებით გუნდს შეუერთდა კიანუ რივზიც, რომელმაც ახალი პერსონაჟი – დიუკ კაბუმი გააცოცხლა.
ტრადიციულად, ანიმაციამ კვლავ უდიდესი მოწონება დაიმსახურა და, რა თქმა უნდა, უკვე იქცა 2019 წლის ოსკარის ერთ-ერთ მთავარ და აშკარა პრეტენდენტად. აი, ის ფაქტი კი, ვიხილავთ თუ არა მომავალში “სათამაშოების ისტორია 5”-ს ჯერჯერობით ნამდვილად ბუნდოვანია.