ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე ფილმში კვლავ დენიელ კრეიგს ვიხილავთ, თუმცა ეს მსახიობისთვის უკანასკნელი ბონდი იქნება. პრესაში უკვე დიდი ხანია დაწყებული დისკუსია, თუ ვის ვიხილავთ მომდევნო აგენტ 007-ად. ვინაიდან სტუდიას ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებელია მსახიობი, წარმოგიდგენთ ექვს ყველაზე ბონდთან ახლოს მდგარ კანდიდატს და ასევე პრესაში ყველაზე ხშირად განხილულსა და დასახელებულს.
იდრის ელბა
ჭორები იდრის ელბას თაობაზე ჯერ კიდევ 2014 წლიდან გაჩნდა, როდესაც Sony-ს თანათავმჯდომარის, ემი პასკალის მეილებმა ინტერნეტში გაჟონა. ერთ-ერთ მეილში ვკითხულობდით: “იდრისი უნდა იყოს მომდევნო ბონდი“. მას შემდეგ სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ კრეიგი სწორედ ელბამ უნდა ჩაანაცვლოს. ბონდის ფრენჩაიზის პროდიუსერის თქმით, დრო დადგა, ვიხილოთ ფერადკანიანი აგენტიც. ელბამ მალევე დატვიტა: “ჩემი სახელია ელბა, იდრის ელბა“ და კრეიგთან ერთად სელფი გამოაქვეყნა.
ბოლო წლებში ელბამ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუსას განაცხადა, რომ მას არ სურს ბონდის თამაში. მსახიობის თქმით, ბონდი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ ვინც მას ითამაშებს, მუდამ მასთან დარჩება და ხალხს ელბას სახელის გაგონებაზე, მუდამ ბონდი გაახსენდება, რაც მსახიობს არ სურს. თუმცა ეს არ ყოფილა გადაჭრითი უარი და ელბა კვლავ რჩება ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად.
ტომ ჰარდი
გასული წლის აპრილში ჰარდმა ინსტაგრამზე დაპოსტა, რომ კრეიგის ჩამნაცვლებელი სწორედ ის არის, თუმცა ეს სააპრილო ტყუილი აღმოჩნდა.
ხუმრობის მიუხედავად, მისი სახელი და გვარი ხშირად სახელდებოდა ბონდის ირგვლივ. 2018 წელს პირს ბროსნანმა განაცხადა, რომ მოსწონს ჰარდი ამ როლზე, “ვფიქრობ ჰარდი კარგი ბონდი იქნება. მოხარული ვიქნები თუ დათანხმდება”.
ტომ ჰიდლსტონი
ყველაზე მეტი ჭორი ბონდის როლზე სწორედ ჰიდლსტონის ირგვლივ გაჟღერებულა. ელბას მსგავსად, მისი სახელიც უკვე წლებია ტრიალებს პრესაში. მან სერიალში ღამის ადმინისტრატორი აგენტის როლიც კი შეასრულა. 2017 წელს ჰიდლსტონის შანსები შემცირდა, როდესაც ბონდის ერთ-ერთმა პროდიუსერმა განაცხადა, რომ ის ზედმეტად სიმპათიურია როლისთვის. ასეა თუ ისე, ის კვლავ ამ სიაშია.
რიჩარდ მადენი
მადენზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო რაც ის სერიალ პირად მცველში ვიხილეთ.
მადენის თქმით, ის ყვითელი პრესისგან თავდასხმის მორიგი ობიექტი გახდა, ცოტა ხნით ის იქნება ტაბლოიდების სამიზნე, შემდეგ კი ტირაჟის გასაყიდად სხვა მსახიობს ამოირჩევენ. უნდა დავეთანხმოთ ნამდვილად მადენს ამ საკითხში.
მადენმა ისიც აღნიშნა, რომ ბონდის ფილმების დიდი ფანია, ყველა ფილმი ნანახი აქვს და ყველა წიგნი წაკითხული.
კილიან მერფი
მერფის ირგვლივ ჭორები ახალი აგორებულია. მერფი ახლა პოპულარობის პიკზეა სერიალით ალესილი კეპები, ასე რომ ეს გასაკვირი არცაა. მსახიობს რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თუ ის გახდა მომდევნო ბონდი, ის რიგით მეორე ირლანდიელი ბონდი იქნება.
ჯეიმს ნორტონი
ნორტონს ყველაზე ნაკლები შანსი აქვს იყოს მომდევნო ბონდი, თუმცა ის სიაში მაინც მოხვდა. მსახიობმა ჭორებს ასე უპასუხა: “დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ბონდში ვილანს. მიყვარს დენიელ კრეიგი და მისი მონაწილეობით კიდევ ვნახავდი ფილმებს. ბონდი იმდენად იკონური გმირია და ბევრისთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ის გამუდმებული სპეკულაციების ობიექტია. ასე რომ დიახ – ესეც მორიგი სპეკულაციაა”.
esquire.com