გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათი ფელიქს ვან გროენინგენის ლამაზი ბიჭია, რომელშიც მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და სტივ კარელი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს მამაზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი წამალდამოკიდებული თინეიჯერი შვილის დასახმარებლად.
ისტორია რეალური მამის – დევიდ შეფის წიგნს – Beautiful Boy და რეალური შვილის – ნიკ შეფის წიგნს – Tweak: Growing Up on Methamphetamines ეფუძნება.
როგორია ნამდვილი ფაქტები და როგორ გაცოცხლდა ისინი ეკრანზე? ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
რა ასაკიდან გახდა რეალური ნიკ შეფი დამოკიდებული?
ნიკის დამოკიდებულების ისტორია 11 წლიდან იწყება, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს ალკოჰოლი იყო. ერთი წლის შემდეგ მან მარიხუანას მოხმარება დაიწყო, ცოტა ხანში კი – ექსტაზისა და კოკაინის. მეტამფეტამინი 18 წლის ასაკში გასინჯა და როგორც თავად იხსენებს, გაუჩნდა განცდა, რომ ყველაფრის მიღწევა შეეძლო: თავი როკ-ვარსკვლავად ვიგრძენი…
იქიდან მოყოლებული, ნიკი მუდმივ მომხმარებლად იქცა და ეს საშინლად აისახა როგორც მის, ასევე, მისი ოჯახის წევრთა ცხოვრებაზე.
მართლა ცნობილი ჟურნალისტი იყო ნიკის მამა, დევიდ შეფი?
დიახ. ის მუშაობდა ისეთი ჟურნალებისა და გაზეთებისთვის, როგორიცაა: The New York Times, Rolling Stone, Fortune, Wired… ჩამორთმეული ჰქონდა ინტერვიუები სტივ ჯობსისთვის, ფრენკ ზაპასთვის, ჯეკ ნიკოლსონისა და ჯონ ლენონისთვის.
2008 წელს გამოქვეყნებულმა მისმა წიგნმა – ლამაზი ბიჭი კი The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
რა გახდა ნიკის წამალდამოკიდებულების მიზეზი?
როდესაც ნიკი 4 წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ. ის ხან დედასთან – ლოს-ანჯელესში, ხან კი მამასთან – სან-ფრანცისკოში იმყოფებოდა. ერთი შეხედვით, ბიჭმა მშობლების დაშორება ნორმალურად გადაიტანა. ის კარგად სწავლობდა და წყალბურთის გუნდის კაპიტანიც გახლდათ. სინამდვილეში კი გამუდმებით იხშობდა ტკივილსა და ემოციებს.
თავს უიღბლოდ და უიმედოდ ვგრძნობდი და როდესაც დალევა დავიწყე, გაჩერება აღარ შემეძლო. იცით, რას ნიშნავს ასე ყოფნა? ეს ნიშნავს, რომ მუდმივად პესიმისტურად უყურებ სამყაროს, თავი მახინჯი და ავადმყოფი გგონია და საშინლად გძულს საკუთარი თავი… თავიდან ნარკოტიკი მშველოდა. მერე კი, რაც უფრო მეტს მოვიხმარდი და რაც უფრო მეტი სექსი მქონდა ფულისთვის, უფრო და უფრო დეპრესიული და შეშლილი ვხდებოდი. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა…
მნიშვნელოვანი ფაქტები:
ფილმის მსგავსად, თავდაპირველად მშობლებმა ნიკის წამალდამოკიდებულების ამბავი დამალეს. დევიდ შეფის თქმით, მას არ სურდა, რომ მეგობრებსა და ნაცნობებს ცუდად ეფიქრათ ნიკზე და ასევე, მასზეც, როგორც მშობელზე.
ფილმის მსგავსად, ნიკი მართლაც ჩაირიცხა კოლეჯში. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ნარკოტიკებისადმი მისი დამოკიდებულების მიუხედავად, ბიჭი კარგად სწავლობდა.
დევიდ შეფი მართლა დაქორწინდა მეორედ და ორი პატარა შვილი ჰყავდა. როგორც ფილმშია ნაჩვენები, მათ სტანჯავდათ დევიდის აკვიატებული ბრძოლა ნიკის გადასარჩენად.
ნიკმა მართლა მოპარა ფული თავის 7 წლის ძმას და როგორც წიგნში წერს, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევა იყო. ის ყველგან ყველა შესაძლებლობას იყენებდა ნარკოტიკისთვის ფულის საშოვნელად.
ფილმში ნაჩვენებია, რომ დევიდ შეფი საავადმყოფოებში რეკავს იმის გასაგებად, ხომ არ გარდაიცვალა მისი შვილი ზედოზირებით. დევიდი სინამდვილეშიც ყოველ მეორე დღეს რეკავდა საავადმყოფოებსა და მორგებში და ნიკის ამბავს ამოწმებდა.
ფილმის მსგავსად, ნიკი მართლა გაიქცა სახლიდან, ცხოვრობდა ქუჩაში და სხეულით ვაჭრობდა. თუმცა, ეს მხოლოდ ფულისთვის არ ხდებოდა. ნიკის სიტყვებით: პროსტიტუცია იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა, არამარტო ფულის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ დროს თავს სასურველად ვგრძნობდი. უფრო მეტსაც გეტყვით, ზუსტად ამას განიცდის იმ ბავშვების უმეტესობა, რომელიც პროსტიტუციითაა დაკავებული.
როგორ შემოატრიალა ნიკ შეფმა თავისი ცხოვრება?
თავდაპირველად ნიკი რეაბილიტაციას დათანხმდა. მან გააცნობიერა, რომ ავად იყო და მკურნალობა ესაჭიროებოდა. თუმცა, ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მარტივი არაა და ის კვლავ უბრუნდებოდა ნარკოტიკს. 2009 წლისთვის მას ხუთი რეაბილიტაციის პროგრამა ჰქონდა გავლილი.
საბოლოოდ კი, გამოჯანმრთელება მოახერხა.
მე რეალურად დავიწყე იმის გაკეთება, რასაც ფსიქიატრები, კონსულტანტები და ის ადამიანები მეუბნებოდნენ, რომლებიც შეხვედრებზე დადიოდნენ. მანამდე კი, მე მათ არ ვუსმენდი. არ ვუსმენდი და არ მჯეროდა… მამაჩემმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია.
2011 წელს ნიკ შეფი მოდელსა და მსახიობზე დაქორწინდა და მეორე წიგნი გამოსცა. მან განაცხადა:
მინდა, უზრუნველვყო ადამიანები, რომლებიც მიყვარს. მინდა, ვიზრუნო ძაღლებზე, მყავდეს შვილები და მქონდეს ისეთი ცხოვრება, როგორიც სხვა ადამიანებს. სულ ესაა, რაც მინდა.
ლამაზი ბიჭი
წყარო: www.historyvshollywood.com
მოამზადა მარი ბექაურმა