75-ე “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც 8 იანვარს, ჩვენი დროით დილის 5 საათზე გაიმართება, ნომინანტების ამპლუაში ბევრ ახალგაზრდა მსახიობს ვიხილავთ, თუმცა ბევრი მათგანი უკვე კაშკაშა ვარსკვლავია. გადავწყვიტეთ, დაჯილდოებამდე გადავხედოთ ახალგაზრდა, 20-დან 30 წლამდე ნომინანტებს და როლებს, რომელთა გამოც მათ ეს პატივი ერგოთ.
სირშა რონანი
23 წლის რონანისთვის, რომელმაც გასულ წელს Lady Bird-ში შესრულებული როლით გამოიჩინა თავი, ოქროს გლობუსის ნომინანტობა უცხო არაა. ვარსკვლავი, რომელიც ხმაურიანად გამოჩნდა 2007 წელს ფილმში მონანიება (და გლობუსზეც წარადგინეს), ამ პრემიაზე 2015 წელსაც იყო ნომინირებული 2015 წელს ფილმისთვის ბრუკლინი.
ტიმოთი შალამე
ვიზუალურად დიდებული და სულისშემძვრელი ახალი ფილმის – შენი სახელით მომმართე, – ახალბედა მონაწილემ, 22 წლის შალამე დასამახსოვრებელი როლით (ყმაწვილკაცი, რომელსაც მამამისის დოქტორანტი შეუყვარდება) ოქროს გლობუსის მორიგი 30 წლამდელი ნომინანტია.
ქეთრინ ლანგფორდი
Netflix-ის გახმაურებული ახალი სერიალის, 13 მიზეზის ვარსკვლავი, 21 წლის ლანგფორდი დამამთავრებელი სკოლის მოსწავლე ჰანა ბეიკერს თამაშობს, რომელიც თანაკლასელებსა და ახლობლებს თვითმკვლელობის შემდეგ კასეტებზე საკუთარ ჩანაწერებს უტოვებს, რომლებშიც სუიციდის მიზეზებს უხსნის და მათ სდებს ბრალს. ამჟამად სერიალის მეორე სეზონის გადაღება მიმდინარეობს, რომელშიც პერსონაჟები მეტად გაიხსნებიან და მათ გარშემო მეტი ისტორია განვითარდება.
რეიჩელ ბროსნაჰანი
27 წლის ბროსნაჰანი 50-იანი წლების პერიოდის შესახებ გადაღებულ Amazon-ის დრამაში – The Marvelous Mrs. Maisel – დიასახლისად ქცეულ კომედიანტს თამაშობს. მისი სამსახიობო ოსტატობა უკვე ბევრჯერ გახდა კრიტიკოსთა ყურადღების საგანი და ნომინაციაც დაიმსახურა.
დენიელ კალუუია
28 წლის ახლად აღმოჩენილ ვარსკვლავს სახელი დასამახსოვრებელმა დრამატულმა პერფორმანსმა გაუთქვა უახლეს სერიალში Get Out (თავს უშველე). მისი თქმით, საკუთარი წარმატების მთავარი გასაღები პერსონაჟის მიმართ ემპათიაა.
ფრედი ჰაიმორი
ჰაიმორი, რომელიც ჯერ მხოლოდ 25-ისაა, ოქროს გლობუსზე სერიალში კარგი ექიმი შესრულებული როლისთვისაა წარდგენილი. თუმცა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი მან გაცილებით პატარა ასაკში – ტიმ ბარტონის ჩარლი და შოკოლადის ქარხანაში (ჩარლი) შეასრულა.