თავს უშველეს რეჟისორს, ჯორდან პილს ნამდვილად ენციკლოპედიური ცოდნა აქვს კინოს ისტორიის და რა გასაკვირია, რომ მისი მეორე მხატვრული ფილმიც “ჩვენ“, უამრავი სხვადასხვა თემის, ჟანრის თუ კადრების ბუკეტია კინოს წარსულიდან.
როგორც აღმოჩნდა, რეჟისორმა მსახიობებს გადაღებებამდე ათი ფილმი დაუსახელა, რომლებიც უნდა ენახათ. ეს დაეხმარებოდათ მათ უკეთ გაეკეთებინათ გმირები და შეექმნათ განწყობა.
შეგიძლიათ სტატიის კითხვა აქ შეწყვიტოთ, ჯერ ფილმი ნახოთ და მერე გამოიცნოთ ინსპირატორი ფილმები ან თუ უკვე ნახეთ, კარგად მოკალათდეთ და თუ ამ ფილმებიდან, რომელიმე ნანახი არ გაქვთ, უყუროთ.
ხელახლა სიკვდილი
ხელახლა სიკვდილი კენეტ ბრანას 1991 წლის ფილმია, სადაც მთავარ როლებს თავად ბრანა და ემა ტომპსონი ასრულებენ. ფილმი დეტექტივ მაიკლ ჩიორზე მოგვითხრობს, რომელიც დაკარგული ადამიანების ძებნითაა დაკავებული.
ნათება
არ გაგვიკვირდა ამ საკულტო ფილმის ამ სიაში მოხვედრა, ფილმმა, რომელმაც არაერთ ჰორორ ფილმზე გავლენა მოახდინა და ახლაც ახდენს.
ბაბადუკი
ეს ინდი-საშინელებათა ფილმი 2017 წელს გამოვიდა და ჰორორის მოყვარულების გული მალევე დაიპყრო. ფილმი ქვრივ ქალზე და 6 წლის ბავშვზე მოგვითხრობს, რომელთაც ზღაპრის გმირი – ურჩხული ბაბადუკი გადაეკიდებათ.
ის მოგდევს
ამ სიაში კიდევ ერთი უახლესი ფილმი 2014 წელს გამოსული ის მოგდევსაა. 19 წლის ჯეი მეგობრებთან ერთად ტბაზე ატარებს უიქენდს. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ უკან დაბრუნებულ გოგონას ეჩვენება, რომ მას რაღაც თუ ვიღაც დასდევს თან.
ორი დის ამბავი
სამხრეთ კორეული დრამა, კიმ ჟი-უნის ფილმი 2004 წელს გამოვიდა. ფილმი ორ დაზე მოგვითხრობს, რომლებიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სახლში ბრუნდებიან. სახლში დაძაბული ატმოსფეროა, მალე უცნაური მოვლენები იწყებს გამოაშკარავებას…
ჩიტები
ალფრედ ჰიჩკოკის კლასიკა დღემდეგ ზარავს მაყურებელს. პილს ჰიჩკოკი არაერთხელ დაუსახელებია თავის ინსპირატორად და ზოგიერთი ამერიკელი კრიტიკოსი ადარებს კიდეც მას ლეგენდარულ რეჟისორს, ასე რომ, ამ ფილმის მოხვერდა უცნაურად არ გვეჩვენება.
გასართობი თამაშები
მიხაელ ჰანეკეს 1997 წლის ავსტრიული ფილმი ნამდვილად შემაძრწუნებელი და დამთრგუნველია, რომელიც გარკვეულწილად “ჩვენის” სიუჟეტს საკმაოდ გავს. ფილმი არც საშინელებათა და არც ჰორორის ჟანრისაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საყურებელია თვით ჰანეკეს ფილმოგრაფიაშიც.
წამებულები
ფრანგული ექსტრემის ეს შედევრი კიდევ ერთი ევროპული ჰორორ-გურმანული ფილმია, რომელიც დარწმუნებულები ვართ, ბევრს გსმენიათ. ფილმი საფრანგეთში 70-იან წლებში ვითარდება და ერთი გოგონას ამბავს გვიყვება.
შემომიშვი
ამჯერად შვედეთს ვესტუმრეთ და ფილმი შემომიშვი გაგვახსენა პილმა. ფილმის სლოგანი ასეთია: ელი 12 წლისაა. იგი ბოლო 200 წელიწადია თორმეტისაა და ახლახანს გადმოვიდა მეზობლად.
მეექვსე გრძნობა
ეს კი ემ ნაით შიამალანის ყველაზე ცნობილი ფილმია, რომელიც რვა წლის ბიჭზე მოგვითხრობს. ეს ფილმიც ყველა ჰორორ-მისტიკის მოყვარულმა, წესით უნდა იცოდეს.
vox.com