კინოს სფეროში უამრავი ისეთი ტერმინია, რომლებიც ქართულად არ ითარგმნება და ამიტომ, ძალიან ხშირად გვიჭირს ერთმანეთისგან გარჩევა, ან თუნდაც ამა თუ იმ ტერმინის გაგება. სინემანიის მომხმარებელსაც ბევრი კითხვა უჩნდება ხოლმე, როდესაც სტატიებში უცხო სიტყვებს ვხმარობთ, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ კინოლექსიკონი გავაკეთოთ და ბევრი ისეთი კინოტერმინი ავხსნათ, რომელიც ჩვენს ენაზე არ ითარგმნება.
მაშ ასე, გთავაზობთ რუბრიკის პირველ ნაწილს:
არტჰაუსი – მცირე ან ექსკლუზიურ გაქირავებაში გამოშვებული ფილმი, რომელიც როგორც წესი არ არის გათვლილი ფართო აუდიტორიაზე. არტჰაუს ფილმების ხილვა სპეციალიზებულ კინოთეატრებში და ფესტივალებზეა შესაძლებელი. ცნობილი მაგალითები: სამი ფერი – ლურჯი, ფანი და ალექსანდერი, ტალღების გადაკვეთა.
ბადი-მუვი – ქვეჟანრი, რომლის მთავარი მოქმედი პირი ორი ახლო მეგობარია. ბადი-მუვის კლასიკური მაგალითებია სასიკვდილო იარაღი, ტელმა და ლუიზა, სტარსკი და ჰატჩი.
ბი-მუვი – “ბ” კატეგორიის ფილმი. ხშირ შემთხვევაში მძაფრსიუჟეტიანი ან საშინელებათა ჟანრის დაბალბიუჯეტიანი ფილმი, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებებით. ბი-მუვის მაგალითები: ცოცხალი მკვდრები, “ოთახი”, ცოცხალი მკვდრების დაბრუნება.
ბლოკბასტერი – კინოგაქირავებაში წარმატებული, მაღალბიუჯეტიანი, პოპულარული ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ასრულებენ. ბლოკბასტერის მაგალითები: არმაგედონი, ტიტანიკი, შურისმაძიებლები.
თაიფქასთინგი – როდესაც რომელიმე მსახიობი ერთი ტიპის როლთან ასოცირდება, ხშირად ამ მოვლენას ვხვდებით, როდესაც მსახიობი წარმატებას აღწევს ერთი სახასიათო როლით, რის შემდეგაც მხოლოდ ამ სპეციფიკის პერფომანსებს გვთავაზობენ. თაიფქასთინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი ჯონი დეპია.
ექშენი – მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, ე.წ. “ბოევიკი”. მაგალითები: კომანდო, ჯონ ვიკი, დახვრიტე ისინი.
თიზერი – მოკლე ვიდეორგოლი მომავალი ფილმის შესახებ, რომელშიც როგორც წესი მაყურებელი ვერ იგებს სიუჟეტის განვითარების დეტალებს. თიზერი გამოდის თრეილერამდე.
თრეილერი – ვიდეორგოლი, რომელშიც ჩანს მომავალი ფილმის პერსონაჟები, სიუჟეტი ან ცალკეული სცენა. თიზერისგან განსხვავებით თრეილერი სურათზე გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა.
თრეში – ქვეჟანრი, რომელიც მოიცავს დაბალი ხარისხის, როგორც წესი აბსურდული სცენარით გადაღებულ ფილმებს. 80-იანი წლების შემდეგ თრეშმა ტრანსფორმაცია განიცადა, დღესდღეობით ბევრი რეჟისორი თრეშ-ელემენტებს თავის ფილმებში განზრახ იყენებს. მაგალითები: მაჩეტე, რეანიმატორი, მიმიფურთხებია თქვენი საფლავებისთვის.
თრილერი – კინოს ქვეჟანრი, რომელიც მაყურებელს შფოთვისა და დაძაბულობის, რიგ შემთხვევებში შიშის შეგრძნებას უტოვებს. თრილერის მაგალითები: შვიდი, გატაცებულნი, მიზერი.