ცხადია, ყველას გეცნობათ სიტუაცია, როცა ძლივს ახალ ფილმს ჩაუჯდებით და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ ბოლომდე ჩაერთოთ სიუჟეტში, ათას სისულელეზე და ცხოვრებისეულ წვრილმანებზე ფიქრობთ. ხშირად ისიც კი გავიწყდებათ, რომ თქვენ თვალწინ მხოლოდ კინორეალობაა და რაც იქ ხდება, ყველაფერი სინამდვილეს და ჩვენს “მიწიერ” აზრებს ვერ მოერგება.
დღეს შევაგროვეთ კინომოყვარულების პასუხები კითხვაზე: “რა აბსურდული, სასაცილო და ზოგჯერ ზუსტი გრძნობები გიჩნდებათ ფილმების ყურებისას?”. მათი პასუხები ძალიან სახალისო და ზოგიერთი ფილმის ამა თუ იმ სიტუაციაში ძალიან ლოგიკურია.
მაშ ასე, დავიწყოთ:
კულმინაციურ მომენტებში რატომ არასდროს უნდებათ გმირებს ტუალეტში გასვლა?
მოსიარულე მკვდრების ან ზომბებზე სხვა ფილმების ყურებისას ყოველთვის ამას ვფიქრობ: საინტერესოა, ცხოველების ზომბებად გადაქცევისკენაც ასე ილტვიან თუ მხოლოდ ადამიანებს გაუმართლათ?
ყველაზე მეტად ფილმებში ცათამბჯენების დანგრევას განვიცდი. რა გრანდიოზული დანაკარგი და რამდენი ადამიანის ტანჯვაა(((
როგორც ჩანს, ფილმებში აბსოლუტურად უგულებელყოფენ ისეთ წვრილმანებს, როგორებიცაა, მაგალითად კრიტიკული დღეები: ჰოლივუდის ფილმებში არ არსებობს ქალი, რომელსაც მენსტრუაციის გამო გეგმები ჩაეშლება.
ამერიკული ფილმების გმირები ახერხებენ დილით, სამსახურში წასვლამდე ირბინონ, შხაპი მიიღონ, მადიანად ისაუზმონ და აუჩქარებლად წაიკითხონ გაზეთი. უკაცრავად, მაგრამ რომელ საათზე იღვიძებენ?
როდესაც ვხედავ 30 წლამდე ასაკის მსახიობს, რომელიც სკოლის მოსწავლეს თამაშობს, ყოველთვის ფილმის კასტინგ-დირექტორის ნაივურობაზე მეცინება.
ფრაზა: “ყველაფერი რიგზე გაქვს?” ყოველთვის უცნაურად მეჩვენება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როცა ამ კითხვას ხერხემალგადამტვრეულ ან თავგატეხილ პერსონაჟს უსვამენ.
“მე პოლიციელი ვარ და თქვენი მანქანა მჭირდება” – საწყალი ის მძღოლი, რომელსაც ამ ფრაზით მიმართავენ! ის თავის მანქანას ალბათ ვეღარასდროს იხილავს.
საშინლად მაწუხებს ის ფაქტი, რომ ბევრ ფილმში მამაკაცი, რომელიც იპარსავს, საპნის ქაფის ჩამობანის ნაცვლად მას პირსაცოხით იშორებს. ასე ხომ სახის კანი საშინლად იჭიმება! მაგრამ კინოში კანი გლუვი და მშვენიერი შესახედავია. ქაფის წასმაზეც ნუ მოცდებიან მაშინ.
რანაირად მიდის გმირი მოულოდნელ მოგზაურობაში დეზოდორანტისა და კბილის ჯაგრისის გარეშე?
ყოველთვის განვიცდი იმას, რომ გმირი უძველეს არტეფაქტებსა და ათასი წლის წინანდელი გენიოსების შექმნილ კონსტრუქციებს შეუბრალებლად ანადგურებს ისე, რომ სინდისიც არ აწუხებს.
