დეპრესია ძალიან რთული გადასატანია – განსაკუთრებით, კი მაშინ, როდესაც თავს მარტო გრძნობ. როგორც ჩანს, სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი გოგონა, რომელმაც რჩევისთვის ცნობილი ანიმაციური სერიალის, რიკისა და მორტის ერთ-ერთ ავტორს, დენ ჰარმონს მიმართა.
დენიელი ამერიკელი მწერალი, პროდიუსერი, აუდიო მსახიობი და უბრალოდ ძალიან მაგარი ტიპია.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რაც ცხოვრების განმავლობაში მიმიღია. მე მივმართავ ფსიქოთერაპიის რამდენიმე სახეს და საკმაოდ ყურადღებით ვეკიდები დეპრესიის მკურნალობას, თუმცა ვიცოდი, რომ საჯაროდ ამ თემაზე საუბარი სხვებსაც დაეხმარებოდა.
მაშ ასე, თვალი გადავავლოთ, თუ როგორ განვითარდა ისტორია და მაინც რა პასუხი მიიღო @chojuroh-მა:
დენ, იქნებ მირჩიო, თუ როგორ გავუმკლავდე დეპრესიას?
ალბათ, არავინ ელოდა, რომ ეს კითხვა დენისთვის ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა…
მან გოგონას საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა:
პირველ რიგში, გაიაზრეთ და აღიარეთ, რომ ეს მართლაც ხდება. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ძალიან დიდ ზეწოლას ვახდენთ ჩვენს თავზე იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. სინამდვილეში კი, ნორმალურია, რომ ხანდახან ცუდადაც ვიყოთ. ნუ შეინახავთ ამას საიდუმლოდ! ისაუბრეთ ამაზე და დაეპატრონეთ დეპრესიას, ისევე როგორც, მაგალითად თქვენს ქუდს ან ქურთუკს. თქვენი გრძნობები რეალურია!
ასევე, მუდმივად შეახსენეთ თქვენს თავს, რომ ეს გრძნობები რეალურია, მაგრამ რეალობა – არავითარ შემთხვევაში. მაგალითად, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს… დიახ, ეს ნამდვილი ემოციაა, თანაც ძალიან განსაკუთრებული, მაგრამ განა ეს სიმართლეა? ფაქტები და შეგრძნებები – ისინი თანაბარი მნიშვნელობისაა, თუმცა სრულიად განსხვავებული.
ყველაზე მთავარი, რაც შემიძლია გირჩიოთ, არის ის, რომ დეპრესიასთან გამკლავება მარტომ არ უნდა სცადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გრძნობების გარეთ გამოტანა. თუნდაც ის, რომ დაწეროთ ფურცელზე “სიკვდილი მინდა” და შემდეგ ეს ფურცელი დაწვათ. დამიჯერეთ, ამის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ამ ფიქრებს მხოლოდ თქვენს თავში დაიტოვებთ. გარეთ გამოშვება ნამდვილი ჯადოქრობაა!
სხვა შემთხვევაში, ბნელი აზრები მთელ ტვინსა და ორგანიზმს მოედება. ამიტომ, აუცილებლად უნდა გამოდევნოთ ისინი თქვენი პირიდან (ან თუნდაც ანონიმური დღიურის და ბლოგის საშუალებით). რა თქმა უნდა, ისინი დაბრუნდებიან, მაგრამ ყოველ ჯერზე გააგდეთ. გადევნეთ. მოიშორეთ. ვიცი, ეს არ გინდათ, მაგრამ სცადეთ!
როგორც კითხვის ავტორმა აღნიშნა, ის დარწმუნებული იყო, რომ დენის პასუხი ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარებოდა.
ეს მართლაც ასე მოხდა – დენის ტვიტებს ათასობით მომხმარებელი გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა.