“მამაჩემმა მითხრა, რომ შიში სირცხვილი არაა. მთავარია, როგორ დაუხვდები მას.” – ჯონ სნოუ
ჯონ სნოუ – ვინტერფელელი ბუში, რომელიც ღამის გუშაგის ლორდ-მეთაურობამდე, შემდეგ კი ჩრდილოეთის მეფობამდე აღზევდა, სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში სწორედ მისი, როგორც მთხრობელის პირით ვიგებთ ჩრდილოეთში, კედელზე და მის მიღმა მიმდინარე სახიფათო ამბებს. ის ედარდ სტარკის უკანონო შვილად გავიცანით, რომლის დედის ვინაობა იდუმალებით იყო მოცული და რომლის ვინტერფელში ყოფნასაც ნედის ცოლი კეტლინი ვერა და ვერ ეგუებოდა. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჯონის გადაწყვეტილებაზე – კედელზე წასულიყო და ღამის გუშაგის ერთ-ერთი ძმა გამხდარიყო.
ღამის გუშაგის ძმა
ღამის გუშაგის ფიცის დადების შემდეგ ჯონი მაისტერ ეიმონის თანაშემწედ დანიშნეს. ხმლისა და სხვა იარაღების ხმარებაში ვინტერფელში გაწაფულმა ჯონმა მალევე მოიპოვა უპირატესობა ღამის გუშაგის დანარჩენ, დაბალი წარმოშობის წევრებს შორის და მათი იარაღის ოსტატმა, სერ ალისერ თორნმა მას დაცინვით “ლორდ სნოუც” შეარქვა. მალე ღამის გუშაგის ძმების რაზმი კედლის მიღმა გაემგზავრა დასაზვერად, რათა დაკარგული მზვერავები მკვდრები ან ცოცხლები ეპოვათ და მოახლოებული საფრთხის შესახებ მეტი გაეგოთ.
ღამის გუშაგის ფარულმა დამხმარემ, ქორინ ნახევარხელამ ჯონ სნოუს ველურების რიგებში გარევა და მათი მეფის, მენს რაიდერის გეგმების გამოაშკარავება დაავალა. ველურები კედლისკენ მოიწევდნენ და მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი სამხრეთით შემოსვლა, რადგან მათ თეთრი მავალები და მათი მკვდრების არმია ნახეს და რადაც უნდა დაჯდომოდათ, კედელი უნდა გადმოელახათ. სწორედ ჯონი დაატყვევა ველურმა ქალმა იგრიტმა, რომელსაც ის თვალში მოუვიდა და შემდეგ, როცა მენს რაიდერმა ჯონი თავის რიგებში მიიღო, მასთან სექსი ჰქონდა, რითაც ჯონმა ღამის გუშაგის ფიცი დაარღვია.
მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო – ჯონ სნოუ ფიცის ერთგული დარჩა და როგორც კი შესაფერისი მომენტი მიეცა, კედელს დაუბრუნდა და ველურების გეგმების შესახებ გუშაგს აცნობა.
ლორდ-მეთაური ჯონ სნოუ
ველურები კედელს თავს დაესხნენ და მის დაცვას ჯონ სნოუ მეთაურობდა. ამ შემოტევისას დაიღუპა იგრიტი. ღამის გუშაგი საბოლოო დამარცხებისგან სტანის ბარათეონის არმიის მოულოდნელმა გამოჩენამ იხსნა, რომელმაც ველურების ჯარები დაამარცხა და მათი უმეტესობა დაატყვევა. სტანისს სამხრეთზე გავლენის მოპოვება ჩრდილოეთის დაპრყრობით ჰქონდა განზრახული, ამიტომ დროებით ღამის გუშაგზე დაბანაკდა, შემდეგ კი ვინტერფელზე შეტევას აპირებდა, სადაც ბოლტონები იყვნენ გამაგრებულები. ჯონმა სტანისთან ურთიერთობისას დიპლომატია გამოიჩინა და ღამის გუშაგის მის საქმეებში ჩურევლობა აღუთქვა, სანაცვლოდ კი ველურების კედლის გამოღმა შემოშვება სთხოვა, რათა მათთვის ჩრდილოეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლების შანსი მიეცათ.
ამასობაში ღამის გუშაგის არჩევნების კანდიდატებს შორის სამუელ ტარლიმ ჯონ სნოუც ჩაწერა, და ჯონ სნოუსთვის მოულოდნელად, კედლის დაცვისა და სხვა დამსახურებების გამო ძმებმა იგი 998-ე ლორდ-მეთაურად აირჩიეს.
ჯონის თამამი გადაწყვეტილებების გამო განაწყენებულმა ღამის გუშაგის ძმების ნაწილმა და ზოგიერთმა ჩრდილოელმა, რომლებიც ველურების შემოშვებით უკმაყოფილო დარჩა, მის წინააღმდეგ შეთქმულება დაგეგმეს. ჯონს მოღალატურად დაესხნენ თავს და დანებით აჩეხეს.