რატომ და როგორ ხდება ისე, რომ პერსონაჟებს, რომელთა გამგზავრებაც არ სურთ, პირდაპირ აეროპორტის გეითთან უხსნიან სიყვარულს, ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი კი მოთმინებით იცდის?
როცა პერსონაჟები დიდხანს მიდიან ტყეში, ტკიპებსა და ეკალბარდებზე ნერვიულობას ვიწყებ.
რატომ არ ივლებენ პირში წყალს პერსონაჟები კბილის პასტის გამოყენებისას?
როცა მსახიობი მადიანად ჭამს და სვამს, ეს ფიქრი მაშფოთებს: მერამდენე დუბლია და რამდენი ჭამეს აქამდე ამ საბრალოებმა?
პერსონაჟი გამოდევნებული მანქანის წინ რატომ გარბის? შეუხვიე, რა!
თმის რანაირ უთოს იყენებდნენ გრიმიორები ლეგოლასის თმის გასასწორებლად?
რა ჯადოსნობით დარბიან ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ქალები ასე სწრაფად და ბევრს?
როცა კინოგმირი გარშემო ყველაფერს ანგრევს/აფეთქებს, ვფიქრობ: “პირველ დუბლზე ეს ყველაფერი რომ არ გამოსვლოდა? ყოველ დუბლზე ამ ყველაფრის თავიდან დალაგება იქნებოდა საჭირო… ეჰ…”
სექსის სცენა, აგზნებული გმირები… არცერთი არ ფიქრობს ჰიგიენაზე, მაშინაც კი, როცა ისინი ერთი კვირაა, მესამე სამყაროს ქვეყანაში იმყოფებიან და ერთხელაც კი არ უბანავიათ.
ბევრ ფილმში გმირი სახლში ისე შედის და გადის, თითქოს იქ კარს არასდროს არავინ კეტავს. ამ დროს მინდა ვუყვირო: “კარი! კარი დაკეტე!” და საათობით მაწუხებს იმ ღიად დატოვებულ სახლზე ფიქრი.
სამეფო კარის თამაშებში კედლის მიღმა ადამიანები უქუდოდ რანაირად დადიან? იქ ხომ ლამის პოლარული კლიმატია!
თუ ფილმში ძლიერად თოვს, სახლი კი ქალაქგარეთ, მიყრუებულ ადგილზეა, ყოველთვის ვნერვიულობ, როგორ და როდის გაწმენდენ გზებს, ეზოს, გადათოვლავენ მანქანებს…
დიდი კორპორაციების წარმატებული იურისტები დილის 5 საათზე იღვიძებენ, რომ ირბინონ, მოგვიანებით მილიარდიან საქმეებს აგვარებენ, საღამოობით ბარებში სვამენ და ღამეს ნაირნაირ ლამაზმანებთან ატარებენ. მომდევნო დღეს იგივე მეორდება… სუპერმენები არიან?
ყოველთვის ვღელავ მსახიობების მეუღლეების მაგივრად, როცა პერსონაჟს სექსი აქვს.
მანერვიულებს ის ფაქტი, რომ მძღოლები ფილმში გვერდით მჯდომს უფრო უყურებენ, ვიდრე გზას წინ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამის გამო ავარია არასდროს მოსდით.
როცა რომანტიკული კომედიის ან მელოდრამის გმირები საბოლოოდ შერიგდებიან, დაქორწინდებიან ან ერთმანეთს სამუდამო სიყვარულს ჰპირდებიან, ძალაუნებურად ვფიქრობ: რამდენხანს გაგრძელდება მათი იდილია? რამდენ დღეში და რა სულელური მიზეზის გამო იჩხუბებენ ხელახლა?
ვწუხვარ იმ რესტორნის მეპატრონეებზე, რომლებსაც პერსონაჟები ჭურჭელს ან, უარეს შემთხვევაში, ავეჯს უმტვრევენ, ან კიდევ გადაუხდელად გადიან შენობიდან.
როდესაც ხელმეორედ ვუყურებ სევდიან დასასრულის მქონე ფილმს, სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ პერსონაჟები რაიმეს შეცვლიან და ფინალი უკეთესი იქნება.