2000-იანი წლების შუა ხანებში ჯესიკა ალბა ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი იყო – ქალღმერთი, რომლის ეკრანზე გამოჩენაც ყველას სიამოვნებდა. მას არც ჟანრობრივად მრავალფეროვანი როლები აკლდა და არც პოპულარობა. თუმცა 21-ე საუკუნის პირველი დეკადა მიიწურა და, ბევრისთვის მოულოდნელად, ჯესიკას ვარსკვლავიც ჩაქრა.
რასაკვირველია, ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, გავარკვიოთ, რატომ მიივიწყა ჰოლივუდმა უმშვენიერესი მსახიობი და რატომ აღარ ჩანს ის ეკრანებზე.
მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა, მას მთავარი როლების მიღების პრობლემა ჰქონდა
ჰოლივუდურ კინოინდუსტრიას მთავარი როლების მიმართ უცნაური სტანდარტები აქვს. როცა არაამერიკული წარმოშობის მსახიობებზე მიდგება საქმე, ხშირად მათ მიმართ სტერეოტიპული მიდგომები მუშაობს. ჯესიკა ალბაც, რომელიც მექსიკელი იმიგრანტების შვილია, თავისი შთამბეჭდავი გარეგნობის მიუხედავად, როლების არჩევანში საკმაოდ შეზღუდული აღმოჩნდა და მისი “შესაფერისი” მთავარი როლი ჰორიზონტზე არ გამოჩნდა.
“ჩემი ეთნიკური წარმომავლობა, ცოტა არ იყოს, დამაბნეველია, ამიტომ ყოველთვის “რაიმე ეგზოტიკურს” მთავაზობდნენ”, – აღნიშნა ჯესიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი აზრით, კანის ფერი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც განსაზღვრავს ფილმების მესვეურთა არჩევანს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი როლის გაცემისას.
მისი ფილმები თითქმის არავის ახსოვს
ჯესიკა ალბას პოპულარობა ცოდვილთა ქალაქის სერიაში შესრულებულმა როლმა მოუტანა, რომელშიც მსახიობი დიდ ვარსკვლავებთან – ბრიუს უილისთან და კლაივ ოუენთან ერთად გამოჩნდა. თუმცა ამის შემდეგ მის კარიერაში დაიწყო უღიმღამო პროექტების სერია, რამაც საბოლოოდ, მსახიობის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, კარიერაზე დამღუპველად იმოქმედა.
მსახიობის რეიტინგის დაცემას ხელი შეუწყო წარუმატებელმა სუპერგმირულმა პროექტმაც.
არაფრისმთქმელი სუპერგმირები
Marvel Cinematic Universe-ის ზეობის ხანაში სუპერგმირულ ფილმებში მონაწილეობა ნებისმიერი მსახიობისთვის იღბლიანი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუპერგმირებზე გადაღებული ნებისმიერი ფილმი წარმატებული იქნება. ამის მაგალითია მარველის ერთ-ერთი კომიქსი, რომლის ეკრანიზაციაც სრულიად უფერული გამოვიდა. საუბარია Fox-ის მიერ 2005 წელს გადაღებულ ფანტასტიკურ ოთხეულზე, რომელშიც ალბამ სიუ სტორმის როლი შეასრულა. წარუმატებელ პროექტს სიქველმაც ვერ უშველა, ჯესიკა ალბა კი მაყურებლის გონებაში მარველის “არამარველურ” სამყაროში “გამოკეტილი” დარჩა და სხვა სუპერგმირულ ფრენჩაიზში მისი გამოჩენის შანსებიც მინიმუმამდე დავიდა.
გარდა ამისა, ეკრანიზაციებს მისი მონაწილეობით კინორეიტინგების მქონე საიტებზე ძალზე დაბალი შეფასებები აქვს (მაგალითად, მექანიკური: აღდგომა-ს 32% Rotten Tomatoes-ზე, ცოდვილთა ქალაქის მე-2 ნაწილს კი 46% metacritic.com-ზე).
უხილავი ნიშანი
არსებობს ბევრი დაბალრეიტინგული ფილმი, მაგრამ იშვიათია კრიტიკოსების მიერ სრულიად შეუმჩნეველი ან დაწუნებული სურათები, რომლებიც 0%-ს იმსახურებენ. და ასეთი აღმოჩნდა 2011 წლის უხილავი ნიშანი ჯესიკა ალბას მონაწილეობით. კრიტიკოსებმა დაიწუნეს არამარტო თავად ფილმი, არამედ ჯესიკას თამაშიც. მისი პერფორმანსი “უცნაურად” და “არაშთამბეჭდავად” შეფასდა. The Hollywood Reporter შეფასებისას კიდევ უფრო მკაცრი იყო: “ალბას შესრულებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მან როლი ვერ გაითვისა. მისი პერსონაჟი, რომელიც მათემატიკოსი უნდა იყოს, მათემატიკის გაგებაში არაა”. ალბამ თავადვე დაადასტურა, რომ მათემატიკა მისი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ ეს თავის გამართლებად ვერ ჩაითვლება. ასეა თუ ისე, ალბას სიას კიდევ ერთი წარუმატებელი ფილმი მიემატა.
