ზამთარი დადგა, გარეთ ძალიან ცივა – არაფერი ჯობს სახლში თბილად მოკალათებასა და საყვარელი სერიალების ყურებას… დიახ, თუნდაც ისინი უკვე ზეპირად ვიცოდეთ!
როგორც აღმოჩნდა, ეს ფენომენი ფსიქოლოგიური კვლევის საგანიც კი გახდა. სკოტ ბიმ, ფსიქოლოგიის დოქტორმა კლივლენდის კლინიკისათვის საკმაოდ საინტერესო ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც ახსნილია, თუ რატომ ვიღებთ სიამოვნებას უკვე ნანახი შოუების ხელმეორედ ნახვით:
წლების წინ, მთელი დღის ეკრანის წინ გატარება და სერიალის სრული სეზონის ყურება, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად ჟღერდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს სრულებით შესაძლებელი და ხშირი შემთხვევაც კია.
როგორც ექიმი ბი ამტკიცებს, საყვარელი შოუს რამდენიმე სერიის ნახვის შედეგად ჩვენს ორგანიზმში დოპამინი გამოიყოფა, რომელიც ჩვენს ტვინებს ძალიან მოსწონს და სასიამოვნო შეგრძნებებს გვგვრის…
მაგალითად გავიხსენოთ, თუ რას ვაკეთებთ, როდესაც რაღაცაზე გაბრაზებული ვართ? ძალიან ხშირად, სწორედ ჩვენი საყვარელი შოუ გვახსენდება და მის ყურებას თავიდან ვიწყებთ. მით უმეტეს, რომ არ გვიწევს სერიიდან სერიამდე ერთკვირიანი ლოდინი და თავისუფლად შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდი ერთმანეთს მივაყოლოთ. ამ დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეძებთ იმ შეგრძნებებს, რაც სერიალის პირველად ნახვის დროს დაგვეუფლა!
დოქტორი ბის თანახმად, ამ ქცევაში ჩვენთვის საზიანო არაფერია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, რომ ზომიერება დავიცვათ – საუკეთესო შემთხვევაში, ვუყუროთ ჩვენს საყვარელ სერიალებს მეგობრებთან ან პარტნიორთან ერთად… ვაქციოთ ეს დროის გაყვანის სასიამოვნო პროცესად და არა გარესამყაროსაგან ხანგრძლივი იზოლაციის საშუალებად.
ამ უკანასკნელისაგან თავის არიდების მიზნით, დოქტორი ბი გვთავაზობს რჩევას, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ სერიალს ჩავრთავთ:
დააწესეთ ლიმიტი
თუ თავიდანვე განსაზღვრავთ ეპიზოდების რაოდენობას, რომელსაც ერთ ჯერზე უყურებთ და ამ წესს არ დაარღვევთ, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ და, ამავდროულად, სასიამოვნო მოლოდინს შეგქიმნით მომდევნო სეანსისასთვის.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანისათვის ხანდახან აუცილებელია რეალობისაგან მოწყვეტა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამან მუდმივი და არაჯანსაღი სახე არ მიიღოს.
თუ ეს სხვა სოციალურ თუ გასართობ აქტივობებს უშლის ხელს, შესაძლოა, თქვენთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს. ზოგი ადამიანი სერიალების ყურებას სტრესთან და დეპრესიასთან გასამკლავებლად იყენებს, რაც არასწორია, რადგან ამ გზით თქვენ უბრალოდ აიგნორებთ პრობლემას და ის კვლავ გადაუჭრელი რჩება!