ყველა რჩევა კარგი ვერ იქნება, მაგრამ ისეთი ცნობილი ადამიანებისგან, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, სოფია კოპოლა და სხვა დიდი რეჟისორები, რჩევები დიდად ფასობს. მით უმეტეს, კინომოყვარულებისთვის, დამწყები რეჟისორებისა თუ კინოსთან რამენაირად დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ალბათ ჩვენს მკითხველსაც აინტერესებს, რა კინემატოგრაფიულ ხრიკებს იყენებენ თანამედროვეობის საუკეთესო რეჟისორები თავიანთ შედევრებზე მუშაობისას – რა ხერხებს მიმართავენ კვენტინ ტარანტინო, დევინ ფინჩერი, ჯიმ ჯარმუში თუ სხვები, მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნო რომ იყოს, საბოლოო ნამუშევრები კი –ყველასგან გამორჩეული.
სწორედ მათთვის, ვისაც კინოს გადაღების პატარ-პატარა საიდუმლოებები აინტერესებს, ჩვენ შევკრიბეთ საუკეთესო რეჟისორების რჩევები ფილმის შექმნის პროცესისას გამოყენებული მიდგომების შესახებ, რომლებზეც მათ ამა თუ იმ ინტერვიუში უსაუბრიათ. ერთად გავიგოთ, რა ანიჭებს მათ პროდუქტს გამორჩეულობას და რას გვირჩევენ ისინი.
1. უეს ანდერსონი
ანდერსონის რჩევა: ყოველთვის დაიწყე პერსონაჟებით.
“პროექტი თითქმის ყოველთვის პერსონაჟით ან პერსონაჟებით იწყება. უნდა შეურჩიო სტილი, სალაპარაკო ენა, ხანდახან სცენარი საუკეთესოდ გკარნახობს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს პერსონაჟი.”
2. სტივ მაკქუინი
მაკქუინის რჩევა: რეჟისორის საქმეა, მსახიობებისგან ის გამოძერწოს, რაც თავად უნდა.
“შენ უნდა შექმნა ისეთი გარემო, სადაც ისინი თავს მშვიდად იგრძნობენ. მისცე სწორი მიმართულება. მსახიობები მოცეკვავეებივით არიან – მათი სხეულის ყოველი ნაწილი უნდა გამოიყენო. თუ შესაბამის გარემოს შექმნი, პროცესი ბუნებრივად წავა.”
3. დევიდ ფინჩერი
ფინჩერის რჩევა: აკონტროლე ყველაფერი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოგეშლება.
“არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ამის მოსმენა: “ოჰ, ეს შენ გადაიღე? ჩემი აზრით, ცუდი ფილმია… ამიტომ ნამუშევარზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღო და ყველაფერი აკონტროლო. შემდგომ მის წარმატებაშიც და წარუმატებლობაშიც მხოლოდ საკუთარ თავს დაადანაშაულებ.”
4. სპაიკ ლი
ლის რჩევა: წერეთ.
“წერეთ. სცენარისტებო და რეჟისორებო – წერეთ. გასული 25 წლის ფილმებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ რეჟისორების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ წერდა სცენარს. ეს ფილმის გადაღებისას სირთულეს ქმნის. თუ გსურთ, რეჟისორი იყოთ, ასევე უნდა წეროთ.”
5. ჯიმ ჯარმუში
ჯარმუშის რჩევა: ცვლილებები ნებისმიერ რამეს შეიძლება შეეხოს.
“რეპეტიციები ძალიან მიყვარს, რადგან რეპეტიციაზე არ არსებობს შეცდომები, არასწორი არაფერია, პერსონაჟს ყურადღებას აქცევ და ბევრ რამეს ცვლი. მე არ ვარ რეჟისორი, რომელიც ამბობს: “შენი სიტყვები წარმოთქვი, შენი გააკეთე… ეს ჩემი სტილი არაა. უფრო ნავიგატორს ვგავარ, რომელიც ცდილობს, გზა გაგიკვლიოს და შენთან ერთად მიაღწიოს რაღაცას. რათა ერთად მივაგნოთ საუკეთესო ხერხს საუკეთესო ნაყოფის მისაღებად. მე მიყვარს გემრიელი ნაყოფი – ალუბალი, ბანანი…”
6. ენგ ლი
ენგ ლის რჩევა: ყურადღება მიაქციეთ ემოციებს.
“ფილმების გადასაღებად ერთზე მეტი ხერხი არსებობს. ჩემთვის მთავარია, ემოციებს მივყვე. ეს ერთადერთი მთავარი რამაა, რასაც ფილმების გადაღებისას ვითვალისწინებ.”
7. სოფია კოპოლა
კოპოლას რჩევა: შეისწავლეთ საკუთარი მსახიობების სისუსტეები.
