ფილმის შემქმნელები კინომოყვარულებს ხშირად უტოვებენ ფილმებში ფარულ გზავნილებს და გამოცანებს, რომელთა აღმოჩენაც ერთი სიამოვნებაა. ხშირად რეჟისორები და პროდიუსერები წლების შემდეგ გვიმხელენ იმ თავსატეხების პასუხებს, რომლებზეც ფანებმა დიდხანს იმტვრიეს თავი. ერთ-ერთი ასეთი იყო კინოფილმ დასაწყისის გამოცანა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.
დღეს სწორედ ასეთი, ჯერ კიდევ უცნობი ფარული ფაქტები და დეტალები შევკრიბეთ. მათი გაცნობით უფრო მეტს გავიგებთ ჩვენი საყვარელი ფილმების შესახებ.
დედპული 2
ფილმში დედპული 2, სულ ცოტა, ორი ვარსკვლავური კამეოა. პირველის შესახებ ბევრს სმენია: ეს ბრედ პიტის წამიერი გამოჩენაა უხილავი კაცის როლში – პერსონაჟის, რომელსაც ფილმის დიდ ნაწილში ვერავინ ხედავს. პიტის კადრში ჩამატების იდეა გადაღებების მიწურულს დაებადათ. რაიან რეინოლდსის განცხადებით, ბრედი ფილმში “ფინჯანი ყავის ხათრით გამოჩნდა”. “მითხრეს, მხოლოდ ყავა უნდაო, მე კი ვკითხე: “კაფეტერიების ქსელი თუ უბრალოდ ერთი ფინჯანი ყავა?” მიპასუხეს, ერთი ფინჯანიო”.
ფილმის სვა სცენაში ჩვენ ვხედავთ ორ ტიპს, რომლებიც განიხილავენ, რით ჯობია ჩვეულებრივი ხელსაწმენდები ტუალეტის ქაღალდს. ამ პერსონაჟების როლში გრიმით დაფარული ცნობილი ვარსკვლავები: ალან ტუდიკი და მეთ დეიმონი არიან. სხვათა შორის, ტიტრებში დეიმონის პერსონაჟი მოხსენიებულია როგორც დიკი გრინლიფი – ჯუდ ლოუს პერსონაჟი ფილმში ნიჭიერი მისტერ რიპლი. ეს სახელი უბრალოდ არაა აღებული – სწორედ ამ გრინლიფს კლავს ტომ რიპლი და მის სახელს, კავშირებსა და ფულს იყენებს მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ.
თრუმენის შოუ
როგორც ვიცით, თრუმენის შოუს მთავარი გმირი უამრავი საიდუმლო კამერის გარემოცვაში ცხოვრობს და მის ცხოვრებას მილიონობით მაყურებელი აკვირდება. მაგრამ ალბათ არ დაკვირვებიხართ იმას, რომ ერთი კამერა მის ბეჭედშიცაა.
მაკულატურა
ცნობილია, რომ კვენტინ ტარანტინოს განსაკუთრებით უყვარს თავის ფილმებში “სააღდგომო კვერცხების” დატოვება. გამონაკლისი არც მაკულატურაა. როგორც ვიცით, ფილმის სიუჟეტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ ვითარდება. პირველ სცენაში კაფეში მსხდარ რინგოს და იოლანდას ვხედავთ, რომლებიც ძარცვას გეგმავენ. ისინი პისტოლეტებს იღებენ… და უეცრად ფილმის დასაწყისის მაჩვენებელი ტიტრებიც გამოჩნდება. სულ ბოლო სცენაც ამავე კაფეში ვითარდება – იმ დროს, როცა მძარცველები თავიანთ გეგმას განიხილავენ, გვერდით ჯულსი და ვინსენტი საუბრობენ ჯულსის სურვილზე, დატოვოს კრიმინალური სამყარო. ახლა კი ყურადღებით ფილმის პირველ სცენაზე: იოლანდას მიღმა ვხედავთ ვინსენტს, რომელიც ტუალეტისკენ მიდის!
