“ჰარი პოტერის” ავტორმა ჯ. კ. როულინგმა 2007 წელს განაცხადა, რომ მისი აზრით, დამბლდორი გეი იყო და ამან პოტერომანებში ვნებათაღელვა გამოიწვია. მანამდე ამ ჩაკეტილი პერსონაჟის პირად ცხოვრებაზე არაფერი იყო ცნობილი, მე-7 ნაწილში კი ავტორმა დამბლდორის ახალგაზრდობის დეტალები გაუმხილა მკითხველს, რომელმაც შეიტყო, რომ ბოროტი ჯადოქარი გელერტ გრინდელვალდი, რომელიც თავად დამბლდორმა დაამარცხა დუელში, ახალგაზრდობაში დამბლდორთან მეგობრობდა. ორი უნიჭიერესი ჯადოქარი აღფრთოვანებული იყო ერთმანეთით, თუმცა მეგობრობა ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა; მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე მკაფიო მინიშნება არ ყოფილა.
“ჯადოსნური ცხოველების” პირველი ფილმი, რომლის სიუჟეტი 30-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება, საინტერესოდ დასრულდა: მასში მაყურებელმა ძალაუფლებით სავსე ჯადოქარი გელერტ გრინდელვალდი იხილა, ხოლო მეორე ნაწილის ფოტო-ანონსში ახალგაზრდა დამბლდორიც გამოჩნდა. ფანების ინტერესს, უნდა ელოდნენ თუ არა მეორე ნაწილში (“ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები”) დამბლდორის სასიყვარულო ურთიერთობის ხილვას, პოტერიადის ავტორმა დადებითად უპასუხა. ჯოან როულინგმა, რომელიც “ჯადოსნური ცხოველების” სცენარის ავტორია (“ჰარი პოტერის” ფილმების სცენარი მას არ დაუწერია), საბოლოოდ მოახდინა გეი დამბლდორის კანონიზაცია და განაცხადა, რომ “ბევრი რამ გაირკვევა, მათ შორის დამბლდორის სექსუალური ორიენტაცია”. თუმცა სავარაუდოდ ამას მხოლოდ მოგონებებში ვნახავთ. “ჯადოსნური ცხოველების” რეჟისორის დევიდ იეთსის თქმით, ჯადოქრის ურთიერთობები “ცხადად” არ იქნება ნაჩვენები.
მსოფლიო აუდიტორიაზე გათვლილ ფილმებში გეი ურთიერთობის ჩვენებას რეჟისორები ფრთხილად უდგებიან. დისნეის “მზეთუნახავისა და ურჩხულის” შემქნელებმა თავიდანვე აცნობეს აუდიტორიას, რომ ფილმში მცირე “გეი მომენტი” გაიელვებდა. ორი მამაკაცის ცეკვას, სიმოკლის მიუხედავად, უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მალაიზიასა და რუსეთში. ამ ფილმს, ისევე როგორც “ჯადოსნურ ცხოველებს”, განუსაზღვრელად მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს და ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ რეაგირებას მოახდენს გეი-ურთიერთობის სიუჟეტის მნიშვნელოვან ნაწილში შეტანაზე. თუმცა იეტისის აზრით, “ფანები ამისთვის მზად არიან”.
გეი პერსონაჟი დიდი ხნის წინ გამოვიდა ჩრდილიდან და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა კინოში. ამ მხრივ არც 2017 წელი ყოფილა გამონაკლისი. ამ წლის საუკეთესო ფილმებში (შენი სახელით მომმართე, ღვთის მიწა, სქესთა ომი, წყლის ფორმა, Lady Bird და სხვები) მაყურებელმა გეი პერსონაჟები და ურთიერთობები იხილა. ამდენად, მაყურებელი მზადაა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟის ორიენტაცია მიიღოს და ინტერესით დაელოდოს ფილმს, რომელიც ახალგაზრდა დამბლდორს გაგვაცნობს.