“კამერის წინ ყოფნა გვასწავლის, რა სისუსტეები აქვს მსახიობს, მე ამას ვგრძნობ. თუ რაღაც კავშირებს დაინახავ, რაიმე სასაცილოსაც კი აღმოაჩენ. ამით მსახიობთან გაცილებით ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაა შესაძლებელი.”
8. ალფონსო კუარონი
კუარონის რჩევა: ყოველთვის იფიქრე პოზიტიურად.
“თუ ფილმის გადაღება გინდა, კეთილი და ოპტიმისტი უნდა იყო. მახსოვს, ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე მუდამ ვფიქრობდი ხოლმე, რომ დაფინანსების მიღების შემთხვევაში კოლექტივის მობილიზებას და ფილმის გადაღებას ორ კვირაში შევძლებდი. უბრალოდ გულით უნდა ისურვო, რაღაც კარგი მოხდეს.”
9. ქრისტოფერ ნოლანი
ნოლანის რჩევა: მზად იყავი იმისთვის, რომ ყველაფერი შენი გასაკეთებელია.
“გარშემო მყოფ კოლეგებთან ურთიერთობა დიდებულია, თუმცა უნდა იცოდე, რომ ყველაფერი შენი და მხოლოდ შენი გასაკეთებელია. არის რაღაც, რაც არასდროს იცვლება. თავად უნდა გახდე საკუთარი ფილმის მებაირაღე, რადგან თუ ასე არ მოიქცევი, ამით თავს არავინ შეიწუხებს. შეიძლება ეს ცოტა თავხედურად ჩანდეს, რადგან საკუთარ პროდუქტზე საუბრობ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. უბრალოდ ასე უნდა მოიქცე.”
10. გილერმო დელ ტორო
დელ ტოროს რჩევა: გამოიყენეთ საკუთარი სიძლიერე და სისუსტე.
“საკუთარი სიძლიერეც და სისუსტეც შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. მნიშვნელოვანია იცოდე, რა გამოგდის კარგად და რის გაკეთება გიყვარს. ყველაფერში საუკეთესო არავინ არის, თუმცა იმასაც კი, რასაც კარგად ვაკეთებთ, ცუდი მხარეები მაინც აქვს. შიში და სურვილი – ორივეს კონტროლი უნდა ისწავლოთ.”
11. ანიეს ვარდა
ვარდას რჩევა: გადაღება წერას ჰგავს.
“ჩემთვის ფილმი სცენარში ან დიალოგში არ წერია – ის თავად გადაღების მანერით არის დაწერილი. არჩევანში, რომელსაც უძრავ ან მოძრავ გადაღებას, შავ-თეთრსა და ფერადს, სწრაფ ან ნელ კადრებს შორის ვაკეთებთ – ყველაზემოთ ჩამოთვლილსა და ასევე ლინზის, კამერის, მონტაჟის სტილის, მუსიკის არსებობა-არარსებობის, მიქსინგის არჩევანში – მოკლედ, ყველაფერში, რაც ფილმში გვხვდება, არის ჩაწერილი ფილმი. სწორედ ესაა კინემატოგრაფიული წერა.”
12. პოლ ტომას ანდერსონი
ანდერსონის რჩევაა: ემოციური ლოგიკა სიუჟეტის ლოგიკას აძლიერებს.
“თუ ემოციურ ლოგიკას უღალატებ, პრობლემები შეგექმნება. ადამიანის ემოციების დამაჯერებლობისა და თანმიმდევრულობის დაარღვევა დიდი შეცდომაა, დაუწერელი კანონიდან გადახვევა.”
13. დევიდ ლინჩი
ლინჩის რჩევაა: შენი იდეა ყველაფერია.
“არ იფიქროთ ფულზე ან იმაზე, თუ რა ბედი ელის ფილმს დასრულების შემდეგ. მთავარი, რაც გჭრდებათ, ეს იდეაა – იდეა, რომელიც გულით გეყვარებათ. იდეა, რომელიც გიკარნახებთ, როგორ აირჩიოთ პერსონაჟები, რა თქვან მათ; ის გიყვებათ ამბავს, გიჩვენებთ ყოველ დეტალს – რაც გჭირდებათ, ეს იდეის ერთგულება და მისი მიხედვით გადაღებაა.”
“მცირე თანხითაც შესაძლებელია მოიფიქრო გზა, როგორ მოიქცე. თუ იდეის ერთგული დარჩებით, მასში არავის ჩარევთ, შემოქმედებით თავისუფლებას მიაღწევთ. თუ უკანასკნელ სიტყვას თქვენ არ ამბობთ ან შემოქმედებითი თავისუფლება არ გაქვთ, რა აზრი აქვს რაიმეს კეთებას?”