სხვათა შორის, როცა ვინსენტი ტუალეტში მიდის, ამას ყოველთვის უსიამოვნებები მოჰყვება: პირველად ის მია უოლესს გადაეყრება, მეორედ კაფეში ძარცვის მიზნით დატრიალებულ ალიაქოთში ეხვევა, მესამედ კი სულაც კვდება – მას ტუალეტთან ცხრილავს ბუჩი (ბრიუს უილისის გმირი) ავტომატის ჯერით.
დასაწყისი
გავიხსენოთ ფინალური სცენა ფილმიდან დასაწყისი: ლეონარდო დიკაპრიოს გმირი კობი ბზრიალას ატრიალებს იმის გასაგებად, რეალობაში იმყოფება ის თუ სიზმარში (როგორც იცით, თუ ბზრიალა არ ვარდება, ესე იგი, ის სიზმარშია). ამას მაყურებელი ვეღარ ხედავს, რადგან ფილმი მალე მთავრდება.
თუმცა სულ ბოლო ხანებში დასაწყისის ფანებში აჟიოტაჟი გამოიწვია მსახიობ მაიკლ კეინის (კობის სიმამრის როლის შემსრულებლის) განცხადებამ. ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მან ფილმის რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს უთხრა, რომ ვერ იგებდა, სად იყო ფილმში სიზმარი და სად – რეალობა, რაზეც რეჟისორმა მიუგო: “როცა სცენაში შენ ჩანხარ, ეს რეალობაა”.
ამრიგად, ბოლოს და ბოლოს, გაირკვა ფინალური სცენის ამბავი: მაიკლ კეინის გმირი იქ ფიგურირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კობი რეალურ ცხოვრებაში ოჯახთან დაბრუნდა, ბზრიალა კი ბოლოს და ბოლოს, დავარდა.
ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება
ფილმში ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება შემდეგი “სააღდგომო კვერცხია” დამალული: თუ იმ ვიდეოს ბმულს, რომელსაც პიტერი ერთ-ერთ სცენაში უყურებს, რეალურად ჩავწერთ ბრაუზერში, თავად ამ ფილმის თრეილერზე გადავალთ. გადამოწმება შეგიძლიათ აქ.
ნათლია
კინოლეგენდის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ვიტო კორლეონეს გარეგნობა გაცილებით ავისმომასწავებელი იქნებოდა, თუ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს მაყურებელი მისი თვალების დანახვას ვერ შეძლებდა. ამ ხერხმა გაამართლა და მარლონ ბრანდოც ბრწყინვალედ შევიდა როლში.
კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი
მარველის კინოსამყაროს თითოეულ ფილმში მრავალი “სააღდგომო კვერცხის” აღმოჩენა შეიძლება. მათ შორისაა აქა-იქ გაბნეული ფარული ცხოვრებისეული დეტალები მარველის გმირების შესახებ. ასე, მაგალითად, კაპიტანი ამერიკის დაბადების თარიღი პირველ შურისმაძიებელში. ესაა 4 ივლისი – ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. რა სიმბოლურია, არა?
ავატარი
შეგიმჩნევიათ, რომ ნა’ვის ხალხს ხელებზე ოთხი თითი აქვთ, ჯეიკ-ავატარს კი – ხუთი?
მისტერ და მისის სმიტები
ფილმში არის სცენა, რომელშიც ბრედ პიტის გმირი მძევალს დაკითხვას უწყობს. ყმაწვილს კი აცვია მაისური წარწერით Fight Club. დიახ, ეს ბრედ პიტის მონაწილეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის, მებრძოლთა კლუბის ლოგო და წარწერაა.
მონსტრების კორპორაცია
ანიმაციის შემქმნელები არამხოლოდ გმირების გარეგნობაზე, არამედ მათ ყოფა-ცხოვრებაზეც ფიქრობენ. ამიტომაც აქვს ჯ. სალივანის სავარძელს სპეციალური, კუდის გასაყოფი ხვრელი.
კოკო
ცნობილია, რომ სტუდია “პიქსარი” უწვრილეს გარეგნულ დეტალებსაც კი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. უბრალოდ შეხედეთ ამ კადრს კოკოდან: მიგელის სახესა და ყბებზე ამოსული თითოეული ღინღლიც კი მოჩანს!