გარდაცვლილი ჯონის გაცოცხლება მისმა ერთგულმა ძმებმა და სერ დავოსმა წითელ ქურუმ მელისანდრეს სთხოვეს. მელისანდრე მათ ვერ დაჰპირდა, რომ ჯონი აუცილებლად გაცოცხლდებოდა, თუმცა ჯადოსნური რიტუალი მაინც ჩაატარა. სასწაული მოხდა და ჯონ სნოუ აღდგა.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჯონმა მოღალატეები სიკვდილით დასაჯა, ღამის გუშაგის მეთაურობა თავის მეგობარ ედ ტოლეტს გადაულოცა და ვინტერფელისკენ დაიძრა, სადაც რემზი ბოლტონს მისი ძმა რიკონი ჰყავდა დატყვევებული. ჯონი შეხვდა თავის დიდი ხნის უნახავ დას, სანსას და მის ერთგულ ჩრდილოელებს, რათა რემზი ბოლტონის ჯარები ერთობლივად დაემარცხებინათ და რიკონ სტარკი გამოეხსნათ, ასევე შური ეძიათ სტარკების ოჯახის ღალატისა და შეურაცხყოფის გამო. “ბასტარდების (ბუშების) ბრძოლა” ძალზე მძიმე გამოდგა და რემზის უპირატესობით მიმდინარეობდა, რომ არა რაინდების დახმარება ერინის ველიდან, რომელიც სანსამ და ნეკამ მოიყვანეს.
ჩრდილოეთის მეფე
საბოლოოდ ბოლტონები დამარცხდნენ და სტარკებმა ვინტერფელი დაიბრუნეს. ჯონ სნოუმ სასტიკად დასაჯა რემზი ბოლტონი. მადლიერმა ჩრდილოელებმა ჯონ სნოუ, რომელმაც ომში არნახული შეუპოვრობა და სიმამაცე გამოავლინა, თავიანთ ხელმძღვანელად, ჩრდილოეთის მეფედ აირჩიეს. ჯონმა კი მათ თეთრი მავალების არმიის მოახლოების შესახებ აცნობა.
მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ დრაკონების დედა დენერის ტარგარიენი ვესტეროსის მახლობლად, დრაკონის ქვაზე დაბანაკდა, იქ, სადაც დრაკონის მინის საბადო იყო, ჯონ სნოუმ, როგორც ჩრდილოეთის წარმომადგენელმა, მიიღო გადაწყვეტილება, იქ წასულიყო და ტარგარიენების მემკვიდრისთვის მკვდრების არმიასთან ბრძოლაში დახმარება, ასევე დრაკონის მინის მოპოვების უფლება ეთხოვა.
დენერის ტარგარიენისა და ჯონ სნოუს შეხვედრა გარკვეული უთანხმოებით დაიწყო, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის თბილი დამოკიდებულება და ურთიერთნდობა ჩამოყალიბდა. დენერისმა მას დრაკონის მინის მოპოვების უფლება დართო, ხოლო ჯონმა მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური რჩევა მისცა ვესტეროსზე შეტევასთან დაკავშირებით. ბოლოს გადაწყდა, რამდენიმე მებრძოლი კედლის მიღმა გამგზავრებულიყო და მოსიარულე მკვდარი დაეჭირათ, რათა დენერისიც და სერსეი ლანისტერიც დაერწმუნებინათ მომავალი საფრთხის რეალურობაში. ალყაშემორტყმული სნოუ და კომპანია დრაკონებით ჩრდილოეთში გაფრენილმა დენერისმა იხსნა და ამის შემდეგ ჯონ სნოუმ ერთგულება შეჰფიცა მას, როგორც თავის დედოფალს.
მე-7 სეზონში საბოლოოდ გაირკვა ჯონის წარმომავლობა – ის რეიგარ ტარგარიენისა და ლიანა სტარკის კანონიერი შვილია, სახელად ეიგონ ტარგარიენი.
ამჟამად ჯონ სნოუ დენერისის მრავალრიცხოვან ლაშქართან ერთად ვინტერფელისკენ მიემგზავრება, სადაც ისინი სამომავლო მოქმედების გეგმას დასახავენ. მას უდიდესი ბრძოლა ელის როგორც საკუთარ თავთან, ისე უცნობ და გრძნეულ მტერთან… ჩვენ კი ველით, როდის გამოავლენს თავის ტარგარიენულ სახეს და დრაკონ რეიგალზე ამხედრდება.
იხილეთ ამავე თემაზე: დენერის ტარგარიენის მიერ განვლილი გზა პირველიდან ბოლო სეზონამდე
უკანასკნელი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ამ მსოფლიო მოვლენას got.adjaranet.com-ზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორები არიან Domino და Beeline.
ერთად დაველოდოთ პრემიერას got.adjaranet.com-ზე.