14. პარკ ჩან ვუკი
პარკ ჩან ვუკის რჩევაა: სრულყოფილება ილუზიაა.
“დამწყების შეცდომა ისაა, რომ ის ცდილობს, ყველაფერი სრულყოფილად გამოუვიდეს – სცენარის ყოველი სტრიქონი და სხვა. თუ მუშაობის ასეთ სტილს აირჩევთ, წინ უბრალოდ ერთ ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სრულყოფილება ვერ იარსებებს.”
15. პედრო ალმოდოვარი
ალმოდოვარის რჩევაა: რეპეტიცია, რეპეტიცია, რეპეტიცია.
“რეპეტიციებზე უამრავი იმპროვიზაცია ხდება, შემდგომ ამის მიხედვით სცენარს გადავწერ და ხელახლა ვიმეორებთ სცენებს. შემდეგ კიდევ და ასე შემდეგ. იმპროვიზაციით სცენები, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი ხდება, მაგრამ ამის გარეშე ვერასდროს აღმოაჩენ სცენარის ნაკლს ან დადებით მხარეებს.”
16. პოლ ვერჰოვენი
ვერჰოვენის რჩევაა: იცოდე, რომ ყოველთვის მართალი არ ხარ.
“ყური დაუგდეთ შემოთავაზებებსა და რჩევებს და ღიად შეხვდით მოსაზრებას, რომ შეიძლება ცდებოდეთ. თუ საჭირო გახდება, ქასთისა და დამხმარე პერსონალის წინაშე ბოდიშიც მოიხადეთ. დღემდე ასე ვიქცევი. უამრავ შეცდომას ვუშვებ და ხშირად გამოვდივარ მოთმინებიდან. არ შეგეშინდეთ იმის, რომ შეცდებით. როგორც ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ: “თუ ოდესმე საბრძოლველი გექნება, ეცადე ეს მზის ჩასვლამდე მოახერხო.”
17. კვენტინ ტარანტინო
ტარანტინოს რჩევაა: მუდამ კამერასთან იჯექი.
“საუკეთესო რამ, რაც შეიძლება დღევანდელმა რეჟისორისმა გააკეთოს, ეს ისაა, რომ ვიდეოში არ ჩაიკეტოს, პროცესს უყურებდეს არა მონიტორზე ან ტელეეკრანზე, არამედ რეჟისორის სკამიდან, იქიდან, საიდანაც ყველაფერი უკეთ ჩანს. პირდაპირ კამერასთან უნდა იჯდე, მსახიობების თამაშს უშუალოდ უყურებდე, თითქოს ისინი მხოლოდ და მხოლოდ შენთვის თამაშობდნენ. დანარჩენ დამხმარეებსა და მაყურებლებს მნიშვნელობა არ აქვს – ისინი თითქოს არც არსებობენ. ასეთ დროს მსახიობები თამაშობენ მხოლოდ შენთვის.”
18. დენი ბოილი
ბოილის რჩევა: ხმის ეფექტებისთვის ფული გადაინახე.
“ახალბედა რეჟისორებს ერთ პატარა რჩევას მივცემ – დარწმუნდით, რომ საკმარის თანხას იტოვებთ გახმოვანებისთვის. ფილმის, განსაკუთრებით მცირებიუჯეტიანი ფილმების კეთებისას ეს ნიუანსი ხშირად ავიწყდებათ ან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არადა, აუდიოეფექტი ფილმებში ისეთივე გადამწყვეტ გავლენას ახდენს, როგორც ვიზუალური.”
19. მარტინ სკორსეზე
სკორსეზეს რჩევაა: ყურადღება არ მიაქციოთ ინდუსტრიას.
“ინდუსტრია თავად შექმენით – ხელახლა გადაიღეთ ფილმები. ნუ უყურებთ ინდუსტრიას, საკუთარი პროდუქტი აკეთეთ. ყურადღება მიაქციეთ: თქვენ გსურთ, თქვენი ფილმი მაყურებელმა იხილოს, თუმცა აუცილებელი არაა, ეს ხალხმრავალ კინოთეატრში მოხდეს. დაარღვიეთ წესები და ფორმები. ჩაატარეთ ექსპერიმენტები.”
20. ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ
ინიარიტუს რჩევა: ყველაფერზე პასუხი ვერ გექნებათ
“ყველამ უნდა განიცადოს ტრანსფორმაცია, შეცვალოს, ინტერპრეტაცია მოახდინოს. ის რაც არ იცვლება, რაც მოქნილი არაა, სიკვდილისთვისაა განწირული. ერთი რამ შეიძლება მეორე იყოს, მეორე კი პირველი. მუშაობისას დარწმუნებული ვერაფერში იქნებით.”
მომზადებულია indiewire.com-ის მიხედვით