აღნიშნული სურათიდან რამდენიმე წელიწადში ალბა “კომფორტის ზონას” დაუბრუნდა და რობერტ როდრიგესის სურათზე – მაჩეტე კლავს – იმუშავა, მაგრამ არც ამან უშველა – ფილმი, ისევე როგორც მისი პერფორმანსი, კვლავ უარყოფითად შეფასდა.
წლების განმავლობაში მსახიობს ბევრი, თუმცა არაფრისმთქმელი პროექტები დაუგროვდა: როგორ დავკავდეთ სიყვარულით ინგლისურად, მექანიკა: აღდგომა, რამდენიმე რომანტიკული კომედია და ჰორორი, რომელთაგან ვერცერთმა დაიმსახურა დიდი ყურადღება. მისი ბოლოდროინდელი ფილმები იმდენად არაფრისმთქმელია, რომ მათ პოსტერებიდანაც კი ვერ ვიცნობთ. მსახიობი ნაკლებად ცნობილი დაბალბიუჯეტიანი პროექტების გამო უზარმაზარ ინდუსტრიაში ვირტუალურადაც და მნიშვნელობითაც, ჩაიკარგა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად, მსახიობი უმოქმედოდ არ არის.
თავისმა პროფესიამ ის დაღალა
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ უკანასკნელ წლებში რატომ აღარ უთმობს ჯესიკა ყურადღებას დიდ პროექტებს, მისივე გადაწყვეტილებაშია “რეალურად, მსახიობობას თავი 27 წლის ასაკში დავანებე”, – აღნიშნა ალბამ, – “ეს სფერო აღარაა ის, რაშიც მთელ ჩემს ენერგიას ვდებ”.
მსახიობისთვის პრიორიტეტი მისი ორი ქალიშვილია, გარდა ამისა, იგი დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ, თავის მოვლის ბუნებრივი საშუალებების ბრენდს Honest Company-ს, რომელიც რამდენიმე სკანდალში გაეხვა – მას უკმაყოფილო კლიენტებმა უჩივლეს.
“ხმამაღალი დაბრუნების” სურვილი არ აქვს
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ნათელი არაა, სურს თუ არა ჯესიკა ალბას კვლავ იქცეს ვარსკვლავად. წლების განმავლობაში, როცა მას სამომავლო გეგმებზე და ჰოლივუდში დაბრუნებაზე ეკითხებოდნენ, მსახიობი უფრო და უფრო ხშირად პასუხობდა “არას”. “არსებობს სხვა რამეებიც, რაც მე, როგორც მსახიობს, მაინტერესებს. განსაკუთრებით კი ბიზნესი.”
კიდევ ერთი შანსი
როგორც ჩანს, ჯესიკას გადაწყვეტილება – აღარ დაუბრუნდეს ჰოლივუდს – ჯერჯერობით უცვლელია. თუმცა ეკრანზე დასაბრუნებლად ჰოლივუდის შემოვლითაც არსებობს გზები. 2019 წელს მსახიობმა ტელევიზიაში სცადა ბედი და კრიმინალურ ტელეშოუში – საუკეთესონი ლოს-ანჯელესში – ითამაშა. დიდი წარმატება არც ამ პროექტს მოჰყოლია, თუმცა ჯესიკა ალბას ასაკისა და გარეგნობის მსახიობისთვის სატელევიზიო სივრცეში კიდევ მრავალი ჟანრისა და სიდიდის როლი მოიძებნება.
მისი კოლეგების, სარა მიშელ გელერისა და რეიჩელ ლეის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, 30-ს ზევით ასაკის მსახიობებს შეთავაზებები არ აკლიათ. გარდა ამისა, სატელევიზიო სივრცეში მოხვედრილ მსახიობს არ უწევს საკუთარ ეკრანულ რეპუტაციასთან “ბრძოლა” და ჩავარდნილი ფილმების ჩრდილიდან გამოსვლა. ამრიგად, მომხიბვლელი მსახიობის გულშემატკივრებმა იმედი უნდა დაიტოვონ, რომ ჯესიკა ალბას კარიერული გზა უღიმღამო როლებით არ დასრულდება.
მომზადებულია looper.com-ის მიხედვით