პარასკევი ჰო ყველას გვიხარია ხოლმე? მე და ჩემ გარშემო საზოგადოების უმეტესი ნაწილი დილიდანვე იმაზე ვფიქრობთ, საღამოს სად წავალთ, ვის ვნახავთ, როგორ გავერთობით რას და რამდენს დავლევთ…ბარში წავალთ, კლუბში თუ ორივეში? (ცალსახად ორივეში). ჰოდა დილიდანვე აჟიტირებულები მივემართებით სამსახურებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ან კიდევ სადმე და მთელი გულით ველით საღამოს მოსვლას. ალბათ ისე ველით როგორც ჰაჩიკო ელოდა თავისი პატრონის დაბრუნებას (მომიტევეთ ეს სევდიანი შედარება)…
ჰოდა, მოვა ეს პარასკევი და რომელიმე თქვენთვის საყვარელ ბარში რომ შეიკრიბებით, აუცილებელია, ისე უნდა დათვრეთ, რომ სელმა ჰაიეკის პერსონაჟივით მოცეკვავე ქალღმერთი გეგონოთ თავი, ფილმიდან მზის ჩასვლიდან განთიადამდე (გოგო ხართ თუ ბიჭი არ აქვს მნიშვნელობა, სიმთვრალეში განსაკუთრებით…)
მართალია, სინამდვილეში საინფელდის აი ამ მომენტში ამოყოფთ თავს,
თუმცა არ იდარდოთ! მესმის, მეორე დღეს უხერხულობის გრძნობა ცოცხლად შეგჭამთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ: არავის ემახსოვრება თქვენი გუშინდელი გმირობები, რადგან ისინიც არანაკლებ ცოდვებს ჩადიოდნენ იმ მომენტში. (ყოველ შემთხვევაში მე თავს ასე ვიმშვიდებ.)
ისე სერიალი მატრიოშკა, ხომ არ გინახავთ შემთხვევით? თუ არა, გირჩევთ ნახოთ. აი მანდ არის კარგად აღწერილი, რაოდენ რთულია დაიწყო დალევა და დაამთავრო… წარმოიდგინეთ, რომ ყოველ საღამოს დალევა გიწევთ და დილით ( თუ საერთოდ გადაურჩით დალევას) სასწაული ნაბახუსევით იღვიძებთ და ასე ყოველ დღე. ან კვდები ან ნაბახუსევი გაქვს. გამოდის, რომ ან კვდები და ანდაც კვდები….
საბოლოოდ მივედი ამ სტატიისა და ცხოვრების მტკივნეულ თემამდე. ნაბახუსევი. აი, მთელი ღამე ბარიდან-ბარში რომ ივლით, იცეკვებთ, კლუბში გახვალთ, ყოფილ შეყვარებულს დაურეკავთ, იჩხუბებთ, ვიღაც უცხოს გაიცნობთ (მანდ ფრთხილად იყავით), გამთენიისას სახლში მოხვალთ, ბალიშზე თავს დადებთ და რამდენიმე საათში… თავის ტკივილი, დედამიწის მიზიდულობის ძალის გაათმაგება, სახსრების ტკივილი, გულის აუტანლად ქაოტური რითმი, კანკალი… აი რა გელით შემდგომ დილას. სერიალში სექსი დიდ ქალაქში შარლოტამ თქვა : თმაც კი მტკივაო! ნამდვილად ასეა…. ნამდვილად.
მე პირადად იმ ადამიანებს არ ვენდობი ვინც უდარდელი სახით, შაბათ საღამოს მეუბნება: მე ნაბახუსევი არასდროს მქონია და რავიცი, მოიგონებთ ხოლმე რა რაღაცებს… ეგეთი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გამოყოფილი.
მაგრამ, არ შეუშინდეთ და არ დანებდეთ ნაბახუსევს! პარასკევი საღამოს ყოველი წამით დატკბით. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ იგივე კვირის სხვა დღეებში არ გაიმეოროთ. მეგობრული რჩევაა. პირადი გამოცდილებით ათვისებული გaკვეთილია. დალევის ერთ-ერთი მცნებაა. პარასკევ-შაბათ გარდა არა ალკოჰოლ სვა! ის ორი დღე კი შეგიძლიათ დიდი გეთსბის დონის აურზაურებზეც გაიაროთ… მეორე დღეს ხინკალს შეჭამთ და ჰოპ! ცხოვრება თავის ჩვეულ რითმს დაუბრუნდა.
გაგვიმარჯოს მეგობრებო, ხვალ უკვე, პარასკევია!